საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 13.02.2014
ძალაში შესვლა 01.04.2014
ძალის დაკარგვა 01.02.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №146
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017765
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 18/02/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 01.02.2020
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №146
2014 წლის 13 თებერვალი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 აპრილიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი (შემდგომში – ფონდი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია ,,ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, ფონდს გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს. საკუთარი სახელით გამოდის მხარედ სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობებში.
3. ფონდი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
4. ფონდი შექმნილია სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
5. ფონდს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და ფონდის სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი, ანგარიში ხაზინასა და საბანკო დაწესებულებაში, ემბლემა და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
6. ფონდის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0177, თამარაშვილის ქ. №15ა.
მუხლი 2🔗. ფონდის მიზნები
ფონდის მიზნებია:
ა) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების მიზნით, სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაციის ხელშეწყობა;
ბ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთათვის, დაზარალებულთათვის კომპენსაციის გაცემა და მათი დაცვა, დახმარება და რეაბილიტაციის ხელშეწყობა;
გ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვა, დახმარება და რეაბილიტაციის ხელშეწყობა;
დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, ხანდაზმულთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთათვის ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნა;
ე) სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაცია და დახმარება.
მუხლი 3🔗. ფონდის ფუნქციები და უფლებამოსილებები
ფონდის ფუნქციები და უფლებამოსილებებია:
ა) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარება და მათი კანონიერი ინტერესების დაცვა;
ბ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა თავშესაფრით, იურიდიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო და/ან სხვა სახის მომსახურებით უზრუნველყოფა;
გ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა რეაბილიტაციის, ოჯახსა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობა;
დ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთათვის, დაზარალებულთათვის კომპენსაციის გაცემა;
ე) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარება და მათი კანონიერი ინტერესების დაცვა;
ვ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა თავშესაფრით, იურიდიული, ფსიქოლოგიური, სამედიცინო და/ან სხვა სახის მომსახურებით უზრუნველყოფა, ოჯახსა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობა;
ზ) ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული პირობების შექმნა, სადღეღამისო მომსახურების ფარგლებში მოვლა-პატრონობა, კვება, პირველადი სამედიცინო მომსახურება, სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებების გატარება/ორგანიზება;
თ) ფონდის სადღეღამისო მომსახურებით მოსარგებლე გარდაცვლილ პირთა დაკრძალვა;
ი) სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა რეაბილიტაცია და დახმარება;
კ) ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთა, ხანდაზმულთა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა (შემდგომში – ფონდის ბენეფიციარი) პატივისა და ღირსების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა;
ლ) ფონდის ბენეფიციართა პერსონალური მონაცემების დაცვა, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
მ) ფონდის ბენეფიციართა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის მიზნით, სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ნ) ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
ო) სოციალური დახმარების მიზნობრივი პროგრამების განხორციელება ან განხორციელების ხელშეწყობა;
პ) დაკისრებული მიზნების მისაღწევად ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულების, ასევე, სტრუქტურული ერთეულებისა (თავშესაფრების) და ტერიტორიული ერთეულების (ფილიალების) შექმნა, გარდაქმნა და ლიკვიდაცია;
ჟ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სტრუქტურული ერთეულებისა (თავშესაფრების) და ტერიტორიული ერთეულების (ფილიალების) საქმიანობის ორგანიზება, კოორდინაცია, მართვა და კონტროლი;
რ) ფონდის თანამშრომელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;
ს) ფონდის ბენეფიციართა დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო დამატებითი ფინანსური სახსრების მოძიება;
ტ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისაგან, იურიდიული და ფიზიკური პირებისაგან ფონდის საქმიანობისათვის საჭირო, კანონმდებლობით ნებადართული ინფორმაციის გამოთხოვა და მიღება;
უ) კონფერენციების, სემინარების, შეხვედრების ორგანიზება და მოწყობა. ასევე, ინფორმაციის გავრცელების სხვა საშუალებების გამოყენება;
ფ) კომპეტენციის ფარგლებში, ფონდის საქმიანობისათვის საჭირო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შემუშავება და მიღება;
ქ) ფონდის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრებისა და წინადადებების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
ღ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული სხვა ფუნქციებისა და უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 4🔗. ფონდის მართვა და სტრუქტურა
1. ფონდის ხელმძღვანელი ორგანოებია:
ა) სამეთვალყურეო საბჭო;
ბ) დირექტორი.
2. ფონდი დაკისრებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს ცენტრალური აპარატისა და სტრუქტურული (თავშესაფარი) და ტერიტორიული (ფილიალი) ერთეულების მეშვეობით.
3. სტრუქტურული ერთეულის (თავშესაფარი) სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება შინაგანაწესით, რომელსაც ამტკიცებს დირექტორი.
4. ტერიტორიული ერთეულის (ფილიალი) სტრუქტურა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს დირექტორი.
5. სტრუქტურულ (თავშესაფარი) და ტერიტორიულ (ფილიალი) ერთეულს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დირექტორი, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 5🔗. ფონდის სამეთვალყურეო საბჭო
1. ფონდის სამეთვალყურეო საბჭო არის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სფეროში ფონდის საქმიანობის კოორდინაციის მიზნით შექმნილი ორგანო.
2. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მომუშავე სახელმწიფო უწყებების, არასამეწარმეო იურიდიული პირებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ამავე სფეროს სპეციალისტები და მეცნიერები.
3. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს წარდგინებით 3 წლით ნიშნავს სამეთვალყურეო საბჭოს 7 წევრს.
4. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს ფონდის დირექტორი, ფონდის სტრუქტურული ერთეულის (თავშესაფარი) ხელმძღვანელი ან ფონდის სხვა თანამშრომელი.
5. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს საბჭოს წევრები ირჩევენ თავისი შემადგენლობიდან არანაკლებ 5 ხმით.
6. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას, მისივე დავალებით, ასრულებს სამეთვალყურეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
7. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იწვევს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას და ადგენს დღის წესრიგს.
8. სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს არანაკლებ 5 წევრი. სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
9. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომები ტარდება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ.
10. საბჭოს გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე. იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს რომელიმე წევრი არ ეთანხმება სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი დააფიქსიროს სხდომის ოქმში.
11. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ვალდებული არიან, უზრუნველყონ იმ ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომელიც მათთვის ცნობილი გახდა სამეთვალყურეო საბჭოს წევრის საქმიანობის განხორციელებისას.
მუხლი 6🔗. ფონდის დირექტორი
1. ფონდს მართავს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ–მინისტრი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის (შემდეგში – მინისტრი) წარდგინებით.
2. ფონდის დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს ფონდის საქმიანობას და აწესრიგებს ფონდის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) მოქმედებს ფონდის სახელით და წარმოადგენს ფონდს მესამე პირებთან ურთიერთობაში, ან ანიჭებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას;
გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფონდის თანამშრომლებს; მინისტრის ბრძანებით ან კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში, სამინისტროსთან ათანხმებს თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნასა და თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხს;
დ) ფონდის თანამშრომლების მიმართ იყენებს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს;
ე) ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, აუქმებს ან ცვლის ფონდის დირექტორის მოადგილ(ეებ)ის, სტრუქტურული (თავშესაფარი) და ტერიტორიული (ფილიალი) ერთეულების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს;
ვ) სამინისტროსთან შეთანხმებით, ამტკიცებს ფონდის საშტატო ნუსხას და შრომის ანაზღაურების ფონდს;
ზ) ამტკიცებს ფონდის ცენტრალური აპარატის დებულებას, სტრუქტურული ერთეულის (თავშესაფარი) შინაგანაწესსა და ტერიტორიული ერთეულის (ფილიალი) დებულებას;
თ) განკარგავს ფონდის სახსრებს და აკონტროლებს მათ გამოყენებას, პასუხისმგებელია ფონდის საკუთრებაში და/ან სარგებლობაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივ და სწორ ხარჯვაზე;
ი) ახორციელებს ფონდის ცენტრალური აპარატის, სტრუქტურული (თავშესაფარი) და ტერიტორიული (ფილიალი) ერთეულების საფინანსო–სამეურნეო, საორგანიზაციო საქმიანობისა და მინიჭებული ფუნქციების შესრულების კონტროლს;
კ) უფლებამოსილია, სხვადასხვა უწყებიდან მოიწვიოს სპეციალისტები ან/და დამოუკიდებელი ექსპერტები;
ლ) ანაწილებს მოვალეობებს ფონდის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს და დავალებებს, აკონტროლებს ფონდის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
მ) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს ფონდის საქმიანობისათვის საჭირო ღონისძიებების რეგულირებისა და სრულყოფის შესახებ;
ნ) ზრუნავს ფონდის თანამშრომელთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე;
ო) სამინისტროს წარუდგენს ფონდის ბიუჯეტის პროექტს;
პ) ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. ფონდის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე.
მუხლი 7🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. ფონდის სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო, რომელიც ზედამხედველობას უწევს ფონდის საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობას, აგრეთვე, ფონდის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერებას, მიზანშეწონილობასა და ეფექტურობას.
2. მინისტრი აჩერებს ან აუქმებს ფონდის არამართლზომიერ გადაწყვეტილებას ან უკანონო აქტს.
3. სამინისტრო უფლებამოსილია, მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარდგენა.
4. ფონდმა, სამინისტროს თანხმობითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძლება, განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხის და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე, ფონდის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებები, რომლებიც დაკავშირებულია ფონდის ქონებასთან, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ‘‘ და ,,გ‘‘ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე სამინისტროს უარი უნდა იყოს დასაბუთებული.
მუხლი 8🔗. ფონდის ქონება და დაფინანსების წყაროები
1. ფონდს გააჩნია ქონება, რომელიც მას გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ფონდის ქონებას შეადგენს ძირითადი საბრუნავი საშუალებები, აგრეთვე, სხვა მატერიალური ფასეულობები და ფინანსური რესურსები.
3. ფონდის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან მიღებული სახსრები, მათ შორის, მიზნობრივი გრანტები;
გ) იურიდიული და ფიზიკური პირების, მათ შორის, ქველმოქმედებიდან მიღებული შემოწირულობები;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ფონდის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
5. ფონდი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, აწარმოებს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას, ადგენს ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს.
6. ფონდის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 9🔗. ფონდის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. ფონდის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ფონდის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.
მუხლი 10🔗. ფონდის დებულებაში ცვლილების შეტანის წესი
ფონდის დებულებაში ცვლილება შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.