ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №88 5
2010 წლის 3 ივლისი
ქ. თბილისი
ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა და მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად:
ა) დამტკიცდეს ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა (დანართი №1);
ბ) ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმის განხორციელების მიზნით რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ხელმძღვანელობით შეიქმნას სამთავრობათაშორისო ჯგუფი თანდართული შემადგენლობით (დანართი №2).
2. შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებების ხელმძღვანელებმა გამოყონ წარმომადგენლები, სამთავრობო დაწესებულებების ხელმძღვანელთა მოადგილეების დონეზე, განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამთავრობათაშორისო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
დანართი№1
ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა
I. შესავალი
საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული გრძელვადიანი ახლებური მიდგომა საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფი საქართველოს განუყოფელი ნაწილების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის მიმართ საშუალებას აძლევს მათ, ისარგებლონ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისათვის არსებული სიკეთეებით. საქართველოს ხელისუფლების მიზანია – გამყოფ ხაზებს მიღმა დარჩენილ მოსახლეობასთან დაახლოება მათი კეთილდღეობის გაუმჯობესების, იზოლაციის შემცირების, პიროვნებისა და რეგიონული უსაფრთხოების დაცვისათვის.
აღნიშნული პოლიტიკა ჩამოყალიბებულია ჩართულობის ს ტრატეგიაში და დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის მიერ. წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა სახელმწიფო სტრატეგიის პრაქტიკული რეალიზაციისაკენ გადადგმული ნაბიჯია. იგი მოიცავს მთელ რიგ ინიციატივებს, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/ სამხრეთ ოსეთში ამჟამად ლეგალურად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობის, მათთვის საქართველოს მოსახლეობისათვის არსებული შეღავათების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და საქართველოს სამოქალაქო ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობების გაუმჯობესებისაკენ არის მიმართული. შესაბამისად, სამოქმედო გეგმა ხელს შეუწყობს საზოგადოების ერთმანეთისაგან დაშორიშორებული წევრების შერიგების პროცესს.
სამოქმედო გეგმაში ასახული პრინციპები თანაბრად ეხება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს/ სამხრეთ ოსეთს და ამ რეგიონებში ლეგიტიმურად მცხოვრებ მოსახლეობას, განურჩევლად სქესისა, რელიგიური მრწამსისა, პოლიტიკური შეხედულებებისა და ეთნიკური კუთვნილებისა. საქართველოს მთავრობა აცნობიერებს განსხვავებულ გამოწვევებს, რომლებიც გამომდინარეობს გეოგრაფიული თავისებურებებიდან, დემოგრაფიული რეალობიდან და არსებული პოლიტიკური ვითარებიდან, მოსახლეობის ჩართულობისა და სხვადასხვა გარემოებისა თუ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რაც ასახულია სამოქმედო გეგმის სხვადასხვა კომპონენტში.
სახელმწიფო სტრატეგიაში ჩამოყალიბებული მიდგომა ადამიანზეა ორიენტირებული ( ჰუმანოცენტრულია). სამოქმედო გეგმის მიზანია, შექმნას ისეთი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს გამყოფი ხაზებით დაშორიშორებული მოსახლეობის ინტენსიურ ურთიერთობებს, თანამშრომლობას, პარტნიორობასა და საქართველოში მცხოვრებთა შორის ნდობის აღდგენას. საქართველოს მთავრობას მიაჩნია, რომ ამ ღონისძიებათა წარმატებული განხორციელებით მიაღწევს გაყოფილი საზოგადოების შერიგებასა და ნდობის გაძლიერებას.
სამოქმედო გეგმა მოიცავს ოთხ განზომილებას – ჰუმანიტარულს, ადამიანურს, სოციალურსა და ეკონომიკურს, რაც მოიცავს პროგრამებისა და პროექტების ფართო სპექტრს, რომელიც მიესადაგება ერთ ან რამდენიმე პროგრამულ განზომილებას. სამოქმედო გეგმის ფარგლებში შემუშავებული შვიდი ინსტრუმენტი მოემსახურება და უზრუნველყოფს სამოქმედო გეგმაში ასახული ღონისძიებებისა და პროექტების განხორციელებას. აღნიშნული ინსტრუმენტები ეფუძნება ადგილზე არსებულ რეალურ საჭიროებებს და ადგილობრივი ინიციატივების პრიორიტეტულობის პრინციპს.
სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ინიციატივები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას. მათი ნაწილის განხორციელება რიგ შემთხვევაში მოითხოვს ახალი პროცედურების და ადმინისტრაციული სტრუქტურების შექმნას. სამოქმედო გეგმის თანახმად შემუშავდება შესაბამისი სამართლებრივი ბაზა, რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს მთავრობას, განახორციელოს დასახული ინიციატივები. საქართველოს მთავრობის მიერ სამოქმედო გეგმის დამტკიცების შემდეგ შემუშავდება და საქართველოს პარლამენტს წარედგინება საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი.
2008 წლის ოქტომბერში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“საქართველოს კანონი, რომელშიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად 2010 წლის თებერვალში შევიდა ცვლილებები, საქართველოს მთავრობას ანიჭებს უფლებას, მისცეს თანხმობა იმ პროგრამებსა და პროექტებს, რომლებიც პასუხობს ჰუმანიტარულ აუცილებლობას და ხელს უწყობს ნდობის აღდგენას. სამოქმედო გეგმა გამოხატავს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას იმ პროექტების მიმართ, რომლებიც თანხვედრაშია ჩართულობის სტრატეგიაში ასახულ მიზნებთან და საქართველოს კანონთან „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“. შემუშავდება საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც გაამარტივებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცედურებს სამოქმედო გეგმის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებთან მიმართებაში.
II. მეთოდოლოგია
სამოქმედო გეგმა ასახავს საქართველოს მთავრობის განზრახვას; სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობდა ყველა იმ მხარესთან, რომელიც აქტიურად იყო ჩართული სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავების პროცესში, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, ექსპერტთა ჯგუფებთან, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სხვა ქვეყნის მთავრობებსა და მთავრობათაშორის ორგანიზაციებთან. სამოქმედო გეგმა მოიცავს უკვე არსებულ ერთობლივ პროექტებს და ნდობის აღდგენის მექანიზმებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/ სამხრეთ ოსეთის მონაწილეობით; სამუშაო დოკუმენტები გაზიარებულია ამ რეგიონების მაკონტროლებელ ძალაუფლებასთან. სამოქმედო გეგმის წარმატებისათვის აუცილებელია, ყველა დაინტერესებულმა მხარემ გამოხატოს მისდამი უწყვეტი ინტერესი და მხარდაჭერა.
სამოქმედო გეგმა ყოვლისმომცველი, მრავალმხრივი დოკუმენტია და წარმოადგენს სამომავლო განვითარების ერთგვარ საფუძველს. გეგმა ემყარება ოთხ პროგრამულ განზომილებას და პროექტებს, რომლებიც მიმართულია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის კეთილდღეობისკენ და მიზნად ისახავს მათ დაახლოებას გამყოფი ხაზების მეორე მხარეს მყოფ ადამიანებთან. პროგრამული განზომილებების უზრუნველსაყოფად შემუშავდება შვიდი ინსტრუმენტი.
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ხელმძღვანელობს სამოქმედო გეგმის შემუშავებას და ზედამხედველობას გაუწევს მის განხორციელებას; ასევე, მოახდენს საქართველოს მთავრობის მიერ სამოქმედო გეგმის მხარდაჭერისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა კოორდინაციას და გაითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების რჩევებს ამ საკითხებში.
სამოქმედო გეგმა საფუძველია იმ პროგრამებისთვის, რაც სახელმწიფო სტრატეგიის ამოქმედებას მოემსახურება; დოკუმენტი მუდმივად განახლებადია; იგი გადაიხედება ყოველ ექვს თვეში ერთხელ სამუშაო და ყოველ სამ წელიწადში ერთხელ სტრატეგიულ დონეებზე; ამ პროცესს კოორდინაციას გაუწევს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებს საქართველოს ვიცე- პრემიერი/ სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში. სამუშაო ჯგუფი მოახდენს სამოქმედო გეგმის მონიტორინგსა და შეფასებას, ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით.
საქართველოს მთავრობისათვის მნიშვნელოვანია, რომ სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესში თავისი წვლილი შეიტანოს სხვადასხვა პარტნიორმა, მათ შორის, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან/ სამხრეთ ოსეთიდან, რისთვისაც საქართველოს მთავრობა შექმნის თანამონაწილეობისათვის საჭირო საკონსულტაციო მექანიზმს.
III. ჩართულობის ოთხი განზომილება
საქართველოს მთავრობა მიზნად ისახავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასთან დაახლოებას ჰუმანიტარულ, ადამიანურ, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში. სამოქმედო გეგმის ძირითადი ნაწილი წარმოადგენს იმ პროექტების ნუსხას, რომლებიც პირდაპირ ზეგავლენას ახდენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე, რათა მათ ჰქონდეთ იგივე შესაძლებლობები, როგორიც საქართველოს დანარჩენ მოსახლეობას; ასევე, ხელს უწყობს ურთიერთქმედებას გახლეჩილი საზოგადოების წევრებს შორის. ზემოხსენებულ საკითხებზე რეაგირების მნიშვნელობა ხაზგასმულია გაეროს „ათასწლეულის განვითარების მიზნების“დოკუმენტში (2015 წ.), რომელიც ეხება სიღარიბის აღმოფხვრის, ჯანდაცვის, განათლების, სქესთა თანასწორობის, ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფის საკითხებს.
სახელმწიფო სტრატეგიამ განსაზღვრა რამდენიმე პროგრამული განზომილება და მიზნები, სამოქმედო გეგმა კი მათ ფარგლებში ახდენს იმ პროექტების შემუშავებას, რომლებსაც საქართველოს მთავრობა უკვე ახორციელებს, გეგმავს, რომ განახორციელოს, ან მიზნად ისახავს მათ განხორციელებას პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად. აღნიშნული პროგრამული განზომილებებია:
ჰუმანიტარული განზომილება:
● ჰუმანიტარული დახმარება;
● სტიქიური უბედურებები;
ადამიანზე ორიენტირებული განზომილება:
● საზოგადოებათაშორისი ურთიერთობები;
● კულტურული მემკვიდრეობისა და იდენტობის შენარჩუნება;
● ინფორმაციის დაუბრკოლებელი გავრცელება;
● ადამიანის უფლებები;
● ახალგაზრდული აქტივობა;
სოციალური განზომილება:
● განათლება;
● ჯანდაცვა;
● გარემოს დაცვა;
ეკონომიკური განზომილება:
● ვაჭრობა;
● ერთობლივი წარმოება;
● კომუნიკაცია;
● ინფრასტრუქტურა.
IV. ჩართულობის ინსტრუმენტები
შვიდი ახალი ინსტრუმენტი უზრუნველყოფს სამოქმედო გეგმის მიზნების განხორციელებას. ეს ინსტრუმენტები ხელს უწყობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ინტეგრაციას საქართველოს სამოქალაქო ცხოვრებაში; კომუნიკაციას და კოორდინაციას თბილისსა და აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/ სამხრეთ ოსეთის მაკონტროლებელ ძალაუფლებას შორის; ასევე, ინსტიტუციური, ფინანსური და ადმინისტრაციული საფუძვლების ჩამოყალიბებას სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროექტებისათვის. ცალკეული მიზნის მისაღწევად შეიქმნება დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული ინსტრუმენტის ფუნქციონირებას. ყველა ეს სტრუქტურა დამოუკიდებლად იმუშავებს და მათ კოორდინაციას გაუწევს რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, რომელიც, ამავე დროს, განაგრძობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/ სამხრეთ ოსეთის მიმართ ჩართულობის პოლიტიკის შემუშავებასა და გატარებას.
1. ნეიტრალური სტატუსის მქონე საკოორდინაციო მექანიზმი
სამოქმედო გეგმა აყალიბებს ნეიტრალური სტატუსის მქონე საკოორდინაციო მექანიზმს (LM), რათა გამარტივდეს კომუნიკაცია საქართველოს მთავრობას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/ სამხრეთ ოსეთის მაკონტროლებელ ძალაუფლებასა და ამ რეგიონებში მოქმედ ნებაყოფლობით გაერთიანებებს შორის.
საკოორდინაციო მექანიზმის მიზანია ორმხრივად მისაღები და ურთიერთსასარგებლო პროექტებისა და ღონისძიებების ხელშეწყობა, ასევე ადგილზე პროექტების განმახორციელებელი სუბიექტებისათვის დახმარების გაწევა.
საკოორდინაციო მექანიზმი შედგება ორივე მხარესთან შეთანხმებული და ერთობლივად დანიშნული კოორდინატორებისაგან, ითვალისწინებს ოფისებს მცირე დამხმარე პერსონალით როგორც სოხუმსა და ცხინვალში, ასევე თბილისში. მექანიზმი, შესაძლოა, დაეფუძნოს მანამდე არსებულ ფორმატებს, როგორიცაა ქართულ/ აფხაზური ორმხრივი საკოორდინაციო კომისია. საკოორდინაციო მექანიზმი იმოქმედებს საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის ეგიდით.
2. ნეიტრალური პირადობის მოწმობა და სამოგზაურო დოკუმენტი
საქართველოს ხელისუფლება შეიმუშავებს ორი ტიპის ნეიტრალურ დოკუმენტს, რაც კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის სოციალურ მომსახურებას, ასევე გაუმარტივებს თავისუფალ გადაადგილებას.
აღნიშნული დოკუმენტების გაცემამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუკარგოს მოტივაცია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/ სამხრეთ ოსეთის იმ მცხოვრებლებს, რომელთაც სურთ, აიღონ საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი პირადობის მოწმობა ან პასპორტი.
საქართველოს მოსახლეობა უფლებამოსილია, თანაბრად ისარგებლოს ყველა სამოქალაქო უფლებითა და სოციალური შეღავათით; საქართველოს მთავრობა მიზნად ისახავს, უფრო ხელმისაწვდომი გახადოს ყველა პრივილეგია. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის აღებისას არსებული იმ პრაქტიკული და პოლიტიკური სირთულეების აღმოფხვრის მიზნით, რომლებსაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/ სამხრეთ ოსეთში ლეგიტიმურად მცხოვრები მოსახლეობა აწყდება, შემუშავდა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა. ამის საფუძველზე გამარტივებული წესით გაიცემა ,,პირადობის ნეიტრალური მოწმობა“ (NID). აღნიშნული მოწმობა მიმღებ პირს უფლებამოსილს ხდის მოითხოვოს ყველა ის სოციალური შეღავათი, რომელიც საქართველოს მოქალაქისათვის არის განსაზღვრული; ასევე აწარმოოს სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობა, დასაქმდეს კერძო და საჯარო სექტორში. („ნეიტრალური“ამ შემთხვევაში ნიშნავს „ნეიტრალურს მოქალაქეობის მიმართ“. პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემა- მიღება მხოლოდ პრაქტიკული მიზნებისთვისაა განკუთვნილი. აფხაზეთის მკვიდრთათვის „პირადობის ნეიტრალური მოწმობა“იქნება ორ ენაზე – აფხაზურსა და ქართულ ენებზე, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად).
აღნიშნული მოწმობა მიმღებ პირს ასევე საშუალებას აძლევს, მიიღოს „სამოგზაურო ნეიტრალური დოკუმენტი“ (N თD) და კანონიერად იმოგზაუროს საზღვარგარეთ ( სამოგზაურო ნეიტრალური დოკუმენტი არსებითად წარმოადგენს იმავე laissez-passer- ს). სამოგზაურო ნეიტრალური დოკუმენტი თავიდან აგვარიდებს საერთაშორისო სამართლის დარღვევით გაცემული უცხოური პასპორტების საჭიროებას. ამ პასპორტების უკანონობა დადასტურებულია „საქართველოში კონფლიქტის შესახებ ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიის“ანგარიშში ( ტალიავინის ანგარიში). სამოგზაურო ნეიტრალური დოკუმენტი შემუშავდება საერთაშორისო სამართლის ექსპერტებთან თანამშრომლობით, რათა გავიზიაროთ არსებული გამოცდილება და მივუსადაგოთ საერთაშორისო სამართალს.
3. ნდობის ფონდი
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/ სამხრეთ ოსეთში, ასევე გამყოფ ხაზებს შორის პროექტების განმახორციელებელი ორგანიზაციებისათვის გრანტების გაცემის მიზნით შეიქმნება ნდობის ფონდი, რომლის მართვა განხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ და რომელიც შეითავსებს დონორთა მრჩევლის ფუნქციებსაც. ფონდი გააიოლებს დონორთა და გრანტის მიმღებთა კოორდინაციას და უზრუნველყოფს დაფინანსებული პროექტების სამოქმედო გეგმის ოთხ განზომილებასთან თანხვედრას; თუმცა, ამავე დროს, არ გამორიცხავს დონორთა მიერ სხვა ღირებული პროექტების დაფინანსებას, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან კონსულტაციების გავლით.
ნდობის ფონდის ზუსტი ფორმატი განისაზღვრება სამოქმედო გეგმის დამტკიცების შემდეგ. მაგალითისათვის შეიძლება გამოდგეს ევროკავშირი- აფრიკის ინფრასტრუქტურული ნდობის ან მსოფლიო ბანკის ავღანეთის რეკონსტრუქციის ნდობის ფონდები. ფონდი ასევე გაითვალისწინებს ევროკავშირი/ გაეროს განვითარების პროგრამის ნდობის აღდგენის ადრეული რეაგირების მექანიზმის ( COBE RM) გამოცდილებას.
4. ერთობლივი საინვესტიციო ფონდი
ერთობლივი საინვესტიციო ფონდი ( JIF) დაარსდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/ სამხრეთ ოსეთში, ასევე გამყოფ ხაზებს შორის მოქმედი საწარმოებისათვის საწყისი კაპიტალის გაცემის მიზნით. ერთობლივი საინვესტიციო ფონდი დაეხმარება ისეთ ბიზნესსაქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების, დასაქმებისა და გამყოფი ხაზებით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის კომერციული კავშირების ხელშეწყობას. კერძო საინვესტიციო ფონდს ერთობლივად დააფინანსებენ დონორი ორგანიზაციები და ბიზნესსტრუქტურები და იგი ისარგებლებს ეროვნული და რეგიონული სავაჭრო პალატების მომსახურებით.
5. თანამშრომლობის სააგენტო
დაარსდება თანამშრომლობის სააგენტო ( CA), რათა ხელი შეუწყოს ურთიერთობებს გამყოფი ხაზების ორივე მხარეს. ჩართულობის სტრატეგიის განხორციელება საჭიროებს დამატებით ფუნქციებს, რომლებსაც ვერ შეითავსებენ არსებული სახელმწიფო სტრუქტურები. შესაბამისად, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის კონტროლქვეშ ჩამოყალიბდება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თანამშრომლობის სააგენტო, რომლის საქმიანობაც ხელს შეუწყობს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამების განხორციელებას.
თანამშრომლობის სააგენტო დაეხმარება ორგანიზაციებს გამყოფი ხაზების ორივე მხარეს პარტნიორების მოძიებაში, ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიზნით დახმარებას აღმოუჩენს ადგილობრივ ხელისუფლებებს; ასევე, უზრუნველყოფს პროექტის საქმიანობისა და ბიზნესის შესაბამისობას საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართალთან; ჩამოაყალიბებს შესაძლებლობებს პოტენციური პარტნიორებისთვის საქართველოში და საზღვარგარეთ.
6. ფინანსური ინსტიტუტი
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/ სამხრეთ ოსეთში მოქმედი ჰუმანიტარული და განვითარების ორგანიზაციების, ისევე, როგორც ბიზნესის, ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭიროა ფინანსური ოპერაციების განხორციელება. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/ სამხრეთ ოსეთში საქართველოს მთავრობის თანხმობით დარეგისტრირებული ფინანსური ინსტიტუტის (FI) მეშვეობით შესაძლებელი გახდება ანგარიშების გახსნა და მომსახურება, ფულადი გადარიცხვების წარმოება და სხვა სამართლებრივი ოპერაციების განხორციელება. ფინანსური ინსტიტუტი შეიძლება მართოს საქართველოში უკვე არსებულმა რომელიმე ბანკმა, შეზღუდული კომერციული საბანკო ფუნქციებით.
7. ინტეგრირებული სოციალურ- ეკონომიკური ზონა
ბიზნესსაქმიანობისა და სოციალური მომსახურების წარმართვისათვის საჭირო ინფრასტრუქტურით აღჭურვილი ინტეგრირებული სოციალურ- ეკონომიკური ზონა (I SE Z) შეიქმნება გამყოფი ხაზების სიახლოვეს საქართველოს კონტროლქვეშ არსებულ ტერიტორიაზე და შექმნის მოთხოვნას პროდუქციასა და მომსახურებაზე გამყოფ ხაზებს შორის.
ინტეგრირებული სოციალურ- ეკონომიკური ზონა აყალიბებს ერთგვარ ქსელს, რომელიც მოიცავს როგორც საჭირო ნედლეულის მიწოდებას პროდუქციის წარმოებისათვის, ასევე საბოლოო პროდუქციის შექმნას, შეფუთვას, ხარისხის კონტროლსა და დისტრიბუციას. ძირითადი ორიენტირი აღებულია სოფლის მეურნეობაზე, თუმცა არ გამოირიცხება სხვა მომგებიანი ბიზნესსაქმიანობის განვითარება. აღნიშნული ინიციატივა ასევე ითვალისწინებს საჭიროებათა ანალიზს; ფერმერებისათვის სათესლე მასალის მიწოდებას და მათთვის ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფას ( პროფესიული სწავლება, მიწის დასამუშავებელი აპარატურის მიწოდება, შენახვა და მატერიალურ- ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფა). I SE Z- ის ფარგლებში შეიქმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავებისა და დაფასოებისათვის. ამგვარად, ბიზნესინტერესები გადაწონის პოლიტიკურ წინააღმდეგობებს და გამყოფი ხაზების გადაკვეთით გამოწვეულ დამატებით საოპერაციო ხარჯებს.
I SE Z- ის ფარგლებში მოქმედი საწარმოებისა და იქ დასაქმებული მოსახლეობისათვის შესაძლებელია შეიქმნას შეღავათიანი საგადასახადო გარემო.
ინტეგრირებული სოციალურ- ეკონომიკური ზონა ხელს შეუწყობს სასოფლო- სამეურნეო პროდუქციის ექსპორტს, ისარგებლებს საქართველოს ბიზნესკავშირებით, ასევე იმ სპეციალური სავაჭრო რეჟიმებით, რომლებითაც სარგებლობს ან მომავალში ისარგებლებს საქართველო. საგანგებოდ შექმნილი აკრედიტებული ლაბორატორია და შესაბამისობის შეფასების ორგანო მოახდენს საექსპორტოდ გამზადებული იმ პროდუქციის სერტიფიცირებას, რომელიც ან წარმოებულია აღნიშნულ ზონაში, ან შეტანილია აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან/ სამხრეთ ოსეთიდან.
V. პროგრამული განზომილებები და პროექტები
მოცემული განზომილებები არ არის ამომწურავი; საქართველოს მთავრობა მოელის, რომ ყველა დაინტერესებული მხარე წარმოადგენს და განახორციელებს ისეთ პროექტებს, რომლებიც თანხვედრაშია სამოქმედო გეგმაში მოცემულ და გაზიარებულ მიზნებთან. დასახელებული პროგრამული განზომილებები მხოლოდ კონცეფციის ორგანიზებას ახდენს. შესაბამისად, პროექტები შეიძლება ემსახურებოდეს რამდენიმე მიზანს ერთდროულად და თავსებადი იყოს რამდენიმე პროგრამულ განზომილებასთან. ( სპეციფიკური მითითების გარეშე ` ერთობლივი~ გულისხმობს გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას, განსაკუთრებით დევნილებსა და გაყოფილი საზოგადოების წევრებს).
1. ჰუმანიტარული განზომილება
1.1. ჰუმანიტარული დახმარება
სამოქმედო გეგმა მხარს უჭერს ორგანიზაციების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/ სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის ყოფის შემსუბუქების, სიცოცხლისა და ადამიანის ღირსების შენარჩუნებისაკენ. სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩამოყალიბებული ახალი ინსტრუმენტები გაუადვილებს აღნიშნულ ორგანიზაციებს არსებული ბარიერების გადალახვას.
1.2. სტიქიური უბედურებები
სტიქიური უბედურებები ზიანს აყენებს ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას. სამოქმედო გეგმა მოიცავს პრევენციული ზომების გატარებას, რაც გამიზნულია გამყოფი ხაზების ორივე მხარეს ეკოლოგიური კატასტროფისა და ეპიდემიის შედეგად გამოწვეული ზიანის შემცირებისათვის.
● რეგიონში არსებული საერთო საფრთხეების ერთობლივი კვლევის ჩატარება, მათ შორის, მიწისძვრის, მეწყერისა და ზვავსაშიშროების, ასევე ცხოველური გზით გადამდები ინფექციური დაავადებების შესახებ.
● ერთობლივი სწრაფი რეაგირების მექანიზმების შექმნა ( სამაშველო და სარეაბილიტაციო ოპერაციებისათვის).
● ერთობლივი სწავლების ჩატარება სამაშველო და სარეაბილიტაციო ოპერაციების განმახორციელებელი კონტინგენტისათვის.
2. ადამიანზე ორიენტირებული განზომილება
2.1. საზოგადოებათაშორისი ურთიერთობები
სამოქმედო გეგმა ეფუძნება თანამშრომლობას არა მარტო ისეთ პრაქტიკულ საკითხებში, რომლებსაც მატერიალური მოგების მოტანა შეუძლია, არამედ იმ კავშირების აღდგენაში, რომლებიც არსებით როლს თამაშობს შერიგების პროცესში და, თავისთავად, უკვე ღირებულია. აღნიშნული ღონისძიებები მიმართულია ძირითადად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/ სამხრეთ ოსეთში ამჟამად მცხოვრებ და ამ ტერიტორიებიდან დევნილ მოსახლეობას შორის კავშირების აღდგენაზე, გარდა საგანგებოდ აღნიშნული შემთხვევებისა.
სამოქმედო გეგმა ეფუძნება ნდობის აღდგენის ღონისძიებებსა და არაფორმალურ დიალოგს სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის. საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გაეროს უშიშროების საბჭოს №1325 რეზოლუციას. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი უზრუნველყოფს სამოქმედო გეგმის განხორციელებას ამ რეზოლუციის შესაბამისად.
სამოქმედო გეგმა მხარს დაუჭერს შემდეგ ინიციატივებს:
● ოჯახურ ღონისძიებებში მონაწილეობა: ძეობა, ქორწილი, დაკრძალვა, საფლავების მონახულება და რელიგიური ცერემონიები;
● შერეული ოჯახების შეხვედრებისა და ვიზიტების ხელშეწყობა გამყოფი ხაზების ორივე მხარეს;
● უხუცესთა შეხვედრების ხელშეწყობა;
● რელიგიური ( მოლოცვისთვის) და ისტორიულ- კულტურული ვიზიტების ხელშეწყობა;
● ჟურნალისტთა გაცვლა;
● პროფესიული გაცვლა ( არ შემოიფარგლება მხოლოდ დევნილი მოსახლეობით);
● კულტურისა და სპორტის სფეროში გაცვლითი ღონისძიებების ხელშეწყობა ( არ შემოიფარგლება მხოლოდ დევნილი მოსახლეობით);
● უგზო- უკვლოდ დაკარგულთა მოძიების, გადმოსვენების და პატიმართა გაცვლის კომისიების დაარსება.
2.2. კულტურული მემკვიდრეობისა და იდენტობის შენარჩუნება
სამოქმედო გეგმა მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც უფრო აქტიურად მოემსახურება აფხაზური და ოსური კულტურული მემკვიდრეობისა და იდენტობის შენარჩუნებას საქართველოში. ეს ასევე გულისხმობს ოსური ენის, როგორც ეროვნული უმცირესობის ენის, და საქართველოს კონსტიტუციის თანახმად აფხაზური ენის, როგორც აფხაზეთში სახელმწიფო ენის, დაცვას.
● აფხაზური კულტურის შესახებ აფხაზურ და ქართულ ენებზე და ოსური კულტურის შესახებ ოსურ და ქართულ ენებზე წიგნების გამოცემა.
● აფხაზური და ოსური ენების სწავლების ხელშეწყობა ქართულ სკოლებსა და უნივერსიტეტებში.
● კულტურული მემკვიდრეობის დაცვა- შენარჩუნებაზე მომუშავე აფხაზური დიასპორის ორგანიზაციებთან კონტაქტების დამყარება; ყოველწლიური კონფერენციის გამართვა.
● კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისათვის საჭირო ერთობლივი საქმიანობის განსახორციელებლად UNE SCO- ს მხარდაჭერის მოპოვება.
● სოხუმის არქივის განვითარების ხელშეწყობა (თბილისის არქივი უკვე აგზავნის საარქივო მასალებს).
● აფხაზური და ოსური კულტურის კუთხეების დაარსება მუზეუმში, თბილისში.
● აფხაზურ- და ოსურენოვანი რადიომაუწყებლობის ხელშეწყობა.
● ღვთისმსახურების თავისუფლად აღსრულების ხელშეწყობა, სასულიერო პირების გადაადგილებისა და რელიგიური სიწმინდეების ტრანსპორტირების თავისუფლების უზრუნველყოფის გზით (საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში).
2.3. ინფორმაციის დაუბრკოლებელი გავრცელება
სამოქმედო გეგმის ყველა განზომილება ხელს უწყობს გაყოფილი საზოგადოების წევრებს შორის ინფორმაციის დაუბრკოლებელ გავრცელებას და იმავდროულად თავადაც სარგებლობს ამ სიკეთით. სამოქმედო გეგმა შეიცავს მექანიზმებს, რომლებიც მიმართულია ინფორმაციის გავრცელების გაუმჯობესებისაკენ.
● აფხაზეთიდან, ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან და დანარჩენი საქართველოდან წარმოდგენილი ჟურნალისტებისათვის რეგულარული შეხვედრების ორგანიზება.
● აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ჩართვა საქართველოსთვის გათვალისწინებულ სასწავლო ტურებსა თუ პროგრამებში – ნატოში, ევროკავშირსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.
● გახლეჩილი საზოგადოების წევრებს შორის ურთიერთობისა და სოციალური კომუნიკაციისათვის ერთობლივი ინტერნეტპორტალის შექმნა. ინტერნეტის მოხმარების ხელშეწყობა, გამომდინარე საქართველოს მთავრობის ინიციატივიდან შეღავათიანი და სწრაფი ინტერნეტმიწოდების შესახებ.
● გამყოფი ხაზების მიმდებარე ტერიტორიებზე განთავსებული რადიო/სატელევიზიო გადამცემი სადგურების ფუნქციონირების გაუმჯობესების უზრუნველყოფა.
2.4. ადამიანის უფლებები
საქართველო დაინტერესებულია, დაიცვას საკუთარი მოსახლეობის უფლებები, მათ შორის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში. სამოქმედო გეგმა მოიცავს რიგ ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავს უფლებების დაცვასა და ადამიანის უფლებათა სფეროში ცოდნის გაღრმავებას.
● ომის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიებზე ადამიანთა უფლებების მონიტორინგის განსახორციელებლად, წინასწარ შეთანხმებული ფორმატის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მოწვევა.
● ადამიანის უფლებების საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი საგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობა კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიებზე; საინფორმაციო ბუკლეტების გამოცემა, თარგმნა და სემინარების ჩატარება.
● სოციალური სამართლისა და საკუთრების უფლების საკითხებზე მომუშავე ჯგუფების მხარდაჭერა კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ადგილებში.
2.5. ახალგაზრდული აქტივობა
გაყოფილი საზოგადოების ახალგაზრდა თაობას არ ახსოვს საქართველო კონფლიქტებამდე. სამოქმედო გეგმა მოიცავს სპორტულ, კულტურულ და გასართობ ღონისძიებებს, რათა ერთად შეკრიბოს გამყოფი ხაზებით დაშორიშორებული ახალგაზრდობა, გააღრმავოს მათი მეგობრობა და ხელი შეუწყოს ურთიერთგაგებას მომავალ თაობებში.
● კონცერტებისა და თეატრალური წარმოდგენების დადგმა გამყოფი ხაზებით დაშორიშორებული ახალგაზრდა შემსრულებლების მონაწილეობით.
● გამყოფი ხაზებით დაშორიშორებული ახალგაზრდა სპორტსმენებისათვის სპორტული შეჯიბრებებისა და სპორტული შეკრება/ვარჯიშების გამართვა.
● გამყოფი ხაზებით დაშორიშორებული ბავშვებისათვის საზაფხულო ბანაკების დაარსება.
● ახალგაზრდა ლიდერთა ერთობლივი პროგრამების შემუშავება საქართველოს მომავალი ელიტისათვის.
● საქართველოსთვის განკუთვნილ ახალგაზრდულ საგრანტო პროგრამებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის მონაწილეობა.
3. სოციალური განზომილება
3.1. განათლება
პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა სრულფასოვნად გამოიყენებს საქართველოს მოქალაქეებისათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო შესაძლებლობებს. მათ საშუალება მიეცემათ, ჩააბარონ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, მონაწილეობა მიიღონ საქართველოს სტუდენტებისათვის განკუთვნილ საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებში; საქართველოს მასწავლებლებისათვის შეთავაზებულ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში.
სამოქმედო გეგმაში ჩამოყალიბებული ქმედითი ზომები წაახალისებს და გაუადვილებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობას საგანმანათლებლო შესაძლებლობებით სარგებლობას.
● პირადობის ნეიტრალური მოწმობების მქონე პირთათვის უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები ეროვნული გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობა აფხაზურსა და ოსურ ენებზე, ასევე რუსულ ენაზეც.
● აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო მოწმობების სერტიფიცირება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.
● საქართველოს მთავრობის ახალი პროგრამის „ერთი პერსონალური კომპიუტერი ერთი ბავშვისთვის“თანახმად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ყველა პირველკლასელი მოსწავლისათვის პერსონალური კომპიუტერის შეთავაზება.
● ახალი პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ხელმისაწვდომობა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთისათვის. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ინგლისური ენის ათას ინსტრუქტორს მთელი ქვეყნის მასშტაბით; ამასთან ერთად, უცხოური ენების (ევროპული ენების) შესწავლას შესაძლებელია, ხელი შეუწყოს სხვა პროგრამებმაც, რაც გააადვილებს საერთაშორისო ინტეგრაციას.
● საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში არსებული უწყებათაშორისი კომისია და სამუშაო ჯგუფი, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მეცნიერებთან ერთად, აფხაზურ და ოსურ ენებზე შექმნის დაწყებითი კლასების სახელმძღვანელოებსა და სპეციალურ ლიტერატურას საბავშვო ბაღის აღსაზრდელთათვის.
● ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზოლოგიის მიმართულების გაფართოება, გაცვლითი აკადემიური პროგრამების ჩამოყალიბება აფხაზეთში არსებულ ინსტიტუტებთან.
● ერთობლივი კვლევითი პროექტებისათვის სპეციალური დაფინანსების (გრანტების) უზრუნველყოფა.
● აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში არსებული ბიბლიოთეკების დახმარება (ბეჭდვითი მასალით, ელექტრონული რესურსებით, ინფრასტრუქტურითა და მენეჯმენტის გამოცდილებით).
3.2. ჯანდაცვა
ჯანდაცვის სფეროში საქართველოს მოქალაქეებისათვის არსებული შეღავათები განკუთვნილია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვისაც; შესაბამისად, პირადობის ნეიტრალური მოწმობის მქონე პირებს შეეძლებათ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ისარგებლონ სამედიცინო მომსახურებით, მათ შორის, გადაუდებელ შემთხვევაში – სასწრაფო ტრანსპორტირებით. სამოქმედო გეგმა მოიცავს ქმედით ზომებს, რათა გაუმჯობესდეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის პირობები.
● ერთობლივი კვლევის ჩატარება თბილისში თავმოყრილი და ზუგდიდისათვის საჭირო რესურსების დასადგენად. აქცენტი გაკეთდება აივ/შიდსზე, ტუბერკულოზზე, ონკოლოგიურ დაავადებებზე, ნარკოტიკების გადაჭარბებულ მოხმარებასა და ტრანსნაციონალურ ინფექციურ საფრთხეებზე.
● დაავადებათა ადრეულ პრევენციაზე ორიენტირებული, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე სამუშაო ჯგუფის შექმნა.
● აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში არსებულ სამედიცინო საჭიროებათა მოთხოვნის განსაზღვრა დიაბეტისა და ტუბერკულოზით დაავადებულთათვის.
● აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის სამედიცინო დაზღვევის პაკეტის ხელმისაწვდომობა; სპეციალური ფონდის შექმნა იმ შემთხვევებისათვის, რომლებიც არ იფარება სამედიცინო დაზღვევით.
● აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის მობილური კლინიკების შეთავაზება.
● სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობა.
● აივ/შიდსთან დაკავშირებული კონსულტაციების გაწევა და ანალიზის ჩატარება.
● უშვილობასთან დაკავშირებული მკურნალობის უზრუნველყოფა.
3.3. გარემოს დაცვა
ბუნებრივი გარემო წარმოადგენს საქართველოს ყველა რეგიონის სიმდიდრეს, გარემოს დაბინძურება კი არ ცნობს პოლიტიკურ გამყოფ ხაზებს.
● აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში გარემოს დაცვითი ღონისძიებების გატარება ამ მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე გარემოს დამცველი ჯგუფებისა და სამეთვალყურეო ორგანიზაციათა ხელშეწყობით.
● დაცული ტერიტორიების დაარსება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში საქართველოს ეროვნული პარკების სისტემის მიხედვით; UNESCO-ს მიერ დაცული ტერიტორიის სტატუსის მინიჭება.
4. ეკონომიკური განზომილება
მიუხედავად კონფლიქტის შედეგად შექმნილი მძიმე ვითარებისა, ორივე მხარეს არსებული კონტაქტების, პროდუქციისა და სავაჭრო ცენტრების სიახლოვის გამო, კვლავაც არსებობს ვაჭრობა და გამყოფი ხაზების გადაკვეთის ფაქტები. კერძოდ, ქალაქების: ზუგდიდისა და გორის ბაზრები თუ სავაჭრო ობიექტები უფრო მიმზიდველია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მყოფი საქმიანი ადამიანებისა და მომხმარებლებისათვის, ვიდრე სხვა პოტენციური ბაზრები, ტერიტორიული სიახლოვისა და პროდუქტებზე დაბალი ფასების გამო.
სამოქმედო გეგმა აღმოფხვრის არსებულ წინააღმდეგობებს და შექმნის ვაჭრობისათვის საჭირო ახალ შესაძლებლობებს, რათა ხელი შეუწყოს არსებულ სავაჭრო ურთიერთობებს. ეკონომიკური ურთიერთობების, ერთობლივი წარმოების, ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო კავშირების გასაუმჯობესებლად გასატარებელია შემდეგი ღონისძიებები:
4.1. ვაჭრობა
● ბაზარზე მისვლის გამარტივება ავტობუსის დანიშვნით, რომელიც იმოძრავებს გამყოფი ხაზებიდან ზუგდიდის, ქუთაისის, ბათუმის, გორის, თბილისის მიმართულებით; ან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის სანომრე ნიშნებით მოძრავი ავტობუსებისათვის გამყოფი ხაზების გადმოკვეთის უფლების მიცემა; სავაჭრო ცენტრებისაკენ მიმავალი გზების შეკეთება.
● ინტეგრირებული სოციალურ-ეკონომიკური ზონის ფარგლებში პროფესიული განათლებისა და სასწავლო ცენტრების დაარსების გზით დასაქმების ხელშეწყობა; ისეთი მრეწველობის განვითარება, რომელიც მოითხოვს დიდი რაოდენობით მუშახელს.
● აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიებისა და შესაბამისობის შემფასებელი ორგანოების ჩამოყალიბების გზით საერთაშორისო კომერციულ ურთიერთობებში ინტეგრაციის ხელშეწყობა; შესაბამისობის შემფასებელი ორგანო მოახდენს ადგილობრივი პროდუქციის სერტიფიცირებას საერთაშორისო და რეგიონული სტანდარტების მიხედვით.
4.2. ერთობლივი წარმოება
● ერთობლივი წარმოების მხარდაჭერა.
● გამყოფ ხაზებს შორის მოქმედი ერთობლივი საწარმოებისათვის საწყისი კაპიტალის მოძიების ხელშეწყობა.
4.3. კომუნიკაცია
● აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან/სამხრეთ ოსეთთან საფოსტო გზავნილების გაცვლის აღდგენა მოსახლეობის ურთიერთკავშირის ხელშესაწყობად.
● აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უზრუნველყოფა დაბალტარიფიანი და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტმომსახურებით.
● ცხინვალის მოსახლეობის ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებებით უზრუნველყოფის მიზნით ციფრული სისტემის რადიოსარელეო ხაზის გორი-ცხინვალის მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოების ერთობლივად განხორციელება.
● ქ. ფოთსა და ქ. სოხუმს შორის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელო მაგისტრალის მშენებლობის საკითხის ერთობლივი შესწავლა, რომელიც უზრუნველყოფს ფართოზოლიან სატელეკომუნიკაციო მომსახურებას და შესაძლებელს გახდის ყველა სახის ინფორმაციისა და მომსახურების (ხმა, მონაცემები და გამოსახულება) გადაცემას და ამ ინფორმაციასთან/მომსახურებასთან აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის შეუზღუდავ დაშვებას.
4.4. ინფრასტრუქტურა
● ქ. ბათუმსა და ქ. სოხუმს შორის საზღვაო სამგზავრო მარშრუტის დანიშვნა.
● საირიგაციო სისტემების რეაბილიტაცია.
● აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში სკოლებისა და საავადმყოფოების რეაბილიტაცია, სანიტარიული ნორმების დაცვით. პროექტის ფარგლებში ჩატარდება ადგილობრივი საჭიროებების ანალიზი და განისაზღვრება სარეაბილიტაციო შენობების პრიორიტეტი.
დანართი №2
სამთავრობათაშორისო ჯგუფის შემადგენლობა
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია.