საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროს შორის 2014-2016 წლებში საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამა
მიღების თარიღი 26.03.2014
ძალაში შესვლა 27.03.2014
გამომცემი ორგანო (ხელმოწერილია)
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტრო
ნომერი №29/14
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016238
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/04/2014
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| (ხელმოწერილია) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო | (ხელმოწერილია) უნგრეთის ადამიანური რესურსების სამინისტრო |
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროს შორის 2014-2016 წლებში საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამა
საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და უნგრეთის მთავრობის ადამიანური რესურსების სამინისტროს შორის 2014-2016 წლებში
გამოთქვამენ რა შემდგომი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარების სურვილს განათლებისა და მეცნიერების სფეროში და 2013 წლის 30 სექტემბერს თბილისში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის ხელმოწერილი შეთანხმების სულისკვეთებით, საქართველოს მთავრობამ და უნგრეთის მთავრობამ (შემდგომში – მხარეები) მიიღეს წინამდებარე საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამა 2014-2016 წლებისათვის.
I. უმაღლესი განათლება
მუხლი 1🔗
მხარეები წაახალისებენ და ხელს შეუწყობენ ორმხრივ პატივისცემაზე და პარტნიორობის პრინციპებზე დაფუძნებულ თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმას განათლების სფეროში თავიანთ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
პუნქტი 1
უნგრეთის მხარე შესთავაზებს სასწავლო სტიპენდიას წელიწადში 50 ქართველ სტუდენტს უნგრეთში სწავლის გასაგრძელებლად, შემდეგი ჩარჩოს შესაბამისად: 10 სასწავლო სტიპენდია სრული საბაკალავრო პროგრამებისათვის სოფლის მეურნეობის სფეროში, 10 სტიპენდია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მდგრადი განვითარების სფეროში, 5 სტიპენდია საექთნო საქმეში, 10 სტიპენდია ინჟინერიასა და ტექნოლოგიაში, 10 სტიპენდია წყლის რესურსების მართვაში, ეკონომიკასა და ბიზნესადმინისტრირებაში. უნგრეთის მხარე ასევე შესთავაზებს 5 სტიპენდიას სრული სადოქტორო პროგრამისათვის ინგლისურ ენაზე ნებისმიერ სფეროში.
პუნქტი 2
ქართული მხარე შესთავაზებს ყოველწლიურად 5 სტიპენდიას უნგრელ სტუდენტებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე სწავლის გასაგრძელებლად სრულ სამაგისტრო (MA/Msc) პროგრამებზე ნებისმიერ სფეროში, რომელიც ქვემოთ არის მოცემული:
– დიზაინი,
– ბიოსამედიცინო ინჟინერია,
– აგრონომია,
– საინჟინრო ფიზიკა,
– არქიტექტურა.
მუხლი 3🔗
პუნქტი 1
უნგრულ ენაზე უმაღლესი განათლების მიღების დაწყებამდე, სტუდენტები გაივლიან ერთწლიან მოსამზადებელ კურსს ბალაშის ინსტიტუტში. სტუდენტებს, რომლებიც განაცხადს გააკეთებენ ინგლისურენოვან პროგრამებზე უნდა ჰქონდეთ მიმღები უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული ინგლისური ენის გარკვეული დონის შესაბამისი ცოდნა. უნგრეთის მხარე შესთავაზებს მოსამზადებელ ერთწლიან კურსს იმავე სასტიპენდიო პირობებით როგორც უნივერსიტეტში სწავლისათვის, როგორც ეს განსაზღვრულია მე-2 მუხლში.
პუნქტი 2
სტუდენტები, რომლებიც განაცხადს გააკეთებენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამებზე, უნდა ჰქონდეთ მიმღები უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული ინგლისური ენის გარკვეული დონის შესაბამისი ცოდნა.
მუხლი 4🔗
მხარეები ერთობლივად შეუწყობენ ხელს უმაღლესი განათლების დაწესებულებების აკადემიურ ცხოვრებაში ერთმანეთის ენების, ლიტერატურისა და კულტურის ცოდნას.
მუხლი 5🔗
მხარეები საჭიროებისამებრ კონსულტაციას გაწევენ და ითანამშრომლებენ, რათა მოხდეს უმაღლესი განათლების ხარისხების სისტემების უკეთესი მისადაგება საერთაშორისო სტანდარტებთან და აგრეთვე, ბოლონიის პროცესის პრინციპების გათვალისწინებით, ერთი-მეორე ქვეყნის დიპლომების აღიარება.
II. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობა
მუხლი 6🔗
მხარეები ხელს შეუწყობენ პირდაპირი კონტაქტების დამყარებასა და დიალოგს, ერთობლივ სამეცნიერო კვლევებს, გამოცდილების გაცვლას, კონფერენციების ორგანიზებას ორი ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კვლევით ცენტრებს შორის.
მუხლი 7🔗
მხარეები წაახალისებენ პირდაპირ თანამშრომლობას უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მეცნიერებათა აკადემიებსა და სხვა სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებს შორის.
მუხლი 8🔗
მხარეები განავითარებენ შემდგომ თანამშრომლობას თავიანთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის და ხელს შეუწყობენ პირდაპირი თანამშრომლობის შეთანხმებების დადებას და სტუდენტებისა და მასწავლებლების გაცვლის განხორციელებას და ერთობლივ სასწავლო პროგრამებს თავიანთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის.
III. დასკვნითი დებულებები
მუხლი 9🔗
პუნქტი 1
წინამდებარე გაცვლითი პროგრამის მეორე მუხლზე დაყრდნობით, უნგრეთის მხარე უზრუნველყოფს ქართველ სტიპენდიანტებს:
- უფასო სასწავლო კურსით;
- უნივერსიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელში ან სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში განთავსებით;
- სამედიცინო დაზღვევით;
- ყოველთვიური თანხით (ყოველთვიური სტიპენდია სტუდენტს მიენიჭება მასპინძელი დაწესებულების მიერ. სტიპენდიის მოცულობა მოქმედი კანონის შესაბამისად არის 40 460 უნგრული ფორინტი ყოველთვიურად - ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის შემთხვევაში და 100.000 უნგრული ფორინტის ოდენობის სტიპენდია ყოველთვიურად დოქტორანტებისათვის).
სააპლიკაციო ფორმებისა და დამატებითი ინფორმაციის მოწოდების (ზუსტი ყოველთვიური თანხა, განთავსება, მგზავრობის ხარჯები, ჯანმრთელობის დაზღვევა და სხვ.) უზრუნველყოფას მოახდენს უნგრეთის სასტიპენდიო საბჭო.
პუნქტი 2.
წინამდებარე გაცვლითი პროგრამის მე-2 მუხლზე დაყრდნობით ქართული მხარე უზრუნველყოფს უნგრელ სტიპენდიანტებს:
- უფასო სასწავლო კურსით;
- საცხოვრებლით;
- სამედიცინო დაზღვევით;
- ყოველთვიური თანხით 300 ლარის ოდენობით;
სააპლიკაციო ფორმებისა და დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
მუხლი 10🔗
უნგრეთის მხარე დიპლომატიური არხების მეშვეობით ყოველწლიურად მიაწვდის ინფორმაციას ქართველ სტუდენტებზე გასაცემი სასწავლო სტიპენდიების სხვადასხვა კატეგორიების დეტალებზე, კანდიდატობისათვის განსაზღვრულ პირობებთან ერთად.
მუხლი 11🔗
მხარეებს შეუძლიათ შესწორებები და ცვლილებები შეიტანონ მეორე მუხლში მოცემულ სასტიპენდიო პროგრამაში მხარეების საჭიროებებისა და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 12🔗
წინამდებარე გაცვლითი პროგრამის გამოყენების მიზნით, მხარეებს შეუძლიათ მოიწვიონ ერთობლივი კომისია, რიგრიგობით საქართველოსა და უნგრეთში. წინამდებარე გაცვლითი პროგრამის განხორციელებისათვის მხარეებს შეუძლიათ მომავალში გააფორმონ სამოქმედო გეგმები.
მუხლი 13🔗
პუნქტი 1
წინამდებარე გაცვლითი პროგრამა ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან მომდევნო დღეს და მოქმედებს 2016 წლის 31 დეკემბრამდე.
პუნქტი 2
თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე პროგრამის მოქმედება, მეორე მხარისათვის, დიპლომატიური არხებით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ასეთ შემთხვევაში, პროგრამა მოქმედებას წყვეტს შეტყობინების მიღებიდან 6 (ექვსი) თვის შემდეგ.
პუნქტი 3.
ამ მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად პროგრამის შეწყვეტის შემთხვევაში, მისი დებულებები განაგრძობენ მოქმედებას მიმდინარე პროგრამებისა და პროექტების მიმართ, სანამ ისინი არ დასრულდება.
პუნქტი 4
წინამდებარე პროგრამაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნას ცვლილებები და დამატებები, რომელიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ისეთივე წესით რა წესითაც ეს პროგრამა შედის ძალაში. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენს წინამდებარე პროგრამის განუყოფელ ნაწილს.
პუნქტი 5
ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე პროგრამის განმარტებასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკების გზით.
პუნქტი 6
წინამდებარე გაცვლით პროგრამას ხელი მოეწერა 2014 წლის 26 მარტს, ქ. ბუდაპეშტში, ორ დედნად, ქართულ, უნგრულ და ინგლისურ ენებზე, ყველა ტექსტი ერთნაირად ავთენტურია. განსხვავებული ინტერპრეტაციის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ინგლისურ ტექსტს.
(ხელმოწერილია)
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტრო
(ხელმოწერილია)
უნგრეთის ადამიანური
რესურსების სამინისტრო