საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს შორის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
მიღების თარიღი 11.03.2014
ძალაში შესვლა 11.03.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №41/14
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016234
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/03/2014
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს შორის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს შორის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო, შემდგომში წოდებულნი როგორც „მხარეები“,
ხელმძღვანელობენ რა ორ სახელმწიფოს შორის მეგობრული ურთიერთობების შემდგომი განმტკიცებისა და განვითარების სულისკვეთებით,
პატივისცემის, სუვერენიტეტის, თანასწორობისა და ურთიერთსარგებლიანობის საფუძველზე ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის სფეროში ორმხრივი პარტნიორული თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მხარეები თავიანთი სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად და კომპეტენციის ფარგლებში ითანამშრომლებენ შემდეგი მიმართულებებით:
ინფორმაციის, პერიოდული გამოცემების, მეთოდური, სამეცნიერო-ტექნიკური ლიტერატურის, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შედეგების, ვიდეო და ფოტომასალის, აგრეთვე ტექნოლოგიებისა და გამოცდილების გაცვლა საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის სფეროში;
ერთობლივი სამუშაო შეხვედრების, სემინარების, კონფერენციების, სასწავლო კურსების, წვრთნების, სწავლებების, სამეცნიერო-კვლევითი პროექტების, სპორტული და სხვა სახის ღონისძიებების დაგეგმვა, შემუშავება და ჩატარება;
მხარეების სასწავლო დაწესებულებებში სპეციალისტთა მომზადების ორგანიზება, სტაჟიორების, მასწავლებლების, მეცნიერთა, სპეციალისტებისა და სხვა წარმომადგენლების გაცვლა;
თანამშრომლობის განვითარება ახალგაზრდული, მოხალისეთა, სპორტული და სხვა საზოგადოებრივი მოძრაობის სფეროში, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია მხარეების კომპტენეციასთან;
წინადადებების შემუშავება მხარეების კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული კანონმდებლობის სრულყოფის კუთხით;
ტექნიკური, სოციალური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივი პროექტების მომზადება და რეალიზაცია;
თანამშრომლობა ქიმიური, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების, აგრეთვე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის კატასტროფის შედეგების დაძლევის სფეროში;
მხარეების კომპეტენციაში შემავალი სხვა საქმიანობის განხორციელება.
მუხლი 2🔗
წინამდებარე შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით მხარეები ქმნიან სამუშაო ჯგუფს (კომისიას, კომიტეტს), განსაზღვრავენ მის წევრთა რაოდენობას, პირად შემადგენლობას, ფუნქციებსა და მუშაობის წესს.
მუხლი 3🔗
წინამდებარე შეთანხმების 1-ლი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული დებულებების განხორციელების პირობები მხარეებს შორის შეთანხმდება ცალკე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.
მუხლი 4🔗
წინამდებარე შეთანხმების დებულებები არ ვრცელდება იმ საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე უფლებებსა და ვალდებულებებზე, რომელთა მონაწილენიც არიან მხარეთა სახელმწიფოები.
მუხლი 5🔗
სადაო საკითხებს, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით, მხარეები გადაწყვეტენ კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გზით.
მუხლი 6🔗
მხარეების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე წინამდებარე შეთანხმებაში შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც წარმოადგენენ წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს და ფორმდებიან ცალკე ოქმების სახით. აღნიშნული ოქმები ძალაში შედიან წინამდებარე შეთანხმების მე-7 მუხლით გათვალისწინებული წესით.
მუხლი 7🔗
წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მისი ხელმოწერის დღიდან, იდება ხუთი წლის ვადით და მისი მოქმედება ავტომატურად გაგრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდებით, თუ ერთ-ერთი მხარე მორიგი ხუთწლიანი პერიოდის ამოწურვამდე სულ მცირე 3 თვით ადრე წერილობითი ფორმით არ შეატყობინებს მეორე მხარეს თავის განზრახვას, შეწყვიტოს მისი მოქმედება.
შესრულებულია ქ. თბილისში, 2014 წლის 11 მარტს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან დაკავშირებით უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში, გამოიყენება ტექსტი ინგლისურ ენაზე.
საქართველოს შინაგან საქმეთა ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო
სამინისტროს სახელით სიტუაციების სამინისტროს სახელით