განჩინება შპს „გიო“-ს განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/4992-14
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ
2014 წლის 1 აპრილი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ბესიკ სისვაძე
განმცხადებელი: შპს „გიო” (ს/ნ 234214882)
წარმომადგენელი: გიორგი ზედგინიძე
მოთხოვნა: გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2014 წლის 28 მარტს განცხადებით მიმართა შპს „გიოს” (ს/ნ 234214882) წარმომადგენელმა გიორგი ზედგენიძემ და მოითხოვა შპს ”გიოს” გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.
განცხადებაში მითითებულია, რომ შპს ”გიო” (ს/ნ 234214882) წარმოადგენს დავით კამლაძის 49%-იანი, ვალერი ირიაულის 49%-იანი და ავთანდილ კოროშინაძის 2%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს. საწარმოს კრედიტორი არის სსიპ – შემოსავლების სამსახური, რომლის მიმართაც 2014 წლის 20 მარტის მდგომარეობით გააჩნია დავალიანება ჯამურად 213 856.39 (ორას ცამეტი ათას რვაას ორმოცდათექვსმეტი მთელი ოცდაცხრამეტი) ლარის ოდენობით და ყოველ ვადაგასულ დღეზე ერიცხება საურავი 0,06%-ის ოდენობით. განცხადებაში მითითებულია, რომ დავალიანების გამო შემოსავლების სამსახურის შესაბამისი აქტით საწარმოს მთლიან ქონებაზე ვრცელდება საგადასახადო გირავნობა და იპოთეკა. საწარმოს 2013 წლის ნოემბრიდან შეწყვეტილი აქვს სამეწარმეო საქმიანობა, ყოველდღიურად უარესდება მისი ფინანსური მდგომარეობა და არ გააჩნია ვადამოსული მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობა. განმცხადებლის მითითებით, 2014 წლის 11 მარტის მდგომარეობით შპს ”გიოს” სახელზე არ ირიცხება უძრავი ქონება. დღეის მდგომარეობით კომპანიას საბანკო ანგარიშზე თანხაარ ერიცხება. განმცხადებლის მითითებით საწარმოს სახელზე არ ირიცხება არც მექანიკური სატრანსპორტო საშუალება.
განმცხადებლის მტკიცებით, მოვალეს არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს ვადამოსული მოთხოვნები და ამასთან, უზრუნველყოს გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისათვის საჭირო საპროცესო ხარჯის დაფარვა.
სასამართლო გაეცნო განცხადებას, მასზე თანდართულ დოკუმენტებს და მიიჩნევს, რომ შპს „გიოს” (ს/ნ 234214882)უარი უნდა ეთქვას განცხადების სასამართლო წარმოებაში მიღებაზე შემდეგი სახის საფუძველთა არსებობის გამო:
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ხსენებული განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წამოებაში მოღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის განცხადება. იგივე კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო მოვალის კრედიტორის ინფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არა უგვიანეს მე-3 დღისა ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” აქვეყნებს განჩინებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის დანაწესის თანახმად კი, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.
შპს „გიოს” მისი ქონების სიმცირისა და აქტივის დაბალი ღირებულების სამტკიცებლად სასამართლოსათვის წარდგენილი აქვს მთელი რიგი მტკიცებულებები. კერძოდ, წარმოდგენილია ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, სადაც აღნიშნულია, რომ საწარმოს ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი აქვს სს „პრივატბანკში” და სს „თიბისი ბანკში”. სს „პრივატბანკიდან” წარმოდგენილი საბანკო ამონაწერით დასტურდება, რომ შპს„გიოს” 2014 წლის 21 მარტის მგდომარეობით საბანკო ანგარიშზე ერიცხება 10.00 (ათი) ლარი. სს
„თიბისი ბანკიდან” წარმოდგენილი საბანკო ამონაწერის მიხედვით კი 2014 წლის 26 მარტის მდგომარეობით საწარმოს საბანკო ანგარიშზე ერიცხება 7.53 (შვიდი მთელი ორმოცდაცამეტი) ლარი. განმცხადებლის მიერ ასევე წარმოდგენილია სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 2014 წლის 15 მარტს გაცემული ცნობა, რომ შპს „გიოს” სახელზე რაიმე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება არ არის რეგისტრირებული. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 11 მარტის ცნობის თანახმად, შპს „გიოს” საჯარო რეესტრში არსებული განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონული წიგნის მონაცემებით რაიმე საკუთრება არ აქვს რეგისტრირებული. განმცხადებლის მიერ ასევე წარმოდგენილია შპს „გიოს” დირექტორის ვალერი ირიაულის გადაწყვეტილება გადახდი ს უუნარობის შესახებ.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინებით ინიშნება მეურვე. აღნიშნული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით მეურვის უფლებამოსილების განხორციელება დაკისრებული აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველოს სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს. იგივე კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებით დამტკიცდა ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესი. ამ ნორმატიული აქტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ფუნქციის განხორციელებისას მომსახურების გაწევის საფასური შეადგენს სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 7%-ს, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა.
განსახილველ შემთხვევაში მოვალე შპს ”გიოს” აქტივები არ გააჩნია. გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში წინასწარ განჭვრეტადი ხარჯის ოდენობა არის მინიმუმ 5000 ლარი. ასეთ პირობებში ცხადი ხდება, რომ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყება არათუ ასეთი წარმოების მიზნის – მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრასა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რელიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედოტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების მიღწევის შესაძლებლობას უზრუნველყოფს, არამედ გაკოტრების წარმოებისათვის აუცილებელი ხარჯის დაფარვაც კი შეუძლებელია. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ”საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ის საფუძველი, რომელიც გამორიცხავს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესაძლებლობას.
სასამართლომ იხელმძღვანელა„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „გიოს” (ს/ნ 234214882) უარი ეთქვას მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.
2 . განემარტოთ კრედიტორებს, რომ თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორთაგან რომელიმე შპს „გიოს” (ს/ნ 234214882) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, შპს „გიო” (ს/ნ 234214882) გამოცხადდება გაკოტრებულად, რაც თავის მხრივ განაპირობებს მოვალე შპს „გიოს” (ს/ნ(ს/ნ 234214882) რეგისტრაციის გაუქმებას.
3. კრედიტორთა ინფორმირების მიზნით განჩინება არაუგვიანეს 2014 წლის 07 აპრილისა გამოქვეყნდეს ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უნდა უზრუნველყოს შპს ”გიომ” (ს/ნ 234214882).
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში.
მოსამართლე ბესიკ სისვაძე