ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 14.03.2014
ძალის დაკარგვა 21.05.2018
გამომცემი ორგანო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.113.016151
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/03/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ სურგულაძე | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 18.05.2018
დოკუმენტის ტექსტი
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №7
2014 წლის 14 მარტი
ქ. ოზურგეთი
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. დამტკიცდეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის თანდართული წესი.საკრებულოს თავმჯდომარეავთანდილ სურგულაძე
დანართი
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვისა და ბინათმესაკუთრეთა
ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად
გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესი
წინამდებარე წესი აწესრიგებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი სამუშაოების დაფინანსებისა და, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აღრიცხვის პროცედურებს. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ურთიერთობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, როგორც თვითმმართველი ერთეულის, ორგანოებთან განისაზღვრება ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების შესახებ“ საქართველოს კანონის, წინამდებარე წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი I
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის წესი
მუხლი 1🔗
1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის (შემდგომში - „ამხანაგობა“) აღრიცხვის პროცედურები წესრიგდება წინამდებარე წესისა და ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. ამხანაგობის აღრიცხვაზე აყვანის მიზნით, ამხანაგობის თავმჯდომარე ან საამისოდ უფლებამოსილი პირი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას (შემდგომში - ,,გამგეობა“) მიმართავს განცხადებით, რომელსაც თან ერთვის:
ა) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის წესდების ასლი, ან ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის საერთო კრების ოქმის დედანი (ამხანაგობის წესდების არარსებობის შემთხვევაში);
ბ) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ამხანაგობის საერთო კრების ოქმის წარდგენის შემთხვევაში - საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიმღებ ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) ხელმოწერები, წევრთა სახელის, გვარისა და პირადი ნომრების მითითებით;
გ) შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული მოწმობა ამხანაგობის გადასახადის გადამხდელად რეგისტრაციის (საგადასახადო აღრიცხვაზე აყვანის) შესახებ;
დ) ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) სრული სია სახელის, გვარის, ბინისა და ტელეფონის ნომრების მითითებით;
ე) ამხანაგობის თავმჯდომარედ მოწვეული მმართველის არჩევის შემთხვევაში, ამხანაგობასა და მოწვეულ მმართველს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ნოტარიულად დამოწმებული დედანი/ასლი;
ვ) ამხანაგობის თავმჯდომარედ მოწვეული მმართველის არჩევის შემთხვევაში, იმ ბინის მესაკუთრის საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელმაც ამხანაგობის სახელით, ხელშეკრულება გაუფორმა მოწვეულ მმართველს.
3. ერთ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ მრავალბინიან სახლში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ერთი ან რამდენიმე სადარბაზოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვისთვის, ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ამხანაგობა წარადგენს გამგეობის თანხმობას.
4. მომიჯნავე მიწის ნაკვეთებზე მდებარე რამდენიმე მრავალბინიანი სახლის ყველა ბინის მესაკუთრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ერთი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვისთვის, ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, ამხანაგობა წარადგენს გამგეობის თანხმობას.
მუხლი 2🔗
1. ამხანაგობის კრების ოქმში მითითებული უნდა იყოს:
ა) ამხანაგობის მისამართი;
ბ) ამხანაგობის სახელი;
გ) ამხანაგობის კრების გამართვის თარიღი, ადგილი, დრო;
დ) ამხანაგობის კრების თავმჯდომარის სახელი და გვარი;
ე) მრავალბინიან სახლში ბინათა საერთო რაოდენობა;
ვ) ამხანაგობის კრებაზე დამსწრე წევრთა საერთო რაოდენობა;
ზ) დღის წესრიგი;
თ) გადაწყვეტილების მიღების მომხრეთა საერთო რაოდენობა;
ი) გადაწყვეტილების მიღების მოწინააღმდეგეთა საერთო რაოდენობა;
კ) გადაწყვეტილება;
ლ) ამხანაგობის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში, ამხანაგობის თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა.
2. ამხანაგობის კრების ოქმს ადგენს და ხელს აწერს კრების თავმჯდომარე.
მუხლი 3🔗
1. გამგეობა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, აღრიცხავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებს და გამოაქვს გადაწყვეტილება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ან აღრიცხვაზე უარის თქმის შესახებ, რომლის საფუძველზე, გამგეობა გასცემს აღრიცხვის ფურცელს.
2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ფურცელი უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო რეკვიზიტებს:
ა) აღრიცხვის ნომერს;
ბ) აღრიცხვის თარიღს;
გ) აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილების შეტანის თარიღს;
დ) ამხანაგობის დასახელებას;
ე) ამხანაგობის მისამართს.
მუხლი 4🔗
1. ამხანაგობების აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შესატანად, ამხანაგობის
თავმჯდომარე, ან საამისოდ უფლებამოსილი პირი გამგეობას მიმართავს განცხადებით, რომელსაც თან ერთვის:
ა) ნოტარიულად დამოწმებული ამხანაგობის საერთო კრების ოქმის დედანი;
ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ საერთო კრებაზე გადაწყვეტილების მიმღებ ამხანაგობის წევრთა (ბინათმესაკუთრეთა) ხელმოწერები, წევრთა სახელის, გვარისა და პირადი ნომრების მითითებით;
გ) წევრთა ცვლილების შემთხვევაში, - ამხანაგობის წევრთა სია, სახელის, გვარის, ბინის და ტელეფონის ნომრების მითითებით;
დ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის ცვლილების შემთხვევაში, წინამდებარე წესის პირველი მუხლის მეორე პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები, ან საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის ახალი თავმჯდომარის იმ მრავალბინიან სახლში ბინის მესაკუთრედ ყოფნის ფაქტს, რომელშიც იგი თავმჯდომარედ აირჩიეს;
ე) სხვა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს ამხანაგობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში (ამხანაგობის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების ერთობლიობა, რომლის საფუძველზეც მოხდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვა და/ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა) არსებული მონაცემების ცვლილებას.
2. გამგეობა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, განიხილავს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს და გამოაქვს გადაწყვეტილება ამხანაგობის აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანის ან ცვლილებების შეტანაზე უარის თქმის შესახებ.
მუხლი 5🔗
1. ამხანაგობის აღრიცხვაზე და აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძვლებს წარმოადგენს:
ა) წინამდებარე წესის პირველი და მე-4 მუხლებით გათვალისწინებული დოკუმენტების გამგეობაში წარუდგენლობა, ან წარმოდგენილ დოკუმენტებში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითება, რომელიც გამორიცხავს აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ამხანაგობის აღრიცხვას ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელებას;
ბ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევები.
მუხლი 6🔗
1. ამხანაგობა აღრიცხვიდან მოიხსნება:
ა) სააღრიცხვო დოკუმენტაციაში ისეთი არაზუსტი მონაცემების მითითების შემთხვევაში, რომელიც გამორიცხვას ამხანაგობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას;
ბ) სასამართლოს მიერ ამხანაგობის იმ კრების ოქმის ბათილად ცნობის შემთხვევაში, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ამხანაგობის აღრიცხვა ან აღრიცხვის მონაცემთა ბაზაში ცვლილებების შეტანა;
გ) სხვა ამხანაგობასთან გაერთიანების შემთხვევაში;
დ) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ამხანაგობის ლიკვიდაციის შემთხვევაში;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მუხლი 7🔗
ამხანაგობის თავმჯდომარის არყოფნის, ან მის მიერ თავისი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, ამხანაგობას წარმოადგენს მისი ნებისმიერი წევრი, ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე.
მუხლი 8🔗
ამხანაგობის ნებისმიერი წევრი უფლებამოსილია, გაეცნოს ამხანაგობის სააღრიცხვო დოკუმენტაციას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.
თავი II
ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის
განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების
განკარგვის წესი
მუხლი 9🔗
1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესი რეგულირდება წინამდებარე წესისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამისად.
2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის განსახორციელებლად გათვალისწინებული თანხების განკარგვის წესის ფარგლებში, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი სამუშაოების დაფინანსების თხოვნით გამგეობისთვის განცხადებით მიმართვის უფლება აქვს გამგეობაში აღრიცხვაზე მდგარ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას (შემდგომში – ,,ამხანაგობა“).
3. წინამდებარე წესის მიზნებისთვის, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში, ამხანაგობების წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციის და განვითარებისთვის აუცილებელი სამუშაოების დაფინანსების თხოვნით გამგეობისთვის მიმართვისას, განცხადებაზე ხელის მოწერის უფლება აქვთ ამხანაგობის წევრებს.
მუხლი 10🔗
1. განცხადება მიიღება ყოველდღე, 10-დან 18 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა).
2. განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ სავალდებულო მონაცემებს:
ა) გამგეობის დასახელებას;
ბ) თავფურცელს, რომელშიც ასახული იქნება ინფორმაცია განმცხადებელი ამხანაგობის შესახებ;
გ) პრობლემის არსს, რომელიც უნდა შეიცავდეს იმ კონკრეტული პრობლემების მიმოხილვას, რომლის გადაჭრისკენაც არის მიმართული ამხანაგობის განცხადება;
დ) საორიენტაციო ბიუჯეტს, რომელშიც უნდა იქნეს განსაზღვრული შესასრულებელი სამუშაოებისთვის საჭირო სავარაუდო თანხები და ხარჯთაღრიცხვა;
ე) ამხანაგობის წევრთა 2/3-ის სახელსა და გვარს, ხელმოწერებს, ბინისა და ტელეფონის ნომრებს;
ვ) იმ შემთხვევაში, თუ სამუშაო სრულდება მრავალბინიანი სახლის ერთ სადარბაზოში, ამხანაგობას შეუძლია, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული მონაცემების ნაცვლად, წარადგინოს ამ სადარბაზოს ამხანაგობის წევრთა 2/3-ის სახელი და გვარი, ხელმოწერები, ბინისა და ტელეფონის ნომრები.
3. ბიუჯეტი აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს ამხანაგობის თანამონაწილეობის წილს განცხადებაში.
4. ამხანაგობის თანამონაწილეობის წილის პროცენტული ოდენობა ყველა ტიპის საქმიანობაზე განისაზღვრება განცხადების მიხედვით მოთხოვნილი საერთო ხარჯთაღრიცხვის (საორიენტაციო ბიუჯეტის) 15%-ის ოდენობით.
5. საქმიანობები, რომლებიც „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებას ექვემდებარება, შემდეგია:
ა) შენობის ფასადის შეკეთება;
ბ) შენობის სახურავის შეკეთება;
გ) შიდა წყალკანალიზაციის გაყვანილობის შეკეთება;
დ) სახურავის წყალსაწრეტი მილების შეკეთება;
ე) სადარბაზოს კარების დამზადება და მონტაჟი;
ვ) ლიფტის შეკეთება;
ზ) ამხანაგობის კუთვნილი მიმდებარე ტერიტორიის დაფიქსირება (წითელ ხაზებში მოქცევა);
თ) პანელოვან შენობებში (მრავალსართულიანი კორპუსები, რომლებიც მონტაჟდებოდა ქარხნული წესით დამზადებული მთლიანი სექციური კონსტრუქციებით) სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია;
ი) ბინათმესაკუთრეთა მიერ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე განხორციელებული ე.წ. მიშენებების (არაინდივიდუალური) კონსტრუქციების მდგრადობისა და სეისმომედეგობის განსაზღვრა;
კ) სადარბაზოს შიდა რემონტი;
ლ) სადარბაზოში მოძრაობის სენსორული სანათების დამონტაჟება;
მ) საერთო სარგებლობის კიბეების აღდგენა;
ნ) შენობის ან/და მისი შემადგენელი ელემენტების კაპიტალური გამაგრება, მათ შორის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის მომზადებისა და არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის ექსპერტიზის ჩათვლით.
ო) „საერთო სარგებლობის ეზოში“ ჩასატარებელი სამუშაო.
5. განცხადებას თან უნდა ერთოდეს გამგეობის მიერ გაცემული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის ფურცლის ქსეროასლი.
მუხლი 11🔗
1. გამგეობა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, აღრიცხავს ამხანაგობების მიერ შემოტანილ განცხადებებს და განიხილავს მათ შესაბამისობას წინამდებარე წესით დადგენილ პირობებთან.
2. გამგეობა შემოსულ განცხადებას, მასში მითითებული პრობლემის მოგვარების გარშემო სადეფექტო აქტისა და ხარჯთაღრიცხვის (ბიუჯეტის) მომზადების მიზნით, გადასცემს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს „კეთილმოწყობისა და არქიტექტურის დაგეგმარების ცენტრს“.
3. ა(ა)იპ „კეთილმოწყობისა და არქიტექტურის დაგეგმარების ცენტრი“ ამზადებს და განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა გამგეობას წარუდგენს ამ განცხადებაში მითითებული პრობლემის მოგვარებისთვის საჭირო სადეფექტო აქტსა და ხარჯთაღრიცხვას (ბიუჯეტს).
4. გამგეობა ვალდებულია, სადეფექტო აქტისა და ხარჯთაღრიცხვის ხელმომწერ კომისიაში, სხვა უფლებამოსილ პირებთან ერთად, შეიყვანოს განცხადების წარმდგენი ამხანაგობის თავმჯდომარე.
5. გამგეობა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად და კანონმდებლობით დადგენილი წესით, იღებს გადაწყვეტილებას განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
6. განცხადება არ დაკმაყოფილდება, თუ:
ა) შესასრულებელი სამუშაოს ღირებულებიდან გამომდინარე, მისი დაკმაყოფილება მიზანშეუწონელია;
ბ) ამოიწურა გასაცემი თანხების ლიმიტი;
გ) თუ შესასრულებელი სამუშაო უკვე შესრულებულია პროგრამის ფარგლებში, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა.
7. განცხადებების დაკმაყოფილებისას უპირატესობა მიენიჭება:
ა) შენობის ფასადის ან სახურავის შესაკეთებელ სამუშაოებს;
ბ) შენობის მდგრადობის აუცილებლობიდან გამომდინარე, შიდა წყალკანალიზაციის გაყვანილობის შესაკეთებელ სამუშაოებს;
გ) მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე განხორციელებული ე.წ. მიშენებების (არაინდივიდუალური) კონსტრუქციების მდგრადობისა და სეისმომედეგობის განსაზღვრის სამუშაოებს.
8. გამგეობაში ერთი და იგივე ტიპის პრობლემის მოგვარების თაობაზე წარდგენილი განცხადებების განხილვისა და გადაწყვეტის დროს უპირატესობა მიენიჭება იმ მრავალბინიან სახლს, სადაც პრობლემის მოგვარებით სარგებელს უფრო მეტი ადამიანი მიიღებს.
მუხლი 12🔗
1. განცხადების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გამგეობა, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, გამოავლენს და ხელშეკრულებას უფორმებს შესაბამის მომსახურე ორგანიზაციას/მეწარმე სუბიექტს, რომელიც უზრუნველყოფს, განცხადებაში მითითებული პრობლემის მოგვარების მიზნით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელებას.
2. გამგეობა ვალდებულია, მიმდინარე საქმიანობის მონიტორინგისა და უწყვეტი ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, შესასრულებელი სამუშაოების ინსპექტირების ჯგუფში, სხვა უფლებამოსილ პირებთან ერთად, შეიყვანოს განცხადების წარმდგენი ამხანაგობის თავმჯდომარე, რომელიც უფლებამოსილია ხელი მოაწეროს სამუშაოების დასრულების მიღება-ჩაბარების აქტს (ან უარი განაცხადოს აღნიშნული აქტის ხელმოწერაზე).
მუხლი 13🔗
1. განცხადების წარმდგენი ამხანაგობა ვალდებულია, 15%-იანი თანამონაწილეობის წილის ფარგლებში, შეასრულოს სხვა ალტერნატიული საქმიანობები, რომელიც დაკავშირებულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ექსპლუატაციისა და განვითარებისთვის აუცილებელი სამუშაოების განხორციელებასთან.
2. ამხანაგობა უფლებამოსილია, 15%-იანი სავალდებულო თანამონაწილეობის წილის ფარგლებში, თავად შეარჩიოს ამ მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული საქმიანობა (საქმიანობები), რის შესახებაც აუცილებლად უნდა ეცნობოს გამგეობას, მის მიერ წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილებიდან არა უგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში.
3. ცნობასთან ერთად, ამხანაგობა ვალდებულია, გამგეობას წარუდგინოს მეწარმე სუბიექტთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი და განსახორციელებელი საქმიანობების ხარჯთაღრიცხვა.
4. ამხანაგობა თავად არჩევს და ხელშეკრულებას უფორმებს შესაბამის მეწარმე სუბიექტს, რომელიც განახორციელებს საქმიანობებს 15%-იანი სავალდებულო თანამონაწილეობის წილის ფარგლებში.
5. ამ მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობების დასრულების შემდეგ, ამხანაგობასა და შესაბამის მეწარმე სუბიექტს შორის დგება სამუშაოების დასრულების მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის ერთი ასლი გადაეცემა გამგეობას, სამუშაოების დასრულებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში.
6. ამხანაგობა პასუხისმგებელია მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესაბამისობაზე ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოსთან.
მუხლი 14🔗
იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობა დაარღვევს, ან არაჯეროვნად შეასრულებს 15%-იანი სავალდებულო თანამონაწილეობის წილის ფარგლებში ნაკისრ ვალდებულებებს (სამუშაოს დასრულების ვადა, სამუშაოს შეუსრულებლობა და სხვ.), გამგეობას უფლება ეძლევა, შემდგომში აღარ დააკმაყოფილოს ამ ამხანაგობის მომდევნო განცხადება, - მანამ, სანამ ეს უკანასკნელი არ უზრუნველყოფს ნაკისრი ვალდებულებების ბოლომდე შესრულებას.