სასმელი წყლის ინდუსტრიის განვითარების საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 19.02.2014
ძალის დაკარგვა 10.09.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №178
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.017797
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/02/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
სასმელი წყლის ინდუსტრიის განვითარების საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №178
2014 წლის 19 თებერვალი
ქ. თბილისი
სასმელი წყლის ინდუსტრიის განვითარების საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5, მე-6 და 29-ე მუხლების შესაბამისად, საქართველოში ბუნებრივი სასმელი წყლის ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობის მიზნით:
მუხლი 1🔗
შეიქმნას სასმელი წყლის ინდუსტრიის განვითარების საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:
ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი – საბჭოს თავმჯდომარე;
დავით ნარმანია – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
რომან ჩხენკელი – საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში – ეკონომიკური საბჭოს მდივანი;
დიმიტრი ქუმსიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე, საბჭოს წევრი;
ირაკლი ნოზაძე – საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, საბჭოს წევრი;
გიორგი ჯავახიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, საბჭოს წევრი;
არჩილ ცაბუტაშვილი – შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორი – საბჭოს წევრი;
გიორგი კობერიძე – შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორის მოადგილე – საბჭოს წევრი;
პაატა გიორგაძე – ექსპერტი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი, საბჭოს წევრი;
ბაქარ თოფურიძე – ექსპერტი საგარეო ურთიერთობებისა და ფინანსურ საკითხებში, საბჭოს წევრი;
ზაურ ციხელაშვილი – ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ჰიდროინჟინერიის განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინიტროს დამოუკიდებელი ექსპერტი, საბჭოს წევრი;
ლევან მახვილაძე – ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოსა და მსოფლიოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი, საბჭოს წევრი;
გურამ სოსელია – საქართველოს საინჟინრო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საბჭოს წევრი;
ავთანდილ სუდაძე – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, საბჭოს მდივანი.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს საბჭოს თანდართული დებულება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
სასმელი წყლის ინდუსტრიის განვითარების საკოორდინაციო
საბჭოს დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს სასმელი წყლის ინდუსტრიის განვითარების საკოორდინაციო საბჭოს(შემდგომ ტექსტში - საბჭო) უფლებამოსილებას და საქმიანობის წესს.
2. საბჭო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
მუხლი 2🔗. საბჭოს ფუნქციები და ამოცანები
საბჭოს ფუნქციები და ამოცანებია:
ა) ბუნებრივი სასმელი წყლის ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობა;
ბ) ბუნებრივი სასმელი წყლის ინდუსტრიის განვითარების ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი წინადადებების მომზადება და საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა;
გ) ბუნებრივი სასმელი წყლის ინდუსტრიის განვითარებისათვის უწყებათაშორისი საქმიანობის კოორდინაცია;
დ) გაწეული საქმიანობის ანგარიშის საქართველოს მთავრობისათვის წარდგენა.
მუხლი 3🔗. საბჭოს უფლებამოსილებანი
საბჭო უფლებამოსილია:
ა) მოამზადოს შესაბამისი გადაწყვეტილებებისა და სამართლებრივი აქტების პროექტები;
ბ) საქართველოს სამინისტროებისაგან, სხვა სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციებისაგან მოითხოვოს და მიიღოს საბჭოს საქმიანობისათვის აუცილებელი ინფორმაცია;
გ) საბჭოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შექმნას თემატური სამუშაო ჯგუფები შესაბამისი სამინისტროების, სხვა სახელმწიფო უწყებების, ორგანიზაციების, დამოუკიდებელი ექსპერტებისა და სპეციალისტების მონაწილეობით;
დ) საბჭოს საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით, მოაწყოს სამუშაო შეხვედრები შესაბამის დაინტერესებულ პირებთან და უწყებებთან;
ე) მოამზადოს წინადადებები საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ.
მუხლი 4🔗. საბჭოს სტრუქტურა, შემადგენლობა და მუშაობის ორგანიზება
1. საბჭოს საქმიანობას ხელმძღვანელობს და საბჭოს სხდომებს წარმართავს საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც ჰყავს მოადგილე.
2. საბჭოს სხდომის მომზადებას უზრუნველყოფს საბჭოს მდივანი.
3. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას, საბჭოს თავმჯდომარის დავალებით, ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
4. საბჭოს სხდომები, როგორც წესი, ტარდება თვეში ერთხელ.
5. საბჭოს თავმჯდომარემ შეიძლება საბჭოს სხდომები საჭიროებისამებრ მოიწვიოს დადგენილ ვადაზე ადრე.
6. საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე.
7. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ საბჭოს თავმჯდომარესა და საბჭოს წევრებს.
8. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი.
9. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით; მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა.
10. საბჭოს თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
11. საბჭოს სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.
12. საბჭო თავისი ამოცანების შესრულების მიზნით საჭიროების შემთხვევაში ქმნის საბჭოს აპარატს.
13. საბჭოს მდივანი უზრუნველყოფს საბჭოს მუშაობისათვის საორგანიზაციო საკითხების (დღის წესრიგი, სხდომის თარიღთან დაკავშირებული საკითხები) მოგვარებას.
14. საბჭოსთან შეიძლება შეიქმნას თემატური ჯგუფები, მათ შორის, საბჭოს წევრების მონაწილეობით.
15. საბჭოს აპარატისა და თემატური ჯგუფების შემადგენლობას, ფუნქციებსა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს საბჭო.
16. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ და ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების დეპარტამენტი.
მუხლი 5🔗. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი
საბჭოს დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.