საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.03.2014
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი
ნომერი №91/ძ
სარეგისტრაციო კოდი 040030000.33.062.016058
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/04/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.03.2014 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის მოზარდ - მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის „თეთრი ტალღის“ დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ბრძანება 12.11.2012
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დებულების დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის
ბრძანება №91/ძ
2014 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოხუმის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრ - „თეთრი ტალღის“ დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, „პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრ „თეთრი ტალღის” რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოხუმის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრ - „თეთრი ტალღის“ ჩამოყალიბების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2014 წლის 7 თებერვლის №15 დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2010 წლის 5 თებერვლის №6 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოხუმის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრ - ,,თეთრი ტალღის“ თანდართული დებულება;
2. ადმინისტრაციულ და იურიდიულ საკითხთა დეპარტამენტის იურიდიული, საქმისწარმოებისა და კადრების სამმართველოს დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოხუმის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრ - „თეთრი ტალღის“ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნისათვის საჭირო სამართლებრივი ბაზის მომზადება;
3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის მოზარდ-მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის - აფხაზეთის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის „თეთრი ტალღა“ დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის 2012 წლის 12 ნოემბრის №306/ძ ბრძანება;
4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრი დიმიტრი ჯაიანი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოხუმის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრ - „თეთრი ტალღის“ დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოხუმის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი - „თეთრი ტალღა“ (შემდგომში - თეატრი), როგორც მხატვრულ-სანახაობითი დაწესებულება საქართველოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების და ამ დებულების საფუძველზე, დამოუკიდებლად წარმართავს თავის შემოქმედებით და სამეურნეო საქმიანობას;
2. თეატრი წარმოადგენს ხანგრძლივი ტრადიციების მქონე სარეპერტუარო, მრავალპროფილიან პროფესიულ სახელმწიფო დაწესებულებას, ჰყავს მუდმივმოქმედი თეატრალური დასი, რომელთა უშუალო მონაწილეობით იდგმება თეატრალური ხელოვნების ნაწარმოებები – დრამატული, ტრაგიკული, კომედიური თუ სხვა სახის სცენური წარმოდგენები (სპექტაკლები);
3. თეატრს აქვს ბეჭედი, დამოუკიდებელი ბალანსი, სახაზინო ანგარიში, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში;
4. თეატრი უფლებამოსილია გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში, შეიძინოს ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, იკისროს ვალდებულებები, დადოს გარიგებები;
5. თეატრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ქ. წამებულის გამზირი N94.
მუხლი 2🔗. თეატრის ძირითადი მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
თეატრის ძირითად მიზნებსა და საქმიანობის საგანს წარმოადგენს მსოფლიო და ეროვნულ ღირებულებათა განვითარების მიზნით მაღალხარისხოვანი სპექტაკლების დადგმა, მათი მეშვეობით თეატრალური ხელოვნების პროპოგანდა და მოზარდი ახალგაზრდობის მხატვრული აღზრდა, ეროვნული თეატრალური ხელოვნების განვითარება, სასცენო ხელოვნების მეშვეობით სალიტერატურო ენის ნორმების დაცვა, ეროვნული თვითშეგნების განმტკიცება, ტრადიციების აღორძინება და განვითარება, ზოგადსაკაცობრიო იდეალების პროპაგანდა, საქართველოს თეატრალური ხელოვნების მსოფლიო კულტურულ სივრცეში გაერთიანება.
მუხლი 3🔗. თეატრის უფლება-მოვალეობანი
1. თეატრის უფლებაა:
ა) მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს შემოქმედებითი მოღვაწეობის თავისუფლებას, შემოქმედებითი მიმართულებების განსაზღვრას, რეპერტუარის არჩევასა და ნებისმიერი სარეკლამო მასალის პუბლიკაციას;
ბ) ისარგებლოს მის მიერ შექმნილი მხატვრული პროდუქციით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად და აირჩიოს მის მიერ შექმნილი სპექტაკლის საჯარო შესრულებისათვის გამოსაყენებელი ნებისმიერი ფორმა, გადასცეს სპექტაკლის უფლება სხვა თეატრებს, აგრეთვე იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, გასცეს თანხმობა (რეჟისორის ან სპექტაკლის ავტორის თანხმობის საფუძველზე) საკუთარი პროდუქციის ტელევიზიითა და რადიოთი გადაცემის, სპექტაკლების ჩანაწერის, ტირაჟირების, რეალიზაციისა და გავრცელებისათვის როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ;
გ) აწარმოოს მოლაპარაკებანი და დადოს გარიგებანი, აგრეთვე განახორციელოს სხვა იურიდიული ქმედებანი როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ორგანიზაციებთან;
დ) წარმართოს სამეურნო-ეკონომიკური საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ხმარდება თეატრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, მის მუშაკთა სოციალურ დაცვას, შრომის ეკონომიკურ სტიმულირებას, აგრეთვე თეატრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნათა განხორციელებას;
ე) დამოუკიდებლად წარმართოს თავისი ეკონომიკური პროგრამა, განსაზღვროს ბილეთების, სხვა პროდუქციისა და კულტურული მომსახურების რეალიზაციის წესი, დაადგინოს მათი ღირებულება;
ვ) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე ამ დებულების შესაბამისად.
2. თეატრი ვალდებულია:
ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, „პროფესიული თეატრების შესახებ”, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონების, საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებისა და ამ დებულების შესაბამისად;
ბ) წარმართოს შრომითი ურთიერთობანი ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს შრომითი კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები;
დ) დაიცვას თეატრის მუშაკთა პროფესიული და სოციალური უფლებები;
ე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს თეატრის საშტატო განრიგი და თეატრის სახელფასო ფონდი;
ვ) საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა, გათვალისწინებით შეიმუშაოს თეატრის შინაგანაწესი, განსაზღვროს თეატრში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ნორმები და ოდენობა, სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. თეატრმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს თანხმობით, შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
4. მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს თანხმობა;
5. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.
მუხლი 4🔗. თეატრის სტრუქტურა და მართვა
1. თეატრის მართვა ხორციელდება „პროფესიული თეატრების შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.
2. თეატრი შედგება:
ა) თეატრის დასისაგან;
ბ) სამხატვრო ხელმძღვანელისაგან;
გ) თეატრის დირექტორისგან;
დ) დამდგმელი რეჟისორისგან;
ე) მთავარი რეჟისორისგან;
ვ) მთავარი მხატვრისგან;
ზ) ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალისგან.
3. სამხატვრო ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, თეატრს შეიძლება ჰყავდეს სამხატვრო საბჭო - თეატრის შემოქმედებითი საქმიანობის ხელშემწყობი ორგანო. სამხატვრო საბჭოს წევრთა რაოდენობას, შემადგენლობასა და მოქმედების ვადას ამტკიცებს სამხატვრო ხელმძღვანელი.
4. სამხატვრო ხელმძღვანელი არის უმაღლესი სახელოვნებო განათლების მქონე პირი, პროფესიით რეჟისორი ან მსახიობი, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში - სახელოვნებო გამოცდილების, აღიარების, თვალსაჩინო დამსახურების მქონე პირი.
სამხატვრო ხელმძღვანელი:
ა) არის თეატრის საერთო ხელმძღვანელი;
ბ) პასუხისმგებელია თეატრის საერთო საქმიანობაზე;
გ) განსაზღვრავს საშტატო ერთეულების რაოდენობას, სახელფასო განაკვეთს და თეატრალური საქმიანობის წახალისების ფორმებს საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) თეატრის შემოქმედებითი კოლექტივის წევრებთან დებს შრომით ხელშეკრულებებს არაუმეტეს 4 წლის ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს მისი უფლებამოსილების ვადის გასვლიდან 6 თვეს. 4 წელზე მეტი ვადის შემთხვევაში სამხატვრო ხელმძღვანელი შრომით ხელშეკრულებებს დებს მინისტრთან შეთანხმებით;
ე) საჭიროების შემთხვევაში მოწვეულ სპეციალისტებთან დებს შრომით ხელშეკრულებებს შესაბამისი ვადით;
ვ) უზრუნველყოფს რეჟისორის (რეჟისორების) მოზიდვასა და დასაქმებას თეატრის შემოქმედებითი ზრდის, რეპერტუარის მრავალფეროვნებისა და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნის მიზნით;
ზ) უზრუნველყოფს მსახიობთა შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას და მათ პროფესიულ ზრდას;
თ) ხელმძღვანელობს სამხატვრო საბჭოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარ რეჟისორს, მთავარ მხატვარს;
კ) თეატრის დირექტორთან ერთად წყვეტს ადმინისტრაციულ-ტექნიკურ და ფინანსურ საკითხებს;
ლ) შეუძლია მოახდინოს ცალკეული უფლებამოსილებების დელეგირება თეატრის დირექტორზე (უფლებამოსილების დელეგირება სამხატვრო ხელმძღვანელს არ ათავისუფლებს თეატრის საერთო საქმიანობაზე პასუხისმგებლობისაგან);
მ) სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე სარეკომენდაციო საბჭოს ან/და სამხატვრო საბჭოს მიერ წარდგენილ კანდიდატს ნიშნავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი 4 წლის ვადით. ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი უფლებამოსილია:
მ.ა.) მოსთხოვოს სარეკომენდაციო საბჭოს ან/და სამხატვრო საბჭოს სამხატვრო ხელმძღვანელის ახალი კანდიდატურის წარდგენა;
მ.ბ.) სამხატვრო ხელმძღვანელი დანიშნოს საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად;
ნ) სამხატვრო ხელმძღვანელს თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი:
ნ.ა) სარეკომენდაციო საბჭოს მიერ წარდგენილი დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე;
ნ.ბ) თატრის დასის ან სამხატვრო საბჭოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე;
ნ.გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველია სამოქმედო პროგრამისა და სამუშაო გეგმის შეუსრულებლობა.
5. თეატრის დირექტორი:
ა) წარმართავს თეატრის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციულ და ფინანსურ საქმიანობას;
ბ) სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით წყვეტს ადმინისტრაციულ-ტექნიკური და დამხმარე პერსონალის მოწვევისა და გათავისუფლების საკითხს;
გ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით და თეატრის დებულებით გათვალისწინებულ სხვა მოვალეობებს.
6. თეატრის დირექტორს სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადით, სამხატვრო საბჭოსთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეთანხმებით, სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი;
7. დამდგმელი რეჟისორი დამოუკიდებელი მხატვრული გადაწყვეტის გზით ქმნის სპექტაკლს;
8. მთავარი რეჟისორი სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად განსაზღვრავს თეატრის სარეპერტუარო და სადადგმო პოლიტიკას;
9. მთავარი მხატვარი ქმნის სცენოგრაფიასა და კოსტიუმებს, განსაზღვრავს სპექტაკლის მხატვრულ-ესთეტიკურ მხარეს, პასუხს აგებს სპექტაკლისა და სარეკლამო გაფორმების ხარისხისთვის, ხელმძღვანელობს თეატრის სამხატვრო საამქროს მუშაობას და ხელს უწყობს თეატრში მოწვეული მხატვრების შემოქმედებითი პროცესის განხორციელებას.
მუხლი 5🔗. თეატრის ქონება და სამეურნეო საქმიანობა
1. თეატრის ქონებას წარმოადგენს მის ბალანსზე რიცხული ინვენტარი, დანადგარ-მოწყობილობები, სატრანსპორტო საშუალებები და სხვა ქონება, რომელიც მას გადაცემული აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
2. თეატრს უფლება აქვს პროფესიული საქმიანობის გასაუმჯობესებლად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, განკარგოს კანონით ნებადართული სამეურნეო (კომერციული) საქმიანობის განხორციელების შედეგად დარჩენილი შემოსავლები, რომლებიც საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გადახდის შემდეგ, მთლიანად ხმარდება თეატრს;
3. თეატრის ქონებად ითვლება აგრეთვე ინტელექტუალური საკუთრება და არამატერიალური აქტივი, რომელიც მის სტრუქტურაშია თავმოყრილი.
მუხლი 6🔗. თეატრის დაფინანსების წყაროები
1. თეატრის დაფინანსების წყაროებია:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება;
ბ) სხვა შემოსავლები, რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
მუხლი 7🔗. თეატრის საქმიანობის ბუღალტრული ანგარიშგება და კონტროლი
1. თეატრის სამეურნეო-საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს;
2. თეატრი აწარმოებს საბუღალტრო და სტატისტიკურ აღრიცხვას და წარადგენს ანგარიშგებებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
3. მიმდინარე წლის დასასრულამდე უფლებამოსილ ორგანოს დასამტკიცებლად წარუდგენს მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს.
მუხლი 8🔗. თეატრის სახელმწიფო კონტროლი
1. თეატრის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტურობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას;
2. თეატრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა;
3. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს თეატრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 9🔗. თეატრის ლიკვიდაცია-რეორგანიზაცია
1. თეატრის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოსა და აფხაზეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით;
2. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
მუხლი 10🔗. გარდამავალი დებულებანი
წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.