განჩინება შპს ”ბორჯომის სამედიცინო სასწავლებელი”-ს გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/3117-14
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში
მიღებაზე უარის თქმის შესახებ
201 4 წლის 5 მარტი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი
განმცხადებელი: შპს „ბორჯომის სამედიცინო სასწავლებელი”
წარმომადგენელი: გიორგი ზღუდაძე
მოთხოვნა: შპს „ბორჯომის სამედიცინო სასწავლებლის“
მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება
სასამართლომ განიხილა გადახდისუუნარობის განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2014 წლის 28 თებერვალს შპს „ბორჯომის სამედიცინო სასწავლებლის“ წარმომადგენელმა გიორგი ზღუდაძემ განცხადებით მომართა სასამართლოს შპს „ბორჯომის სამედიცინო სასწავლებელის“ მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ . განმცხადებლის მითითებით, საწარმო არ ფუნქციონირებს. მას არ გააჩნია უძრავი ქონება. შპს „ბორჯომის სამედიცინო სასწავლებლის“ არაუზრუნველყოფილი კრედიტორი არ ჰყავს, ხოლო უზრუნველყოფილი კრედიტორია მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტი, რომლის მიმართ დავალიანება შეადგენს 4510.83 ლარს. დებიტორული დავალიანება ორგანიზაციას ერიცხება ასევე მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ. საწარმოს არ აქვს მექანიკური სატრანსპორტო საშუალება. ორგანიზაციას საკუთრებაში აქვს 2278,77 ლარის ღირებულების მოძრავი ქონება. შპს „ბორჯომის სამედიცინო სასწავლებლის“ ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი აქვს სს ”ლიბერთი ბანკში”. ორგანიზაციას სალაროში და საბანკო ანგარიშზე თანხა არ ერიცხება.
შპს „ბორჯომის სამედიცინო სასწავლებელი“ გადახდისუუნაროა, რადგან საწარმოს არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნები და უზრუნველყოს თავისი ქონებით საპროცესო ხარჯების დაფარვა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობის მიხედვით შპს „ბორჯომის სამედიცინო სასწავლებლის“ სახელზე უძრავი ქონება რეგისტრირებული არ არის, ხოლო სსიპ _ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობის მიხედვით, აღნიშნული საწარმოს სახელზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ მონაცემები მოძიებული ვერ იქნა.
სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას და თანდართულ დოკუმენტებს და მიაჩნია, რომ შპს „ბორჯომის სამედიცინო სასწავლებლის“ უარი უნდა ეთქვას განცხადების წარმოებაში მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო :
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მიხედვით ამ კანონის მიზანია მოვალის და კრედიტორის (კრედიტორების) ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა, შესაძლებლობის შემთხვევაში მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რეალიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილება.
აღნიშნული ნორმის მიხედვით კანონის მიზნის განხორციელება დამოკიდებულია საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე და ასეთი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე იმ შემთხვევაში დაიწყება საწარმოს მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება, თუ შესაძლებელი იქნება ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული მიზნის მიღწევა. მხოლოდ ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს გადახდისუუნარო მოვალის მიერ გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვის შესაძლებლობას, ვერ იქნება საკმარისი ასეთი წარმოების დაწყებისათვის, თუ იმთავითვე აშკარაა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა გამორიცხავს გაკოტრების მიზნის მიღწევას.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის #144 ბრძანების მე-9 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა” პუნქტის მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ფუნქციის განხორციელების საფასური განისაზღვრება სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 7%-ით, მაგრამ არანაკლებ 5 000 (ხუთი ათასი) ლარისა. აღნიშნული ღირებულების ქონება კი შპს „ბორჯომის სამედიცინო სასწავლებელს” არ გააჩნია და, შესაბამისად, საპროცესო ხარჯების დაფარვასას ვერ უზრუნველყოფს, რის გამოც უარი უნდა ეთქვას გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ამასთან უნდა განიმარტოს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ბორჯომის სამედიცინო სასწავლებლის“ (ს/კ 226110865) განცხადება არ იქნეს მიღებული სასამართლოს წარმოებაში.
2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს შპს „ბორჯომის სამედიცინო სასწავლებლის“ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
3. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უზრუნველყოს განმცხადებელმა.
4. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ., №6) განჩინების განმცხადებლისათვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში.
მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი