„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№101
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.023.016226
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/02/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №101

2014 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №27 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №27 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 10/05/2013  სარეგისტრაციო კოდი  040030000.22.023.016152)  დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გარემოს ეროვნული  სააგენტოს დებულებაში (შემდგომში – დებულება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დებულების მე-4  მუხლი    ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 4. სააგენტოს სტრუქტურა 

სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;

ბ) გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტი;

გ) გარემოსდაცვითი ინფორმაციის სამსახური;

დ) ლიცენზირების დეპარტამენტი;

ე) გეოლოგიის დეპარატამენტი;

ვ) ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტი;

ზ) მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახური;

თ) იურიდიული სამსახური.

2. დებულების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები

1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა;

ბ) სააგენტოში შემოსული და სააგენტოდან გასული კორესპოდენციების რეგისტრაცია, მათი შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი;

გ) სააგენტოს ხელმძღვანელობის დავალებების შესრულება და კონტროლი;

დ) სააგენტოს მიერ გაწეული ფასიანი მომსახურებისათვის საჭირო დოკუმენტაციის გაფორმება;

ე) სააგენტოს ბიუჯეტის ფორმირებისათვის საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა;

ვ) სააგენტოს საქმიანობის ფინანსური უზრუნველყოფა - შემოსავლებისა და ხარჯების ადმინისტრირება;

ზ) სააგენტოს მიერ განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვებისათვის საჭირო პროცედურების განხორციელება;

თ) სააგენტოს საქმიანობის საფინანსო და ბუღალტრული უზრუნველყოფა;

ი) სააგენტოს ადამიანური რესურსების მართვა.

2. გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა დონის ბუნებრივი და ანთროპოგენური დატვირთვით გამოწვეული დაბინძურების ხარისხის დადგენა, ატმოსფერულ ჰაერზე დაკვირვების სტაციონარული პუნქტებისა და ექსპედიციების მეშვეობით ატმოსფერული ჰაერის, წყლების, ატმოსფერული ნალექების, შავი ზღვის და ნიადაგის ქიმიური, ბიოლოგიურ და მიკრობიოლოგიურ დაბინძურებაზე, აგრეთვე ბუნებრივ რადიაციულ ფონზე რეგულარული დაკვირვების წარმოება და გარემოს ფიზიკური ფაქტორების (ელექტრომაგნიტური ველი, ხმაური და ვიბრაცია) დონეების განსაზღვრა;

ბ) გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის  შესახებ მონაცემთა ბაზების შექმნა და შესაბამის მონაცემთა ხარისხის კონტროლი;

გ) გარემოს დაბინძურების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციით სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების და დაინტერესებული პირების უზრუნველყოფა;

დ) გარემოს ექსტრემალურად მაღალი დაბინძურების ფაქტების გამოსავლენად სამუშაოებში მონაწილეობის მიღება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, საგანგებო ეკოლოგიური სიტუაციების შედეგად მიყენებული ზიანის შეფასებაში მონაწილეობა;

ვ) საქართველოს ტერიტორიაზე ეკოლოგიური საშიშროების რისკების შეფასებასა და მოსალოდნელი ზიანის განსაზღვრაში მონაწილეობა;

ზ) გარემოს დაბინძურების შესახებ ფაქტობრივი ინფორმაციების შემცველი წელიწდეულების, ბიულეტენების, მიმოხილვების, ცნობებისა და სხვა მასალების მომზადება;

თ) დაინტერესებულ პირებთან (დამკვეთებთან) გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე გარემოს დაბინძურების წყაროების და ემისიების გამოკვლევა და მონიტორინგის წარმოება, გამწმენდი ნაგებობების და მტვერაირდამჭერი მოწყობილობების ეფექტურობის დადგენა; მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის და ჩაშვების ნორმათა პროექტების შემუშავება;

ი) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისთვის პრაქტიკული ანდა მეთოდური დახმარების გაწევა;

კ) კომპეტენციის ფარგლებში გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობაში მონაწილეობის მიღება.

3. გარემოსდაცვითი ინფორმაციის სამსახურის ფუნქციებია:

ა) გარემოსდაცვით მონაცემთა (მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური, გეოლოგიური, გარემოს დაბინძურების) ერთიანი საინფორმაციო ბაზების შექმნა და მართვა;

ბ) გარემოსდაცვით მონაცემთა თანამედროვე ტექნოლოგიებით დამუშავება, განახლება, დაცვა, არქივირება. სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება;

გ) ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და საინფორმაციო-საცნობარო სისტემის შექმნა;

დ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში დაინტერესებული პირებისათვის (დამკვეთებისთვის) მომსახურების გაწევის მიზნით შესაბამისი ინფორმაციის მომზადება.

4. ლიცენზირების დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზის) სარგებლობისათვის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიების გაცემის და ამ მიზნით გასაწევი საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია;

ბ) დადგენილ ვადაში ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება;

გ) ლიცენზიების გაცემასთან დაკავშირებით აუქციონის ჩატარების ორგანიზება;

დ) ლიცენზიების გაცემისათვის აუცილებელი დოკუმენტების მიღება, აღრიცხვა, დამუშავება და ამ დოკუმენტების სამინისტროს/სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფში, სამინისტროს სისტემაში არსებულ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის დაგზავნა დადგენილი წესის შესაბამისად სათანადო განხილვის და დასკვნის მომზადებისათვის;

ე) აუქციონის გამოცხადების, ლიცენზიის გაცემის, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში მასში ცვლილებების შეტანის, გაუქმებისა და მოქმედების ვადის გაგრძელებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება. მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე სააგენტოს უფროსისთვის რეკომენდაციისა და შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის პროექტის წარდგენა;

ვ) კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის მოთხოვნების დადგენის მიზნით სააგენტოს უფროსისათვის რეკომენდაციების წარდგენა;

ზ) „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად სალიცენზიო მოწმობების გამოყენება და აღრიცხვა;

თ) სალიცენზიო მოწმობების მომზადება და გაცემა;

ი) უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის წარმოება;

კ) კონკრეტული ბუნებრივი რესურსით (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოქვეყნების უზრუნველყოფა;

ლ) აუქციონის შედეგების შესახებ ოქმის შედგენა;

მ) ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის კანონმდებლობის შესაბამისად შენახვა;

ნ) ლიცენზიების მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევისას, მათ გამოსასწორებლად წინადადებების შემუშავება გონივრული ვადის განსაზღვრისა და იმ პირობების დადგენის თაობაზე, რომელთა დაცვაც აუცილებელია კონკრეტული საქმიანობის განხორციელებისათვის;

ო) კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეებისაგან და სხვა იურიდიული პირებისაგან მიღებული განცხადებების განხილვა;

პ) კომპეტენციის ფარგლებში ლიცენზიებთან დაკავშირებული საჩივრისა და სარჩელის ადმინისტრაციული და სასამართლო წესით განხილვის პროცესში მონაწილეობის მიღება;

ჟ) სარგებლობის ლიცენზიის მფლობელისთვის ბუნებრივი რესურსების (გარდა ნავთობისა და გაზისა) მოპოვების კვოტების დამტკიცების მიზნით შესაბამისი მასალებისა და დოკუმენტების განხილვა და რეკომენდაციების მომზადება;

რ) კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთათვის კონსულტაციების გაწევა;

ს) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ტ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელის მიერ წარმოდგენილი, სასარგებლო წიაღისეულის  ათვისების შესაბამისი გეგმის დამტკიცების მიზნით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;

უ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს უფროსის ბრძანებებისა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულება.

5. გეოლოგიის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) დასახლებულ პუნქტებში სტიქიურ-კატასტროფული გეოლოგიური პროცესების ექსტრემალური გააქტიურების პირობებში სიტუაციის ოპერატიული შეფასება, უარყოფითი შედეგების დადგენა, საშიშროების რისკის განსაზღვრა, საგანგებო სიტუაციაში მოქცეული მოსახლეობისათვის რეკომენდაციების გაცემა და სათანადო დასკვნების მომზადება გადაუდებელი ღონისძიებების გასატარებლად;

ბ) სტიქიური გეოლოგიური პროცესების მონიტორინგი;

გ) ყოველწლიური ინფორმაციული ბიულეტენის მომზადება, მოსალოდნელი საშიშროების შეფასება და პროგნოზი, გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების დასახვა ცალკეული რეგიონებისა და მუნიციპალიტეტებისათვის;

დ) საინჟინრო-გეოლოგიური, საინჟინრო-გეოდინამიკური და გეოეკოლოგიური კვლევების წარმოება, ტერიტორიის ათვისების, სამეურნეო და საინჟინრო ობიექტების საიმედოდ განლაგების  გეოლოგიური გარემოს ოპტიმალური მართვისათვის და სტიქიური გეოლოგიური პროცესების ზონირების  საბაზისო რუკების შედგენა;

ე) საშიში გეოლოგიური პროცესების განმეორადობის სიხშირის და ინტენსივობის მიხედვით საქართველოს ტერიტორიის დარაიონება გრძელვადიანი პროგნოზის მიმართებაში;

ვ) გეოლოგიური სტიქიის მდგომარეობის, საშიშროების რისკისა და გეოლოგიური გარემოს ცვლილებების საინფორმაციო ბაზის შექმნა დროისა და სივრცის პარამეტრებში, არსებული გეოლოგიური ფონდური მასალის და მიმდინარე მონიტორინგული კვლევებით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე;

 ზ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობების ასათვისებლად, სტიქიური გეოლოგიური პროცესების საშიშროების დადგენის და აცილების მიზნით წინმსწრები, სპეციალური საინჟინრო გეოლოგიური დასკვნების მომზადება;

თ) ურბანულ ტერიტორიებზე ტექნოგენური და ტექნოგენურ-ბუნებრივი პროცესების მონიტორინგი;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, გეოლოგიური გარემოს მართვასა და ნარჩენების განთავსების საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება;

კ) სხვადასხვა დანიშნულების ობიექტებზე საინჟინრო-გეოლოგიური, გეოტექნიკური და ჰიდროგეოლოგიური სამუშაოების წარმოება;

ლ) გარემოზე ანთროპოგენური ზემოქმედების შეფასება და საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური საკონსულტაციო სამუშაოების ჩატარება;

მ) მიწისქვეშა წყლების მონიტორინგი;

ნ) სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობისთვის სალიცენზიოდ წინასწარ შერჩეული ობიექტებისათვის გეოსაინფორმაციო პაკეტების და შესაბამისი რუკების მომზადება;

ო) წიაღის შესახებ ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმოება - სასარგებლო წიაღისეულის საბადოების და გამოვლინებების აღრიცხვა, სახელმწიფო ბალანსის და კადასტრის წარმოება, მინერალური რესურსების მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება;

პ) სასარგებლო წიაღისეულით (გარდა ნავთობისა და გაზისა) მოსარგებლე ლიცენზიის მფლობელების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების (მათ შორის მარაგების ანგარიშის) განხილვა, აღრიცხვა   და წიაღის შესახებ ერთიან სახელმწიფო ფონდში მათი ასახვა;

ჟ) წიაღისეული საბადოს (გარდა ნავთობისა და გაზისა) არსებობა-არარსებობის შესახებ ინფორმაციის მომზადება;

რ) ლიცენზიის შეძენის მსურველთათვის გეოლოგიური ინფორმაციის ან/და დასკვნის მომზადება;

ს) გეოლოგიური აგეგმვითი და ძებნა-ძიებითი სამუშაოების ჩატარება;

ტ) მინერალური რესურსების მონაცემთა ბაზების წარმოების უზრუნველყოფა.

6. ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში:

ა.ა) სტანდარტული და სპეციალიზირებული (თანამგზავრული, აეროლოგიური, რადიოლოკაციური, ოზონომეტრული, აქტინომეტრული, გლაციოლოგიური, თოვლსაზვავე, აგრომეტეოროლოგიური, საზღვაო, საავიაციო და სხვა) რეგულარული სტაციონარული ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელის (სადგურები, საგუშაგოები) ორგანიზება და მისი გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ა.ბ) სპეციალიზირებული ექსპედიციური ჰიდრომეტეოროლოგიური სამუშოების წარმოება (სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების გამომწვევი მიზეზების და მათი გავრცელების არეალის დადგენა, ამ მოვლენებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების დადგენაში მონაწილეობის მიღება, მდინარეთა აუზების მთიან და მაღალმთიან ზონებში დაგროვილი თოვლის მარაგის ყოველწლიური შეფასება, მყინვარებზე მიმდინარე პროცესების შესწავლა, საზღვაო-ოკეანოლოგიური დაკვირვებების წარმოება);

ა.გ) ზღვის სანაპირო შელფის კვლევითი სამუშაოების წარმოება;

ა.დ) საზღვაო ინფრასტრუქტურის ობიექტების დაგეგმარება-დაპროექტება, კომპეტენციის ფარგლებში;

ა.ე) შესაბამისი ტერიტორიების ბუნებრივი პირობების კომპლექსური (ლანდშაფტური) დახასიათება;

ა.ვ) მდინარეთა აუზების სტიქიური ჰიდროლოგიური მოვლენებისა ზემოქმედებისაგან დაცვის მიზნით კვლევების წარმოება და პრევენციული ღონისძიებების დასახვა, ეროზიულ-აბრაზიული პროცესების შერბილების პროექტების შედგენა;

ბ) ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელის ტექნიკური უზრუნველყოფა – გამზომი საშუალებების სამონტაჟო-საინსტალაციო-სარემონტო სამუშაოების წარმოება;

გ) ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელის რეგულარული მეთოდური ინსპექტირება;

დ) საქართველოს ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელიდან მონაცემთა შეკრებისა და ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე ოპერატიულად (დღე-ღამურ რეჟიმში) გავრცელების უზრუნველყოფა;

ე) მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის გლობალური მეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელიდან და ამინდის მსოფლიო პროგნოსტიკული ცენტრებიდან მეტეოროლოგიური მონაცემების და სინოპტიკური პროდუქციის რეგულარულად (დღე-ღამურ რეჟიმში) მიღების, ვიზუალიზაციის, დამუშავების და ანალიზის უზრუნველყოფა;

ვ) ამინდის და ჰიდროლოგიური მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი საერთო დანიშნულების პროგნოზების შედგენა და გავრცელება;

ზ) საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელი სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ გაფრთხილებების მომზადება და გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების და მასმედიის საშუალებებისთვის დაუყოვნებლივ მიწოდება;

თ) ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვებების მონაცემთა ფონდის შევსება, მათი ელექტრონულ ფორმატში გადაყვანა, პირველადი დამუშავება და ხარისხის კონტროლის განხორციელება;

ი) ჰიდრომეტეოროლოგიურ პირველად მონაცემთა მრავალწლიური რიგების სისტემატიზაცია და მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიერ დადგენილ სტანდარტებთან ჰარმონიზებული მონაცემთა ბაზების ფორმირება;

კ) მრავალწლიურ ჰიდრომეტეოროლოგიურ მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება, მათი GIS ფორმატში წარმოდგენა;

ლ) კლიმატური ცნობარების, ჰიდროლოგიური კადასტრების,  ჰიდრომეტეოროლოგიური ბიულეტენების, მიმოხილვების და სხვა სახის საცნობარო მასალების მომზადება;

მ) გლობალური კლიმატის ცვლილების ფონზე, საქართველოს ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური პარამეტრების ცვლილების დინამიკის შესწავლა;

ნ) სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის მიხედვით ქვეყნის ტერიტორიის დარაიონება;

ო) ეკონომიკის სხვადასხვა დარგის (სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, სამხედრო და სამოქალაქო ავიაცია და საზღვაო ფლოტი, საავტომობილო და სარკინიგზო გზები, მშენებლობა, ტურიზმი  და სხვა), სხვა დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების  მოთხოვნების შესაბამისად, სპეციალიზირებული ჰიდრომეტეოროლოგიური ინფორმაციით და ინფორმაციული პროდუქციით, აგრეთვე სხვა სახის ჰიდრომეტეოროლოგიური საქმიანობით (ექსპედიციური და სტაციონარული ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვებების ორგანიზება, ჰიდრომეტეოროლოგიური გამზომი საშუალებების სამონტაჟო-საინსტალაციო-სარემონტო სამუშაოების ჩატარება და სხვა) მომსახურება;

პ) ჰიდროგრაფიული და ტოპოგეოდეზიური აგეგმვითი სამუშაოების წარმოება;

ჟ) არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ მოვლენებზე (თოვლის ზვავები, სეტყვა, გვალვა, ნისლი) აქტიური ზემოქმედების სამუშაოების ორგანიზება და წარმოება;

რ) საქართველოს ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური საშიშროების რისკების შეფასებაში მონაწილეობის მიღება;

ს) საქართველოს ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური სტიქიის ზონებიდან  მოსახლეობის გასახლების აუცილებლობის დადგენა, ეკომიგრანტების განსახლების არეალების განსაზღვა და შეფასება;

ტ) შავი ზღვის აუზის ჰიდრო და ლითოდინამიკური კვლევა და პროცესების პროგნოზირება ზღვიური ლანდშაფტის მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით;

უ) ჰიდრომეტეოროლოგიის სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა;

ფ) კომპეტენციის ფარგლებში, ჰიდრომეტეოროლოგიის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობაში მონაწილეობის მიღება.

7. მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის ფუნქციებია:

ა) შავი ზღვის სანაპირო ზოლის, სანაპირო ზონისა და შიდა წყალსატევების ჰიდრობიოლოგიური კვლევების წარმოება. თევზჭერის საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციების, წინადადებების,  მეთოდური  და სხვა სახის მასალების მომზადება; საჭიროების შემთხვევაში სააუქციონო წყლის ობიექტში თევზის რესურსის მარაგის დადგენა;

ბ) დადგენილი წესით თევზჭერის ლიცენზიის მფლობელების მიერ წარმოდგენილი თევზჭერის კვოტების დამტკიცებაში მონაწილეობის მიღება; 

გ) კომპეტენციის ფარგლებში სარგებლობის ლიცენზიების მიხედვით შემუშავებული მართვის გეგმების  განხილვაში მონაწილეობის მიღება, ასევე თევზჭერის საკითხებზე მეთოდური მასალების, რეკომენდაციების და წინადადებების მომზადება;

დ) მდგრადი მეთევზეობის დანერგვის ხელშეწყობა, წყლის ბიორესურსების რაციონალურად გამოყენების საკითხების დამუშავება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება;

ე) საქართველოს ჭარბტენიანი და წყალჭაობიანი სავარგულების მონიტორნგი, ჰიდრობიონტებისა და წყლის ჰაბიტატების კონსერვაციისა და რეაბილიტაციის მიზნით წინადადებების შემუშავება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო თანამშრომლობაში მონაწილეობის მიღება.

8. იურიდიული სამსახურის ფუნქციებია:

ა) სააგენტოს  საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ბ) სააგენტოს უფლებამოსილებათა განხორციელებასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების ანალიზი და შესაბამისი წინადადებების მომზადება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება ან/და  სააგენტოში მომზადებული  აქტების პროექტების  სამართლებრივი ექსპერტიზა/ვიზირება;

დ) ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება, ასევე ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანის შესახებ წინადადებების მომზადება და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსათვის წარდგენის უზრულველყოფა სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

ე) კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოებში, სახელმწიფო დაწესებულებებსა და სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში;

ვ) დაინტერესებული პირებისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევა; 

ზ) სააგენტოში სახელმწიფო შესყიდვებისა და მომსახურების თაობაზე მომზადებული ხელშეკრულებების სამართლებრივი ექსპერტიზა და ვიზირება, ასევე მათ მომზადებაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში.

თ) კომპეტენციის ფარგლებში განცხადებების, საჩივრების (მათ შორის ადმინისტრაციული საჩივრების) და წერილების განხილვა; 

ი) განცხადებების, სასარჩელო განცხადებების, კერძო საჩივრების, შესაგებლების, შეგებებული სარჩელების, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებისა და შესაგებლების, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საარბიტრაჟო ან სასამართლო საპროცესო დოკუმენტაციის მომზადება; 

კ) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა  უფლებამოსილებების განხორციელება.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე