საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 06.02.2014
ძალის დაკარგვა 19.01.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016230
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/02/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი გეგეჭკორი | საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 19.07.2025
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 20.03.2023
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება
№8
2014 წლის 6 თებერვალი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერუსაფრთხოების ბიუროს დებულების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერუსაფრთხოების ბიუროს თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიირაკლი გეგეჭკორი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კიბერუსაფრთხოების ბიუროს
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კიბერუსაფრთხოების ბიურო (შემდგომში – ბიურო) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
ბიუროს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
ბიუროს სრული დასახელებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – კიბერუსაფრთხოების ბიურო“. ბიურო უფლებამოსილია გამოიყენოს შემოკლებული დასახელება „კიბერუსაფრთხოების ბიურო”.
ბიურო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სხვა სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით.
ბიურო ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში.
ბიურო საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში, ასევე სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.
ბიუროს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სამინისტროში, ხოლო შემდგომ − სასამართლოში.
ბიუროს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო და სახაზინო ანგარიშები (მათ შორის, სავალუტო), მრგვალი ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბისა და თავისი სახელწოდების გამოსახულებით, სატიტულო ბლანკი და შტამპები.
ბიუროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ც. დადიანის ქ. №30.
მუხლი 2🔗. ბიუროს მიზნები
ბიუროს მიზნებია:
ა) კიბერდანაშაულთან ბრძოლის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;
ბ) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელების ხელშეწყობა;
გ) ბიუროს კომპეტენციას მიკუთვნებული სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის შემუშავება და სრულყოფა;
დ) კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობის განხორციელება.
მუხლი 3🔗. ბიუროს ფუნქციები და საქმიანობის საგანი
ბიუროს ფუნქციებია:
ა) ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოების აუდიტი, აპლიკაციებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა/დანერგვა;
ბ) ტექნოლოგიების განვითარების მონიტორინგი;
გ) კომპიუტერული უსაფრთხოების ინციდენტების, სისუსტეებისა და მტკიცებულების დამუშავება, ანალიზი, რეაგირების მხარდაჭერა და კორდინაცია;
დ) ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების სისტემების განვითარების ხელშეწყობა;
ე) ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში უსაფრთხოების განვითარებისათვის აუცილებელი სტანდარტების შემუშავება;
ვ) ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) უსაფრთხოების სფეროში მოქმედ ადგილობრივ, საერთაშორისო და უცხო ქვეყნების ორგანიზაციებთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან და კერძო სამართლის სუბიექტებთან ურთიერთობის დამყარება;
ზ) ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) უსაფრთხოების სფეროში ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობის მიღება;
თ) ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;
ი) ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) უსაფრთხოების განვითარების ხელშეწყობის მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
კ) ბიუროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების სრულყოფის შესახებ წინადადებების მომზადება;
ლ) ინფორმაციული უსაფრთხოებისათვის აუცილებელი მექანიზმებისა თუ სტანდარტების ამოქმედება, შემუშავება და დანერგვის კოორდინაციის გაწევა;
მ) თავდაცვის სფეროში ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების საკითხებში ცნობიერების ამაღლების შემუშავება და გატარების მეთოდები;
ნ) უსაფრთხოების სისტემებისა და ელექტრონული სერვისების დანერგვის უზრუნველყოფა;
ო) ინფრასტრუქტურის მონიტორინგის მდგრადობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი წინადადების (პროექტის) მომზადება;
პ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან კავშირის დამყარება;
ჟ) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის გატარებისა და დანერგვის რეკომენდაციებისა და მექანიზმების შემუშავება;
რ) კომპიუტერული უსაფრთხოების ინციდენტების, სისუსტეების შესწავლა, ანალიზი, რეაგირების მხარდაჭერა და მისი კოორდინაცია;
ს) არსებული ტექნიკური საშუალებებით კომპიუტერულ ინციდენტებზე შესაბამისი რეაგირება;
ტ) კომპიუტერულ ინციდენტებზე პრევენციული ხასიათის შეტყობინებებზე შესაბამისი რეაგირება;
უ) არსებული კომპიუტერული ინციდენტების მონიტორინგი;
ფ) შიდაუწყებრივი ან ორგანიზაციის ქსელის უსაფრთხოების კონტროლის და მონიტორინგის განხორციელება;
ქ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში აუდიტის ჩატარება;
ღ) საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევათა შესახებ შეტყობინებებზე შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამისი სუბიექტებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
ყ) საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევათა მართვის შესახებ უფლებამოსილ სუბიექტებთან კოორდინირებული მუშაობა;
შ) ბიუროში შემოსულ ზარებზე მონიტორინგის განხორციელება;
ჩ) საჭირო გადაუდებელი დახმარება, 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე;
ც) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
ძ) უზრუნველყოფს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დონორებთან თანამშრომლობას და საქმიანობის კოორდინაციას.
მუხლი 4🔗. ბიუროს ხელმძღვანელობა
ბიუროს ხელმძღვანელობს დირექტორი (შემდგომში - დირექტორი), რომელიც იმავდროულად შეიძლება იყოს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი (შემდგომ - მინისტრი).
დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, მათ შორის ერთ-ერთი პირველი მოადგილე. დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნისას - დირექტორის მოადგილე.
დირექტორის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი, მინისტრთან შეთანხმებით.
დირექტორის მოადგილეები ბიუროს დირექტორის გადაწყვეტილებით კურირებენ ბიუროში მათთვის მიკუთვნებულ სფეროს. დირექტორის მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება ბიუროს დირექტორის ბრძანებით.
ბიუროს დირექტორის დავალებით დირექტორის მოადგილეები ახორციელებენ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 5🔗. მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება
ბიუროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება შეიძლება მოიცავდეს:
ა) თანამდებობრივ სარგოს;
ბ) პრემიას.
მუხლი 6🔗. ბიუროს დირექტორი
ბიუროს დირექტორი:
ა) წარმოადგენს ბიუროს, უზრუნველყოფს მისი ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელებას;
ბ) საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების ფარგლებში დამოუკიდებლად ხელმძღვანელობს და ერთპიროვნულად წარმართავს ბიუროს საქმიანობას;
გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებისათვის ბიუროს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში;
დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენციის ფარგლებში, წარადგენს ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, იღებს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ;
ე) ამტკიცებს ბიუროს შინაგანაწესს და თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობას;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, განსაზღვრავს საშტატო განრიგსა და თანამდებობრივ სარგოებს;
ზ) ანაწილებს მოვალეობებს ბიუროს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
თ) იღებს გადაწყვეტილებას მოსამსახურეთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;
ი) ბიუროს სახელით დებს გარიგებებს და ანიჭებს უფლებას ბიუროს წარმომადგენლობაზე;
კ) საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს უზრუნველყოფს ბიუროს მზადყოფნას;
ლ) უზრუნველყოფს მოსამსახურეთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას;
მ) ბიუროს სახელით აცხადებს კონკურსებს და ტენდერებს;
ნ) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს ბიუროს დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
ო) ბიუროს კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროს მარეგულირებელ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით წარადგენს წინადადებებს;
პ) სამინისტროს წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა ბიუროს ამოცანების შესასრულებლად;
ჟ) იღებს გადაწყვეტილებას ბიუროს სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ, რომლებიც საჭიროა ბიუროს ამოცანების შესასრულებლად;
რ) ამტკიცებს ბიუროს თანამშრომლის სამსახურებრივი მოწმობის ფორმას;
ს) ამტკიცებს ბიუროს ბლანკების, ბეჭდებისა და შტამპების ნიმუშებს;
ტ) ახორციელებს ამ დებულებითა და კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს;
უ) ბიუროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად უფლებამოსილია შექმნას სათათბირო ორგანოები (კომისიები/სამუშაო ჯგუფები) და განსაზღვროს მათი უფლებამოსილებები და საქმიანობის წესი.
მუხლი 7🔗. ბიუროს სტრუქტურა
1. ბიურო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.
2. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ინფორმაციული და კომუნიკაციების ტექნოლოგიების დეპარტამენტი;
ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
გ) იურიდიული სამმართველო.
მუხლი 8🔗. ინფორმაციული და კომუნიკაციების ტექნოლოგიების დეპარტამენტი
ინფორმაციული და კომუნიკაციების ტექნოლოგიების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) პროექტების მართვის სამმართველო;
ბ) კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების საკოორდინაციო სამმართველო CSIRT/CC);
გ) კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების სამმართველო (CSIRT);
დ) კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების საკომუნიკაციო მომსახურების განყოფილება.
პროექტების მართვის სამმართველოს ფუნქციები:
ა) ტექნოლოგიების განვითარების მონიტორინგი;
ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაფრთხოების სისტემების განვითარების ხელშეწყობა;
გ) ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) უსაფრთხოების სფეროში მოქმედ ადგილობრივ, საერთაშორისო და უცხო ქვეყნების ორგანიზაციებთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან და კერძო სამართლის სუბიექტებთან ურთიერთობის დამყარება;
დ) ინფორმაციული ტექნოლოგიების (სისტემების) უსაფრთხოების სფეროში ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო პროგრამებში მონაწილეობის მიღება;
ე) ინფორმაციული უსაფრთხოებისათვის აუცილებელი მექანიზმებისა თუ სტანდარტების ამოქმედება, შემუშავებასა და დანერგვის კოორდინაციის გაწევა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან კავშირის დამყარება;
ზ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.
კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების საკოორდინაციო სამმართველო (CSIRT/CC) ფუნქციები:
ა) ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოების აუდიტი, აპლიკაციებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა/დანერგვა;
ბ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში უსაფრთხოების განვითარებისათვის აუცილებელი სტანდარტების შემუშავება;
გ) უსაფრთხოების სისტემებისა და ელექტრონული სერვისების დანერგვის უზრუნველყოფა;
დ) ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის გატარებისა და დანერგვის რეკომენდაციებისა და მექანიზმების შემუშავება;
ე) ინფორმაციული უსაფრთხოებისთვის აუცილებელი მექანიზმებისა თუ სტანდარტების ამოქმედების, შემუშავებისა და დანერგვის კოორდინაცია;
ვ) კომპიუტერული უსაფრთხოების ინციდენტების, სისუსტეების შესწავლა, ანალიზი, რეაგირების მხარდაჭერა და მისი კოორდინაცია;
ზ) ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში აუდიტის ჩატარება;
თ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.
კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების სამმართველოს (CSIRT) ფუნქციები:
ა) კომპიუტერული უსაფრთხოების ინციდენტების, სისუსტეებისა და მტკიცებულების დამუშავება, ანალიზი, რეაგირების მხარდაჭერა და კოორდინაცია;
ბ) თავდაცვის სფეროში ინფორმაციული და კიბერუსაფრთხოების საკითხებში ცნობიერების ამაღლების შემუშავება და გატარების მეთოდები;
გ) ინფრასტრუქტურის მონიტორინგის მდგრადობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი წინადადების (პროექტი) მომზადება;
დ) არსებული ტექნიკური საშუალებებით კომპიუტერულ ინციდენტებზე შესაბამისი რეაგირება;
ე) კომპიუტერულ ინციდენტებზე პრევენციული ხასიათის შეტყობინებებზე შესაბამისი რეაგირება;
ვ) არსებული კომპიუტერული ინციდენტების მონიტორინგი;
ზ) შიდაუწყებრივი ან ორგანიზაციის ქსელის უსაფრთხოების კონტროლის და მონიტორინგის განხორციელება;
თ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.
კომპიუტერულ ინციდენტებზე რეაგირების საკომუნიკაციო მომსახურების განყოფილების ფუნქციები:
ა) საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევათა შესახებ შეტყობინებებზე შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამისი სუბიექტებისთვის ინფორმაციის მიწოდება;
ბ) საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის შემთხვევათა მართვის შესახებ უფლებამოსილ სუბიექტებთან კოორდინირებული მუშაობა;
გ) ბიუროში შემოსულ ზარებზე მონიტორინგის განხორციელება;
დ) საჭირო გადაუდებელი დახმარება 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე;
ე) განყოფილებაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.
მუხლი 9🔗. ადმინისტრაციული დეპარტამენტი
1. ადმინისტრაციული დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ლოგისტიკის სამმართველო;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება;
გ) საქმისწარმოების განყოფილება.
2. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციები:
ა) წინადადებათა მომზადება ბიუროს საფინანსო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრის თაობაზე;
ბ) ბიუროს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შედგენა და მისი აღსრულების კოორდინაცია;
გ) ბიუროს სახსრების დანიშნულებისამებრ და მიზნობრივად ხარჯვის უზრუნველყოფა;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა;
ე) ბიუროს თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების გაანგარიშებისა და გაცემის უზრუნველყოფა;
ვ) ბიუროს საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობის აღრიცხვის სისწორის დაცვის, ბუღალტრული და საფინანსო ანგარიშების დროულად შედგენისა და შესაბამის უწყებებში წარდგენის უზრუნველყოფა;
ზ) საბუღალტრო საბუთების წარმოების, გაფორმების, შენახვისა და დადგენილი წესით მათი არქივში ჩაბარების უზრუნველყოფა;
თ) ბიუროს მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების მიხედვით ბიუჯეტში თანხების ჩარიცხვის მიმდინარეობის კონტროლი;
ი) ბიუროს ბალანსზე არსებული ძირითადი საშუალებებისა და მცირეფასიანი ინვენტარის შეფასებასთან, ჩამოწერასა და გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
კ) ბიუროს თანამშრომლების კადრების აღრიცხვა, მონიტორინგი და ანალიზის განხორციელება;
ლ) უფლებამოსილების ფარგლებში ბიუროს თანამშრომლების დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების, გათავისუფლების, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენების, შვებულების და მივლინების შესახებ ბრძანების პროექტების მომზადება;
მ) ბიუროს თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენის განხორციელება;
ნ) ბიუროს თანამშრომელთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, მათი საკვალიფიკაციო გამოცდების მომზადება-ჩატარების ორგანიზების, კადრების რეზერვის შექმნის განხორციელება;
ო) უზრუნველყოფს ბიუროს თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობების მომზადებას, სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების კრიტერიუმების დადგენას;
პ) ბიუროს თანამშრომელთათვის დადგენილი წესით ატესტაციის ჩატარების ორგანიზება/განხორციელება;
ჟ) დადგენილი წესის შესაბამისად, ბიუროს არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ჩატარების ორგანიზება;
რ) ბიუროს შინაგანაწესის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ს) ბიუროს თანამშრომელთათვის სამსახურებრივი მოწმობის გაცემისა და აღრიცხვის განხორციელება;
ტ) ბიუროს ფარგლებში სამოქალაქო თავდაცვისა და სამობილიზაციო ღონისძიებების განხორციელება;
უ) შეიმუშავებს შრომის შინაგანაწესს და აკონტროლებს მის შესრულებას, აგრეთვე შრომის დისციპლინას;
ფ) აანალიზებს ბიუროს კომპეტენციის ფარგლებში კიბერუსაფრთხოების ბიუროს თანამშრომელთა მიერ გაწეულ მუშაობას;
ქ) დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.
3. ლოგისტიკის სამმართველოს ფუნქციები:
ა) ბიუროს მომარაგება საორგანიზაციო ტექნიკა-მოწყობილობებით, ტრანსპორტით, საკანცელარიო და სხვა აუცილებელი ინვენტარითა და ნივთებით;
ბ) ბიუროს სამეურნეო ინფრასტრუქტურის გამართული და შეუფერხებელი ფუნქციონირება, მათ შორის, ბიუროს ადმინისტრაციული შენობის გათბობისა და კონდიცირების საკითხების ორგანიზება, წყლით, ელექტროენერგიით უზრუნველყოფა;
გ) ბიუროს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვის უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ე) ბიუროს ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა-პატრონობისა და მოწესრიგების უზრუნველყოფა;
ვ) საჭიროებისამებრ ბიუროს ბალანსზე რიცხული შენობებისათვის აუცილებელი კაპიტალური, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების მოცულობის განსაზღვრის, შესაბამისი პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვების განხილვისა და წინადადებების წარდგენის უზრუნველყოფა; ბიუროს ბალანსზე რიცხული შენობების მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების კოორდინაცია;
ზ) ბიუროს კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ცენტრალიზებული აღრიცხვის, მათი ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
თ) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ბიუროს საწვავით უზრუნველყოფა, სათადარიგო ნაწილების გაცემა და ჩამოწერა;
ი) სასაწყობე მეურნეობის სწორად წარმართვის კოორდინაცია, საკანცელარიო საქონლის ხარჯვის კონტროლის განხორციელება;
კ) ბიუროს ძირითადი საშუალებებისა და სასაქონლო მატერიალური ფასეულობის ინვენტარიზაციის ჩატარებისა და ორგანიზების უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ლ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.
4. სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების ფუნქციები:
ა) სახელმწიფო შესყიდვების მოსამზადებელი სამუშაოების, უშუალოდ სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებისა და პროცესების ორგანიზება, კოორდინაცია და წარმართვა, შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტების პროექტების მომზადება;
ბ) სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების საფუძველზე სათანადო დოკუმენტაციის მომზადება და სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერების პროცედურების ჩატარება;
გ) შესყიდვების ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;
დ) შესყიდვის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირისათვის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების კონტროლზე უფლებამოსილი პირების განსაზღვრის მიზნით, წინადადებების წარდგენა;
ე) შესყიდვის სახელშეკრულებო ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმწოდებლებზე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვა, საქართველოს კანონმდებლობისა და მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისი სხვა ზომების გამოყენება, ხოლო მიმწოდებლის მიერ ნებაყოფლობით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში, მასალების სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში გადაგზავნა შემდგომი რეაგირებისათვის;
ვ) საჭიროების შემთხვევაში, შესყიდვის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირისათვის სათანადო ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე წინადადებების წარდგენა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო პროგრამების ფინანსური დაგეგმვისა და შესრულების განხორციელება;
თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ინფორმაციის წარდგენა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში;
ი) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების აღრიცხვის წარმოება;
კ) მონაცემთა და სააღრიცხვო ბაზების წარმოება;
ლ) კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი უფლებამოსილებებისა და ბიუროს ხელმძღვანელობის შესაბამისი დავალებების განხორციელება;
მ) განყოფილებაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.
5. საქმისწარმოების განყოფილების ფუნქციები:
ა) აწარმოებს ბიუროს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების რეგისტრაციას და სისტემატიზაციას;
ბ) ორგანიზებას უწევს საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად ცენტრალურ აპარატში საქმისწარმოებას;
გ) უზრუნველყოფს შესაბამისი სამართლებრივი აქტების, სხვა საკონტროლო დავალებების და ბიუროს დირექტორის ადმინისტრაციული აქტების შესრულების შემოწმებასა და კონტროლს;
დ) ახორციელებს საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვას, დამუშავებას და არქივისათვის გადაცემას (დაარქივება);
ე) ბიუროში დოკუმენტბრუნვის მოწესრიგება და საქმისწარმოების ერთიანი წესის დამკვიდრება;
ვ) საქმისწარმოების საკითხებზე ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტების პროექტებისა და წინადადებების შემუშავება/დანერგვა;
ზ) ბიუროს მიერ მიღებულ საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;
თ) სახელმწიფო დაწესებულებებიდან შემოსული დავალებების შესრულების კოორდინაცია, მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებების მომზადება;
ი) ბიუროს ერთიანი საქმისწარმოების (საიდუმლო, არასაიდუმლო) უზრუნველყოფა და არქივის მართვა; კომპეტენციის ფარგლებში, საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოებისა და არასაიდუმლო საარქივო საქმიანობის ორგანიზება. სამსახურებრივი დოკუმენტების შესრულების კონტროლის განხორციელება;
კ) საიდუმლო რეჟიმის დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვა/განხორციელება და შესრულების კონტროლი;
ლ) განყოფილებაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.
მუხლი 10🔗. იურიდიული სამმართველოს ფუნქციები:
ა) ახორციელებს ბიუროს სამართლებრივ უზრუნველყოფას;
ბ) მონაწილეობს ბიუროს მიერ გამოსაცემი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადებაში, ახდენს მათ ვიზირებას და სხვა ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობაში მოყვანას;
გ) ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს ბიუროს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
დ) სპეციალური მინდობილობის/რწმუნებულობის საფუძველზე, ბიუროს წარმომადგენლობა და ინტერესების დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებთან, აგრეთვე, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში;
ე) ახორციელებს ბიუროს თანამშრომელთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დარღვევის სამსახურებრივი ფაქტების გამოვლენას, თავიდან აცილებას, პროფილაქტიკას, აღნიშნულ ფაქტებზე სამსახურებრივ შემოწმებას;
ვ) ბიუროს დირექტორის ბრძანებით ამოწმებს ბიუროს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას;
ზ) ამოწმებს შემოსულ განცხადებებსა და საჩივრებს და ახდენს მათზე რეაგირებას;
თ) ადგენს დასკვნებს სამსახურებრივი შემოწმების შედეგების შესახებ და წარუდგენს ბიუროს დირექტორს;
ი) აანალიზებს ბიუროს კომპეტენციას მიკუთვნებული სფეროს მარეგულირებელ საერთაშორისო სამართლებრივ ბაზასა და გამოცდილებას. ამ სფეროში მოქმედი სამართლებრივი აქტების მომზადების მიზნით ბიუროს დირექტორს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს;
კ) ამზადებს ბიუროს კომპეტენციას მიკუთვნებული სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პროექტებს;
ლ) ახორციელებს ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს;
მ) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
ნ) სამართალშემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებული სამუშაოების ორგანიზება, უზრუნველყოფა, შესრულება;
ო) საქართველოს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ ბიუროს დირექტორის, მისი მოადგილეების და ბიუროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
პ) ბიუროს მოსამსახურეთათვის სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა/კოორდინაცია;
ჟ) კიბერუსაფრთხოების სფეროში საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ საერთაშორისო ხელშეკრულებათა პროექტებისა და სხვა საერთაშორისო-სამართლებრივი აქტების სამართლებრივი მომზადება და ექსპერტიზა;
რ) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება.
მუხლი 11🔗. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და ერთეულების ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
2. დეპარტამენტის უფროსს, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი;
3. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია შესაბამისი დირექტორის მოადგილისა და დირექტორის წინაშე.
4. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;
დ) ზედამხედველობს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების უფროსებისა და თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ე) დეპარტამენტის სახელით ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს ბიუროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან (ერთეულებთან) გასაგზავნ და მათ მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებს;
ვ) წარუდგენს დირექტორსა და მის მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) დირექტორთან შუამდგომლობს დეპარტამენტის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე მათი სამსახურებრივი მივლინების თაობაზე;
თ) ასრულებს ბიუროს დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე ბიუროს დირექტორისა და მისი მოადგილის ცალკეულ დავალებებს.
5. სამმართველოს/განყოფილების უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს/განყოფილების საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს/განყოფილების თანამშრომლებს შორის და აძლევს მათ შესაბამის დავალებებს და მითითებებს;
გ) ახორციელებს სამმართველოს/განყოფილების თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების კონტროლს;
დ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს სამმართველოში/განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს/განყოფილების საქმიანობის შესახებ.
6. ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მოვალეობას, ბიუროს დირექტორის ბრძანების საფუძველზე, ასრულებს ბიუროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ერთ-ერთი თანამშრომელი.
7. ბიუროს თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ბიუროს დირექტორი.
მუხლი 12🔗. ბიუროს ქონება
1. დასახული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად ბიუროს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი სახელმწიფო ქონება.
2. ბიუროს ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობა და ფინანსური რესურსები.
მუხლი 13🔗. ბიუროს დაფინანსების წყაროები
1 ბიუროს დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) გრანტები;
გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად მოხმარდება ბიუროს მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. ბიუროს სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალულია.
მუხლი 14🔗. ბიუროს საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი
1. სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) სხვა გადაწყვეტილებების მიღება ბიუროს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს;
ვ) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
3. ბიუროს უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს/გაასხვისოს სხვა პირზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან/და გააუქმოს ბიუროს არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 15🔗. საბუღალტრო ანგარიშგება
1. ბიურო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.
2. ბიუროს წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 16🔗. რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 17🔗. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების განაწილება
ბიუროს ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.