განჩინება შპს „გუდვილის“ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/13628-13
განჩინება
საქართველოს სახელით
კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
2014 წლის 14 მარტი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
განმცხადებელი – კრედიტორი სს ,,თიბისი ბანკი’’
წარმომადგენელი – გიორგი ბათლიძე
მოვალე – შპს ,,გუდვილი’’
მოთხოვნა – შპს ,,გუდვილის’’ მიმართ კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა კრედიტორის სს ,,თიბისი ბანკის’’ წარმომადგენლის გიორგი ბათლიძის განცხადება კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ და
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,გუდვილის’’ გადახდისუუნარობის საქმე. მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილებით საზოგადოების მიმართ დაიწყო რეაბილიტაციის პროცედურა. 2014 წლის 14 თებერვალს კრედიტორთა კრებაზე რეაბილიტაციის მმართველად დამტკიცებული იქნა კომპანია PKF (ფი ქეი ეფ ჯორჯია).
2014 წლის 17 თებერვლის კრედიტორთა კრების განჩინებით კრედიტორთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილი პროექტი რეაბილიტაციის მმართველსა და დირექტორს შორის უფლებამოსილებათა განსაზღვრის თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2014 წლის 25 თებერვალს განცხადებით მომართა კრედიტორის სს ,,თიბისი ბანკის’’ წარმომადგენელმა გიორგი ბათლიძემ და მოითხოვა რეაბილიტაციის მმართველსა და დირექტორს შორის უფლებამოსილებათა განმსაზღვრელ დოკუმენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის მიზნით მოწვეულ იქნეს კრედიტორთა კრება იმ პუნქტებთან მიმართებაში, რომლებიც მთლიანობაში არ იქნა დაკმაყოფილებული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 თებერვლის განჩინებით განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი, განესაზღვრა 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადა ხარვეზის შესავსებად. დადგენილ ვადაში სს ,,თიბისი ბანკის’’ წარმომადგენლის გიორგი ბათლიძის მიერ შევსებულ იქნა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი.
სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადება, საქმის მასალები და მიაჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვთ მეურვეს, კრედიტორს (კრედიტორებს), რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს, მოვალეს. რიგგარეშე კრება უნდა გაიმართოს სასამართლოში მოთხოვნის წარდგენიდან მე-5 დღეს.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კრედიტორთა რიგგარეშე კრება მოწვეული იქნეს 2014 წლის 18 მარტს 15:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) სხდომის დარბაზი №1 შემდეგი დღის წესრიგით:
1.1. დაგვიანებით წარმოდგენილი კრედიტორთა მოთხოვნების აღიარების საკითხის განხილვა;
1.2. რეაბილიტაციის მმართველსა და დირექტორს შორის უფლებამოსილებათა განმსაზღვრელ დოკუმენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა;
1.3. მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებული სხვა საკითხების განხილვა.
2. განჩინება გამოქვეყნდეს„საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში “ და სასამართლოს ვებგვერდზე www. tcc.gov.ge.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი