„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის N3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №13
2014 წლის 7 თებერვალი
ქ. თბილისი
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 13 იანვრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. დებულების მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საბიუჯეტო რეგულირების განხორციელება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და მისი ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტებს შორის, ბიუჯეტის შემოსულობების გადანაწილება;“.
2. დებულების მე-3 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ღ) რეგიონებში განსახლებული დევნილების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ წინადადებებისა და ამ კუთხით მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;“.
3. დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მინისტრი:
ა) წარმოადგენს სამინისტროს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს სამინისტროს გამგებლობის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) პასუხისმგებელია საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციების, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებების და განკარგულებების, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანებების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების შესრულებისათვის იმ სფეროში, რომელიც სამინისტროს მმართველობას განეკუთვნება;
გ) უშუალოდ, აგრეთვე, პირველი მოადგილისა და მოადგილეების, სამინისტროს აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების (შემდგომში - სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი), სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სხვა დაქვემდებარებული სამსახურების მეშვეობით წყვეტს ამ დებულებით განსაზღვრულ საკითხებს;
დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს დასანიშნად წარუდგენს მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის მოადგილეებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელთა კანდიდატურებს;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს:
ე.ა) სამინისტროს აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ ყველა საჯარო მოსამსახურეს;
ე.ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულების ტერიტორიული ორგანოების უფროსებსა და მათ მოადგილეებს ამ დაწესებულების ხელმძღვანელის წარდგინებით;
ე.გ) სხვა პირებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, იღებს გადაწყვეტილებებს სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა წახალისების შესახებ;
ზ) აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებას სამინისტროს წლიური ბიუჯეტის შემოსავლისა და გასავლის საკითებზე და, აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ბიუჯეტის პროექტზე; იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების შესახებ და პასუხისმგებელია ბიუჯეტის ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის;
თ) ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში ამტკიცებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების ხარჯთაღრიცხვას, ახორციელებს კონტროლს მათ შესრულებაზე და, აუცილებლობის შემთხვევაში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იძლევა მითითებებს საბიუჯეტო სახსრების გამოყენების შესახებ;
ი) ადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების სტრუქტურასა და საქმისწარმოების წესს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი დადგენილია მინისტრის ბრძანების ზემდგომი სამართლებრივი აქტებით;
კ) პასუხისმგებელია სამინისტროს სარგებლობაში გადაცემული სახელმწიფო ქონების დაცვისა და გამოყენებისათვის და ორგანიზებას უწევს ამ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს, ინსტრუქციებსა და მეთოდურ მითითებებს და პასუხისმგებელია მათი კანონიერებისა და მიზანშეწონილობისათვის;
მ) თვალყურს ადევნებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების, ასევე, კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ თავიანთი მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას; ძალადაკარგულად ცნობს მინისტრის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების და სამინისტროს სხვა თანამდებობის პირთა სამართლებრივ აქტებსა და მოქმედებებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებს, სხვა კანონებს, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიულ აქტებს, აფხაზეთის მთავრობის დადგენილებებსა და მინისტრის ბრძანებებს;
ნ) იღებს გადაწყვეტილებას კერძო სამართლის იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;
ო) წყვეტს სამართლებრივ დავას სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ დაწესებულებებს, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის;
პ) დადგენილი წესით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და მთავრობის თავმჯდომარეს წარუდგენს სამინისტროს საქმიანობის ანგარიშს;
ჟ) თავისი მმართველობის სფეროში ქმნის კომისიებსა და საბჭოებს სათათბირო უფლებით და განსაზღვრავს მათ მოვალეობებს და საქმიანობის წესს;
რ) ამტკიცებს სამინისტროს აპარატსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საქვეუწყებო დაწესებულებებში სტაჟირების ან/და პრაქტიკის გავლის წესს;
ს) ასრულებს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტების, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებების და განკარგულებების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანებებით მისთვის დაკისრებულ სხვა ამოცანებს.“.
4. დებულების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებათა ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები;“.
5. დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამინისტროს მმართველობის სფეროშია:
ა) საქვეუწყებო დაწესებულება - ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტი;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტო;
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი - აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი - ,,ბიზნეს-ინკუბატორი.“.
6. დებულების მე-8 მუხლის „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.ა) ვალდებულებებისა და საგადახდო მოთხოვნების შემოწმების განყოფილება“.
7. დებულების მე-8 მუხლის „გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ.ბ) ბიუჯეტის ხარჯებისა და აღიცხვა-ანგარიშგების განყოფილება“.
8. დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენცია და სტრუქტურა
1. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულებით, ასევე, სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
2. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი შეიძლება დაიყოს შიდა სტრუქტურულ ერთეულებად, რომელთა სახელწოდება და კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულებითა და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის დებულებით.
3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის არყოფნის, ან მის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს მისი მოადგილე.“.
9. დებულების მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. ადმინისტრაციული დეპარტამენტი
ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს საქმიანობის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია;
გ) მინისტრის დავალებებისა და ბრძანებების შესრულებაზე კონტროლი, მინისტრის სათათბირო ორგანოების სხდომების ორგანიზაცია და მიღებული გადაწყვეტილებების სამართლებრივი უზრუნველყოფა;
დ) მინისტრისა და მოადგილეების პროტოკოლის წარმოება, რეზოლუციების მომზადება;
ე) სტატისტიკური მონაცემების ოპერატიული დამუშავება, ანალიზი, ინტეგრაცია და მიწოდება;
ვ) სამინისტროს საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური და საკომუნიკაციო უზრუნველყოფა;
ზ) საქმისწარმოებისა და გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის სამსახურის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:
ზ.ა) საქმისწარმოების ორგანიზება, რაც მოიცავს: დოკუმენტბრუნვის ორგანიზაციას; დოკუმენტების საინფორმაციო-საძიებო სისტემის შექმნას; დოკუმენტების შესრულების კონტროლს; საქმეთა ნომენკლატურის შედგენასა და საქმეთა ფორმირებას; დოკუმენტების მომზადებას არქივში გადასაცემად; სამინისტროს სისტემაში საქმისწარმოებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლებისა და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია და მეთოდური ხელმძღვანელობა;
ზ.ბ) სამინისტროს ვებ-გვერდის ადმინისტრირება და საჯარო ინფორმაციის განთავსების უზრუნველყოფა;
ზ.გ) სამინისტროში არსებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო საშუალებების გამართული მუშაობისათვის ხელშეწყობა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის ზუსტი კონფიგურირება;
თ) საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით, მინისტრის ბრძანებითა და განკარგულებით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების განხორციელება.“.
10. დებულების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. სახაზინო დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგება;
ბ) ფინანსური რესურსების ოპერატიული მართვა და მათ შესახებ ყოველდღიური ინფორმაციის მიწოდება საქართველოს სახაზინო სამსახურისათვის;
გ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტთან ერთად ყოველთვიური ოპერატიული ფინანსური გეგმის მომზადება;
დ) საქართველოს სახაზინო სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობით საბუღალტრო აღრიცხვაში განხორციელებული ცვლილებების დაყვანა მხარჯავ დაწესებულებებამდე, მეთოდოლოგიური სიახლეების შექმნაში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში;
ე) მოითხოვოს საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საგადამხდელო და საანგარიშსწორებო საბუთებში მითითებული დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა;
ვ) გამოიყენოს თავის საქმიანობაში ელექტრონული დოკუმენტები;
ზ) მოითხოვოს საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საგადამხდელო და საანგარიშსწორებო საბუთებში მითითებული დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა;
თ) ვალდებულებებისა და საგადახდო მოთხოვნების შემოწმების განყოფილების ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:
თ.ა) დადგენილი წესის მიხედვით, მხარჯავი დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი განაცხადებისა და ვალდებულების დოკუმენტების რეგისტრაცია და, მათ შესაბამისად გადახდის განხორციელება;
თ.ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულებისა და შესაბამისი ასიგნებების ფარგლებში ხარჯვის შესახებ ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობა და საბიუჯეტო დეპარტამენტისათვის სათანადო ინფორმაცის მიწოდება;
თ.გ) ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი და ხაზინის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრირებული საგადასახადო მოთხოვნების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება და ავტორიზაცია;
თ.დ) სავალუტო ოპერაციებზე წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემოწმება და ავტორიზაცია;
ი) ბიუჯეტის ხარჯებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების ძირითადი ამოცანები და კომპეტენციაა:
ი.ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის აღსრულება, ბიუჯეტის გადასახდელების აღრიცხვა ორგანიზაციული, ეკონომიკური, ფუნქციონალური და დარგობრივი ღონისძიებების კლასიფიკაციის მიხედვით;
ი.ბ) საბიუჯეტო შემოსავლებსა და ხარჯებს შორის წარმოქმნილი დროებითი საკასო დეფიციტის შესავსებად ღონისძიებების განხორციელება კანონმდებლობის შესაბამისად;
ი.გ) წლიური საბიუჯეტო კანონით დამტკიცებული ასიგნებების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მიერ დამტკიცებული კვარტალური განწერისა და მხარჯავი დაწესებულებებიდან წარმოდგენილი განაცხადის საფუძველზე, არსებული წესის შესაბამისად, საბიუჯეტო დაფინანსების დაყვანა მხარჯავი დაწესებულებების დაქვემდებარებაში მყოფი საბიუჯეტო ერთეულების დონეზე.“.
11. დებულების მე-13 მუხლის „ა“ პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში არსებულ მონაცემთა გაერთიანება ერთიან ბაზაში და მისი საიმედო მომსახურება, უწყებისათვის საინტერესო ინფორმაციის მოძიება, შეგროვება და გადამუშავებული სახით დაინტერესებული პირთათვის მიწოდება;“.
12. დებულების მე-13 მუხლის „ბ“ პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ა) ფინანსური სახსრების ოპერატიული მართვა; დარგების საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანი გამოყენებისათვის ყოველწლიური რესპუბლიკური ბიუჯეტის ძირითად მონაცემთა ჩამოყალიბება; დამტკიცებული ყოველწლიური ბიუჯეტის მიხედვით განწერის ფორმირება და, დადგენილი წესის შესაბამისად, მასში ცვლილებების შეტანა;“.
13. დებულების მე-13 მუხლის „ბ“ პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ.ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოებისათვის საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის სფეროში მეთოდური ხელმძღვანელობა და პრაქტიკული დახმარების გაწევა.“.
14. დებულების მე-16 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკისათვის პრიორიტეტული დარგების განვითარების მხარდაჭერის ღონისძიებების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;“.
15. დებულების მე-16 მუხლის „ზ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ.დ) პერიოდულად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური სფეროების ფუნქციონირების ძირითადი შედეგების გაანალიზება, პერსპექტული გეგმებისა და ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავების ორგანიზება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პერსპექტიული გეგმებისა და მიზნობრივი პროგრამების შესადგენად;“.
16. დებულების მე-16 მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) რეგიონებში განსახლებული დევნილების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ წინადადებებისა და ამ კუთხით მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება.“.
17. დებულების მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17. საფინანსო-საბუღალტრო აღრიცხვისა და მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველო
საფინანსო-საბუღალტრო აღრიცხვისა და მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველოს ამოცანები და კომპეტენციაა:
ა) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით ბაზრის მოკვლევის კოორდინაცია;
ბ) შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი აღწერილობის დეტალური განსაზღვრის კოორდინაცია;
გ) სახელმწიფო შესყიდვების გეგმის პროექტის, წლიური გეგმის და კორექტირებული გეგმის შესაბამის ვადებში მომზადების კოორდინაცია;
დ) კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების პროექტების მომზადება;
ე) ელექტრონული და გამარტივებული ელექტრონული ტენდერებისათვის სატენდერო დოკუმენტაციების მომზადების კოორდინაცია;
ვ) კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ხელშეკრულებების შესრულებასთან/შეუსრულებლობასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტების ატვირთვის კოორდინაცია;
ზ) სამინისტროს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების კოორდინაცია;
თ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მონაწილეობა;
ი) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში არსებული მდგომარეობის სისტემატური შესწავლა და გაანალიზება;
კ) სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების კანონიერებაზე სათანადო წინადადებების წარდგენა კურატორი მინისტრის მოადგილისათვის;
ლ) სამინისტროს აღრიცხვა-ანგარიშსწორების წარმართვა;
მ) საბანკო ოპერაციების წარმართვა;
ნ) კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“.
18. დებულების მე-18 მუხლის „ა.ა“, „ა.ბ“ და „ა.გ“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ა) დამოუკიდებლად ან სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ან/და სამინისტროს სისტემაში შემავალ საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავების და ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის ან მათი ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ წინადადებების მომზადება;
ა.ბ) სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მათი, აგრეთვე, სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებებიდან გადმოგზავნილი ნორმატიული აქტების პროექტების მიღებისათვის საჭირო პროცედურების უზრუნველყოფა;
ა.გ) სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ შემუშავებული ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და მათზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია