„საქართველოს მთავრობასა და ავსტრიის ფედერალურ მთავრობას შორის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების“ საიმპლემენტაციო ოქმი
მიღების თარიღი 11.07.2013
ძალაში შესვლა 11.07.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №01/13
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016239
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/04/2014
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს მთავრობასა და ავსტრიის ფედერალურ მთავრობას შორის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების“ საიმპლემენტაციო ოქმი
საქართველოს მთავრობასა და ავსტრიის ფედერალურ მთავრობას შორის „საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმი
საქართველოს მთავრობა და ავსტრიის ფედერალური მთავრობა, შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად“ წოდებულნი, საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების (შემდგომში „რეადმისიის შესახებ შეთანხმებად“ წოდებული) მე-19 მუხლის თანახმად, შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
კომპეტენტური ორგანოები
რეადმისიის შესახებ შეთანხმების განხორციელებაზე პასუხისმგებელი კომპეტენტური ორგანო არის:
- საქართველოს მთავრობისთვის
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი
საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილება
- ავსტრიის ფედერალური მთავრობისთვის
შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტრო
საიმიგრაციო პოლიციისა და სასაზღვრო კონტროლის დეპარტამენტი
მუხლი 2🔗
გასაუბრება
1. თუ მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე ვერ წარადგენს რეადმისიის შესახებ შეთანხმების 1-ლი და მე-3 დანართებით გათვალისწინებულ რომელიმე დოკუმენტს ან თუ მე-2 და მე-4 დანართებით გათვალისწინებული წარდგენილი დოკუმენტები არასაკმარისია, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენლები, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, ჩაუტარებენ გასაუბრებას დასაბრუნებელ პირს რეადმისიის განაცხადის წარდგენიდან 4 (ოთხი) დღის განმავლობაში.
2. გასაუბრების გამართვის პირველადი ვალდებულება ეკისრება მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში აკრედიტებულ წარმომადგენლებს.
3. თუ კომპეტენტურ ორგანოებს არ ჰყავთ მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წარმომადგენლები, გასაუბრებას ჩაატარებს მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს იმ დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების პერსონალი, რომელიც განლაგებულია მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
4. მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს უმოკლეს ვადაში შეატყობინებს გასაუბრების შედეგებს. თუ პრაქტიკული დაბრკოლებების გამო გასაუბრება ვერ ჩატარდა რეადმისიის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვადებში, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე რეადმისიის განაცხადზე პასუხს აცნობებს მას შემდეგ, რაც გასაუბრება ჩატარდება, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე.
5. ხელშემკვრელ მხარეთა კომპეტენტური ორგანოები განსაზღვრავენ გასაუბრების დროსა და ადგილს თითოეული კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით. გამონაკლის შემთხვევებში, გასაუბრება შესაძლებელია ჩატარდეს ხელშემკვრელ მხარეთა დედაქალაქებში განლაგებულ განთავსების დაწესებულებებში.
6. მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული წარმომადგენლების მიერ მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე განლაგებული დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების შენობის გარეთ გასაუბრების ჩატარების შემთხვევაში, გასაუბრებასთან დაკავშირებული საორგანიზაციო ხარჯების (ტრანსპორტირება) დაფარვას უზრუნველყოფს მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე.
მუხლი 3🔗
სასაზღვრო გამტარი პუნქტები
1. რეადმისია და ტრანზიტი ხორციელდება შემდეგ სასაზღვრო გამტარ პუნქტებში:
- საქართველოს ტერიტორიაზე:
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი
- ავსტრიის ტერიტორიაზე:
ვენის საერთაშორისო აეროპორტი
2. თუ კონკრეტული შემთხვევის დროს დადგება ამის აუცილებლობა, რეადმისიისა და ტრანზიტის განსახორციელებლად შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა სასაზღვრო გამტარი პუნქტები.
მუხლი 4🔗
რეადმისიის განაცხადისა და პასუხის ფორმა
1. რეადმისიის შესახებ შეთანხმების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად რეადმისიის განაცხადის მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარისთვის წარდგენის დროს, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე გამოიყენებს რეადმისიის შესახებ შეთანხმების მე-5 დანართით გათვალისწინებულ საერთო ფორმას, რომელსაც გააგზავნის ელექტრონული ფოსტის ან, გამონაკლის შემთხვევებში, ფაქსის მეშვეობით.
2. იმ შემთხვევაში, თუ ახალი მტკიცებულების საფუძველზე დადგინდება, რომ რეადმისიის პირობები არ იქნა დაკმაყოფილებული, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის მხრიდან რეადმისიის განაცხადზე დადებითი პასუხის გაცემის მიუხედავად, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას მიმართოს მოთხოვნის წარმდგენ ხელშემკვრელ მხარეს რეადმისიის განაცხადზე თანხმობის გაუქმების შესახებ.
მუხლი 5🔗
გადაცემის ფორმები და ტრანსპორტირების წესები
1. რეადმისიის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან რეადმისიის შესახებ შეთანმხმების მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული 12 დღის ვადის ამოწურვის შემთხვევაში, მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე გაუგზავნის მოთხოვნის მიმღებ ხელშემკვრელ მხარეს წერილობით შეტყობინებას, რომელიც შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
- გადაცემის ფორმა (საჰაერო ან სახმელეთო გზა);
- გადაცემის თარიღი;
- გადაცემის დრო;
- გადაცემის ადგილი (სასაზღვრო გამტარი პუნქტი);
- გადასაცემი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა; და ასევე
- გადაცემისას ესკორტის საჭიროება (ასეთ შემთხვევაში, უნდა მიეთითოს თანმხლებ პირთა პერსონალური დეტალები და დანიშნულების ადგილზე გასატარებელი უსაფრთხოების ზომები, ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს შეტყობინება მიეწოდება ელექტრონული ფოსტის ან, გამონაკლის შემთხვევებში, ფაქსის მეშვეობით წინამდებარე საიმპლემენტაციო ოქმზე თანდართული გადაცემის ფორმის გაგზავნის გზით, გადაცემამდე არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე.
3. თუ მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანო გამოხატავს თანხმობას გადაცემის პირობებზე, ის ამის შესახებ უმოკლეს ვადაში ატყობინებს მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 4 (ოთხი) სამუშაო დღის ვადაში.
4. თუ მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ შეთავაზებული გადაცემის პირობები მიუღებელია მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოსთვის, ხელშემკვრელი მხარეები უმოკლეს ვადაში შეთანხმდებიან გადაცემის სხვა ფორმებზე.
მუხლი 6🔗
შეცდომით განხორციელებული რეადმისია
თუ მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე, მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის დასაბუთებული განაცხადის საფუძველზე, უკან დაიბრუნებს პირს რეადმისიის პირობების შეუსრულებლობის გამო, ასეთ შემთხვევაში, ყველა საწყისი დოკუმენტი პირის შესახებ უნდა დაუბრუნდეს მოთხოვნის წარმდგენ ხელშემკვრელ მხარეს.
მუხლი 7🔗
ტრანზიტის შესახებ განაცხადი
1. აუცილებლობის შემთხვევაში, ტრანზიტის შესახებ წერილობითი განაცხადი რეადმისიის შესახებ შეთანხმების მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გარდა უნდა შეიცავდეს შემდეგს:
- ტრანზიტს დაქვემდებარებული პირის ავადმყოფობიდან ან ასაკიდან გამომდინარე ნებისმიერი სახის დახმარების, მოვლის ან მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნის საჭიროების შესახებ ინფორმაცია;
- ნებისმიერი სახის დაცვის ან უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების საჭიროების შესახებ ინფორმაცია.
2. წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა იქნეს შეტანილი ტრანზიტის შესახებ განაცხადის საერთო ფორმის C ნაწილში (რეადმისიის შესახებ შეთანხმების მე-6 დანართი).
3. მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე პასუხს აცნობებს მოთხოვნის წარმდგენ ხელშემკვრელ მხარეს ელექტრონული ფოსტის ან, გამონაკლის შემთხვევებში, ფაქსის მეშვეობით.
მუხლი 8🔗
ესკორტის თანხლებით განხორციელებული რეადმისიისა და ტრანზიტის ფორმები
1. მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნულმა თანმხლებმა პირებმა ესკორტის თანხლებით განხორციელებული რეადმისიის ან ტრანზიტის განმავლობაში ნებისმიერ დროს უნდა შეძლონ მათი ვინაობისა და უფლებამოსილების, ასევე მათზე დაკისრებული დავალების ხასიათის დადასტურება რეადმისიის ან ტრანზიტის პირობების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის გზით.
2. მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური ორგანოები, ორმხრივი კონსულტაციების საფუძველზე, ხელს შეუწყობენ ტრანზიტის ოპერაციების განხორციელებას, კერძოდ შესაბამის პირებზე ზედამხედველობის განხორციელებისა და ამ მიზნით შესაფერისი განთავსების პირობების შექმნის გზით.
3. თუ რეადმისია ან ტრანზიტი ხორციელდება პოლიციის თანხლებით, ასეთ შემთხვევაში, თანმხლები პირები რეადმისიას ან ტრანზიტს განახორციელებენ იარაღის გარეშე და სამოქალაქო ტანსაცმელში.
4. რეადმისიის ან ტრანზიტის ოპერაციების დროს თანმხლები პირების უფლებამოსილება შემოიფარგლება თავდაცვით და გადაუდებელი დახმარების აღმოჩენით.
5. თანმხლები პირები ვალდებულნი არიან დაიცვან მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობა.
მუხლი 9🔗
ინფორმაციის გაცვლის წესები
1. ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის მეშვეობით კომუნიკაციის შემთხვევაში, მოთხოვნის წარმდგენ ხელშემკვრელ მხარეს დაუყოვნებლივ წერილობით უნდა მიეწოდოს მიღების დასტური. წინამდებარე დებულება არ ზღუდავს რეადმისიის შესახებ შეთანხმებით დადგენილ ვადებს.
2. ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა გაატარონ სათანადო ტექნიკური და ორგანიზაციული ზომები ინფორმაციის არაუფლებამოსილი პირების მიერ გაცნობისაგან და მისი შემთხვევითი დაკარგვის ან არაუფლებამოსილი ან შემთხვევითი შეცვლისაგან დაცვის მიზნით.
მუხლი 10🔗
ხარჯები
1. იმ შემთხვევაში, თუ იმ ერთმა ხელშემკვრელმა მხარემ გაიღო ხარჯები, რომელიც არ იყო ვალდებული მათ გაღებაზე რეადმისიის შესახებ შეთანხმების მე-15 მუხლის შესაბამისად, აღნიშნული ხარჯები უნდა ანაზღაურდეს მათ გაღებაზე პასუხისმგებელი ხელშემკვრელი მხარის მიერ ბანკში გადარიცხვით ხარჯთაღრიცხვის მიღებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში.
2. რეადმისიის შესახებ შეთანხმების მე-12 მუხლის შესაბამისად შეცდომით განხორციელებული რეადმისიის შემთხვევაში, რეადმისიას დაქვემდებარებული პირის დაბრუნების ხარჯებს გაიღებს მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე იმ პირობით, თუ მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარე წარუდგენს მოთხოვნის წარმდგენ ხელშემკვრელ მხარეს დაწვრილებით წერილობით დასაბუთებას იმის შესახებ, თუ რატომ არ იქნა რეადმისიის შესახებ შეთანხმების 1-ლი – მე-5 მუხლებით გათვალისწინებული პირობები შესრულებული, მათ შორის მიეთითება ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაცია დასაბრუნებელი პირის ნამდვილი ვინაობის, მისი მოქალაქეობის ან ტრანზიტის მარშრუტის შესახებ.
მუხლი 11🔗
საკონტაქტო დეტალები
ხელშემკვრელი მხარეები დაყოვნების გარეშე დიპლომატიური არხებით გაცვლიან მოცემული კომპეტენტური ორგანოებისა და სხვა ორგანოების საკონტაქტო დეტალებს და ინფორმაციას მათში შეტანილი ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
მუხლი 12🔗
ენები
რეადმისიის შესახებ შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული კომუნიკაციის გაცვლა ხელშემკვრელ მხარეებს შორის წარმოებს:
- საქართველოს მხრიდან – გერმანულ ენაზე ან ითარგმნება ინგლისურად;
- ავსტრიის მხრიდან – ქართულ ენაზე ან ითარგმნება ინგლისურად.
მუხლი 13🔗
ექსპერტთა შეხვედრები
1. ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან შექმნან ორმხრივი ექსპერტთა კომისია, რომელსაც უხელმძღვანელებს 1-ლი მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს თანამშრომელი.
2. რეადმისიის შესახებ შეთანხმების განხორციელებისა და წინამდებარე საიმპლემენტაციო ოქმის გამოყენების შესახებ დისკუსიები გაიმართება ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე.
მუხლი 14🔗
დასკვნითი დებულებები
1. ხელშემკვრელი მხარეები დიპლომატიური არხებით შეატყობინებენ ერთმანეთს წინამდებარე საიმპლემენტაციო ოქმის ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ. ამის შემდეგ, ავსტრიის ხელშემკვრელი მხარე რეადმისიის შესახებ შეთანხმების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად შეატყობინებს რეადმისიის ერთობლივ კომიტეტს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ.
2. წინამდებარე საიმპლემენტაციო ოქმი ძალაში შედის შეტყობინების გაგზავნის დღიდან მეორე თვის პირველ დღეს. თარიღი დადგინდება რეადმისიის ერთობლივი კომიტეტის პროცედურული წესებით.
3. იმ შემთხვევაში, თუ რეადმისიის შესახებ შეთანხმება შეწყვეტს მოქმედებას, იმავდროულად შეწყდება წინამდებარე საიმპლემენტაციო ოქმის მოქმედებაც.
4. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე საიმპლემენტაციო ოქმი მეორე ხელშემკვრელი მხარისთვის სამი თვით ადრე წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით.
შესრულებულია ქ. ვენაში, 2013 წლის 11 ივლისს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, თითოეული ტექსტი თანაბრად ავთენტურია. განმარტებისას უთანხმოების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.
საქართველოს მთავრობის
სახელით ავსტრიის ფედერალური მთავრობის
სახელით
(ხელმოწერილია) (ხელმოწერილია)
დანართი
[მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი
მხარის კომპეტენტური ორგანოს მისამართი]
დოკუმენტის ნომერი:
ადრესატი
[მოთხოვნის მიმღები ხელშემკვრელი
მხარის კომპეტენტური ორგანოს მისამართი]
ორგანოს თანამშრომლის ხელმოწერა)
[თარიღი, ადგილი]
გადაცემის შესახებ ინფორმაცია
პირადი მონაცემები და გადაცემის დეტალები
1. სრული სახელი
__________________________________________________________________________
(გვარი ხაზგასმული, სახელი)
2. დაბადების თარიღი
__________________________________________________________________________
3. დაბრუნების ფორმა (საჰაერო, სახმელეთო ან საზღვაო გზა, რეისის ნომრის მითითებით)
__________________________________________________________________________
4. თარიღი
__________________________________________________________________________
5. დრო
__________________________________________________________________________
6. გადაცემის ადგილი (სასაზღვრო გამტარი პუნქტი)
__________________________________________________________________________
7. ჯანმრთელობის მდგომარეობა და განსაკუთრებული საჭიროებები, თუ ასეთი არსებობს
__________________________________________________________________________
__________________________________________________________________________
8. ესკორტის თანხლებით გადაცემა კი არა
დადებითი პასუხის შემთხვევაში, თანმხლები პირების პერსონალური მონაცემები:
__________________________________________________________________________
__________________________________________________________________________
__________________________________________________________________________
9. უსაფრთხოების ზომები, რომლებიც მიღებულ უნდა იქნეს დანიშნულების ან გაჩერების ადგილას:
__________________________________________________________________________
__________________________________________________________________________
__________________________________________________________________________
_________________________________________
(მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტური
ორგ.