განჩინება შპს ”ყაზბეგის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური - 03”-ის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/19381-13
განჩინება
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ
2014 წლი ს 28 თებერვალი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი
განმცხადებელი: შპს „ყაზბეგის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური – 03”
წარმომადგენელი: გიორგი ზღუდაძე
მოთხოვნა: შპს „ყაზბეგის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური – 03”-ის
მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ’’ყაზბეგის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური- 03’’-ის გაკოტრებულად გამოცხადების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2013 წლის 31 დეკემბერს შპს „ყაზბეგის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური – 03”-ის წარმომადგენელმა გიორგი ზღუდაძემ განცხადებით მომართა სასამართლოს შპს „ყაზბეგის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური – 03”-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ . განმცხადებლის მითითებით, საწარმო არ ფუნქციონირებს. მას არც ბალანსზე და არც საკუთრებაში უძრავი ქონება არ ერიცხება. სსიპ –საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობის თანახმად, შპს „ყაზბეგის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური –03”-ის სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება „უაზ 39629’’ სახელმწიფო სანომრე ნიშნით IJI-127. თუმცა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და შპს „ყაზბეგის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურ – 03”-ს შორის 2011 წლის 31 აგვისტოს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოხდა ორგანიზაციის საკუთრებასა და ბალანსზე რიცხული როგორც აღნიშნული, ისე სხვა სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემა. ამასთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ავტომანქანის სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებები არ განუხორციელებია. შესაბამისად, შპს „ყაზბეგის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურ – 03”-ს საკუთრებაში და ბალანსზე არავითარი მოძრავი ქონება არ ერიცხება. შპს „ყაზბეგის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური – 03”-ის არაუზრუნველყოფილი კრედიტორი არ ჰყავს, ხოლო უზრუნველყოფილი კრედიტორია მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მიმართ საწარმოს დავალიანება შეადგენს 6 110.18 ლარს. საწარმოს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ გააჩნია დებიტორული დავალიანება 2 166.22 ლარის ოდენობით. შპს „ყაზბეგის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური – 03”-ს ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი აქვს სს „ლიბერთი ბანკიში”, სადაც ერიცხება თანხა 58,23 ლარის ოდენობით. ორგანიზაციას სალაროში თანხა არ ერიცხება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 იანვრის განჩინებით შპს „ყაზბეგის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური – 03”-ის განცხადება არ იქნა მიღებული სასამართლოს წარმოებაში, ვინაიდან შპს „ყაზბეგის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური – 03”-ის არ გააჩნდა იმ ღირებულების ქონება, რაც უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს „ყაზბეგის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური – 03”-ის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 იანვრის განჩინება გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2014 წლის 14 იანვარს და განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არ მოუმართავს სასამართლოსათვის.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს „ყაზბეგის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური – 03’’ უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და უნდა გაუქმდეს შპს „ყაზბეგის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურ – 03’’-ის რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ყაზბეგის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური – 03”-ის (ს/კ 241498376) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს „ყაზბეგის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური – 03”-ის რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე და სასამართლოს დაფაზე.
3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., #6) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი