სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელის შედგენისა და გამოთვლის პრინციპებისა და მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.03.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/67
სარეგისტრაციო კოდი 300320000.22.024.016316
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/03/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.03.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელის შედგენისა და გამოთვლის პრინციპებისა და მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება
№1-1/67
2014 წლის 5 მარტი
ქ. თბილისი
სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელის
შედგენისა და გამოთვლის პრინციპებისა და მეთოდოლოგიის
დამტკიცების შესახებ
საქართველოს კანონის „საქართველოს საჰაერო კოდექსის“ მე-17 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს თანდართული სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელის შედგენისა და გამოთვლის პრინციპები და მეთოდოლოგია.
2.
სააერნაოსნო მომსახურების საწარმომ მარშრუტზე სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელის შედგენისა და გამოთვლის მიზნებისათვის დამატებით იხელმძღვანელოს ევროკონტროლის „მარშრუტზე სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელის ხარჯთა ბაზის განსაზღვრისა და ერთეულის განაკვეთის გაანგარიშების პრინციპებით'.
3.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელის შედგენისა და გამოთვლის პრინციპები და მეთოდოლოგია
მუხლი 1🔗.
სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელი, მისი შედგენისა და გამოთვლის პრინციპები
1.
საქართველოს საფრენოსნო ინფორმაციის რაიონში განხორციელებულ თითოეულ ფრენაზე სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელის დაკისრება ხდება „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-15 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად.
2.
სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელი შედგება მარშრუტის სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელისა და ტერმინალის სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელისაგან.
3.
მარშრუტის სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელი წარმოადგენს რაიონული და მისადგომის სამეთვალყურეო მომსახურების გაწევის შედეგად მიღებულ ანაზღაურებას.
4.
ტერმინალის სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელი წარმოადგენს სააეროდრომო სამეთვალყურეო მომსახურების გაწევის შედეგად მიღებულ ანაზღაურებას.
5.
სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელი მოიცავს სააერნაოსნო მომსახურების, სააერნაოსნო მომსახურებაზე ზედამხედველობის, სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელთა სისტემასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯებისა და ევროკონტროლის მიერ აღნიშნული სისტემის ფუნქციონირებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებისათვის საჭირო თანხის ოდენობას.
მუხლი 2🔗.
პასუხისმგებლობები
1.
სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელის ოდენობას, ამ პრინციპებისა და მეთოდოლოგიის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ადგენს სააერნაოსნო მომსახურების საწარმო.
2.
საქართველოს ერთეულის განაკვეთის გამოთვლა ხორციელდება სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს მიერ საერთო ხარჯთა ბაზაში სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ სააერნაოსნო მომსახურებაზე ზედამხედველობასთან დაკავშირებული ხარჯების გათვალისწინებით.
3.
სააერნაოსნო მომსახურების ერთეულის განაკვეთი ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მე-15 მუხლის შესაბამისად ქვეყნდება ჰაერსანაოსნო ინფორმაციის კრებულში და ეცნობება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას.
4.
მარშრუტზე სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელის წარდგენას და მის აკრებას საქართველოს სახელით ახორციელებს ევროკონტროლი „მარშრუტზე მოძრაობის საფასურის შესახებ“ 1981 წლის 12 თებერვლის მრავალმხრივი შეთანხმების მე-4 მუხლის შესაბამისად.
5.
სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელის გადახდის ვალდებულება ეკისრება საჰაერო ხომალდის იმ ექსპლუატანტს, რომელიც უშუალოდ ასრულებდა ფრენას. სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დაწესებული საჰაერო ხომალდის პირობითი მაჩვენებელი ან ფრენის იდენტიფიცირებისთვის საყოველთაოდ მისაღები ნებისმიერი სხვა პირობითი მაჩვენებელი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის იდენტიფიცირებისთვის.
6.
იმ შემთხვევაში, თუ ექსპლუატანტის ვინაობა უცნობია, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტად უნდა ჩაითვალოს მფლობელი, თუ იგი არ დაადასტურებს სხვა ექსპლუატანტის ვინაობას.
მუხლი 3🔗.
მარშრუტის სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელის გამოთვლის მეთოდოლოგია
1.
საქართველოს საფრენოსნო ინფორმაციის რაიონისათვის მარშრუტის სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელის გამოთვლა ხდება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
ri = ti x Ni ,
სადაც:
(ri) წარმოადგენს მარშრუტის სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელს,
(ti) წარმოადგენს საქართველოს საფრენოსნო ინფორმაციის რაიონში ერთეულის განაკვეთს, რომელიც „მარშრუტზე მოძრაობის საფასურის შესახებ“ 1981 წლის 12 თებერვლის მრავალმხრივი შეთანხმების მე - 3 მუხლის მე-2 პუნქტის ე) ნაწილის და მე - 6 მუხლის 1 პუნქტის ა) ნაწილის შესაბამისად განისაზღვრება და მტკიცდება ევროკონტროლის გაფართოებული კომისიის მიერ.
ხოლო (Ni) წარმოადგენს მომსახურების ერთეულების რაოდენობას, რომლებიც შეესაბამება აღნიშნულ ფრენას.
(i) წარმოადგენს საქართველოს საფრენოსნო ინფორმაციის რაიონის ინდექსს.
2.
თითოეული ფრენისთვის მომსახურების ერთეულების რაოდენობა, რომელიც ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულია (Ni)-ით, მიღებული უნდა იქნეს შემდეგი ფორმულის გამოყენებით:
Ni = di x p ,
სადაც (di) წარმოადგენს მანძილის ფაქტორს საქართველოს საფრენოსნო ინფორმაციის რაიონთან (შემდგომში-რაიონი) (i) მიმართებით და (p) წონის ფაქტორს შესაბამის საჰაერო ხომალდთან მიმართებით.
3.
მანძილის ფაქტორის (di) გამოთვლა განხორციელდება ქვემოთ მოცემულ მაჩვენებლებს შორის არსებული ორთოდრომიული მანძილის (კილომეტრებში) გაყოფით 100-ზე:
საქართველოს საფრენოსნო ინფორმაციის რაიონში აფრენის აეროდრომსა ან ამავე რაიონში შესვლის წერტილს შორის და
ამავე რაიონში პირველი დანიშნულების ადგილის აეროდრომს ან რაიონიდან გასვლის წერტილს შორის.
ზემოაღნიშნული შესვლისა და გასვლის წერტილები წარმოადგენენ იმ წერტილებს, სადაც ფრენის გეგმაში მითითებული მარშრუტით იკვეთება აღნიშნული დაბეგვრის ზონის განივი საზღვრები. აღნიშნული ფრენის გეგმა ითვალისწინებს ექსპლუატანტის მიერ თავდაპირველად წარდგენილ ფრენის გეგმაში განხორციელებულ ცვლილებებს, ასევე ექსპლუატანტის მიერ საჰაერო მოძრაობის ნაკადების მართვის ღონისძიებების შედეგად დამტკიცებულ ნებისმიერ ცვლილებას.
4.
წონის ფაქტორი (p) – წარმოადგენს მეასედი ათწილადის სახით გამოსახულ ციფრს, რომელიც გაიანგარიშება საჰაერო ხომალდის მეტრულ ტონებში მეათედი ათწილადის სახით გამოსახული მაქსიმალური ასაფრენი მასის (MTOW) 50-ზე განაყოფიდან კვადრატული ფესვის ამოღებით.
5.
საჰაერო ხომალდის მაქსიმალური ასაფრენი მასა უნდა იყოს წარმოდგენილი საჰაერო ხომალდის სერტიფიკატში, ფრენის სახელმძღვანელოში, ან ნებისმიერ სხვა შესაბამის ოფიციალურ დოკუმენტში. გამოთვლა განხორციელდება შემდეგი სახით:
P = /¯¯ მაქსიმალური ასაფრენი მასა.
50;
6.
იმ შემთხვევაში, თუ საჰაერო ხომალდის დასაშვები მაქსიმალური ასაფრენი მასა არ არის ცნობილი გადასახდელის მიღებაზე პასუხისმგებელი პირისათვის, მასის ფაქტორის გამოთვლა მოხდება რეალობაში არსებული იგივე ტიპის ყველაზე მძიმე საჰაერო ხომალდის მასის აღებით.
7.
იმ შემთხვევაში, თუ საჰაერო ხომალდს გააჩნია სხვადასხვა დასაშვები მაქსიმალური ასაფრენი მასა, მასის ფაქტორი განისაზღვრება საჰაერო ხომალდისთვის მისი რეგისტრაციის სახელმწიფოს მიერ მინიჭებული ყველაზე მაქსიმალური ასაფრენი მასის მიხედვით.
მუხლი 4🔗.
ტერმინალის სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელის გამოთვლის პრინციპი
ტერმინალის გადასახდელი განისაზღვრება სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს მიერ ამ პრინციპებისა და მეთოდოლოგიის პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
მუხლი 5🔗.
მარშრუტის სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელისაგან განთავისუფლებული ფრენები
საქართველოს საჰაერო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელის გადახდისაგან თავისუფლდება შემდეგი ფრენები:
ა)
იმ საჰაერო ხომალდების მიერ შესრულებული ფრენები, რომელთა დასაშვები მაქსიმალური ასაფრენი მასა ორ მეტრულ ტონაზე ნაკლებია;
ბ)
საჰაერო ხომალდების მიერ შესრულებული ფრენები, რომლის ბორტზე რეისის შესრულებისას ოფიციალური ვიზიტით იმყოფება სახელმწიფო მეთაური და მათთან გათანაბრებული პირები, მმართველი მონარქი და მისი უშუალო ოჯახის წევრები, რაც აისახება ფრენის გეგმაში სათანადო სტატუსის აღნიშვნით.
გ)
ფრენები, რომლის შესრულება ხორციელდება მხოლოდ ვიზუალური ფრენის წესის შესაბამისად.
მუხლი 6🔗.
გადასახდელის გამოთვლა და გადახდის პირობები
1.
სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელის გამოთვლა მოხდება ფრენის განხორციელების თვის წინა თვეში ევროსა და ეროვნულ ვალუტას შორის დაფიქსირებული საშუალო თვიური გაცვლითი კურსის მიხედვით. სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელის გამოთვლის მიზნით სააერნაოსნო მომსახურების ერთეულის განაკვეთის ევროში გადაანგარიშება ხორციელდება წინა თვეში ევროსა და ეროვნულ ვალუტას შორის დაფიქსირებული გაცვლითი კურსით. გაცვლითი კურსი განისაზღვრება როიტერსის მიერ ყოველდღიურად დღის ბოლოს დაფიქსირებული კურსის საშუალო თვიური მნიშვნელობით.
2.
მარშრუტის სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელის გადახდის პირობები განისაზღვრება მარშრუტზე სააერნაოსნო მომსახურების ანგარიშსწორების სისტემის გამოყენების და გადახდის პირობების (Conditions of Application of the Route Charges System and Conditions of Payment) მე- 2 დანართის შესაბამისად.
3.
საქართველოს საფრენოსნო ინფორმაციის რაიონისთვის დადგენილი გადასახდელი შეიძლება დაექვემდებაროს დამატებული ღირებულების გადასახადით (დღგ) დაბეგვრას, რომელსაც ახორციელებს ევროკონტროლი მასთან შეთანხმებული პირობებითა და პროცედურების შესაბამისად. აღნიშნული, თავის მხრივ, განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, „ევროკონტროლსა“ და შპს „საქაერონავიგაციას“ შორის საქაერონავიგაციის და სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ სახელით დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) ანგარიშის წარდგენასთან დაკავშირებით, მარშრუტზე მოძრაობის გაწეული სააერნაოსნო მომსახურებისათვის 2013 წლის 19 ნოემბრის შეთანხმებით.