საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 19.02.2014
ძალის დაკარგვა 01.08.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №175
სარეგისტრაციო კოდი 130040000.10.003.017794
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/02/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №175
2014 წლის 19 თებერვალი
ქ.თბილისი
საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულების
დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს დაზვერვის სამსახურის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს დაზვერვის სამსახურის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. საქართველოს დაზვერვის სამსახური (შემდეგში – სამსახური) არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების გატარებისა და დაცვის მიზნით ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობას.
მუხლი 2🔗
თავისი ამოცანების განხორციელებისას სამსახური წარმოადგენს სახელმწიფოს.
მუხლი 3🔗
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ და „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონების, ასევე, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ამ დებულებისა და შიდაუწყებრივი სამართლებრივი აქტების საფუძველზე.
მუხლი 4🔗
სამსახური არის ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემა და ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს.
მუხლი 5🔗
სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე. სამსახურზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
მუხლი 6🔗
სამსახურის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. სამსახურს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და თავისი სახელწოდებით და დამოუკიდებელი ბალანსი. სამსახურს აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული საუწყებო დროშა და ემბლემა. სამსახურის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, 0179, კეკელიძის ქ. № 4.
მუხლი 7🔗
საკუთარი საქმიანობის კონსპირაციის უზრუნველყოფის მიზნით, სამსახურის სტრუქტურულ დანაყოფებს შეუძლიათ გამოიყენონ პირობითი დასახელება და შესაბამისი რეკვიზიტები (ბეჭედი პირობითი დასახელებით, განსხვავებული საბანკო რეკვიზიტები და სხვ.).
თავი II
სამსახურის საქმიანობის სფერო, ფუნქციები და ამოცანები
მუხლი 8🔗
სამსახური აწარმოებს სადაზვერვო საქმიანობას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, სამხედრო-პოლიტიკურ, ინფორმაციულ, ეკოლოგიურ სფეროებში, ასევე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში.
მუხლი 9🔗
სამსახურის საქმიანობის სფერო, ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი ორგანოების მიერ ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებისა და გატარებისათვის ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება-შეგროვება, დამუშავება, ანალიზი, რეკომენდაციის შემუშავება და გავრცელება (მიწოდება);
ბ) საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული არსებული და პოტენციური საგარეო საფრთხეების, რისკებისა და გამოწვევების განსაზღვრა-გამოვლენა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში ეროვნული, რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების პრობლემებთან დაკავშირებული საკითხების დამუშავება, მოვლენების შესაძლო განვითარების პროგნოზირება და კრიზისული სიტუაციის არსებობის ან მისი წარმოქმნის საფრთხის შემთხვევაში ქვეყნის ხელისუფლებისათვის შესაბამისი შეფასებების და წინადადებების მიწოდება;
დ) უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის სფეროებში საქართველოს ეროვნული ინტერესების გატარებისა და დაცვისათვის ხელშეწყობის მიზნით, უმაღლესი ხელისუფლების ორგანოებთან შეთანხმებით, სპეციალური ფარული ღონისძიებების განხორციელება;
ე) საზღვარგარეთის პირობებში საკუთარი ძალების, საშუალებებისა და ოპერაციების, ასევე, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების და მათი საქმიანობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საგარეო კონტრდაზვერვითი საქმიანობის განხორციელება.
თავი III
სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და
უფლებამოსილებანი
მუხლი 10🔗
სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განისაზღვრება „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული ეროვნული სადაზვერვო პროგრამით.
მუხლი 11🔗
საკუთარი ფუნქციების განხორციელების და მის წინაშე მდგარი ამოცანების გადაწყვეტის მიზნით, სამსახური:
ა) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებულ ეროვნულ სადაზვერვო პროგრამას და მის საფუძველზე შეიმუშავებს სადაზვერვო დავალებებს;
ბ) დამტკიცებული რიცხოვნობისა და ორგანიზაციული სტრუქტურის ფარგლებში ქმნის აუცილებელ ქვედანაყოფებს, სპეციალური მომზადების, სამეცნიერო-კვლევით, სამედიცინო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებს, არქივს, უშვებს სპეციალურ გამოცემებს;
გ) შეიმუშავებს და ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობის უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის აუცილებელ სპეციალურ პროგრამებს;
დ) ნებაყოფლობის საფუძველზე ღიად ან კონფიდენციალურად თანამშრომლობს საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან, მოქალაქეობის არმქონე პირებთან, ქმნის სადაზვერვო პოზიციებს;
ე) სამსახურში არსებულ, აგრეთვე, ყველა წყაროდან მოპოვებული/მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ქმნის საბოლოო სადაზვერვო ინფორმაციას (სადაზვერვო პროდუქტს);
ვ) სადაზვერვო საქმიანობის განხორციელების მიზნით აწარმოებს სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის კოორდინაციას საქართველოს დაზვერვის სისტემაში შემავალ დაწესებულებებს შორის;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული უცხო ქვეყნების სადაზვერვო საქმიანობის გამოვლენის, აგრეთვე, საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში;
თ) სადაზვერვო ინფორმაციის მოსაპოვებლად იყენებს ოპერატიულ, ოპერატიულ-ტექნიკურ, საინჟინრო-ტექნიკურ, რადიოელექტრონულ და სხვა სპეციალურ საშუალებებს;
ი) კონსპირაციის მიზნით, სადაზვერვო საქმიანობის აუცილებლობიდან გამომდინარე, ქმნის სხვადასხვა სამართლებრივი ფორმის ორგანიზაციებს;
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის მეთოდურ, ორგანიზაციულ, ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებებს როგორც საკუთარ ქვედანაყოფებში, ისე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესეულებებში;
ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს საკუთარ უსაფრთხოებას. თავისი მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების, ოპერატიული ინფორმაციის წყაროების, საინფორმაციო და კავშირგაბმულობის სისტემების, საინფორმაციო მონაცემთა ბაზების, საკუთარი დოკუმენტაციის, შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო საშუალებების, სხვა ქონების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ახორციელებს ოპერატიულ, ოპერატიულ-ტექნიკურ და საინჟინრო-ტექნიკურ ღონისძიებებს;
მ) საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით თანამშრომლობს საქართველოს სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან;
ნ) სადაზვერვო ინფორმაციის დასაცავად სხვა მეთოდებთან ერთად ქმნის და/ან იყენებს კრიპტოგრაფიულ სისტემებსა და შიფრებს;
ო) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;
პ) აუცილებლობის შემთხვევაში, ახორციელებს თავისი დოკუმენტაციის, საკადრო შემადგენლობის, ქვედანაყოფების, შენობა-ნაგებობებისა და სატრანსპორტო საშუალებების შენიღბვასა და დაშიფრვას, მათ შორის სხვადასხვა დოკუმენტების, სატრანსპორტო საშუალების სანომრე და სხვა ამოსაცნობი ნიშნების გამოყენებით;
ჟ) საწარმოებთან, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებთან (მათი სამართლებრივი ფორმის მიუხედავად) დებს შესაბამის შეთანხმებებს, სადაზვერვო საქმიანობის აუცილებლობიდან გამომდინარე;
რ) შეიმუშავებს სამსახურის წლიური და გრძელვადიანი ბიუჯეტის პროექტებს;
ს) გლობალურ და რეგიონალურ საფრთხეებთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლობს უცხო ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან.
ტ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
თავი IV
სამსახურის უფროსი
მუხლი 12🔗
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
2. სამსახურის უფროსი არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი დაზვერვის საკითხებში.
მუხლი 13🔗
სამსახურის უფროსი:
ა) წარმოადგენს სამსახურს და ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას;
ბ) ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული ეროვნული სადაზვერვო პროგრამის განხორციელებას;
გ) ეროვნული სადაზვერვო პროგრამიდან გამომდინარე განსაზღვრავს სამსახურის სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ამოცანებსა და პრიორიტეტებს;
დ) უზრუნველყოფს სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისა და შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებებისათვის;
ე) კოორდინაციას უწევს სადაზვერვო ინფორმაციის დაცვის კრიპტოგრაფიული საშუალებებისა და შიფრების სახელმწიფო სტანდარტების შექმნასა და დანერგვას;
ვ) პასუხისმგებელია სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროებში საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონებისა და კანონქვემდებარე აქტების შესრულებაზე;
ზ) ამტკიცებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;
თ) სამსახურის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გამოსცემს სამართლებრივ აქტებს და კონტროლს უწევს მათ შესრულებას;
ი) ამტკიცებს სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს;
კ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის მოსამსახურეებს;
ლ) დადგენილი წესით განკარგავს სამსახურის ფულად სახსრებსა და მატერიალურ ფასეულობებს;
მ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საწარმოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან (მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა) დებს ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს;
ნ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში შესაბამისი ქვეყნის სპეცსამსახურის ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად მიავლენს დაზვერვის ოფიციალურ წარმომადგენლებს;
ო) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების, საკონსულო დაწესებულებებისა და სხვა ოფიციალური წარმომადგენლობების, მათი პერსონალის, საქმიანობის, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საიდუმლოების რეჟიმის დაცვის მიზნით მიავლენს უსაფრთხოების ოფიცერს;
პ) საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით სადაზვერვო საქმიანობიდან გამომდინარე სახელმწიფო სტრუქტურებში ნიშნავს დაზვერვის ოფიცერს;
ჟ) აუცილებლობის შემთხვევაში, ხელშეკრულების საფუძველზე სამსახურში იწვევს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებს;
რ) ხელმძღვანელობს სამსახურის სამობილიზაციო მზადყოფნას და საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის გადაყვანას სამსახურის განსაკუთრებულ რეჟიმზე;
ს) სამსახურის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანიჭებს სახელმწიფო-სპეციალურ ან სამხედრო წოდებებს პოლკოვნიკის ჩათვლით, ასევე, საკლასო ჩინებს;
ტ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსამსახურეებზე გასცემს სამსახურებრივ მოწმობებს, სამსახურებრივ-საშტატო და სამხედრო-საბრძოლო იარაღს, აგრეთვე, სხვა სპეციალურ საშუალებებს;
უ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას სამსახურის იმ სამხედრო მოსამსახურეთათვის სამსახურის გაგრძელების შესახებ, რომლებმაც მიაღწიეს სამხედრო სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკს, გარდა პოლკოვნიკთა და უმაღლესი სამხედრო წოდების ოფიცერთათვის;
ფ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს სადაზვერვო საქმიანობის მარეგულირებელი შესაბამისი კანონმდებლობის სრულყოფისათვის;
ქ) დადგენილი წესით აღძრავს შუამდგომლობას სამსახურის მოსამსახურეებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოებისა და მათთვის საპატიო წოდებების მინიჭების შესახებ;
ღ) განსაზღვრავს ფულადი ჯილდოს (პრემია), აგრეთვე, განსაკუთრებულ შემთხვევებში, ერთჯერადი დახმარების ოდენობას;
ყ) წაახალისებს და დისციპლინურ პასუხისმგებლობას აკისრებს სამსახურის მოსამსახურეებს;
შ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ასაჩუქრებს და/ან აჯილდოებს პირებს სამსახურის წინაშე მდგომი ამოცანების შესრულებაში აქტიური დახმარებისათვის;
ჩ) ამტკიცებს სამსახურის სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთათვის სამსახურის საუწყებო ფორმის ნიმუშებს და მათი ტარების წესს;
ც) ამტკიცებს სამსახურის უწყებრივი მედლების ფორმასა და მედლებით დაჯილდოების წესს;
ძ) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში სამსახურის მოსამსახურეთათვის განსაზღვრავს სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებებსა და შეღავათებს;
წ) წარმოადგენს სამსახურს საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
ჭ) ახორციელებს სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებას და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
თავი V
სამსახურის უფროსის მოადგილეები
მუხლი 14🔗
სამსახურის უფროსს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე.
მუხლი 15🔗
სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესა და მოადგილეს სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
მუხლი 16🔗
1. სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილის უფლებამოსილება განისაზღვრება სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით.
2. სამსახურის უფროსის არყოფნისას, სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე.
თავი VI
სამსახურის სტრუქტურული
ქვედანაყოფები და მათი ამოცანები
მუხლი 17🔗
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ოპერატიული დირექტორატი – უზრუნველყოფს სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული სადაზვერვო გეგმის შესაბამისად სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებას ოპერატიული წყაროებიდან, მათ შორის, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, ახორციელებს საგარეო კონტრდაზვერვით საქმიანობას;
ბ) ანალიტიკური დირექტორატი - უზრუნველყოფს ღია წყაროებიდან სადაზვერვო ინფორმაციის მოძიებას, სამსახურის მიერ მოპოვებული და სამსახურში შესული სადაზვერვო ინფორმაციის დაგროვებას, სისტემურ დამუშავებას და ანალიზს, ასევე, სამსახურის მიერ გასავრცელებელი დოკუმენტების მომზადებას;
გ) ადმინისტრაციული დირექტორატი - ახორციელებს სამსახურის საკადრო, სამართლებრივ, საფინანსო-სამეურნეო, მატერიალურ უზრუნველყოფას, საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოებას, საპროტოკოლო ღონისძიებებს, სამსახურის საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობის კოორდინაციას, ასევე, სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებას;
დ) უსაფრთხოების დირექტორატი - უზრუნველყოფს სამსახურის საკუთარ უსაფრთხოებას, ახორციელებს სამსახურის სტრუქტურული დანაყოფების საქმიანობის ინსპექტირებას, ასევე, სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებას;
ე) სპეციალური მომზადებისა და გადამზადების ცენტრი (დირექტორატი) – უზრუნველყოფს მოსამსახურეთა სპეციალურ მომზადებას, კვალიფიკაციის ამაღლებას და გადამზადებას, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, ასევე, სხვა სახელმწიფო უწყებების მოსამსახურეთა სპეციალურ მომზადებას;
ვ) არქივი (სამმართველო) - უზრუნველყოფს ოპერატიულ აღრიცხვას და საარქივო საქმისწარმოებას.