ქვეყანაში კონტრტერორისტული საქმიანობის ორგანიზებისა და ტერორიზმთან ბრძოლის სუბიექტების საქმიანობის კოორდინაციის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.03.2014
ძალაში შესვლა 01.04.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №254
სარეგისტრაციო კოდი 080180020.10.003.017874
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/03/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქვეყანაში კონტრტერორისტული საქმიანობის ორგანიზებისა და ტერორიზმთან ბრძოლის სუბიექტების საქმიანობის კოორდინაციის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №254
2014 წლის 26 მარტი
ქ. თბილისი
ქვეყანაში კონტრტერორისტული საქმიანობის ორგანიზებისა და ტერორიზმთან ბრძოლის სუბიექტების საქმიანობის კოორდინაციის წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქვეყანაში კონტრტერორისტული საქმიანობის ორგანიზებისა და ტერორიზმთან ბრძოლის სუბიექტების საქმიანობის კოორდინაციის წესი (დანართი №1) და ერთიანი კონტრტერორისტული საქმიანობის ინფორმაციული უზრუნველყოფის ცნობათა ნუსხა (დანართი №2).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 აპრილიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
დანართი №1
ქვეყანაში კონტრტერორისტული საქმიანობის ორგანიზებისა და ტერორიზმთან ბრძოლის სუბიექტების საქმიანობის კოორდინაციის წესი
1. საქართველოში ტერორიზმთან ბრძოლის ორგანიზებას, მისი სპეციალური საშუალებებითა და მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს მთავრობა.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც მთავარი ორგანოა ტერორიზმთან ბრძოლის ერთიან სახელმწიფო სისტემაში, „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ტერორიზმთან ბრძოლის სუბიექტების (შემდგომში – სუბიექტები) მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში წარმოებული კონტრტერორისტული საქმიანობის კოორდინაციას უზრუნველყოფს თავის სისტემაში შემავალი კონტრტერორისტული ცენტრის (შემდგომში – კონტრტერორისტული ცენტრი) მეშვეობით.
3. კონტრტერორისტული საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, კონტრტერორისტული ცენტრის მითითებები და მოთხოვნები შესასრულებლად სავალდებულოა სუბიექტებისათვის.
4. სუბიექტები, აგრეთვე, სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოები ვალდებული არიან კონტრტერორისტულ ცენტრს წარუდგინონ ნებისმიერი ინფორმაცია ამ დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული ერთიანი კონტრტერორისტული საქმიანობის ინფორმაციული უზრუნველყოფის ცნობათა ნუსხის შესაბამისად.
5. მოპოვებული მასალების საფუძველზე კონტრტერორისტული ცენტრი უზრუნველყოფს ერთგვაროვანი და ურთიერთშეჯერებული საინფორმაციო ბაზის შექმნას კონტრტერორისტული ვითარების და მისი დინამიკის შესახებ, ასეთი ინფორმაციის ყოველმხრივი ანალიზის საფუძველზე ადგენს ტერორიზმის სავარაუდო საფრთხეს, შეიმუშავებს ღონისძიებებს ტერორისტული საქმიანობის თავიდან აცილების მიზნით.
6. კონტრტერორისტული საქმიანობის სპეციალური (ოპერატიული, ოპერატიულ-ტექნიკური) და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელებისას კონტრტერორისტულ ცენტრსა და სუბიექტებს უფლება აქვთ, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, გამოიყენონ სხვა სახელმწიფო ორგანოების შესაძლებლობები, მათი ქონება და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
7. ამ წესის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენის შემდეგ კონტრტერორისტული ცენტრი განსაზღვრავს იმ უფლებამოსილ კომპეტენტურ სუბიექტს (სუბიექტებს), რომელიც განახორციელებს მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებულ კონტრტერორისტულ საქმიანობას.
8. კონტრტერორისტული ცენტრი უფლებამოსილია გამოითხოვოს ამ წესის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან დაკავშირებული სრულყოფილი მასალები შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებიდან.
9. კონტრტერორისტული საქმიანობის შედეგად დამატებითი ინფორმაციის მიღებისას კონტრტერორისტული ცენტრი განსაზღვრავს სპეციალური ღონისძიებების გაგრძელების მიზანშეწონილობას.
10. კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ქვეყანაში განხორციელებული კონტრტერორისტული საქმიანობის შესახებ ანგარიშს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მეშვეობით წელიწადში ერთხელ წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
დანართი №2
ერთიანი კონტრტერორისტული საქმიანობის ინფორმაციული უზრუნველყოფის ცნობათა ნუსხა
ერთიანი კონტრტერორისტული საქმიანობის ინფორმაციული უზრუნველყოფის ცნობათა ნუსხას მიეკუთვნება ინფორმაცია (მონაცემები):
ა) სახელმწიფო დაცვას დაქვემდებარებული ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებისა და მათი ოჯახის წევრების, სხვა სახელმწიფო და პოლიტიკურ მოღვაწეთა სიცოცხლის შესაძლო ხელყოფის მცდელობის ნიშნების შესახებ;
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობების ან/და საკონსულო დაწესებულებების, აგრეთვე, საქართველოში (დროებით) მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების, მათი საცხოვრებელი ადგილის ან/და სატრანსპორტო საშუალებების მიმართ ტერორისტული ქმედებების მომზადების ან ჩატარების ნიშნების შესახებ;
გ) საქართველოში უცხო ქვეყნის სახელმწიფო და პოლიტიკურ მოღვაწეთა, ასევე, ოფიციალური დელეგაციების მიმართ ორგანიზებული და დაგეგმილი ტერორისტული ქმედებების შესახებ;
დ) საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაკავების, დაპატიმრების, გაუჩინარების ან დაღუპვის შესახებ, თუ აღნიშნული ქმედება კავშირშია ტერორიზმთან;
ე) ტერორიზმის ნიშნების გამოვლენის შესახებ;
ვ) უცხო ქვეყნის ან ტერორისტულ ორგანიზაციასთან ისეთი ურთიერთობის შესახებ, რომლის მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე დივერსიული და ტერორისტული ქმედებების ორგანიზება და განხორციელება;
ზ) ტერორისტებთან და ტერორისტულ ორგანიზაციებთან ფიზიკური და იურიდიული პირების თანამშრომლობის შესახებ;
თ) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირის ან მათი ოჯახის წევრების, აგრეთვე საერთაშორისო დაცვით მოსარგებლე ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ შესაძლო ტერორისტული აქტების განხორციელების შესახებ;
ი) საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიული, პოლიტიკური ან ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტების შესახებ;
კ) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციების და ტერორისტული ხასიათის უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შესახებ;
ლ) ბირთვული, რადიაქტიური, ქიმიური და ბაქტეორიოლოგიური იარაღის ან ადამიანის ჯანმრთელობისათვის მავნე სხვა ნივთიერების უკანონო დაუფლების, აგრეთვე, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ტერორისტული მიზნით ხელში ჩაგდების შესახებ.