სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.02.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №183
სარეგისტრაციო კოდი 340170000.10.003.017802
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/02/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 755 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №183 2014 წლის 20 თებერვალი ქ. თბილისი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული სოფლის მხარდაჭერის პროგრამა. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №25 დადგენილება ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. სოფლის მხარდაჭერის პროგრამა (შემდგომში – პროგრამა) შემუშავებულია „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად. 2. პროგრამის შემუშავებისას გათვალისწინებულ იქნა „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული პრინციპები და ნორმები. 3. ამ პროგრამის მიზნებისთვის, სოფლის სახელწოდების ქვეშ მოიაზრება სასოფლო, სადაბო და საქალაქო ტიპის დასახლებები, მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრებისა და თვითმმართველი ქალაქების გარდა. მუხლი 2🔗. პროგრამის ძირითადი მიზნები პროგრამის ძირითადი მიზნებია: ა) პროგრამით გათვალისწინებული თანხის წარმართვა სოფლის პირველი რიგის სოციალურ-ეკონომიკურ საჭიროებათა დასაფინანსებლად; ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოსახლეობის ჩართულობის გაძლიერება და ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემების გადაწყვეტა უშუალოდ მოსახლეობის მიერ დასახული პრიორიტეტების შესაბამისად; გ) მოსახლეობასა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შორის ურთიერთკავშირის გაძლიერება; დ) ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის (შემდგომში – რწმუნებული) უფლებამოსილებათა ეფექტიანად განხორციელება. მუხლი 3🔗. პროგრამის დაფინანსების წყაროები 1. პროგრამის დაფინანსების წყაროა „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ასიგნებები. 2. შესაძლებელია პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები  დამატებით დაფინანსდეს საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების ან/და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით. მუხლი 4🔗. პროგრამის მოცულობა და სტრუქტურა პროგრამის განსახორციელებლად საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულია 50 000 000 (ორმოცდაათი მილიონი) ლარი. აღნიშნული თანხა, კონკრეტულ სოფლებში მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ნაწილდება შემდეგი პრინციპით: ა) 1-იდან 200 სულის ჩათვლით სოფლისათვის– 4 000 ლარი; ბ) 201-დან 400 სულის ჩათვლით სოფლისათვის– 5 000 ლარი; გ) 401-დან 1 000 სულის ჩათვლით სოფლისათვის– 8 000 ლარი; დ) 1 000-ზე მეტსულიანი სოფლისათვის – 12 000 ლარი. 2. ამ  მუხლის  პირველი პუნქტის შესაბამისად განაწილების შემდეგ, პროგრამით გათვალისწინებული  თანხის ნაშთი სოფლებისათვის ნაწილდება ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებული მაჩვენებლის მიხედვით. აღნიშნული მაჩვენებელი იანგარიშება სოფლის მოსახლეობის რაოდენობისა და 12.018585 კოეფიციენტის ნამრავლით.  მუხლი 5🔗. პროგრამით გამოყოფილი თანხის მიზნობრიობა 1. პროგრამით სოფლისათვის გამოყოფილი თანხის გამოყენების მიზნობრიობა განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმებით: ა)  პროგრამით განსაზღვრული თანხა უნდა მოხმარდეს ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციას, საერთო სარგებლობის შენობების  აღჭურვას, და/ან გრძელვადიანი  სარგებლობის ტექნიკის შესყიდვა-აღჭურვას; ბ) განსახორციელებელი პროგრამის (პროგრამების) დადებითი სოციალურ-ეკონომიკური ეფექტი  უნდა აისახებოდეს  სოფლის მოსახლეობის უმრავლესობაზე; გ) პროგრამის ფარგლებში შესყიდული სამუშაო, საქონელი ან მომსახურება მიმართული უნდა იყოს სოფლის მოსახლეობის უმრავლესობის მატერიალური, ყოფითი, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ; დ) სამუშაოთა შესასრულებლად მაქსიმალურად უნდა დასაქმდეს შესაბამისი სოფლის (ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – სოფლების) მოსახლეობა. 2. საერთო ინტერესების გათვალისწინებით დასაშვებია რამდენიმე სოფლისათვის გამოყოფილი თანხის გაერთიანება ამ სოფლების საერთო პრობლემის (მაგალითად, სასმელი ან სარწყავი წყლის სისტემები) გადასაწყვეტად. 3. პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულებულ უნდა იქნას 2014 წელს. მუხლი 6🔗.  პროგრამით გათვალისწინებული თანხის გამოყოფის პროცედურა 1.  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და  ინფრასტრუქტურის  სამინისტრო (შემდგომში-სამინისტრო), მოსახლეობის რაოდენობის თაობაზე მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, პროგრამის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად,  ახორციელებს თითოეული სოფლისათვის გამოსაყოფი თანხის გაანგარიშებას და ამზადებს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს, რომელშიც აისახება მუნიციპალიტეტებისა და მასში შემავალი სოფლების მიხედვით თანხის რაოდენობა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული, რომლის ბიუჯეტშიც ირიცხება პროგრამით გათვალისწინებული თანხა. 2. სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმების შემდეგ, განკარგულების პროექტს განსახილველად წარუდგენს საქართველოს მთავრობას. 3. საქართველოს მთავრობის მიერ განკარგულების მიღების შემდეგ, კონკრეტული სოფლისათვის გამოსაყოფი თანხის ოდენობის თაობაზე  მოსახლეობის ინფორმირებას, რწმუნებულების მეშვეობით ახორციელებს  მუნიციპალიტეტი. 4. კონკრეტულ სოფელთან მიმართებაში თანხის ხარჯვის მიზნობრიობა დგინდება პროგრამის მე-5 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, მხოლოდ მოსახლეობასთან  წინასწარი კონსულტაციის შემდეგ. 5.   რწმუნებული ორგანიზებას უწევს სოფლის კრების გამართვას, აწყობს საჯარო განხილვას და კრების მონაწილეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, სოფლისათვის გამოსაყოფი თანხის ოდენობის გათვალისწინებით, ადგენს პროგრამით სოფლისათვის გამოსაყოფი თანხის გამოყენების მიზნობრიობას, რაც აისახება სოფლის მოსახლეობის კრების ოქმში. 6. კრების ოქმს რწმუნებული წარუდგენს შესაბამის მუნიციპალიტეტს. 7. მუნიციპალიტეტი ამზადებს ინფორმაციას სოფლების მიხედვით შესაბამისი პროექტების დასახელებებისა და თითოეულ პროექტზე საორიენტაციო თანხის შესახებ, რომელსაც უთანხმებს სამინისტროს. 8. საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის წინადადებით (აღნიშნულ ინფორმაციაში შესაბამისი განკარგულებით გათვალისწინებული  ასიგნებების ფარგლებში) ცვლილება ხორციელდება სამინისტროს თანხმობით, ამ დადგენილებით განსაზღვრული პრიორიტეტების დაცვით. მუხლი 7🔗. პროგრამით გათვალისწინებული თანხის ათვისების პროცედურა 1. პროგრამით გათვალისწინებული თანხის გადარიცხვა შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ხორციელდება საქართველოს მთავრობის განკარგულებების საფუძველზე. 2. თანხის მიზნობრივად და ეფექტიანად გამოყენებისთვის  პასუხისმგებელია შესაბამისი მუნიციპალიტეტი, რომელიც უზრუნველყოფს პროექტების განსახორციელებლად სამუშაოების, საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პროცედურების შესაბამისად. მუხლი 8🔗. პროგრამის შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი 1. პროგრამის  მიმდინარეობისა და შესრულების საერთო კოორდინაციასა და მონიტორინგს ახორციელებს სამინისტრო. 2. სამინისტრო, უფლებამოსილია საჭიროების მიხედვით პერიოდულად მოითხოვოს ინფორმაცია მუნიციპალიტეტებიდან პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ. სამინისტრო ახდენს ინფორმაციის შესწავლას, ანალიზს და შესაბამის ინფორმაციას წარუდგენს საქართველოს მთავრობას ორჯერ - არაუგვიანეს 2014 წლის 20 ივლისისა და  2015 წლის  20 იანვრისა.