საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგების შესახებ
მიღების თარიღი 07.03.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს პარლამენტი
ნომერი №2090-IIს
სარეგისტრაციო კოდი 010190060.09.001.016207
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/03/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.03.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ქუთაისი, 7 მარტი 2014 წ. N2090-IIს | საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგების შესახებ
საქართველოს პარლამენტის
დადგენილება
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის შედეგების შესახებ
1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი გამჭვირვალობას, სამართლიანობასა და მიუკერძოებლობას მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის მარეგულირებელ ფუნდამენტურ პრინციპებად განსაზღვრავს. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საქმიანობის პოლიტიკური მიკერძოებულობისა თუ ბიზნესინტერესებისაგან თავისუფალ გარემოში განხორციელებისას სწორედ ამ პრინციპებით უნდა ხელმძღვანელობდეს.
2. საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 6-თვიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად დაადგინა, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მოქმედებები/უმოქმედობა ხშირად სწორედ მისი საქმიანობის მარეგულირებელ ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა; კომუნიკაციების ეროვნული კომისია ვერ აკმაყოფილებდა ვერც გამჭვირვალობის, ვერც სამართლიანობის და ვერც მიუკერძოებლობის მოთხოვნებს; მეტიც, ხშირად კომისიის გადაწყვეტილებები არ ემყარებოდა წინასწარ დადგენილ, გამჭვირვალე წესებსა და პროცედურებს, იყო დისკრიმინაციული, შერჩევითი, პოლიტიკურად მიკერძოებული და ლობირებდა გარკვეულ ბიზნესინტერესებს.
3. საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიისათვის წარდგენილი კონკრეტული მტკიცებულებებიდან და კომისიის მიერ გამოკითხულ პირთა, მათ შორის, თავად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრთა, ჩვენებებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტს მიაჩნია, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია წლების განმავლობაში არღვევდა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით გათვალისწინებულ თავისუფალი მეწარმეობისა და კონკურენციის განვითარების ხელშეწყობის მოთხოვნას; უხეშად არღვევდა და უგულებელყოფდა საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დაცულ მომხმარებელთა უფლებებს; უგულებელყოფდა საქართველოს კონსტიტუციით დაცულ ცალკეული პირების მიერ მასობრივი ინფორმაციის ან მისი გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციის აკრძალვის უფლებას, შესაბამისად, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მაუწყებლის საკუთრების კონცენტრაციის აკრძალვის უფლებას; კანონს რეგულირებისადმი დაქვემდებარებულ პირებზე შერჩევით, დისკრიმინაციულად ავრცელებდა; არაჯეროვნად ასრულებდა და ხშირად უგულებელყოფდა კანონით მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს; ამეტებდა უფლებამოსილებას და რეგულირების ფუნქციას კანონით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში ასრულებდა; რეგულირებისადმი დაქვემდებარებულ პირებს არათანაბარ მდგომარეობაში აყენებდა და ერთპიროვნულად ცვლიდა კანონით გათვალისწინებულ პირობებსა და მოთხოვნებს, რითაც კომპანიებს განსხვავებულ პირობებს უქმნიდა.
4. ვინაიდან, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს პარლამენტს შეუძლია აღძრას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურა მხოლოდ ორ შემთხვევაში – ინტერესთა კონფლიქტისას და არასაპატიო მიზეზით უფლებამოსილების განუხორციელებლობისას, ამასთანავე, რადგან ზემოაღნიშნული დარღვევები ჩადენილია არა მხოლოდ კომისიის მოქმედი წევრების, არამედ კომისიის ზოგიერთი ყოფილი წევრის მიერაც, საქართველოს პარლამენტს მიზანშეწონილად მიაჩნია, მოკვლეული მასალები და თანდართული დოკუმენტაცია გაეგზავნოს საქართველოს პროკურატურას დაუყოვნებელი რეაგირებისათვის; ამასთანავე, ეთხოვოს საქართველოს მთავარ პროკურორს, საქართველოს პარლამენტს დროულად მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია საგამოძიებო მოქმედებებისა და გამოძიების შედეგების შესახებ.
5. საქართველოს პარლამენტი მიესალმება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ზოგიერთ გადაწყვეტილებას, კერძოდ, კომპანია „სუპერ ტვ“-ისათვის უკანონოდ დაკისრებული ჯარიმის დაბრუნების შესახებ, სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად კერძო მაუწყებლის, კომპანია „ჰერეთის“, მიმართ საქმის წარმოების დაწყების შესახებ, თუმცა აუცილებლად მიაჩნია, რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ უფრო აქტიურად იმოქმედოს და, სასამართლო გადაწყვეტილებების ლოდინის ნაცვლად, თავად დაიწყოს წლების განმავლობაში შექმნილი პრობლემების გადაჭრა.
6. ვინაიდან დარღვევების მნიშვნელოვანი ნაწილის აღმოფხვრა თავად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შეუძლია, ეთხოვოს კომისიას, განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება ამ დარღვევების აღმოფხვრისათვის.
არსებულ პრობლემათა დაუყოვნებლივ გადაჭრისა და კანონიერების აღდგენისათვის აუცილებელია, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ:
ა) განიხილოს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის საკითხი, რათა ქვეყანაში მოქმედი სისტემა სამართლიანი იყოს და კერძო კომპანიებისათვის დაკისრებული გადასახადი რეალური ხარჯების პრინციპს დაეფუძნოს;
ბ) დაუყოვნებლივ განახორციელოს ყველა ღონისძიება ინტერნეტის სიჩქარის გაზომვისა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვისათვის;
გ) დაუყოვნებლივ განიხილოს კომპანია „ობიექტივისათვის“ უკანონოდ ჩამორთმეული სიხშირის საკითხი და უმოკლეს ვადაში გადაჭრას მისთვის კუთვნილი სიხშირის დაბრუნების პრობლემა;
დ) დაუყოვნებლივ დაიწყოს საქმის წარმოება მაუწყებლების, კერძოდ, სამეგრელო-ზემო სვანეთის ტელერადიოკომპანია „სამეგრელოს“, „სპექტრისა“ და „თვალის“, მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე.
ეთხოვოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს, განხორციელებული ღონისძიებების შესახებ აცნობოს საქართველოს პარლამენტს.
7. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედავით უსუფაშვილი
ქუთაისი,
7 მარტი 2014 წ.
N2090-IIს