თავისუფლების შეზღუდვის ოფიცრის სპეციალური საშუალებების გაცემისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 21.02.2014
ძალის დაკარგვა 27.02.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 110110000.22.038.016273
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/02/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ გიორგაძე | მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ზოგიერთი ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 22.02.2018
დოკუმენტის ტექსტი
თავისუფლების შეზღუდვის ოფიცრის სპეციალური საშუალებების გაცემისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის
ბრძანება №17
2014 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი
თავისუფლების შეზღუდვის ოფიცრის სპეციალური საშუალებების გაცემისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 92 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თავისუფლების შეზღუდვის ოფიცრის სპეციალური საშუალებების გაცემის და გამოყენების თანდართული წესი.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგრიგოლ გიორგაძე
თავისუფლების შეზღუდვის ოფიცრის სპეციალური საშუალებების გაცემისა და გამოყენების წესი
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო და მიზანი
1. ეს წესი არეგულირებს ცალკეულ შემთხვევებში, თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში (შემდგომში – დაწესებულება) უსაფრთხოების სამსახურის თავისუფლების შეზღუდვის ოფიცრისათვის (შემდგომში - ოფიცერი) სპეციალური საშუალებების გაცემისა და მის მიერ ამ საშუალებათა გამოყენების წესს.
2. ეს წესი მიზნად ისახავს ოფიცერის მიერ მასზე დაკისრებული ამოცანების განხორციელების ხელშეწყობას.
მუხლი 2🔗.
სპეციალურ საშუალებათა სახეები
1. ოფიცრის მიერ გამოიყენება ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 92 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები.
2. ოფიცრის მიერ გამოსაყენებელი სპეციალური საშუალებებია:
ა) ხელბორკილი;
ბ) რეზინის ხელკეტი.
მუხლი 3🔗.
სპეციალურ საშუალებათა გაცემა
1. ოფიცრისათვის სპეციალურ საშუალებათა გაცემას უზრუნველყოფს დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის უფროსი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებების გაცემა ფორმდება შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით (დანართი №1).
მუხლი 4🔗.
სპეციალურ საშუალებათა ტარება და შენახვა
1. დაწესებულების ტერიტორიაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ოფიცერი თან ატარებს სპეციალურ საშუალებებს.
2. სპეციალური საშუალებების შენახვას, ამ მიზნით მოწყობილ საცავში უზრუნველყოფს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ხოლო ოფიცრისათვის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადაცემული სპეციალური საშუალებების შენახვას - პასუხისმგებელი ოფიცერი უსაფრთხოების სამსახურის უფროსის დავალებით.
მუხლი 5🔗.
სპეციალური საშუალებების გამოყენება
1. დაწესებულების მოსამსახურეების, მსჯავრდებულთა და დაწესებულების ტერიტორიაზე მყოფ სხვა პირთა უსაფრთხოების დაცვის და შესაბამისი სამსახურების რეაგირებამდე, მართლსაწინააღმდეგო ქმედების აღკეთისა და ამგვარ ქმედებაში მონაწილე პირის (პირთა) განცალკევების მიზნით, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, ოფიცერს უფლება აქვს სპეციალური საშუალებები გამოიყენოს სიტუაციის შეფასების გათვალისწინებით, თუ სხვა საშუალებები არაეფექტური იქნება მიზნის მისაღწევად.
2. სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე, ოფიცერმა წინასწარ უნდა გააფრთხილოს სათანადო პირი და მისცეს საკმარისი დრო, რათა მან შეასრულოს ოფიცრის კანონიერი მოთხოვნა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა, სხვა მძიმე შედეგი ან თუ შექმნილ სიტუაციაში შეუძლებელია ასეთი გაფრთხილების გაკეთება.
3. სპეციალური საშუალების სახე და ფიზიკური იძულების ინტენსიობა განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდამრღვევის ინდივიდუალური თავისებურების პროპორციულად.
4. პირის მიერ საკუთარი თავის, გარშემომყოფთა და ქონების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით დასაშვებია ასეთი პირის მიმართ ხელბორკილის ან ხელკეტის გამოყენება. აღნიშნული ღონისძიებები გამოიყენება აგრეთვე თუ პირი აზიანებს ქონებას, წინააღმდეგობას უწევს დაწესებულების მოსამსახურეებს (შმაგობს) ან/და საკუთარ თავს და გარეშემომყოფთ აყენებეს ზიანს.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების გამოყენება უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ, იმ საფრთხის აღმოფხვრისთანავე, რომლის აღსაკვეთადაც ეს ღონისძიება გამოიყენებოდა.
6. სპეციალური საშუალების გამოყენების თაობაზე ოფიცერი წერილობით აცნობებს დაწესებულების უფროსს.
მუხლი 6🔗.
სპეციალური საშუალებების გამოყენების შედეგები
სპეციალური საშუალებების გამოყენების შემდეგ ოფიცერი ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს სპეციალური საშუალებების გამოყენებით დაზარალებული პირის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა;
ბ) სპეციალური საშუალების გამოყენების შედეგად პირის დაზიანების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ აცნობოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსს.
დანართი N1
მიღება - ჩაბარების აქტი № ეგზემპლარი №
________________________ _________________________
აქტის შედგენის ადგილი აქტის შედგენის თარიღი
_________________________________________________________________________________________________
(აღინიშნება სპეციალური საშუალების გადამცემი და მიმღები პირების თანამდებობა, სახელი და გვარი)
___________________________________________________________________________________________________
(აღინიშნება სპეციალური საშუალების სახე და რაოდენობა)
______________________________ __________________________________
(გადამცემი პირის ხელმოწერა) (მიმღები პირის ხელმოწერა)