ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 05.02.2014
ძალის დაკარგვა 11.09.2014
გამომცემი ორგანო ასპინძის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.140.016088
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/02/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე მელიქიძე | ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 16.07.2010
დოკუმენტის ტექსტი
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2
2014 წლის 5 თებერვალი
დ. ასპინძა
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 16 ივლისის №12 დადგენილება „ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3🔗
ეს ადგენილება ძალაში შევიდეს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე მელიქიძე
დანართი
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულება
ეს დებულება, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად, განსაზღვრავს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლებამოსილებას, სტრუქტურას, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს.
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. საკრებულოს აპარატის სტატუსი
1. საკრებულოს აპარატი იქმნება საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით.
2. აპარატის ფუნქციაა უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების და საკრებულოს თანამდებობის პირების ეფექტური საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, გაუწიოს დახმარება საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში, მიაწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ, ორგანიზაციულად უზრუნველყოს მოქალაქეთა ურთიერთობა საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირებთან.
3. აპარატი წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის მუდმივმოქმედ დაწესებულებას.
მუხლი 2🔗. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი) და ეს დებულება.
2. აპარატის საქმისწარმოების, საბუთების აღრიცხვისა და მსვლელობის, მათი შესრულების კონტროლის მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით), საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული აპარატის შინაგანაწესით, საქმისწარმოების წესებით და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 3🔗. აპარატის ძირითადი ფუნქციები
აპარატის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების (მათ შორის, საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას), საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების, აგრეთვე საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარება. უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება;
ბ) მოამზადოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, ფრაქციების, სამუშაო ჯგუფების სამუშაო გეგმების პროექტები, საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სხდომაზე განსახილველი საკითხები და ამ საკითხებთან დაკავშირებული შესაბამისი მასალები;
გ) ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების, აგრეთვე საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან;
დ) ორგანიზაციული მომსახურება გაუწიოს საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში;
ე) უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვა, სხდომის ოქმების წარმოება, სხდომაზე დამსწრე პირთა რეგისტრაცია, სხდომებზე წესრიგის დაცვის ორგანიზება, კენჭისყრისას ხმების დათვლა;
ვ) ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების რეგისტრაციას, მათ აღრიცხვას, სისტემატიზაციას, კოდიფიკაციას და დადგენილი წესით გამოქვეყნებას;
ზ) ორგანიზაციულად უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს დროებითი საუშაო ჯგუფების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობა, უზრუნველყოს საკრებულოს თანამდებობის პირებთან და საკრებულოს წევრებთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა აღრიცხვა და კონტროლი მათ შესრულებაზე.
თავი II
აპარატის სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები
მუხლი 4🔗. აპარატის სტრუქტურული ერთეულები
აპარატი დაკომპლექტებულია ერთი მთავარი და სამი წამყვანი სპეციალისტით, რომლებიც გაერთიანებულნი არიან სამდივნოში.
მუხლი 5🔗. სამდივნო
სამდივნო აერთიანებს საკრებულოს აპარატის იმ მოსამსახურეებს, რომლებიც ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას უწევენ საკრებულოს თანამდებობის პირებს, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის იმ მოსამსახურეებს, მათ შორის, ვადიანი შრომითი ხელშეკრულებით მოწვეულ ექსპერტებსა და სპეციალისტებს, რომლებიც ახორციელებენ საკრებულოს კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფებისა და ფრაქციების ორგანიზაციულ, დოკუმენტურ, ანალიტიკურ და საინფორმაციო მომსახურებას.
ა) ახორციელებს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს სამუშაო ჯგუფების, საკრებულოს და საკრებულოს კომისიათა საკონსულტაციო ორგანოების სხდომების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;
ბ) ორგანიზაციულად უზრუნველყოფს სხდომებზე წესრიგის დაცვისათვის საკრებულოს შესაბამისი თანამდებობის პირებისათვის ხელშეწყობას, კენჭისყრის პროცედურის ჩატარებას, ხმების დათვლას, სხდომის ოქმების შედგენას, სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას, მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას, რედაქტირებას, რეგისტრაციას და გამოქვეყნებას;
გ) ორგანიზაციას უწევს სხდომებზე მოწვეულ პირთა გაფრთხილებას და მოწვევას, ახდენს მათ რეგისტრაციას;
დ) ორგანიზებას უწევს სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას;
ე) ორგანიზაციულ დახმარებას უწევს საკრებულოს წევრებს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში;
ვ) ახდენს ინიციირების წესით შემოსულ საკითხთა რეგისტრაციას;
ზ) უზრუნველყოფს საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებისა და აღსრულების პროცედურულ საკითხთა შესრულებას;
თ) საკრებულოს ორგანოების სამუშაო გეგმების საფუძველზე ამზადებს საკრებულოს წლიურ სამუშაო გეგმის პროექტს, აკონტროლებს სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების განხილვის ვადების დაცვას;
ი) ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების, თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების შეხვედრებს მოსახლეობასთან.
თავი III
აპარატის ხელმძღვანელობა
მუხლი 6🔗. აპარატის უფროსი
1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.
2. აპარატის უფროსი:
ა) უძღვება აპარატის საქმიანობას, აპარატის უფროსს აქვს აპარატის ბეჭედი ,,ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს“ მითითებით და ცენტრში წარწერით ,,აპარატი“.
ბ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს აპარატის დებულებას, საშტატო ნუსხას და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს;
გ) ახორციელებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით, აგრეთვე საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ დავალებებს;
დ) საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს აპარატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ე) ადგენს შრომის შინაგანაწესს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და წარუდგენს მას საკრებულოს თავმჯდომარეს დასამტკიცებლად.
2. აპარატის უფროსი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე.
3. აპარატის უფროსის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე.
4. საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს აპარატის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.
5. აპარატის უფროსის არყოფნის შემთხვევაში აპარატის უფროსის მოვალეობებს ასრულებს აპარატის ერთ-ერთი მოხელე საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით.
თავი IV
აპარატის საჯარო მოსამსახურეები
მუხლი 7🔗. აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის წესი
1. აპარატის საჯარო მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან კონკურსის შედეგების მიხედვით.
2. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების დასაკავებლად კონკურსს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად ატარებს საკრებულოს მიერ შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
მუხლი 8🔗. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს, საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი ინსტრუქციების დამტკიცების წესი
1. აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს, თანამდებობათა დასახელებას საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამტკიცებს საკრებულო.
2. აპარატის საშტატო ნუსხას და თანამდებობრივ ინსტრუქციებს აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.