განჩინება ინდივიდუალური მეწარმე ”მიხეილ მჭედლიძე”-ს გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე #2/ 1927-14
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
მოვალის გაკოტრებულად გამოცხადებისა და რეგისტრაციის
გაუქმების შესახებ
2014 წლის 1 აპრილი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი: ინდივიდუალური მეწარმე „მიხეილ მჭედლიძე”
წარმომადგენელი: გიორგი გვენეტაძე
მოთხოვნა: გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ი/მ „მიხეილ მჭედლიძის” გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2014 წლის 10 თებერვალს განცხადებით მიმართა ი/მ „მიხეილ მჭედლიძის” წარმომადგენელმა გიორგი გვენეტაძემ და ითხოვა ი/მ „მიხეილ მჭედლიძის” მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განმცხადებელი განმარტავს, რომ მოვალე ი/მ „მიხეილ მჭედლიძეს” 2014 წლის 10 თებერვლის მდგომარეობით აქვს 38 281,15 (ოცდათვრამეტი ათას ორას ოთხმოცდაერთი მთელი თხუთმეტი) ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება, მათ შორის ძირითადი დავალიანების ოდენობა შეადგენს 35 010,02 ლარს, ხოლო საურავის სახით დარიცხული თანხაა 3 271,13 ლარი. ი/მ „მიხეილ მჭედლიძეს” 2013 წლიდან შეწყვეტილი აქვს ყოველგვარი ეკონომიკური საქმიანობა, 2014 წლის 14 იანვრიდან კი საკონტროლო სალარო აპარატიც მოხსნილია რეგისტრაციიდან. მოვალე არ არის დასაქმებული და არ გააჩნია სხვა შემოსავალები. მოვალის აქტივის განმსაზღვრელი ერთადერთი ნივთია მის საკუთრებაში არსებული 20,7 კვ.მ საცხოვრებელი ბინა, მდებარე ბოლნისის რაიონის დაბა კაზრეთში, კორპ 126/1, ( საკადასტრო კოდი 80.14.64.024.01.002 ), რომლის საბაზრო ღირებულება თანდართული აუდიტორული დასკვნის თანახმად შეადგენს 2695,14 ლარს. აღნიშნული უძრავი ქონება დატვირთულია საგადასახადო გირავნობა / იპოთეკით ზემოაღნიშნული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების უზრუნველყოფის სახით. მოვალის წარმომადგენლის განმარტებით სხვა რაიმე უძრავი ან მოძრავი ქონება, მათ შორის სატრანსპორტო საშუალება, ი/მ ”მიხეილ მჭედლიძეს” საკუთრებაში არ გააჩნია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 თებერვლის განჩინებით ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ი/მ „მიხეილ მჭედლიძეს” უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას.ამასთან, კრედიტორებს განემარტათ, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით და მოეთხოვათ ი/მ „მიხეილ მჭედლიძის” მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყება და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება. ხოლო თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იქნებოდა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 17 თებერვლის განჩინება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2014 წლის 20 თებერვალს. განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში ი/მ „მიხეილ მჭედლიძის” კრედიტორებს განცხადებით სასამართლოსათვის არ მოუმართავთ.
გამომდინარე აღნიშნულიდან, ის გარემოება, რომ ი/მ „მიხეილ მჭედლიძის” კრედიტორებმა კანონით დადგენილ ერთ თვიან ვადაში არ მიმართეს სასამართლოს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით, საფუძველია ი/მ ”მიხეილ მჭედლიძის” გაკოტრებულად გამოცხადების და სამეწარმეო რეესტრში მისი რეგისტრაციის გაუქმების.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი/მ „მიხეილ მჭედლიძე” (ს/კ 10001012275) გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს მისი რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.
2. განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებგვერდზე.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6)
კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების ასლის მოვალისა და კრედიტორისათვის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში. სასამართლოსათვის უცნობ კრედიტორთა მხრიდან განჩინების გასაჩივრების ვადა შეადგენს განჩინების საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღეს.
მოსამართლე ბესიკ სისვაძე