საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შეასხებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება მოქმედი სახელმწიფო მმართველობა
მიღების თარიღი 28.03.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 010340000.16.009.016083
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/04/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.03.2014 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შეასხებ
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული კომისიის
დადგენილება
№7
2014 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტისა და პროაქტიულად გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი და პროაქტიულად გამოქვეყნების თანდართული წესი.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირინა მილორავაკომისიის წევრისერგო მესხიკომისიის წევრიგოჩა შონია
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი და პროაქტიულად გამოქვეყნების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1.
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (შემდგომში – კომისია) არსებული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე განცხადების ელექტრონული ფორმით წარდგენის სტანდარტს, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხასა და გამოქვეყნების წესს (შემდგომში – წესი).
2.
ეს წესი ვრცელდება კომისიაში არსებულ ნებისმიერ საჯარო ინფორმაციაზე, გარდა საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა და დადგენილი წესით პერსონალურ მონაცემებს, სახელმწიფო ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციისა.
მუხლი 2🔗.
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი
1.
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს კომისიაში არსებული საჯარო ინფორმაციის გაცემაზე მოთხოვნის ელექტრონული ფორმით წარდგენის წესსა და პირობებს.
2.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს უფლება ელექტრონული ფორმით წარმოადგინოს კომისიაში მოითხოვნა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში მიიღოს კომისიაში არსებული საჯარო ინფორმაცია.
3.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე მოთხოვნა ელექტრონული ფორმით უნდა გაიგზავნოს სსიპ - მონაცემთა გაცვლის სააგენტოს სახელმწიფო სერვისების ელექტრონული პორტალიდან (www.my.gov.ge), ან ელექტრონულ-ციფრული ხელმოწერით დადასტურებული ელექტრონული ფოსტის გზავნილით კომისიის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირთან ელექტრონულ მისამართზე publicinfo@gnerc.org.
4.
ელექტრონული ფორმით წარდგენილი მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ სავალდებულო წესით უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა)
კომისიის სრულ სახელწოდებას;
ბ)
ფიზიკური პირის შემთხვევაში: განმცხადებლის სახელს, გვარს, პირად ნომერს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში: ორგანიზაციის დასახელებას, საგადასახადო საიდენტიფიკაციო კოდს, იურიდიულ მისამართს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს, ხელმძღვანელი პირის სახელს და გვარს;
გ)
ზუსტ მითითებას მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის შესახებ;
დ)
მითითებას საჯარო ინფორმაციის მიღების სასურველი ფორმის შესახებ - ელექტრონული ფოსტის საშუალებით, კომპაქტურ დისკზე ჩაწერილი, მატერიალური სახით თუ დედანში გაცნობის გზით.
5.
ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესების დარღვევით წარდგენილი მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე კომისიის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის მიერ არ განიხილება და ინფორმაციის მომთხოვნს ეგზავნება შეტყობინება ხარვეზის შესახებ.
6.
თუ ელექტრონული ფორმით წარდგენილი მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნებს, იგი მიღებისთანავე რეგისტრირდება კომისიაში და იმავე დღეს გადაეცემა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელ პირსა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, რომლის კომპეტენციასაც წარმოადგენს მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება.
7.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვადის ათვლა დაიწყება კომისიის მიერ ინფორმაციის ელექტრონულად მოთხოვნის რეგისტრაციის დადასტურებიდან.
8.
მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა განცხადებაში მითითებული ფორმით.
9.
თუ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფირმით გაგზავნა შეუძლებელია მისი მოცულობიდან გამომდინარე, დაინტერესებულ პირს ეგზავნება შესაბამისი შეტყობინება და წინადადება, აირჩიოს ინფორმაციის მიღების სხვა ფორმა (მოთხოვნილი ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელზე ჩაწერა ან მატერიალური ფორმით გაცემა).
10.
ამ მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული შემთხვევის დროს, ელექტრონულ მატარებელზე ჩაწერის ან მატერიალური ფორმით მიღებისათვის, დაინტერესებულმა პირმა „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული თანხის ოდენობა უნდა გადაიხადოს იმ შემთხვევაში, თუ იგი კომისიას არ წარუდგენს ელექტრონულ მატარებელს (ოპტიკურ დისკს ან USB ფლეშ-მეხსიერების ბარათს) ან მოთხოვნილი ინფორმაცია მატერიალური ფორმით აღემატება 10 ფურცელს.
მუხლი 3🔗.
საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ზოგადი პრინციპები
1.
კომისიაში საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ზოგადი პრინციპებია, ინფორმაციის:
ა)
სიზუსტე;
ბ)
ნამდვილობა;
გ)
პერიოდული განახლება.
2.
ამ წესით გათვალისწინებული ინფორმაცია პროაქტიულად ქვეყნდება კომისიის ვებ-გვერდზე: www.gnerc.org .
3.
კომისიის ვებ-გვერდზე პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ღიაა და თანაბრად ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის.
4.
ვებ–გვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გამოიყენოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებ–გვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.
მუხლი 4🔗.
პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია
1.
პროაქტიულად უნდა გამოქვეყნდეს კომისიაში არსებული შემდეგი ინფორმაცია:
ა)
ინფორმაცია კომისიის შესახებ:
ა.ა)
სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა;
ა.ბ)
კომისიის საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები;
ა.გ)
მონაცემები კომისიის თავმჯდომარისა და წევრების შესახებ (სახელი, გვარი, ბიოგრაფიული მონაცემები);
ა.დ)
კომისიის მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი;
ა.ე)
კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის მისამართი, ტელეფონის ნომერი და ვებ–გვერდის მისამართი;
ა.ვ)
კომისიის წლიური ანგარიში;
ბ)
საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული ინფორმაცია;
ბ.ა)
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა და სამსახურის ტელეფონის ნომერი;
ბ.ბ)
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები;
ბ.გ)
ინფორმაცია კომისიაში საჩივრის წარმოდგენის წესის შესახებ და საჩივრის ნიმუშები;
გ)
კომისიის საკადრო უზრუნველყოფის შესახებ;
გ.ა)
კომისიაში გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი, კონკურსის შედეგები (მხოლოდ კონკურსში გამარჯვებულ პირთა ვინაობა), კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი და პროცედურა;
გ.ბ)
კომისიაში კონკურსის ჩატარების წესები;
დ)
კომისიის მიერ განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ (სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა);
ე)
კომისიის სამართლებრივი აქტების შესახებ.
ე.ა)
კომისიის საქმიანობასთან უშუალოდ დაკავშირებული სამართლებრივი აქტები;
ე.ბ)
კომისიის მიერ გამოცემული ნორმატიული ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტები;
ე.გ)
კომისიის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტები.
2.
ამ მუხლით განსაზღვრული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის გარდა, კომისია უფლებამოსილია საკუთარი საქმიანობისა და კომპეტენციის ფარგლებში დამატებით პროაქტიულად გამოაქვეყნოს საზოგადოებრივი ინტერესების შემცველი სხვა საჯარო ინფორმაცია.
მუხლი 5🔗.
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირი
კომისიაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელი პირი განისაზღვრება კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით.
მუხლი 6🔗.
კომისიაში არსებული საჯარო პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის მომზადების და გამოქვეყნების წესი. გამოქვეყნების ვადები
1.
კომისია ამ წესებით განსაზღვრულ ინფორმაციას აქვეყნებს საკუთარ ვებ–გვერდზე.
2.
კომისიაში პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის მომზადებასა და გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ქვედანაყოფები, აგრეთვე გამოქვეყნებისა და განახლების ვადები განისაზღვრება კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით (გადაწყვეტილებით).
3.
პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ვებ–გვერდზე განთავსების მიზნით, სტრუქტურული ქვედანაყოფი ან პერსონალურად პასუხისმგებელი პირი ვალდებულია შესაბამისი ინფორმაცია კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს მიაწოდოს განსაზღვრულ ფორმითა და ვადებში.
4.
კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების მიღებიდან არა უმეტეს 2 სამუშაო დღის ვადაში ამ ინფორმაციას ათავსებს კომისიის ვებ–გვერდზე.
5.
კომისიის ვებ–გვერდზე განთავსებული ინფორმაცია ექვემდებარება პერიოდულობით განახლებას შესაბამისი ინფორმაციის ცვლილებიდან არა უგვიანეს ორ კვირაში.
6.
ინფორმაციის განახლებისას მიეთითება განახლების თარიღი.
7.
საჯარო ინფორმაცია ვებ–გვერდზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა და კოპირება.