„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობისათვის სტრუქტურის ჩამოყალიბების თაობაზე“ შეთანხმება
მიღების თარიღი 29.11.2013
ძალაში შესვლა 01.03.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №200/55
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016235
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/03/2014
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობისათვის სტრუქტურის ჩამოყალიბების თაობაზე“ შეთანხმება
შეთანხმება
„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობისათვის სტრუქტურის ჩამოყალიბების თაობაზე“
ერთი მხრივ, საქართველო
და
მეორე მხრივ, ევროკავშირი
შემდგომში წოდებულნი როგორც ,,მხარეები”,
შემდეგი საკითხების გათვალისწინებით:
(1) ევროკავშირმა შესაძლოა, კრიზისების მართვის სფეროში მიიღოს ზომები, მშვიდობის დაცვის ოპერაციების ან ჰუმანიტარული ოპერაციების ჩათვლით.
(2) ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას კრიზისების მართვის ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად მესამე მხარის მიწვევის თაობაზე. საქართველოს შეუძლია მიიღოს ევროკავშირის მოწვევა და გააკეთოს შეთავაზება თავისი კონტრიბუციის შესახებ. ამგვარ შემთხვევაში, ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას შეთავაზებულ კონტრიბუციაზე თანხმობის თაობაზე.
(3) ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის პირობები განისაზღვრება შეთანხმებაში, რომელიც ადგენს საქართველოს შესაძლო სამომავლო მონაწილეობის ჩარჩოს. ეს პირობები არ განისაზღვრება თითოეული ოპერაციისთვის ცალ-ცალკე.
(4) ამგვარი შეთანხმება ხელს არ შეუშლის ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების ავტონომიურობას და არ შელახავს ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციაში მონაწილეობის შესახებ საქართველოს გადაწყვეტილებას ცალკეულ შემთხვევებთან მიმართებით, მისი სამართლებრივი სისტემის შესაბამისად.
(5) ამგვარი შეთანხმება მიმართულია მხოლოდ ევროკავშირის კრიზისების მართვის სამომავლო ოპერაციებზე და არ ეწინააღმდეგება ნებისმიერ არსებულ შეთანხმებას, რომელიც არეგულირებს ევროკავშირის კრიზისების მართვის უკვე დაწყებულ ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობას.
შეთანხმდნენ შემდეგზე:
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
მონაწილეობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები
1. მას შემდეგ, რაც ევროკავშირი მიიღებს გადაწყვეტილებას საქართველოს ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად მიწვევის შესახებ, და მას შემდეგ რაც საქართველო გადაწყვეტს მონაწილეობას, საქართველო ევროკავშირს მიაწვდის ინფორმაციას თავისი შეთავაზებული კონტრიბუციის შესახებ.
2. საქართველოს მხრიდან შეთავაზებული კონტრიბუციის ევროკავშირის მიერ შეფასება განხორციელდება საქართველოსთან კონსულტაციების გზით.
3. ევროკავშირი საქართველოს შეძლებისდაგვარად გონივრულ ვადაში მისცემს ადრეულ მითითებებს სამომავლო კონტრიბუციის საერთო ღირებულების შესახებ, რათა საქართველოს გაუწიოს დახმარება მისი შეთავაზების ფორმულირებაში.
4. ევროკავშირი საქართველოს წერილობით აცნობებს შეფასების შედეგს, რათა უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ამ შეთანხმების დებულებების შესაბამისად.
მუხლი 2🔗
სტრუქტურა
1-ლი მუხლის პირველ პუნქტში მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველო შეუერთდება საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის საბჭო იღებს გადაწყვეტილებას ევროკავშირის მიერ კრიზისების მართვის ოპერაციის განხორციელების შესახებ, და სხვა ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომლითაც ევროკავშირის საბჭო იღებს გადაწყვეტილებას გააგრძელოს ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაცია, ამ შეთანხმების დებულებებისა და საიმპლემენტაციო ღონისძიებების შესაბამისად.
საქართველოს კონტრიბუცია ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციაში ხელს არ უნდა უშლიდეს ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების ავტონომიურობას.
ევროკავშირი, საქართველოსთან კონსულტაციების შემდეგ, მიიღებს გადაწყვეტილებას ოპერაციის დასრულების შესახებ, თუკი საქართველო ოპერაციის დასრულების დროისათვის ისევ აგრძელებს კონტრიბუციას ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის ოპერაციაში.
მუხლი 3🔗
პერსონალისა და შეიარაღებული ძალების სტატუსი
იმ პერსონალის სტატუსი, რომელიც მივლენილია ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად და/ან იმ შეიარაღებული ძალების სტატუსი, რომელიც ჩართულია ევროკავშირის სამხედრო კრიზისების მართვის ოპერაციაში საქართველოს მხრიდან, განისაზღვრება ევროკავშირსა და ოპერაციის მასპინძელ ქვეყანას შორის დადებული შეიარაღებული ძალების/მისიის სტატუსის შესახებ შეთანხმებით, თუკი ასეთი შეთანხმება არის დადებული.
იმ პერსონალის სტატუსი, რომელიც მსახურობს ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციის მასპინძელი სახელმწიფოს გარეთ განლაგებულ სათაო ან სამეთაურო ქვედანაყოფებში, განისაზღვრება საქართველოს კომპეტენტურ ორგანოებსა და სათაო და სამეთაურო ქვედანაყოფებს შორის დადებული განაწესის შესაბამისად.
პირველ პუნქტში მითითებული შეიარაღებული ძალების/მისიის სტატუსის შესახებ შეთანხმებისათვის ზიანის მიყენების გარეშე, საქართველო განახორციელებს იურისდიქციას ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციაში მონაწილე თავის პერსონალზე. როდესაც საქართველოს შეიარაღებული ძალები განლაგებულნი არიან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს საზღვაო ან საჰაერო ხომალდებზე, ზემოაღნიშნული სახელმწიფო მათზე განახორციელებს იურისდიქციას თავისი კანონმდებლობის შესაბამისად.
პირველი და მე-5 პუნქტებისათვის ზიანის მიუყენებლად და შესაბამის პრივილეგიებსა და იმუნიტეტებზე დაყრდნობით, საქართველო პასუხისმგებელია, უპასუხოს ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საჩივარს, რომელიც გამომდინარეობს ან უკავშირდება საქართველოს პერსონალს და პასუხისმგებელია განახორციელოს ნებისმიერი ქმედება, სამართლებრივი ან დისციპლინური ქმედების ჩათვლით, თავისი ნებისმიერი პერსონალის მიმართ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მხარეები თანხმდებიან, უარი თქვან ამ შეთანხმების ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებულ, ოფიციალური მოვალეობის შესრულების დროს წარმოშობილ, ნებისმიერ ან ყველა სარჩელზე, გარდა საკონტრაქტო სარჩელებისა, რომელიც ეხება ერთ-ერთი მხარის კუთვნილი ან სარგებლობაში არსებული ქონების დაზიანებას, დაკარგვას ან განადგურებას, ან ერთ-ერთი მხარის პერსონალის დაშავებას ან გარდაცვალებას, გარდა უხეში დაუდევრობის ან განზრახ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებული სარჩელებისა.
საქართველო კისრულობს ვალდებულებას, შეთანხმების ხელმოწერისთანავე, ნაცვალგების საფუძველზე, გააკეთოს განცხადება კრიზისების მართვის ოპერაციაში ჩართული სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ ზიანის მიყენებასთან დაკავშირებული სარჩელის აღძვრის თაობაზე უარის თქმის შესახებ.
ევროკავშირი კისრულობს ვალდებულებას, შეთანხმების ხელმოწერისთანავე უზრუნველყოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ განცხადების გაკეთება ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობის დროს სარჩელის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.
მუხლი 4🔗
საიდუმლო ინფორმაცია
საქართველო მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა უზრუნველყოს ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის დაცვა ევროკავშირის საბჭოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წესების შესაბამისად, რომელიც მოცემულია 2011 წლის 31 მარტის 2011/292/EU საბჭოს გადაწყვეტილებაში „ევროკავშირის საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების წესების შესახებ“[1], და კომპეტენტური ორგანოების მიერ გამოცემული შემდგომი სახელმძღვანელოს შესაბამისად: ევროკავშირის ოპერაციების მეთაურის მიერ გამოცემული სახელმძღვანელო „ევროკავშირის სამხედრო კრიზისების მართვის ოპერაციის შესახებ“ და ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის მიერ გამოცემული სახელმძღვანელო „სამოქალაქო კრიზისების მართვის ოპერაციის შესახებ“.
მას შემდეგ, რაც ევროკავშირი და საქართველო დადებენ შეთანხმებას საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის უსაფრთხოების პროცედურების შესახებ, ეს შეთანხმება გამოიყენება ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციასთან მიმართებაში.
თავი II
სამოქალაქო კრიზისების მართვის ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ დებულებები
მუხლი 5🔗
ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის ოპერაციაში მივლენილი პერსონალი
საქართველო:
(a) უზრუნველყოფს, რომ ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად მივლენილი თავისი პერსონალი შეასრულებს თავის მისიას:
(i) საბჭოს გადაწყვეტილების და მე-2 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული შესაბამისი ცვლილებების შესაბამისად;
(ii) ოპერაციის გეგმის შესაბამისად;
(iii) საიმპლემენტაციო ღონისძიებების შესაბამისად.
(b) ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის ოპერაციის მისიის ხელმძღვანელს (შემდგომში „მისიის ხელმძღვანელი“) და კავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში გონივრულ ვადაში შეატყობინებს ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის ოპერაციაში თავის კონტრიბუციასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების თაობაზე.
2. ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად მივლენილი პერსონალი გაივლის სამედიცინო შემოწმებას, ჩაიტარებს ვაქცინაციას და საქართველოს კომპეტენტური ორგანოებიდან აიღებს ცნობას, რომ მზად არის დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად. სამოქალაქო კრიზისების მართვის ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად მივლენილი პერსონალი წარმოადგენს ამგვარი ცნობის ასლს.
მუხლი 6🔗
სამეთაურო რგოლი
საქართველოს მიერ მივლინებული პერსონალი განახორციელებს თავის მოვალეობებს და დაიცავს მხოლოდ ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციის ინტერესებს.
ყველა ქართველი პერსონალი, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის ოპერაციის კონტრიბუტორს, დარჩება საქართველოს საერთო უფლებამოსილების ქვეშ, ხოლო სამხედრო პერსონალის შემთხვევაში, საქართველოს სრული მეთაურობის ქვეშ.
ეროვნული უფლებამოსილი ორგანოები ოპერატიულ კონტროლს გადასცემენ ევროკავშირის სამოქალაქო ოპერაციების მეთაურს.
სამოქალაქო ოპერაციების მეთაური კისრულობს პასუხისმგებლობას, განახორციელოს ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის ოპერაციებზე მეთაურობა და კონტროლი სტრატეგიულ დონეზე.
მისიის ხელმძღვანელი კისრულობს პასუხისმგებლობას, განახორციელოს ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის ოპერაციებზე მეთაურობა და კონტროლი თეატრის დონეზე და განახორციელოს ყოველდღიური ხელმძღვანელობა.
საქართველოს, ოპერაციის ყოველდღიური ხელმძღვანელობის თვალსაზრისით, გააჩნია იგივე უფლებები და მოვალეობები, რაც ოპერაციაში მონაწილე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მე-2 მუხლის პირველ პუნქტში მოცემული სამართლებრივი დოკუმენტების შესაბამისად.
მისიის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციაში მონაწილე პერსონალის დისციპლინურ კონტროლზე. საჭიროების შემთხვევაში, დისციპლინური ზომები განხორციელდება ზემოაღნიშნული ეროვნული უფლებამოსილი ორგანოების მიერ.
საქართველოს მიერ დაინიშნება ეროვნული კონტინგენტის საკონტაქტო პირი, რათა წარმოადგინოს ეროვნული კონტინგენტი ოპერაციაში. ეროვნული კონტიგენტის საკონტაქტო პირი მისიის ხელმძღვანელს წარუდგენს ანგარიშს ეროვნულ საკითხებზე და პასუხისმგებელი იქნება კონტინგენტის ყოველდღიურ დისციპლინაზე.
მუხლი 7🔗
ფინანსური საკითხები
მე-8 მუხლისთვის ზიანის მიუყენებლად, საქართველო კისრულობს ოპერაციაში მის მონაწილეობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, გარდა მიმდინარე ხარჯებისა, ოპერაციის ოპერაციული ბიუჯეტის შესაბამისად.
ოპერაციის მასპინძელი სახელმწიფო(ებ)ის იურიდიული და ფიზიკური პირების გარდაცვალების, დაშავების ან დაკარგვის შემთხვევაში, საქართველო, მაშინ როდესაც დადგება მისი პასუხისმგებლობის საკითხი, გადაიხდის კომპენსაციას მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მისიის სტატუსის შესახებ შეთანხმების პირობების შესაბამისად.
მუხლი 8🔗
ოპერაციული ბიუჯეტის კონტრიბუცია
1. საქართველო განახორციელებს ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის ოპერაციის ოპერაციული ბიუჯეტის დაფინანსების კონტრიბუციას.
2. ოპერაციული ბიუჯეტის ამგავრი კონტრიბუცია შესაძლოა, დაითვალოს ქვემოთ მოყვანილი ნებისმიერი ფორმულის მიხედვით, რომლითაც მივიღებთ უფრო ნაკლებ თანხას:
(a) თანხის წილი, რომელიც პროპორციულია საქართველოს მთლიანი ეროვნული შემოსავლისა ოპერაციის ოპერაციული ბიუჯეტის კონტრიბუტორი ყველა სახელმწიფოს მთლიანი ეროვნული შემოსავლის თანაფარდობით; ან
(b) ოპერატიული ბიუჯეტის თანხის წილი, რომელიც იქნება პროპორციული ოპერაციაში მონაწილე საქართველოს მოსამსახურეების თანაფარდობისა ყველა ქვეყნის პერსონალის საერთო რაოდენობასთან მიმართებით.
3. მიუხედავად პირველი და მე-2 პუნქტებისა, საქართველო არ განახორციელებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პერსონალის ყოველდღიური ხარჯების კონტრიბუციას.
4. მიუხედავად პირველი პუნქტისა, ევროკავშირი პრინციპული თვალსაზრისით გაათავისუფლებს საქართველოს ფინანსური კონტრიბუციებისაგან კონკრეტული სამოქალაქო კრიზისების მართვის ოპერაციაში, როდესაც:
(ა) ევროკავშირი გადაწყვეტს, რომ საქართველო უზრუნველყოფს მნიშვნელოვან კონტრიბუციას, რაც აუცილებელია ამ ოპერაციისთვის; ან
(ბ) საქართველოს მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე არ აღემატება არც ერთი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოსას.
5. ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის ოპერაციის ოპერაციული ბიუჯეტის მიმართ საქართველოს კონტრიბუციის გადახდის თაობაზე შეთანხმების ხელმოწერა მოხდება მისიის ხელმძღვანელსა და საქართველოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის. აღნიშნული შეთანხმება, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა მოიცავდეს შემდეგ დებულებებს:
(a) ფინანსური კონტრიბუციის რაოდენობა;
(b) ფინანსური კონტრიბუციის გადახდის პირობები;
(g) აუდიტის პროცედურები.
ნაწილი III
დებულებები სამხედრო კრიზისების მართვის ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ
მუხლი 9🔗
ევროკავშირის სამხედრო კრიზისების მართვის ოპერაციებში მონაწილეობა
1. საქართველო უზრუნველყოფს, რომ მისი შეიარაღებული ძალები და პერსონალი ევროკავშირის სამხედრო კრიზისების მართვის ოპერაციებში განახორციელებენ თავიანთ მისიას ქვემოთ მოყვანილი დოკუმენტების შესაბამისად:
(a) საბჭოს გადაწყვეტილება და მომდევნო ცვლილებები, მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;
(b) ოპერაციის გეგმა;
(g) საიმპლემენტაციო ზომები.
2. საქართველოს მიერ მივლენილი პერსონალი განახორციელებს თავის მოვალეობებს და იმოქმედებს მხოლოდ ევროკავშირის სამხედრო კრიზისების მართვის ოპერაციების ინტერესების გათვალისწინებით.
3. საქართველო დროულად აცნობებს ევროკავშირის ოპერაციის მეთაურს ოპერაციაში მისი მონაწილეობის თაობაზე ნებისმიერი ცვლილების შესახებ, კონტრიბუციის შეწყვეტისა და შეჩერების ჩათვლით.
მუხლი 10🔗
სამეთაურო რგოლი
1. ევროკავშირის სამხედრო კრიზისების მართვის ოპერაციაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალები და პერსონალი დარჩება საქართველოს სრული მეთაურობის ქვეშ, ხოლო სამოქალაქო პერსონალის შემთხვევაში, საქართველოს საერთო უფლებამოსილების ქვეშ.
2. ეროვნული უფლებამოსილი ორგანოები თავიანთი შეიარაღებული ძალებისა და პერსონალის ოპერატიულ და ტაქტიკურ მართვას ან/და კონტროლს გადასცემენ ევროკავშირის ოპერაციების მეთაურს, რომელსაც აქვს უფლება მოახდინოს უფლებამოსილების დელეგირება.
3. საქართველოს ოპერაციის ყოველდღიური მართვის თვალსაზრისით ექნება იგივე უფლებები და ვალდებულებები, როგორც მონაწილე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს.
4. ევროკავშირის ოპერაციების მეთაურს შეუძლია, საქართველოსთან კონსულტაციების შემდგომ, ნებისმიერ დროს მოითხოვოს საქართველოს კონტრიბუციის გამოწვევა.
5. უფროსი სამხედრო წარმომადგენელი დაინიშნება საქართველოს მიერ, რათა მან წარმოადგინოს მისი ეროვნული კონტინგენტი ევროკავშირის სამხედრო კრიზისების მართვის ოპერაციებში. უფროსი სამხედრო წარმომადგენელი გაივლის კონსულტაციებს ევროკავშირის ძალების მეთაურთან ყველა საკითხზე, რაც გავლენას იქონიებს ოპერაციაზე და იქნება პასუხისმგებელი ქართული კონტინგენტის ყოველდღიურ დისციპლინურ საკითხებზე.
მუხლი 11🔗
ფინანსური საკითხები
1. ამ შეთანხმების მე-12 მუხლისათვის ზიანის მიუყენებლად, საქართველო დაფარავს ყველა ხარჯს, რაც დაკავშირებული იქნება მის ოპერაციაში მონაწილეობასთან, თუ ხარჯები არ ექვემდებარება საერთო დაფინანსებას მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი დოკუმენტების თანახმად, ისევე როგორც ევროკავშირის სამხედრო ან თავდაცვის შინაარსის მქონე ოპერაციების საერთო ხარჯების დაფინანსების ადმინისტრირების მექანიზმების თაობაზე 2011 წლის 19 დეკემბრის საბჭოს 2011/871/CFSP გადაწყვეტილების შესაბამისად (Athena)[2].
2. ოპერაციის მასპინძელი სახელმწიფო(ებ)ის იურიდიული და ფიზიკური პირების გარდაცვალების, დაშავების ან დაკარგვის შემთხვევაში, საქართველო, მაშინ როდესაც დადგება მისი პასუხისმგებლობის საკითხი, გადაიხდის კომპენსაციას მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მისიის სტატუსის შესახებ შეთანხმების პირობების შესაბამისად.
მუხლი 12🔗
საერთო ხარჯების კონტრიბუცია
1. საქართველო განახორციელებს ევროკავშირის სამხედრო კრიზისების მართვის ოპერაციების საერთო ხარჯების კონტრიბუციას.
2. საერთო ხარჯების ასეთი კონტრიბუცია შესაძლოა, დაითვალოს ქვემოთ მოყვანილი ნებისმიერი ფორმულის მიხედვით, რომლითაც მივიღებთ უფრო ნაკლებ თანხას:
(a) საერთო ხარჯების წილი, რომელიც პროპორციულია საქართველოს მთლიანი ეროვნული შემოსავლისა ოპერაციის საერთო ხარჯების კონტრიბუტორი ყველა სახელმწიფოს მთლიანი ეროვნული შემოსავლის თანაფარდობასთან; ან
(b) საერთო ხარჯების წილი, რომელიც იქნება პროპორციული ოპერაციაში მონაწილე საქართველოს მოსამსახურეების თანაფარდობისა ყველა ქვეყნის პერსონალის საერთო რაოდენობასთან მიმართებით.
ამ მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის ფორმულის გამოყენებისას და თუ საქართველო განახორციელებს პერსონალის კონტრიბუციას მხოლოდ ოპერაციაში ან ძალთა შტაბბინაში, გამოყენებული თანაფარდობა იქნება საქართველოს პერსონალის თანაფარდობა კონკრეტული შტაბბინის პერსონალის საერთო რაოდენობის მიმართ. სხვა შემთხვევაში თანაფარდობა იქნება საქართველოს მოსამსახურეების თანაფარდობისა ყველა ქვეყნის პერსონალის საერთო რაოდენობასთან მიმართებაში.
3. მიუხედავად პირველი პუნქტისა, ევროკავშირი პრინციპული თვალსაზრისით გაათავისუფლებს საქართველოს ფინანსური კონტრიბუციებისაგან კონკრეტული სამხედრო კრიზისების მართვის ოპერაციაში, როდესაც:
(ა) ევროკავშირი გადაწყვეტს, რომ საქართველო უზრუნველყოფს მნიშვნელოვან კონტრიბუციას აქტივებისა და შესაძლებლობების მიმართ, რაც აუცილებელია ამ ოპერაციისთვის; ან
(ბ) საქართველოს მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე არ აღემატება არც ერთი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოსას.
4. შესაბამისი შეთანხმება გაფორმდება ადმინისტრატორსა, რომელიც განსაზღვრულია საბჭოს 2011/871/CFSP გადაწყვეტილებაში და საქართველოს შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის. აღნიშნული შეთანხმება, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა მოიცავდეს შემდეგ დებულებებს:
(ა) ფინანსური კონტრიბუციის რაოდენობა;
(ბ) ფინანსური კონტრიბუციის გადახდის პირობები;
(გ) აუდიტის პროცედურები.
ნაწილი IV
დასკვნითი დებულებები
მუხლი 13🔗
შეთანხმების საიმპლემენტაციო ღონისძიებები
მე-8 მუხლის მე-5 პუნქტისა და მე-12 მუხლის მე-4 პუნქტისათვის ზიანის მიყენების გარეშე, ამ შეთანხმების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით, ევროკავშირისა და საქართველოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებს შორის გაფორმდება ნებისმიერი ტექნიკური და ადმინისტრაციული შეთანხმება.
მუხლი 14🔗
შეუსაბამობა
ერთი მხარის მიერ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეორე მხარეს უფლება აქვს შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება ერთი თვით ადრე მეორე მხარისათვის შეტყობინების გაგზავნის გზით.
მუხლი 15🔗
დავების გადაწყვეტა
ამ შეთანხმების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავები გადაწყდება მხარეთა შორის დიპლომატიური არხების მეშვეობით.
მუხლი 16🔗
ძალაში შესვლა
1. ეს შეთანხმება ძალაში შევა, მომდევნო თვის პირველ რიცხვში, მას შემდეგ, რაც მხარეები ერთმანეთს შეატყობინებენ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასამართლებრივი პროცედურების დასრულების შესახებ.
2. ეს შეთანხმება გადაიხედება რეგულარულად.
3. ამ შეთანხმებაში შესაძლოა შევიდეს ცვლილებები მხარეთა შორის ორმხრივი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. ცვლილებები შევა ძალაში პირველ პუნქტში გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად.
1. ამ შეთანხმების დენონსაცია შესაძლოა მოხდეს ნებისმიერი მხარის მიერ მეორე მხარისათვის დენონსირების შესახებ წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ასეთი დენონსაცია ძალაში შევა მეორე მხარის მიერ შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ.
რის დასტურადაც, ქვემორე ხელის მომწერნი, შესაბამისად უფლებამოსილნი, ხელს აწერენ ამ შეთანხმებას.
წინამდებარე შეთანხმება შესრულებულია ქართულ და ინგლისურ ენებზე, ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია. დავის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ამ შეთანხმების ინგლისურ ვერსიას.
შესრულებულია ქ. ვილნიუსში, ორი ათას ცამეტი წლის ოცდარვა ნოემბერს, ორ დედნად ქართულ და ინგლისურ ენებზე.
საქართველოს სახელით ევროკავშირის სახელით
(ხელმოწერილია) (ხელმოწერილია)
დეკლარაციების ტექსტი
ტექსტი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის:
“ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციების თაობაზე ვროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების გამოყენებისას, რომელშიც საქართველო იღებს მონაწილეობას, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები შეეცდებიან, თუ მათი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი სისტემები მისცემენ ამის საშუალებას, შეძლებისდაგვარად დათმონ საქართველოს მიმართ არსებული პრეტენზიები პერსონალის დაშავების, გარდაცვალების ან მათ მფლობელობაში არსებული და ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციის დროს მათ მიერ გამოყენებული აქტივების დაკარგვის ან დაზიანების თაობაზე, თუ ასეთი დაშავება, გარდაცვალება, დაზიანება ან დაკარგვა:
გამოწვეული იყო საქართველოს პერსონალის მიერ ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციის ვალდებულებების შესრულების დროს, გარდა უხეში დაუდევრობის ან განზრახ გადაცდომის შემთხვევებისა, ან
გამოწვეულ იქნა საქართველოს მფლობელობაში არსებული აქტივების გამოყენებით, იმ პირობით, რომ აქტივები გამოყენებული იყო ოპერაციასთან კავშირში და გარდა უხეში დაუდევრობით ან განზრახი გადაცდომით ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციის საქართველოს პერსონალის მიერ ამ აქტივების გამოყენების დროს.”
_________
ტექსტი საქართველოსთვის:
“ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციების თაობაზე ვროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების გამოყენებისას, რომელშიც საქართველო იღებს მონაწილეობას, საქართველო შეეცდება, თუ მისი შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი სისტემა მისცემს ამის საშუალებას, შეძლებისდაგვარად დათმოს ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციაში მონაწილე ევროკავშირის ნებისმიერი წევრი სახელმწიფოს მიმართ არსებული პრეტენზიები პერსონალის დაშავების, გარდაცვალების ან მის მფლობელობაში არსებული და ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციის მიერ გამოყენებული აქტივების დაკარგვის ან დაზიანების თაობაზე, თუ ასეთი დაშავება, გარდაცვალება, დაზიანება ან დაკარგვა:
გამოწვეული იყო პერსონალის მიერ ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციის ვალდებულებების შესრულების დროს, გარდა უხეში დაუდევრობის ან განზრახ გადაცდომის შემთხვევებისა, ან
გამოწვეულ იქნა ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციის მონაწილე სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული აქტივების გამოყენებით, იმ პირობით, რომ აქტივები გამოყენებული იყო ოპერაციასთან კავშირში და გარდა უხეში დაუდევრობით ან განზრახ გადაცდომით ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციის პერსონალის მიერ ამ აქტივების გამოყენების დროს.”.
[1] OJ L 141, 27.5.2011, p. 17.
[2] OJ.343, 23.12.2011, p.35.