განჩინება შპს „სასწავლო - სამეცნიერო ცენტრი“-ს გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/18024-13
განჩინება
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ
2014 წლის 7 თებერვალი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი
განმცხადებელი: შპს „სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი”
მოთხოვნა: შპს „სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის“ მიმართ გაკოტრების
საქმის წარმოების დაწყება
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის“ გაკოტრებულად გამოცხადების საკითხი,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2013 წლის 9 დეკემბერს შპს „სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის” დირექტორმა ნოდარ ნოზაძემ განცხადებით მომართა სასამართლოს შპს „სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ . განმცხადებლის მითითებით, საწარმო არ ფუნქციონირებს. მას არც ბალანსზე და არც საკუთრებაში უძრავი ქონება არ ერიცხება. შპს „სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის” სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ კრედიტორული დავალიანება არ გააჩნია, ვინაიდან ორგანიზაციას ერიცხება ზედმეტობა 1332.01 ლარის ოდენობით. სახელმწიფო ბიუჯეტის გარდა, ორგანიზაციას დებიტორული დავალიანება არ ერიცხება. შპს „სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის” უზრუნველყოფილი კრედიტორი არ ჰყავს, ხოლო საწარმოს არაუზრუნველყოფილი კრედიტორები არიან: შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრი, რომლის მიმართ დავალიანება შეადგენს 43 183,10 ლარს. ორგანიზაციის არაუზრუნველყოფილი კრედიტორია ასევე მისი დირექტორი ნოდარ ნოზაძე, რომლის მიმართ შპს „სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის” დავალიანება შეადგენს 3500 ლარს.
შპს „სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის” საკუთრებაში ერიცხება 3569 ლარის ღირებულების მოძრავი ქონება. ამავდროულად, სსიპ ”საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს” სარეგისტრაციო ელექტრონული მონაცემთა ბაზის თანახმად, შპს „სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის” სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება ”გაზ 3110” სახელმწიფო სანომრე ნიშნით KKK-313. აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების გარდა ორგანიზაციას ბალანსზე ერიცხება ასევე სატრანსპორტო საშუალება ”ვაზ 21061” სახელმწიფო სანომრე ნიშნით QQQ – 642. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები ამორტიზებულია და მათი ჯამური ღირებულება შეადგენს 400 ლარს. შპს „სასწავლო-სამეცნიერო ცენტრს” ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი აქვს სს „საქართველოს ბანკში”, სადაც ორგანიზაციას საბანკო ანგარიშზე თანხა არ ერიცხება და სს „ბანკ რესპუბლიკაში”, სადაც საბანკო ანგარიშზე ერიცხება 8,69 ლარი. შპს „სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის” სალაროში თანხა არ გააჩნია. შპს ”სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი” გადახდისუუნაროა, რადგან არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები და უზრუნველყოს თავისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობების მიხედვით შპს „სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის” სახელზე უძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის, ხოლო სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობის მიხედვით, შპს „სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის” სახელზე რეგისტირებულია სატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო სანომრე ნიშნით KKK-331.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 დეკემბრის განჩინებით შპს „სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის” განცხადება არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში, ვინაიდან შპს „სასწავლო-სამეცნიერო ცენტრს” არ გააჩნდა იმ ღირებულების ქონება, რაც უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 დეკემბრის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2013 წლის 24 დეკემბერს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს „სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი” უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს „სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის” რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი” (ს/კ 206030999) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის” რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე და სასამართლოს დაფაზე.
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი