საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 31) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. 24-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გამოტანიდან არა უგვიანეს 48 საათისა, ხოლო დანიშნულ დროს ბრალდებულის გამოუცხადებლობის შემთხვევაში – მისი მიყვანისთანავე, გამომძიებელი ამ დადგენილებას წარუდგენს ბრალდებულს. გამომძიებელი უფლებამოსილია, ამ კოდექსის 311-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით დაკითხოს ბრალდებული წაყენებული ბრალდების გამო. დაკითხვაში მონაწილეობის უფლება აქვთ პროკურორსა და დამცველს. პირისათვის ბრალდების წარდგენისა და მისი ბრალდებულის სახით დაკითხვის ამ ნაწილით დადგენილი წესი არ გამოიყენება, თუ ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას.
7. წინასწარი გამოძიების დამთავრების შემდეგ პროკურორი, თუ არსებობს საამისო საფუძველი, ადგენს საბრალდებო დასკვნას და მის ასლს გადასცემს ბრალდებულს. თუ ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, საბრალდებო დასკვნის ასლი გადაეცემა მის დამცველს.“.
2. 29-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
3. 371 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 371. პროკურორის სარჩელი თანამდებობის პირის ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ
თუ პროკურორს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ კოდექსის 44-ე მუხლის 47-ე ნაწილში მითითებული დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ თანამდებობის პირს მფლობელობაში აქვს უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონება, იგი აღძრავს სარჩელს თანამდებობის პირის მფლობელობაში არსებული უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონების, აგრეთვე ამ ქონებიდან მიღებული შემოსავლების, აქციების (წილის) ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ.“.
4. 62-ე მუხლის 63 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„63. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და სააღსრულებო დეპარტამენტის საგამოძიებო დანაყოფების გამომძიებლები იძიებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3421, 377-ე–381-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს, აგრეთვე სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე მომხდარ დანაშაულებს.“.
5. 76-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ბრალდებულს აქვს ეჭვმიტანილის ყველა საპროცესო უფლება (73-ე მუხლი). ბრალდების წაყენებისას ბრალდებულს გადაეცემა მის მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ ენაზე თარგმნილი ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების ასლი. ბრალდებულს უფლება აქვს, შეიტანოს საჩივარი გამომძიებლისა და პროკურორის მოქმედებებზე, ნათესავებსა და ახლობლებს შეატყობინოს თავისი დაპატიმრების შესახებ, მიიღოს უკანონო და დაუსაბუთებელი დაპატიმრების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. თუ ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების ასლი გადაეცემა მის დამცველს.“.
6. 81-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ ეჭვმიტანილი ან ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, მას ან მის ახლო ნათესავს ეძლევა შესაძლებლობა, 48 საათში დანიშნოს დამცველი. თუ იგი ამ ვადაში არ დანიშნავს დამცველს, პირს დამცველი დაენიშნება სავალდებულო წესით.“.
7. 84-ე მუხლის 31 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31. თუ ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა დამცველს ეძლევა ბრალდებულის დაკითხვის გარეშე.“.
8. 123-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქმის წარმოების დამთავრებამდე გამოძიების ორგანო მესაკუთრეს ან მფლობელს უბრუნებს: მალფუჭებად საგნებს, ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში აუცილებელ საგნებს, შინაურ პირუტყვს, ფრინველს, სხვა შინაურ ცხოველებს, თუ მათ ყადაღა არა აქვთ დადებული. საქმის წარმოების დამთავრებამდე გამოძიების ორგანომ მესაკუთრეს ან მფლობელს შეიძლება დაუბრუნოს სატრანსპორტო საშუალებები, თუ მათ ყადაღა არა აქვთ დადებული.“.
9. 140-ე მუხლის მე-17 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„17. ბრალდებულს, მის დამცველს, პროკურორს უფლება აქვთ, ბრალდებულის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების უფრო მსუბუქი ღონისძიებით შეცვლის ან აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ შუამდგომლობით მიმართონ სასამართლოს გამოძიების ადგილის მიხედვით. აღკვეთის ღონისძიების უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის შესახებ შუამდგომლობით აღნიშნული სასამართლოებისათვის მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ პროკურორს. სასამართლო (მოსამართლე) ზეპირი მოსმენის გარეშე, 24 საათში წყვეტს შუამდგომლობის დასაშვებობის საკითხს, კერძოდ, გამოკვლეულ იქნა თუ არა არსებითად იგივე საკითხები აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას ან სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას განხილულ იქნა თუ არა არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულება, რომელსაც შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა პირისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მართლზომიერებაზე. შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში სასამართლო (მოსამართლე) დადგენილებით შუამდგომლობას განუხილველად ტოვებს. შუამდგომლობის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში სასამართლო (მოსამართლე) ატარებს ზეპირ მოსმენას ამ კოდექსით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით.“.
10. 142-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:
„ვ) პირი შესაძლოა მიიმალოს.“.
11. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1461 მუხლი:
„მუხლი 1461. დაკავების კანონიერების შემოწმება
1. დაკავებიდან გათავისუფლებული პირის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლე გამოძიების ადგილის მიხედვით 10 დღის ვადაში, ერთჯერადად განიხილავს დაკავების კანონიერებისა და დასაბუთებულობის საკითხს.
2. დაკავება უკანონოა, თუ არსებითად არის დარღვეული ამ კოდექსის 145-ე მუხლით გათვალისწინებული დაკავების წესი ან დაკავება არ ემსახურება ამ კოდექსის 141-ე მუხლით გათვალისწინებულ მიზნებს.
3. დაკავება დაუსაბუთებელია, თუ არ დასტურდება ამ კოდექსის 142-ე მუხლით დადგენილი რომელიმე საფუძვლის არსებობა.
4. თუ მოსამართლე დაადგენს, რომ დაკავება უკანონოა ან დაუსაბუთებელია, იგი დაკავებას უკანონოდ ცნობს და დაუყოვნებლივ გასცემს განკარგულებას დაკავებიდან გათავისუფლებული პირისათვის კომპენსაციის გადახდის თაობაზე.“.
12. 160-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული შუამდგომლობა შეიძლება წარედგინოს მოსამართლეს პირის მიმალვის შემთხვევაშიც, თუ შეკრებილია დანაშაულის ჩადენაში მისი მამხილებელი მტკიცებულებები და გამოტანილია დადგენილება ამ პირის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ასეთ შემთხვევაში დაპატიმრების შემდეგ ბრალდებული გამოძიების ადგილას მიყვანიდან არა უგვიანეს 48 საათისა უნდა წარედგინოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით. ეს ვადა სტიქიური უბედურების ან სხვა დაუძლეველი ძალის არსებობისას, აგრეთვე ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების დროს, რაც დადასტურებულია სამედიცინო ცნობით, რომლის გამოც შეუძლებელია ბრალდებულის წარდგენა შესაბამის სასამართლოში, შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 15 დღისა, ხოლო ძებნილი ბრალდებულის უცხოეთში დაკავების შემთხვევაში საქართველოში გამოძიების ადგილზე მისი ჩამოყვანიდან არა უგვიანეს 48 საათისა იგი უნდა წარედგინოს შესაბამის მოსამართლეს. მოსამართლე ისმენს დაპატიმრებული ბრალდებულისა და მისი დამცველის, აგრეთვე პროკურორისა და იმ გამომძიებლის განმარტებებს, რომელმაც მოსამართლეს მიმართა შუამდგომლობით ბრალდებულის დაპატიმრების თაობაზე, რის შესახებაც დგება ოქმი. თუ დაპატიმრებულ ბრალდებულსა და მის დამცველს ბრალდებულისათვის დანიშნული აღკვეთის ღონისძიება მიაჩნიათ უკანონოდ ან დაუსაბუთებლად, მათ უფლება აქვთ, გაასაჩივრონ იგი ზემდგომ სასამართლოში ამ კოდექსით დადგენილი წესით. ბრალდებულსა და მის დამცველს აგრეთვე უფლება აქვთ, მოსამართლეს მიმართონ შუამდგომლობით დაპატიმრების უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით შეცვლის თაობაზე. ასეთ შუამდგომლობას მოსამართლე განიხილავს და გადაწყვეტს ამ კოდექსის 140-ე მუხლით დადგენილი წესით.“;
ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თუ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ პირი მიმალვაშია, გამომძიებელს მის დაუსწრებლად გამოაქვს დადგენილება პირის ეჭვმიტანილად ცნობისა და დაკავების შესახებ, ხოლო ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემისა და ბრალდების წაყენების შემდეგ უფლება აქვს, პროკურორის თანხმობით სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ.“.
13. 162-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საქართველოში ექსტრადიციის მიზნით პირის უცხო სახელმწიფოში დაპატიმრების დრო არ ჩაითვლება პატიმრობის ვადაში.“.
14. 168-ე მუხლის:
ა) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. გირაოს შეტანის წინ შემტანს აფრთხილებენ წერილობითი ვალდებულებებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის იმ შესაძლო შედეგების შესახებ, რომლებიც მითითებულია ამ მუხლის მე-7 ნაწილში.“;
ბ) მე-6 და მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სასამართლო პროკურორის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, გირაოს გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით პატიმრობას უფარდებს ბრალდებულს, რომლის მიმართაც გამოყენებულია სისხლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიება დაკავების სახით, მის მიერ პროცესის მწარმოებელი ორგანოს დეპოზიტზე გირაოს სრულად ან ნაწილობრივ (მაგრამ არანაკლებ 50%-ისა) შეტანამდე. გირაოს შეტანას ადასტურებს ის სასამართლო ან ორგანო, რომლის დეპოზიტზედაც შეიტანება გირაოს თანხა.
7. თუ ბრალდებულმა ან განსასჯელმა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულია გირაო, არასაპატიო მიზეზით თავი აარიდა გამომძიებელთან, პროკურორთან ან სასამართლოში გამოცხადებას, ჩაიდინა ახალი დანაშაული, განახორციელა ზეწოლა პროცესის მონაწილეზე ან/და საფრთხე შეუქმნა საქმეზე არსებულ მტკიცებულებებს, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლის ბრძანებით გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. ამავე ბრძანებით გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, უძრავი ქონება კი გადაეცემა სახელმწიფოს.“.
15. 173-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პირები, რომლებსაც კანონით დადგენილი წესით იძახებენ გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე სისხლის სამართლის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით, ვალდებული არიან, გამოცხადდნენ ზუსტად დანიშნულ დროს. გამოუცხადებლობის შემთხვევაში პროცესის მონაწილენი შეიძლება იძულებით მიიყვანონ.“.
16. 175-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
17. 181-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი:
„3. თუ ბრალდებული ან მისი დამცველი საკუთარი ინიციატივით შუამდგომლობს სტაციონარულ ექსპერტიზაზე მოთავსებას, მოსამართლის ბრძანების საფუძველზე ექსპერტიზაზე ყოფნის ვადის გაგრძელებისას არ გამოიყენება ამ კოდექსის 162-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ვადები. სტაციონარულ ექსპერტიზაზე ამგვარი ყოფნის დრო არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს. პროკურორის შუამდგომლობით სტაციონარულ ექსპერტიზაზე ბრალდებულის მოთავსების შემთხვევაში ექსპერტიზაზე ყოფნის დრო ჩაითვლება პატიმრობის ვადაში.“.
18. 243-ე მუხლის მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. მოსამართლე ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს საჩივრის დასაშვებობის საკითხს, კერძოდ, გამოიკვლია თუ არა არსებითად იგივე საკითხები პირველი ინსტანციის სასამართლომ ან განიხილა თუ არა სასამართლომ არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულება, რომელსაც შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა პირისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მართლზომიერებაზე. საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში სასამართლო (მოსამართლე) დადგენილებით საჩივარს განუხილველად ტოვებს. საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში სასამართლო (მოსამართლე) ატარებს ზეპირ მოსმენას ამ კოდექსით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით. ზეპირი მოსმენის შემთხვევაში მოსამართლე აცხადებს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს.“.
19. 283-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გამოტანის შემდეგ გამომძიებელი ან პროკურორი განსაზღვრავს ბრალდების წაყენების დროსა და ადგილს. ბრალდება წაყენებული უნდა იქნეს დადგენილების გამოტანიდან არა უგვიანეს 48 საათისა, ხოლო დანიშნულ დროს ბრალდებულის გამოუცხადებლობის შემთხვევაში – არა უგვიანეს მისი მოყვანიდან 24 საათში. თუ პირი ეჭვმიტანილის სახით იყო დაკავებული, დაკავების შესახებ ოქმის შედგენიდან არა უგვიანეს 48 საათისა გამოტანილი უნდა იქნეს დადგენილება პირის ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ, წაეყენოს ბრალდება და პროცესის მწარმოებელი ორგანოს (თანამდებობის პირის) გადაწყვეტილებით შესაძლებელია დაიკითხოს ბრალდებულის სახით. ბრალდების წაყენების და ბრალდებულის სახით დაკითხვის ამ ნაწილით გათვალისწინებული წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც პირი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას.“.
20. 284-ე მუხლის 11 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. თუ ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, გამომძიებელი ან პროკურორი მის მიმართ ბრალდების წასაყენებლად იძახებს ბრალდებულის დამცველს და გააცნობს დადგენილებას პირის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ, რაც ჩაითვლება ბრალდების წაყენებად. ბრალდებულის დამცველი წერილობით ადასტურებს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გაცნობას.“.
21. 285-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გამომძიებელი პროკურორის თანხმობით ან პროკურორი უფლებამოსილია, წინასწარი გამოძიებისას წარდგენილი ბრალდების შეცვლის ან შევსების საჭიროების შემთხვევაში პირს ახალი ბრალდება წარუდგინოს ამ კოდექსის 283-ე და 284ე მუხლებით გათვალისწინებული წესით. ახალ დადგენილებაში აგრეთვე მიეთითება, რომ გაუქმებულია თავდაპირველად გამოტანილი დადგენილება პირის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. პროკურორი წინასწარი გამოძიებისას წარდგენილი ბრალდების შეცვლის ან შევსების საჭიროების შემთხვევაში პირს ახალ ბრალდებას წარუდგენს უშუალოდ საბრალდებო დასკვნაში, ამ კოდექსის 415-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.“.
22. 415-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 415. ბრალდების შეცვლა
ბრალდების შეცვლის ან შევსების საჭიროების შემთხვევაში პროკურორი ახალ ბრალდებას აყალიბებს უშუალოდ საბრალდებო დასკვნაში, პირის ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ ახალი დადგენილების გამოტანის გარეშე, რომელიც შედგება ამ თავით გათვალისწინებული წესით.“.
23. 416-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საბრალდებო დასკვნის შედგენის შემდეგ პროკურორი საბრალდებო დასკვნის ასლს აბარებს ბრალდებულს, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში – დამცველს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათ წარმომადგენლებს. თუ ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, საბრალდებო დასკვნის ასლი უნდა ჩაბარდეს მის დამცველს. ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში პროკურორი სისხლის სამართლის საქმეს განსჯადობის მიხედვით უგზავნის შესაბამის სასამართლოს.“.
24. 4161 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გამოძიების დამთავრების და საქმის საბრალდებო დასკვნით სასამართლოსათვის გაგზავნის შესახებ პროკურორი ან პროკურორის თანხმობით გამომძიებელი წერილობით ატყობინებს ბრალდებულს (მათ შორის, პატიმრობაში მყოფ ბრალდებულს), დამცველს, ბრალდებულის კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე დაზარალებულს, სამოქალაქო მოსარჩელეს, სამოქალაქო მოპასუხესა და მათ წარმომადგენლებს. შეტყობინებასთან ერთად გამომძიებელი ბრალდებულსა და მის დამცველს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი ხარჯით გადაიღონ სისხლის სამართლის საქმის მთელი მასალის ასლი (გარდა იმ მასალისა, რომელიც დაკავშირებულია სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენებასთან), აგრეთვე განუმარტავს სასამართლოში ნივთიერი მტკიცებულების გაცნობის უფლებას. თუ ბრალდებული არასმქონეა, საქმის მთელი მასალის ასლი მას გადაეცემა სახელმწიფოს ხარჯზე. თუ ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, გამოძიების დამთავრების შესახებ გამომძიებელი დაუყოვნებლივ, წერილობით ატყობინებს ბრალდებულის დამცველს.“.
25. 443-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. განსასჯელის დაუსწრებლად საქმის განხილვა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა იგი თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას.“.
26.514-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 514. სახელმწიფო ბრალმდებლისათვის და მსჯავრდებულისათვის ან გამართლებულისათვის განაჩენის ასლის გადაცემა
განაჩენის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 5 დღე-ღამისა, ხოლო რთულ, მრავალტომიან ან მრავალი პირის საქმეზე – არა უგვიანეს 14 დღე-ღამისა განაჩენის ასლი უნდა გადაეცეს სახელმწიფო ბრალმდებელს და მსჯავრდებულს ან გამართლებულს. პროცესის სხვა მონაწილეს განაჩენის ასლი მისი მოთხოვნით გადაეცემა იმავე ვადაში.“.
27. 523-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან.“.
28. 533-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი:
„6. მტკიცებულებათა გამოკვლევის წესი, რომელიც გათვალისწინებულია ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით, არ ვრცელდება სისხლის სამართლის იმ საქმეებზე, რომლებზედაც პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენი განსასჯელის დაუსწრებლად გამოიტანა.“.
29. 615-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 615. გადაწყვეტილების აღსრულებისას გამოვლენილი ბუნდოვანება-უზუსტობების აღმოფხვრა
გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს, აღმოფხვრას გადაწყვეტილებაში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობები, რაც არ გამოიწვევს მის გაუქმებას ან შეცვლას, კერძოდ:
ა) დააზუსტოს დაკავებისა და დაპატიმრების თარიღები, აგრეთვე ვადა, რომელიც ჩაითვალა სასჯელის დანიშვნისას;
ბ) შეასწოროს პროცესის მონაწილის სახელი და გვარი;
გ) დააზუსტოს და გაანაწილოს სასამართლო ხარჯები;
დ) გადაწყვიტოს ნივთიერ მტკიცებულებათა საკითხი;
ე) გადაწყვეტილებაში შეიტანოს სხვა დაზუსტება, რომელიც გავლენას არ მოახდენს სასამართლოს დასკვნაზე მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციის, სასჯელის ღონისძიების, სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილებისა და სარჩელის თანხის განსაზღვრის შესახებ.“.
30. 6794 მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სასამართლო უფლებამოსილია, საპროცესო შეთანხმებაში ცვლილებები შეიტანოს მხოლოდ მხარეთა თანხმობის შემთხვევაში.“.
31. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 6809 მუხლი:
„მუხლი 6809. განსასჯელის დაუსწრებლად გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრება
მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სააპელაციო ან/და საკასაციო სასამართლომ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ამ კოდექსის 523-ე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული მომენტის დადგომიდან 1 თვის ვადაში უფლება აქვს, სააპელაციო წესით გაასაჩივროს მის მიმართ გამოტანილი განაჩენი.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 29 დეკემბერი.
№4212–რს