განჩინება შპს „მობი ფეი“-ს გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე 17732 3
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ
2014 წლის 30 იანვარი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი: შპს „მობი ფეი” (ს/კ 206345668)
წარმომადგენელი: ალექსანდრე ნამგალაური (დირექტორი)
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „მობი ფეის” გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2013 წლის 4 დეკემბერს განცხადებით მიმართა შპს „მობი ფეის” (ს/კ 206345668) დირექტორმა ალექსანდრე ნამგალაურმა და ითხოვა შპს „მობი ფეის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განმცხადებელი განმარტავს, რომ შპს „მობი ფეი” (ს/კ 206345668) წარმოადგენს ალექსანდრე ნამგალაურის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს. განმცხადებლის მითითებით, შპს „მობი ფეის” კრედიტორი არის სსიპ _ შემოსავლების სამსახური, ხოლო საანგარიშო პერიოდის დასასრულს საწარმო საგადასახადო ვალდებულებას ვერ ასრულებს. საწარმო 2012 წლის 13 სექტემბრიდან არ ფუნქციონირებს და არ გააჩნია ვადამოსული მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობა. 2013 წლის 19 ოქტომბრის მდგომარეობით, შპს ”მობი ფეის” კომპანიის ანგარიშზე და სალაროში თანხა არ ერიცხება, ასევე საწარმოს სახელზე არ ირიცხება მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და არც უძრავი ქონება. შესაბამისად მოვალეს არ შესწევს უნარი, დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 9 დეკემბრის განჩინებით ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შპს „მობი ფეის” უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას.ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომშეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „მობი ფეის” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. ხოლო თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 09 დეკემბრის განჩინება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2013 წლის 20 დეკემბერს. განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში შპს „მობი ფეის” კრედიტორებს განცხადებით სასამართლოსათვის არ მოუმართავთ.
გამომდინარე აღნიშნულიდან, ის გარემოება, რომ შპს „მობი ფეის” კრედიტორებმა კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში არ მიმართეს სასამართლოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით, საფუძველია შპს „მობი ფეის” გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „მობი ფეი” (ს/კ 206345668) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ”მობი ფეის” რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს”, ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.
მოსამართლე ბესიკ სისვაძე