განჩინება სს „ბორჯომის სამშობიარო სახლი“-ს განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/1866-14 (330210314426969)
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
2014 წლის 12 თებერვალი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი: სს „ბორჯომის სამშობიარო სახლი” (ს/კ 226112907)
წარმომადგენელი: შპს „რეაბილიტაცია” (ს/კ 206096419; დირექტორი) – დირექტორის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი გიორგი ზღუდაძე
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2014 წლის 07 თებერვალს განცხადებით მიმართა სს „ბორჯომის სამშობიარო სახლის” დირექტორის – შპს „რეაბილიტაციის” დირექტორმა გიორგი ზღუდაძემ და ითხოვა სს „ბორჯომის სამშობიარო სახლის” (ს/კ 226112907) მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განმცხადებელი განმარტავს, რომ სს „ბორჯომის სამშობიარო სახლი” (ს/კ 226112907) დღეის მდგომარეობით არ ფუნქციონირებს და არ გააჩნია უძრავ-მოძრავი ქონება. საწარმოს დებიტორული დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ სალდირებული ზედმეტობის სახით შეადგენს 1955,13 (ათას ცხრაას ორმოცდათხუთმეტი მთელი, ცამეტი) ლარს. ორგანიზაციას უზრუნველყოფილი კრედიტორი არ ჰყავს, ხოლო არაუზრუნველყოფილ კრედიტორს წარმოადგენს ამავე ორგანიზაციის ყოფილი დირექტორი - ჟენარ გრიგალაშვილი, რომლის მიმართაც ორგანიზაციას ერიცხება სახელფასო დავალიანება 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
განმცხადებლის მტკიცებით, მოვალეს არ შესწევს უნარი, დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები და, ამასთან, უზრუნველყოს გაკოტრების საქმის წარმოებისათვის დამახასიათებელი საპროცესო ხარჯის დაფარვა.
სასამართლო გაეცნო განცხადებას, მასზე თანდართულ დოკუმენტებს და მიიჩნევს, რომ სს „ბორჯომის სამშობიარო სახლს” უარი უნდა ეთქვას განცხადების სასამართლო წარმოებაში მიღებაზე შემდეგი სახის საფუძველთა არსებობის გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ხსენებული განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის თაობაზე და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. იმავე კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო მოვალის კრედიტორის ინფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” აქვეყნებს განჩინებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის დანაწესის თანახმად კი, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
სს „ბორჯომის სამშობიარო სახლს” მისი ქონების სიმცირის და აქტივის დაბალი ღირებულების სამტკიცებლად სასამართლოსათვის წარდგენილი აქვს მთელი რიგი მტკიცებულებები. კერძოდ, წარმოდგენილია ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, სადაც აღნიშნულია, რომ საწარმოს ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი აქვს მხოლოდ სს „ლიბერთი ბანკში”. სს „ლიბერთი ბანკიდან” წარმოდგენილი 2014 წლის 31 იანვრის საბანკო ამონაწერით კი დასტურდება, რომ სს „ბორჯომის სამშობიარო სახლის” საბანკო ანგარიშზე ირიცხება 4,22 (ოთხი მთელი ოცდაორი) ლარი. განმცხადებლის მიერ ასევე წარმოდგენილია სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 2014 წლის 30 იანვარს გაცემული ცნობა, რომ სს „ბორჯომის სამშობიარო სახლის” სახელზე რაიმე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება არ არის რეგისტრირებული. სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 22 ოქტომბრის ცნობის თანახმად, სს „ბორჯომის სამშობიარო სახლი” საჯარო რეესტრში არსებული განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონული წიგნის მონაცემებით უძრავი ნივთის მესაკუთრედ არ არის რეგისტრირებული.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინებით ინიშნება მეურვე. აღნიშნული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით, მეურვის უფლებამოსილების განხორციელება დაკისრებული აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველოს სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს. იმავე კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებით დამტკიცდა ёსააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესი. ამ ნორმატიული აქტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ფუნქციის განხორციელებისას მომსახურების გაწევის საფასური შეადგენს სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 7%-ს, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა.
განსახილველ შემთხვევაში მოვალე სს „ბორჯომის სამშობიარო სახლს” აქტივები არ გააჩნია. გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში წინასწარგანჭვრეტადი ხარჯის ოდენობა არის მინიმუმ 5000 ლარი. ასეთ პირობებში ცხადი ხდება, რომ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყება არათუ ასეთი წარმოების მიზნის – მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრასა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რელიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების მიღწევის შესაძლებლობას უზრუნველყოფს, არამედ გაკოტრების წარმოებისათვის აუცილებელი ხარჯის დაფარვაც კი შეუძლებელია. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ის საფუძველი, რომელიც გამორიცხავს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესაძლებლობას.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ბორჯომის სამშობიარო სახლს” (ს/კ 226112907) უარი ეთქვას მის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.
2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორთაგან რომელიმე სს „ბორჯომის სამშობიარო სახლის” (ს/კ 226112907) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სს „ბორჯომის სამშობიარო სახლი” (ს/კ 226112907) გამოცხადდება გაკოტრებულად, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს მოვალე სს „ბორჯომის სამშობიარო სახლის” (ს/კ 226112907) რეგისტრაციის გაუქმებას.
3. კრედიტორთა ინფორმირების მიზნით განჩინება, არაუგვიანეს 2014 წლის 17 თებერვლისა, გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უნდა უზრუნველყოს სს „ბორჯომის სამშობიარო სახლმა” (ს/კ 226112907) .
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კერძო საჩივრის შეტანის გზით, განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში.
მოსამართლე ბესიკ სისვაძე