განჩინება - შპს "სასტუმრო წყალტუბოს" გაკოტრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/1767
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ
2014 წლის 3 თებერვალი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე გენადი მაკარიძე
განმცხადებელი: შპს ,,სასტუმრო წყალტუბო’’
წარმომადგენელი: შპს ,,რეაბილიტაცია’’ - გიორგი ზღუდაძე;
მოთხოვნა: შპს ,,სასტუმრო წყალტუბოს’’ გაკოტრებულად გამოცხადება;
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ,,სასტუმრო წყალტუბოს’’გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს ,,სასტუმრო წყალტუბოს’’ სახელით გიორგი ზღუდაძემ და ითხოვა შპს ,,სასტუმრო წყალტუბოს’’ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განმცხადებელი განმარტავს, რომ საზოგადოების კრედიტორული დავალიანება (საბიუჯეტო) შეადგენს 15543 ლარს. ვინაიდან მოვალეს ქონება არ გააჩნია და იგი გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შემთხვევაში ვერ უზრუნველყოფის მისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვას, ითხოვს განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმას იმ მითითებით, რომ შპს ,,სასტუმრო წყალტუბოს’’ გაკოტრებულად გამოცხადდეს რეგისტრაციის გაუქმების გზით.
2013 წლის 20 დეკემბრის განჩინებით შპს ,,სასტუმრო წყალტუბოს’’ უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას.ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ,,სასტუმრო წყალტუბოს’’მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში , სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა,რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო .
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 დეკემბრის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2013 წლის 30 დეკემბერს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე -19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე -16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს , რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას , სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს , რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით , თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება .
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე -5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე -7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში , სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს , რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია .
გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს ,,სასტუმრო წყალტუბო’’ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს ,,სასტუმრო წყალტუბოს’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1 . შპს ,,სასტუმრო წყალტუბო’’ (ს/ნ 221269455) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,სასტუმრო წყალტუბოს’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში(ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11 ) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე გენადი მაკარიძე