,,ქალაქ სამტრედიის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №6 |
|
2014 წლის 20 მარტი ქ. სამტრედია |
ა) ,,ქალაქ სამტრედიის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ ” სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 30 დეკემბრის №21 დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“-ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა“.
ბ) ,,ქალაქ სამტრედიის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესი“–ს პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 1. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) განაშენიანების სივრცით-გეგმარებითი წყობა – ტერიტორიებისა და განაშენიანებული გარემოს ჩამოყალიბებული ან/და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციით განსაზღვრული ურთიერთმიმართება, სტრუქტურა და მახასიათებელთა სისტემა;
ბ) განაშენიანებული მიწის ნაკვეთის გამოყენების სახეობა – მიწის ნაკვეთის არსებული ან ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციით განსაზღვრული გამოყენების სახეობა;
გ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე არეგულირებს დასახლებათა ტერიტორიებზე უძრავი ნივთების განვითარების, გამოყენების და მათში ცვლილებების შეტანის პროცესებს;
დ) ინფრასტრუქტურა – საინჟინრო-ტექნიკური და სოციალური მომსახურების, ასევე საკომუნიკაციო ობიექტების, ნაგებობებისა და ქსელების ერთობლიობა;
ე) განაშენიანების რეგულირების ხაზები (წითელი ხაზები) – მიწის ნაკვეთისათვის (ნაკვეთებისათვის) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტით დადგენილი წარმოსახვითი მიჯნა, რომლის მიღმაც უნდა განთავსდეს შენობა-ნაგებობები; მიწის ნაკვეთისათვის (ნაკვეთებისათვის) შეიძლება დადგინდეს ერთი ან რამდენიმე წითელი ხაზი;
ვ) განაშენიანების სავალდებულო ხაზები (ლურჯი ხაზები) – მიწის ნაკვეთისათვის (ნაკვეთებისათვის) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტით დადგენილი წარმოსახვითი მიჯნა, რომელზედაც უნდა განთავსდეს შენობა-ნაგებობები; მიწის ნაკვეთისათვის (ნაკვეთებისათვის) შეიძლება დადგინდეს ერთი ან რამდენიმე ლურჯი ხაზი;
ზ) მიწის ნაკვეთი – საკადასტრო ერთეული საზღვრებით (საკადასტრო საზღვარი) სარგებლობის, მათი განკარგვისა და განვითარებისათვის;
თ) მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი – მიწის ნაკვეთის კაპიტალური შენობა-ნაგებობებით დაუფარავი ზედაპირის ფართობის შეფარდება მიწის ნაკვეთის ფართობთან მეათედის სიზუსტით;
ი) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობი – მიწის ნაკვეთის კაპიტალური შენობა-ნაგებობებით დაფარული, განაშენიანებული ზედაპირის ფართობი;
კ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი – მიწის ნაკვეთის კაპიტალური შენობა-ნაგებობებით დაფარული, განაშენიანებული ზედაპირის ფართობის შეფარდება მიწის ნაკვეთის ფართობთან მეათედის სიზუსტით;
ლ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი – მიწის ნაკვეთზე განთავსებული კაპიტალური შენობა-ნაგებობების სართულების ჯამური ფართობის შეფარდება მიწის ნაკვეთის ფართობთან მეათედის სიზუსტით;
მ) მიწის ნაკვეთის ფართობი – მიწის ნაკვეთის საზღვრებით შემოფარგლული ტერიტორიის ორთოგონალური პროექციის ფართობი;
ნ) მიწათსარგებლობის დაგეგმვა – საქმიანობა, რომელიც განსაზღვრავს მიწის (დასახლებათა
ტერიტორიების) გამოყენების სახეობას, ინტენსივობას და პირობებს ზონირების მეთოდით;
ო) უძრავი ქონება (ობიექტები) ქალაქთმშენებლობაში - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 149-ე მუხლით განსაზღვრული ობიექტები, რომელთა მიმართ ხორციელდება ქალაქმშენებლობითი ღონისძიებები;
პ) უძრავი ქონების (ობიექტის) ამ კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამო გამოყენება – უძრავი ქონების (ობიექტის) გამოყენების სახეობა, რომელიც არ შედის მოცემული უფლებრივი ზონის გამოყენების ნებადართულ სახეობათა ჩამონათვალში;
ჟ) უძრავი ქონების (ობიექტის) გამოყენების სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით ნებადართული სახეობა – გამოყენების ნებადართული სახეობები, რომლებიც დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებით და უფლებრივი ზონირების რუკებით განსაზღვრულია უძრავი ქონებისათვის (ობიექტისათვის), როგორც შესაბამისი, და რომლებისთვისაც საჭიროა სპეციალური (ზონალური) შეთანხმება;
რ) უძრავი ქონების (ობიექტის) გამოყენების ძირითადი ნებადართული სახეობა – გამოყენების ნებადართული სახეობები, რომლებიც დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებით და უფლებრივი ზონირების რუკებით განსაზღვრულია უძრავი ქონებისათვის (ობიექტისათვის), როგორც შესაბამისი, და რომლებისთვისაც არ არის საჭირო სპეციალური (ზონალური) შეთანხმება;
ს) ქალაქთმშენებლობა – ქალაქგანვითარება (ურბანული განვითარება); ქალაქ სამტრედიის ფიზიკური გარემოსა და ინფრასტრუქტურის ფორმირებისათვის კანონმდებლობის, ამ დარგის სახელმწიფო და ადგილობრივი პოლიტიკის, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების, ფიზიკური და იურიდიული პირების მოღვაწეობის ერთობლიობით განსაზღვრული პირობები და პროცესები.
|