ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ბენეფიციარი – სოციალური დახმარების მიმღები;

ბ) თავშესაფარი – სოციალური მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც უზრუნველყოფს უსახლკარო პირებს ღამის სათევითა და საკვებით;

გ) რეინტეგრაცია – სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსებული პირის ბიოლოგიურ ოჯახში, მეურვესთან (მზრუნველთან) საცხოვრებლად დაბრუნება;

დ) მინდობით აღმზრდელი − დედობილი/მამობილი, რომელიც სახელმწიფოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე იმ პირის თავისთან ცხოვრებას და მასზე ზრუნვას, რომელიც მისი ოჯახის წევრი არ არის;

ე) მინისტრი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;

ვ) ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენელი – ოჯახის სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი ან ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც მიმართავს კომპეტენტურ ორგანოს სოციალური დახმარების მოთხოვნით და წარმართავს მასთან ურთიერთობებს;

ზ) სააგენტო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სამსახური;

თ) სამინისტრო – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო;

ი) სოციალური დახმარება – ნებისმიერი სახის, ფულადი ან არაფულადი ხასიათის სარგებელი, რომელიც განკუთვნილია სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირისათვის, ღატაკი ოჯახისათვის ან უსახლკარო პირისათვის;

კ) სოციალური დახმარების სისტემა – სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული, ორგანიზებული ან/და მისი მეთვალყურეობით განხორციელებულ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც მიმართულია სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირის, ღატაკი ოჯახის ან უსახლკარო პირის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ;

ლ) სოციალური მომსახურება – საქმიანობა, რომლის მიზანია არაფულადი სოციალური დახმარების მეშვეობით სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირის, ღატაკი ოჯახის ან უსახლკარო პირის სპეციფიკურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება;

მ) სოციალური მომსახურების მიმწოდებელი – ადმინისტრაციული ორგანო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრული წესით უზრუნველყოფს სოციალური მომსახურების მიწოდებას;

ნ) სოციალური მუშაკი – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირი;

ო) სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირები:

ო.ა) ობოლი და მშობელთა მზრუნველობამოკლებული ბავშვები;

ო.ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი;

ო.გ) ოჯახის მზრუნველობამოკლებული, თვითმომსახურების შეზღუდული უნარის მქონე სრულწლოვანი;

ო.დ) მარჩენალდაკარგული;

ო.ე) მიუსაფარი ბავშვი;

პ) პრევენცია – ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს პირის ოჯახურ გარემოში აღზრდის უპირატესი უფლების დაცვას და მისი მშობელთა მზრუნველობამოკლებულად ცნობისთვის თავის არიდებას;

ჟ) უსახლკარო პირი – მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე პირი, რომელიც  მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულია, როგორც უსახლკარო;

რ) ღატაკი
ოჯახი – განცალკევებულ საცხოვრებელ ფართობზე მუდმივად მცხოვრები პირი ან პირთა წრე, რომელიც ეწევა ერთობლივ შინასამეურნეო საქმიანობას და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ დონეზე ნაკლებია;

ს) შეფასების სისტემა – სისტემა, რომლის მეშვეობითაც ფასდება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და დგინდება მისი კეთილდღეობის დონე;

ტ) მინდობით აღზრდა − სახელმწიფო ზრუნვის ფორმა, რომელიც მიახლოებულია ოჯახურ ზრუნვასთან, მიზნად ისახავს მინდობით აღსაზრდელის მოვლასა და აღზრდას და ხორციელდება სახელმწიფოსა და მინდობით აღმზრდელს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე;

უ) მინდობით აღსაზრდელი – სახელმწიფოსა და მინდობით აღმზრდელს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მინდობით აღმზრდელისთვის მინდობით აღსაზრდელად გადაცემული პირი;

ფ) შინასამეურნეო საქმიანობა – ოჯახის სასიკეთოდ მიმართული საქმიანობა, რომელიც ითვალისწინებს საცხოვრებელი ადგილის ერთობლივ გამოყენებას, მის მოვლა-პატრონობას, ოჯახისათვის საჭირო საარსებო საშუალებების მოპოვებასა და ერთობლივ განკარგვა-განაწილებას;

ქ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი – პირი, რომელსაც ასეთი სტატუსი მინიჭებული აქვს „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ღ) მარჩენალდაკარგული – ერთ-ერთი ან ორივე გარდაცვლილი მშობლის შვილი (შვილები) 18 წლის ასაკის მიღწევამდე;

ყ) მიუსაფარი ბავშვი − ქუჩაში მცხოვრები არასრულწლოვანი ან/და ქუჩაში მომუშავე არასრულწლოვანი, რომელიც ასეთად იდენტიფიცირებულია შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სოციალური მუშაკის მიერ, ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების შესაბამისად.

საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2386-სსმI, №50, 31.12.2009წ., მუხ.403

საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3441-სსმI, №42, 22.07.2010წ., მუხ.265

საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6061 – ვებგვერდი, 07.05.2012წ.

საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის
კანონი
№
5447
- ვებგვერდი, 12.07.2016წ.

საქართველოს 2017 წლის 4 მაისის
კანონი
№747
- ვებგვერდი, 24.05.2017წ.

საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის
კანონი
№3082
- ვებგვერდი, 11.07.2018წ.

საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის

კანონი №6889
–
ვებგვერდი, 28.07.2020