განჩინება შპს „სურამის ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური საავადმყოფო“-ს გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/18371-13
განჩინება
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ
2014 წლის 7 თებერვალი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი
განმცხადებელი: შპს „სურამის ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური საავადმყოფო’’
წარმომადგენელი: გიორგი ზღუდაძე
მოთხოვნა: შპს „სურამის ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური საავადმყოფოს“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „სურამის ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური საავადმყოფოს“ გაკოტრებულად გამოცხადების საკითხი,
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2013 წლის 12 დეკემბერს შპს „სურამის ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური საავადმყოფოს“ წარმომადგენელმა გიორგი ზღუდაძემ განცხადებით მომართა სასამართლოს შპს „სურამის ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური საავადმყოფოს“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ . განმცხადებლის მითითებით, საწარმო არ ფუნქციონირებს. მას არც ბალანსზე და არც საკუთრებაში უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება. შპს „სურამის ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური საავადმყოფოს“ უზრუნველყოფილი კრედიტორია სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მოთხოვნა უზრუნველყოფილია საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით და მის მიმართ დავალიანება შეადგენს 117.56 ლარს. ხოლო აღნიშნული საწარმოს არაუზრუნველყოფილი კრედიტორია ამავე ორგანიზაციის ყოფილი დირექტორი გიორგი მელიქიძე, რომლის მიმართაც შპს „სურამის ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური საავადმყოფოს“ ერიცხება სახელფასო დავალიანება 800 ლარის ოდენობით. შპს „სურამის ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური საავადმყოფოს“ დებიტორული დავალიანება არ ერიცხება. შპს „სურამის ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური საავადმყოფოს“ ანგარიშწორების ანგარიში გახსნილი აქვს სს „საქართველოს ბანკში”. ორგანიზაციას საბანკო ანგარიშსა და სალაროში თანხა არ ერიცხება. შპს „სურამის ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური საავადმყოფო’’ გადახდისუუნაროა, რადგან არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები და უზრუნველყოს თავისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობის მიხედვით შპს „სურამის ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური საავადმყოფოს“ სახელზე უძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის, ხოლო სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობის მიხედვით, აღნიშნული საწარმოს სახელზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ მონაცემები მოძიებული ვერ იქნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 დეკემბრის განჩინებით შპს „სურამის ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური საავადმყოფოს“ განცხადება არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში, ვინაიდან შპს „სურამის ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოს“ არ გააჩნდა ქონება. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „სურამის ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური საავადმყოფოს“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 დეკემბრის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2013 წლის 24 დეკემბერს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს ’’სურამის ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური საავადმყოფო’’ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს ’’სურამის ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური საავადმყოფო’’-ს რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „სურამის ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური საავადმყოფოს“ (ს/კ 243858731) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „სურამის ორთოპედიულ-ტრავმატოლოგიური საავადმყოფოს“ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე და სასამართლოს დაფაზე.
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი