„საქართველოს მთავრობასა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებ
მიღების თარიღი 17.09.2013
ძალაში შესვლა 30.01.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №300/12
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016232
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/03/2014
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს მთავრობასა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრს შორის თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებ
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრს შორის თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს მთავრობა (შემდგომში მოხსენიებული, როგორც “მთავრობა”) ერთის მხრივ, და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) (შემდგომში მოხსენიებული, როგორც “ორგანიზაცია”), მეორე მხრივ (შემდგომში მოხსენიებული, როგორც „მხარეები”);
ითვალისწინებენ რა მრავალწლიან თანამშრომლობას, რომელიც არსებობს საქართველოსა და ორგანიზაციას შორის ბუდაპეშტის პროცესის ფარგლებში, ისევე როგორც, მიგრაციის სფეროში პარტნიორობის ინიციატივას და სხვა პროგრამებსა და საქმიანობებს, რომელიც კონცენტრირებულია მიგრაციის შესახებ საკითხებზე და წარმოადგენს მიგრაციის მართვისადმი ყოველმხრივი მიდგომის ნაწილს;
სურთ რა შემდგომში გააძლიერონ და განავითარონ ორგანიზაციასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა და თანამშრომლობა;
მხედველობაში იღებენ რა, რომ ორგანიზაციის დაარსების შესახებ 1993 წლის 1 ივნისის შეთანხმება, რომელშიც 1996 წლის 27 მარტს, 1996 წლის 26 აპრილსა და 2003 წლის 25 ივნისს შეტანილ იქნა შესწორებები, უზრუნველყოფს ორგანიზაციის სამთავრობათაშორისო სტატუსს და ანიჭებს ორგანიზაციას იურიდიული პირის უფლებაუნარიანობას, რომელიც შეიძლება აუცილებელი იყოს მისი ფუნქციების შესრულებისა და მიზნის მიღწევისათვის;
გამოთქვამენ რა სურვილს განსაზღვრონ საქართველოში ორგანიზაციის სტატუსი, პრივილეგიები და იმუნიტეტები, რათა საშუალება მისცენ ორგანიზაციას განახორციელოს თავისი მიზნები და ფუნქციები;
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
(1) ორგანიზაცია უფლებამოსილია, დააფუძნოს წარმომადგენლობა საქართველოში და დაიქირავოს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პერსონალი, რომელიც საჭიროა მისი საქმიანობის განსახორციელებლად.
(2) საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, ორგანიზაციაში სამუშაოდ მიავლინოს პირები წინამდებარე შეთანხმებით გათვალისწინებული მიზნებისა და დებულებების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით. აღნიშნული პირები არ წარმოადგენენ ორგანიზაციის პერსონალს და ხელფასს მიიღებენ საქართველოს მთავრობისგან.
მუხლი 2🔗
(1) შეთანხმების მიზანია, ხელი შეუწყოს მხარეთა შორის პარტნიორობასა და თანამშრომლობას და უზრუნველყოს ინსტიტუციონალური და ადმინისტრაციული შესაძლებლობების განვითარება, რაც ითვალისწინებს მიგრაციის ყოველმხრივ მართვას, რომელიც მოიცავს, კერძოდ, ლეგალურ და არალეგალურ მიგრაციას, საზღვრის მართვას, სავიზო საკითხებს, ადამიანებით უკანონო ვაჭრობას, დაბრუნებასა და რეადმისიას, ისევე როგორც, მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების სხვა საკითხებს და სხვა თემებს, რომლებიც დაკავშირებულია ზემოაღნიშნულ სფეროებთან.
(2) შეთანხმება ხელს შეუწყობს მიგრაციის საკითხებზე ინფორმაციის გაცვლას. ასეთი თანამშრომლობა შეიძლება მოიცავდეს შესაბამის მონაცემებზე ინფორმაციის გაცვლას, საჭიროებათა განსაზღვრას, სემინარებისა და ტრენინგების ორგანიზებას, საქართველოს ოფიციალური პირების სასწავლო ტურებს ევროპაში და სხვა ზომებს, რომელიც საჭიროდ იქნება მიჩნეული მხარეთა მიერ.
მუხლი 3🔗
(1) წარმომადგენლობა თავისი შესაძლებლობებისა და არსებული რესურსების ფარგლებში მთავრობას უზრუნველყოფს:
(a) სტატისტიკური მონაცემებით და ანალიტიკური კვლევის შედეგებით, რომელიც დაკავშირებულია საქართველოსთან;
(b) მიგრაციის, ადამიანებით ვაჭრობის, საზღვრების მართვის და ლტოლვილთა საკითხების შესახებ ევროპულ სახელმწიფოთა კანონმდებლობებითა და ევროკავშირის კანონმდებლობით.
(c) მის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციებისა და სხვა საქმიანობის შესახებ ინფორმაციით.
(2) წარმომადგენლობა დახმარებას გაუწევს:
(a) დონორების მოძიებაში, რომლებსაც შეუძლიათ ტექნიკური დახმარების გაწევა საქართველოში მიგრაციისა და საზღვრის მართვის შემდგომი განვითარების მიზნით;
(b) შემდგომი ღონისძიებების განსაზღვრაში, რომელიც მიზნად ისახავს მიგრაციის სფეროში არსებული ძირითადი პრობლემების გადაჭრას;
(c) ინსტიტუციონალური სტრუქტურის განმტკიცებაში შესაძლებლობათა გაძლიერების მეშვეობით, კერძოდ, რეფორმირების პროცესში გამოცდილების გაზიარებისა და ევროპული ინტეგრაციის სფეროში სახელმწიფო მოხელეთა ტრენინგის გზით;
(d) საქართველოში სახელმწიფო მიგრაციის მართვის პოლიტიკის შემუშავებაში;
(e) რეინტეგრაციის, სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის შესახებ პროექტების შემუშავებაში, რომლებიც ითვალისწინებენ საქართველოს მოქალაქეთა დაბრუნებას, ისევე როგორც საქართველოდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნებას, და ამგვარი პროექტების რეალიზაციაში.
მუხლი 4🔗
მხარეები მოიწვევენ ერთმანეთს, მათ მიერ ან მათი ეგიდით გამართულ შეხვედრებზე ან კონფერენციებზე, რაც რომელიმე მხარის აზრით, შესაძლებელია მეორე მხარის ინტერესში შედიოდეს. მოსაწვევები მომზადდება იმ პროცედურების დაცვით, რომლებიც გამოიყენება ასეთ შეხვედრებსა და კონფერენციებზე.
მუხლი 5🔗
მე-3 და მე-4 მუხლებში მითითებული მომსახურებების გაწევა მოხდება შესაბამისი საერთაშორისო ვალდებულებების, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის, ადმინისტრაციული და ფინანსური წესების და ორგანიზაციისა და მთავრობის პროცედურების შესაბამისად, რომელიც ხელმისაწვდომი და გამოყენებადია ფონდების შესაბამისად.
მუხლი 6🔗
წარმომადგენლობას აქვს სამართალსუბიექტურობა. მას აქვს შესაძლებლობა:
1) დადოს ხელშეკრულება;
2) შეიძინოს, ფლობდეს და განკარგოს მოძრავი და უძრავი ქონება;
3) ჩაატაროს სამართლებრივი პროცედურები.
მუხლი 7🔗
წარმომადგენლობის შენობა-ნაგებობა არის ხელშეუხებელი. წარმომადგენლობის საკუთრება და ქონება, დაცულია იმუნიტეტით ჩხრეკისგან, რეკვიზიციისგან, ექსპროპრიაციისგან და აღმასრულებელი, ადმინისტრაციული, სასამართლო თუ საკანონმდებლო ჩარევის სხვა ფორმებისგან.
მუხლი 8🔗
წარმომადგენლობის არქივები, ყველა დოკუმენტი და მასალა, რომელიც მას ეკუთვნის და რომელსაც ის ფლობს, ხელშეუხებელია.
მუხლი 9🔗
ნებისმიერი სახის ფინანსური კონტროლით, რეგულაციებით ან მორატორიუმით, შეზღუდვის გარეშე:
1) წარმომადგენლობას შეუძლია ფლობდეს ფონდებს, დეპოზიტებს ან ნებისმიერ ვალუტას და აწარმოოს ანგარიშები და განახორციელოს ფინანსური ტრანზაქციები ნებისმიერ ვალუტაში;
2) წარმომადგენლობას შეუძლია თავისუფლად გადაიტანოს თავისი ფონდები, ანაბრები ან ვალუტა ერთი ქვეყნიდან მეორეში, ან ერთი ქვეყნის შიგნით და მოახდინოს მათ მფლობელობაში არსებული ნებისმიერი ვალუტის კონვერტირება სხვა ნებისმიერ ვალუტაში.
მუხლი 10🔗
1) წარმომადგენლობა, მისი ქონება, შემოსავალი და სხვა საკუთრება გათავისუფლებულია:
(a) ყველა სახის პირდაპირი გადასახადისგან, თუმცა, წარმომადგენლობა არ მოითხოვს ისეთი გადასახდელებისაგან გათავისუფლებას, როგორიცაა კომუნალურ მომსახურებაზე გადასახდელები;
(b) იმპორტ/ექსპორტის გადასახდელებისაგან, ისევე როგორც აკრძალვებისა და შეზღუდვებისაგან იმპორტსა და ექსპორტზე იმ საქონელთან მიმართებაში, რომელიც იმპორტირებული ან ექსპორტირებულია წარმომადგენლობის მიერ თავისი ოფიციალური გამოყენებისათვის. ამასთან, ასეთი გათავისუფლებით იმპორტირებული საქონელი არ გაიყიდება იმპორტიდან ორი წლის განმავლობაში;
(c) გადასახადებისაგან, აკრძალვებისა და შეზღუდვებისაგან მათი პუბლიკაციების იმპორტისა და ექსპორტის შემთხვევაში.
2) გადასახადებისაგან გათავისუფლება არ ვრცელდება წარმომადგენლობის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალზე და ამ შემოსავლის მისაღებად გამოყენებულ ქონებაზე.
მუხლი 11🔗
თუ წარმომადგენლობა ახდენს ოფიციალური მოხმარებისათვის საჭირო საკუთრების მნიშვნელოვან შესყიდვებს, რომლებიც იბეგრება ან ექვემდებარება დაბეგვრას არაპირდაპირი გადასახადებით, მთავრობა, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ასრულებს შესაბამის ადმინისტრაციულ ღონისძიებებს არაპირდაპირი გადასახადებისაგან (გარდა აქციზისა) გათავისუფლების თუ თანხის დაბრუნების მიზნით.
მუხლი 12🔗
ისეთი ოფიციალური კომუნიკაციების, როგორიც არის ფოსტა, ტელექსი, ტელეგრამა, რადიოგრამა, ტელეფოტო, ტელეფონი და სხვა საკომუნიკაციო საშუალებები, ასევე, პრესისა და რადიოსთვის ინფორმაციის გადაცემასთან დაკავშირებით ტარიფებისა და გადასახადების მიმართ, წარმომადგენლობა სარგებლობს ხელშეწყობის ისეთივე რეჟიმით, როგორითაც საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიები.
მუხლი 13🔗
წარმომადგენლობის ოფიციალური კორესპონდენცია და სხვა ოფიციალური კომუნიკაციები არ ექვემდებარება ცენზურას.
წარმომადგენლობას უფლება აქვს გამოიყენოს კოდები, გააგზავნოს და მიიღოს კორესპონდენცია კურიერისა და დიპლომატიური ფოსტის მეშვეობით, რომლებიც სარგებლობენ იგივე იმუნიტეტებით და პრივილეგიებით, როგორც დიპლომატიური კურიერები და ფოსტა.
ამ მუხლის არც ერთი დებულება არ უნდა იქნეს გაგებული ისე, როგორც მთავრობასა და წარმომადგენლობას შორის შეთანხმებული უსაფრთხოების აუცილებელი ზომების განხორციელების შესაძლებლობაზე ზემოქმედებად.
მუხლი 14🔗
წარმომადგენლობის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, თუ ისინი არ არიან საქართველოს მოქალაქეები, ან საქართველოში დროებით ან მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე პირები, სარგებლობენ იმავე იმუნიტეტებით და პრივილეგიებით, რომელიც ენიჭებათ დიპლომატიური მისიის წევრებს. მათი მეუღლეები და არასრულწლოვანი შვილები სარგებლობენ იმ პრივილეგიებით, რომელიც ენიჭებათ დიპლომატიური პერსონალის მეუღლეებსა და არასრულწლოვან შვილებს.
მუხლი 15🔗
წარმომადგენლობის პერსონალს, საქართველოში და საქართველოსთან მიმართებით, ენიჭება შემდეგი პრივილეგიები და იმუნიტეტები:
1) იურისდიქციისგან იმუნიტეტი მათ მიერ წარმოთქმულ ან დაწერილ სიტყვებთან მიმართებით და ოფიციალური ფუნქციების შესრულებისას განხორციელებული ყველა მოქმედების მიმართ; აღნიშნული იმუნიტეტი აგრძელებს მოქმედებას წარმომადგენლობის პერსონალის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდგომაც;
2) იმუნიტეტი მათი ოფიციალური სარგებლობისათვის საჭირო ბარგის დაყადაღებისგან და შემოწმებისგან; პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან არ გააჩნია საქართველოში ცხოვრების დროებითი ან მუდმივი ნებართვა, სარგებლობს იმუნიტეტით პირადი ბარგის შემოწმებისგან;
3) ხელფასის, გასამრჯელოს, მათ შორის, ფულადი შეღავათების, ანაზღაურებისა და პენსიების გადასახადებისგან გათავისუფლება, რომლებსაც წარმომადგენლობა უხდის მათ მიერ გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებით. ამგვარი გათავისუფლება ასევე ვრცელდება წარმომადგენლობის პერსონალის ოჯახებზე, რომელთაც ეძლევათ დახმარება;
4) საიმიგრაციო შეზღუდვებისა და რეგისტრაციის ფორმალობებისაგან გათავისულფლება, მათ მეუღლეებთან და არასრულწლოვან შვილებთან ერთად;
5) უფლება, იმპორტის გადასახადებისაგან გათავისუფლებით, პირადი გამოყენებისათვის განკუთვნილი ავეჯი და სხვა პირადი მოხმარების ნივთები შემოიტანონ სამსახურებრივი მოვალეობის დაწყების დღიდან 12 თვის განმავლობაში;
6) იმუნიტეტი დაპატიმრებისა და დაკავებისგან, ისეთი ქმედებების მიმართ, რომელიც ჩადენილია სამსახურებრივი ფუნქციების განხორციელებისას;
7) უფლება გამოიყენოს კოდები და გააგზავნოს ან მიიღოს დოკუმენტები ან კორესპონდენცია კურიერის მეშვეობით ან დალუქული ვალიზით;
ამ მუხლის მე-3 – მე-7 პუნქტები არ ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე ან საქართველოში დროებით ან მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე პირებზე.
მუხლი 16🔗
პრივილეგიები და იმუნიტეტები მე-15 მუხლით განსაზღვრულ პირებს ენიჭებათ წარმომადგენლობის ინტერესებიდან გამომდინარე და მათი ფუნქციების განხორციელების მიზნით და არა პირადი სარგებლობისთვის.
მუხლი 17🔗
წარმომადგენლობის პერსონალმა, საქართველოში პირველადი დანიშვნისას უნდა მიიღოს შესაბამისი ვიზა და შემოსვლიდან 30 დღეში მიმართოს აკრედიტაციისათვის საქართველოს საგარეო საქმეთა საინისტროს. აღნიშნული წესი ვრცელდება პერსონალის მეუღლეებსა და არასრულწლოვან შვილებზე.
მათი შემდგომი მიმოსვლა განხორცილედება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიღებული სააკრედიტაციო ბარათის მეშვეობით.
მუხლი 18🔗
წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა ან გამოყენებასთან დაკავშირებით ორგანიზაციასა და მთავრობას შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა გადაწყდება მეგობრულად, მხარეების ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ დავის მოგვარება შეუძლებელია მოლაპარაკების გზით, ის, საბოლოო გადაწყვეტილებისთვის, გადაეცემა საარბიტრაჟო სასამართლოს, რომელიც შედგება სამი არბიტრისგან: ერთ არბიტრს დანიშნავს ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, მეორე არბიტრი დაინიშნება მთავრობის მიერ, ხოლო მესამე არბიტრი, რომელიც წარმოადგენს სასამართლოს თავმჯდომარეს, დაინიშნება პირველი ორი დანიშნული არბიტრის მიერ.
თუ საარბიტრაჟო სასამართლოში განცხადების შეტანიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში არცერთმა მხარემ არ დანიშნა არბიტრი ან ორი არბიტრის დანიშვნიდან თხუთმეტი (15) დღის განმავლობაში არ იქნა დანიშნული მესამე არბიტრი, თითოეულ მხარეს შეუძლია თხოვნით მიმართოს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტს არბიტრის დანიშვნის შესახებ.
არბიტრების ყველა გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. არბიტრაჟის პროცედურის ხარჯებს დაფარავენ მხარეები, არბიტრების მიერ დადგენილი მოცულობით. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში მითითებულია ამ გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლები, აღნიშნული გადაწყვეტილება ორივე მხარის მიერ მიიჩნევა, როგორც დავასთან დაკავშირებით გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილება.
მუხლი 19🔗
წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან.
მუხლი 20🔗
წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შესაძლებელია შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ისეთივე წესით, როგორი წესითაც ეს შეთანხმება შედის ძალაში. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტი წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 21🔗
თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება ნებისმიერ დროს მეორე მხარისათვის შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის თაობაზე დიპლომატიური არხებით, წერილობითი შეტყობინების გზით. შეთანხმება მოქმედებას წყვეტს შეტყობინების მიღებიდან 6 თვის შემდეგ.
რის დასტურადაც, ამ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა წარმომადგენლებმა.
შესრულებულია ქ. ვენაში, 2012 წლის 17 სექტემბერის, ორ დედნად, თითოეული ქართულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. მხარეთა მიერ წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქ. მთავრობის სახელით მიგრაციის პოლიტიკის
კონსტანტინე ზალდასტანიშვილი განვითარების საერთაშორისო
ცენტრის (ICMPD) სახელით
პეტერ ვიდერმანი