ნიადაგების დაცვისა და ნაყოფიერების ამაღლების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.05.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-93
სარეგისტრაციო კოდი 340170000.22.032.016148
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/05/2014
matsne.gov.ge 1,164 სიტყვა · ~6 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ნიადაგების დაცვისა და ნაყოფიერების ამაღლების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-93 2014 წლის 5 მაისი ქ. თბილისი ნიადაგების დაცვისა და ნაყოფიერების ამაღლების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ : მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული ნიადაგების დაცვისა და ნაყოფიერების ამაღლების სახელმწიფო პროგრამა. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრიშალვა ფიფია ნიადაგების დაცვისა  და ნაყოფიერების ამაღლების  სახელმწიფო პროგრამა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ნიადაგი მცენარისთვის აუცილებელი სასიცოცხლო პირობების და სასოფლო-სამეურნეო წარმოების უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი რესურსია. ნიადაგი არა მხოლოდ სიცოცხლეს უზრუნველყოფს დედამიწაზე, არამედ წარმოადგენს ქვეყნის უმთავრეს ეროვნულ სიმდიდრეს და სოფლის მეურნეობის განვითარების უალტერნატივო საშუალებას.  2. დღეს მსოფლიო უდიდესი პრობლემის წინაშე დგას – იზრდება მოსახლეობის რიცხვი და მათი მოთხოვნილება სასოფლო - სამეურნეო პროდუქტებზე, სულ უფრო და უფრო ძლიერდება ანთროპოგენური ზეგავლენა ბიომრავალფეროვნებაზე. გარდა ამისა, უარყოფითი ბუნებრივი მოვლენების შედეგად, მატულობს ნიადაგების დანაკარგები და მცირდება მათი ეფექტური ნაყოფიერება. ამ გლობალურ პროცესებში ნიადაგური საფარის დაცვა, ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა–გაუმჯობესების ეფექტური ღონისძიებების გატარება წარმოადგენს, როგორც  სახელმწიფოებრივ, ასევე, თითოეული მოქალაქის  ვალს, წინააღმდეგ შემთხვევაში – „კულტურა, თუ იგი სტიქიურად ვითარდება და შეგნებულად არ წარიმართება, თავის შემდეგ დატოვებს უდაბნოებს". 3. სოფლის მეურნეობის განვითარების  ერთ-ერთ წინაპირობას ნიადაგური რესურსების გაუმჯობესება-ათვისება წარმოადგენს. ნიადაგური საფარის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, საქართველო  საინტერესო ქვეყანაა, რომელსაც „ნიადაგების ბუნებრივი მუზეუმიც“ კი უწოდეს. მათი ნაირფეროვნება ნიადაგწარმომქმნელი ფაქტორების კომბინაციების ცვლილებების, ნიადაგების ფორმირების და განვითარების სპეციფიკური პროცესების შედეგია. სწორედ ამიტომ, ქვეყნის შედარებით მცირე ტერიტორიაზე, გვხვდება მსოფლიოში არსებული თითქმის ყველა სახის ნიადაგი. ზოგიერთი მათგანი პირველად სწორედ საქართველოში იქნა აღწერილი და შესწავლილი, რომლებმაც შემდეგში მსოფლიო აღიარება მოიპოვეს. მუხლი 2🔗. საქართველოს ნიადაგური რესურსები 1. საქართველოს ტერიტორია ხუთ კლიმატურ სარტყელს და რვა ნიადაგურ ზონას მოიცავს. ნიადაგური საფარის ტიპოლოგიურ–ტაქსონომიური მრავალკომპონენტიანობის მიუხედავად, მისი გეოგრაფიული განაწილება კარგად გამოხატული ზონალური კანონზომიერებით ხასიათდება. 2. დასავლეთ საქართველოს ალპურ და სუბალპურ  ზონაში გავრცელებულია: მთა–მდელოს,  მთა–მდელოს შავმიწისებრი, მთა-ტყე-მდელოს ნიადაგები. მთა-ტყის ზონის ძირითად ნიადაგურ ტიპს ყომრალი და ყვითელ–ყომრალი ნიადაგები წარმოადგენს. გორაკ-ბორცვიან ზონაში გვხვდება წითელმიწები და ყვითელმიწები. კოლხეთის დაბლობზე განსხვავებული გეომორფოლოგიური პირობების შესაბამისად გვხვდება ყვითელმიწა (სუბტროპიკული) ეწერი, ყვითელმიწა (სუბტროპიკული) ეწერ-ლებიანი და ჭაობიანი ნიადაგები. 3. აღმოსავლეთ საქართველოს ალპურ და სუბალპურ ზონაში გავრცელებულია მთა-მდელოს, მთა–მდელოს შავმიწისებრი, მთა-ტყე მდელოს ნიადაგები. მთა–ტყის ზონაში საკმაო ფართობზე გვხვდება ყომრალი ნიადაგები. ტყე–სტეპის ზონა უკავია ყავისფერ ნიადაგებს, ხოლო დეპრესიულ ადგილებში გავრცელებულია მდელოს–ყავისფერი ნიადაგები. სტეპის ზონაში ბარის შავმიწებსა და რუხ–ყავისფერ ნიადაგებს შორის გვხვდება ნეშომპალა–სულფატური (ე.წ. გაჯიანი) ნიადაგები. დამლაშებული ნიადაგების არეალი ალაზნის, ელდარის, ტარიბანა–ნატბეურის და რიგ სხვა აკუმულაციურ ვაკეებსაც მოიცავს. საქართველოს სხვადასხვა ბუნებრივ ზონაში, ალუვიონის მასალაზე, ფორმირდება ალუვიური ნიადაგები, ხოლო კორდიან-კარბონატული ნიადაგების არეალი ემთხვევა კირქვებისა და მერგელების არეალს. 4. სამხრეთ საქართველოში ძირითადად გვხვდება შავმიწები და მთა–მდელოს შავმიწისებრი ნიადაგები, რომელთაც დიდი ფართობი უკავიათ ჯავახეთის, წალკის, გომარეთის, დმანისის ზეგნებსა და ვაკეებზე. მთა-ტყის ზონის ფარგლებში ასევე ფართოდაა გავრცელებული  ყომრალი ნიადაგები. 5. საქართველოს ნიადაგური რესურსი, მიუხედავად ნიადაგური მრავალფეროვნებისა, სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის საკმაოდ შეზღუდულია. ქვეყნის სავარგულების 70%-ზე მეტი აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, განსაკუთრებით მაღალია მისი წილი კახეთსა და ჯავახეთში, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სასოფლო - სამეურნეო სავარგულების (მთელი ფართობის)  6,7% უკავია დაბალნაყოფიერ და მლაშე ნიადაგებს, 11%- (300 000ჰა) მჟავე, 7,3%-(210 000ჰა) დაჭაობებულ, ხოლო 33% (1 მილონი ჰა) ეროზირებულ ნიადაგებს.  აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახნავი მიწების 60% სხვადასხვა ხარისხითაა (სუსტად ეროზირებულია 2,7 ათასი ჰა (31 %), საშუალოდ – 2,5 ათასი ჰა, (28 %), ძლიერ - 0,1 ათასი ჰა.)  ეროზირებული. სწორედ ამ რეგიონში შეინიშნება ე.წ. „ნიადაგური მიგრაცია", რასაც თან სდევს მოსახლეობის მიერ ძირძველი საცხოვრებელი ადგილების მიტოვება. ასევე, 2005 წელს, კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის პროექტის მიწის კონსოლიდაციის კომპონენტის მიერ ჩატარებული კვლევებით  ჩანს, რომ საქართველოს  სასოფლო - სამეურნეო სავარგულის 70–80% ღარიბია მცენარისთვის აუცილებელი საკვები ელემენტებით, ხოლო ნიადაგების  ხარისხობრივმა  შესწავლამ აჩვენა, რომ ძირითადი სასოფლო - სამეურნეო  კულტურების წარმოებისთვის ქვეყნის ნიადაგები „კარგ" და „საშუალო" კატეგორიას განეკუთვნებოდა. 6. ამრიგად, საქართველოს ნიადაგური რესურსები  საჭიროებს ნაყოფიერების კონსერვაცია–გაუმჯობესებას, სოფლის მეურნეობის გაფართოებისა და მათი დაცვის მიზნით, მელიორაციული ღონისძიებების გატარებას. მუხლი 3🔗. სახელმწიფო მართვა ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა–გაუმჯობესების სფეროში 1. ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა–გაუმჯობესების სფეროში სახელმწიფო მართვას ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომლის ძირითადი ფუნქციებია: ა) ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა–გაუმჯობესების სფეროში სტრატეგიისა და ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა; ბ) სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავება და მართვა; გ) ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ ნორმატიული აქტების შემუშავება; დ) მეცნიერულ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ე) რეკომენდაციების მიღება; ვ)  სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების კოორდინაცია; ზ) ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების მდგომარეობის, სახელმწიფო  მიზნობრივი პროგრამების განხორციელებისა და დაფინანსების, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო სავარგულების აგროქიმიური მომსახურების, ნიადაგების ნაყოფიერების დამადასტურებელი ცნობების გაცემისა  და მონიტორინგის მდგომარეობის შესახებ მოხსენების მომზადება და მთავრობისთვის წარდგენა ორ წელიწადში ერთხელ; თ) მლაშობი, ბიცობი, მჟავე, ეროზირებული, დაზიანებული, ძლიერდაქვიანებული, განმეორებით დაჭაობებული და სხვა დაბალნაყოფიერი სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ინვენტარიზაცია და სათანადო მონიტორინგი ასევე, მიწის კადასტრის ერთიან სისტემაში ნიადაგის ხარისხობრივი და ეკონომიკური შეფასების მონაცემთა შემუშავება. 2. ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა–გაუმჯობესების სფეროში, სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელიც უფლებამოსილია შეამოწმოს: ა) ნიადაგების ნაყოფიერების მდგომარეობა, ნაყოფიერების ამაღლების საშუალებათა შემოტანის წესების დაცვა, მათი გამოყენების რეგლამენტები და აგროწესები, ასევე ნიადაგებზე აგროტექნიკური, აგროქიმიური, აგროსატყეო, ირიგაციული, ფიტოსანიტარული, სანიტარულ–ჰიგიენური ღონისძიებების განხორციელების ვითარება და საქართველოს ნორმატიული აქტების სხვა მოთხოვნათა დაცვა; ბ) ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების ღონისძიებათა გატარების მდგომარეობა და ეფექტიანობა; გ) ნიადაგების რადიონუკლიდებით, მძიმე მეტალებითა და ტოქსიკური ელემენტებით, ენტომოლოგიური, ჰელმინთოლოგიური, ბაქტერიული და ვირუსული დაბინძურება და მისი საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების ეფექტიანობა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით; დ) მიწათმოქმედისგან მოითხოვოს აგროქიმიური, აგროსატყეო, მელიორაციული, მცენარეთა დაცვის და სხვა ღონისძიებების შეზღუდვა ან შეწყვეტა, თუ იგი ზიანს აყენებს გარემოს ან სხვის გამგებლობაში არსებულ მიწებს. მუხლი 4🔗. არსებული  პრობლემები  და  მათი გადაჭრის გზები 1. ქვეყნის მასშტაბით, არაპროფესიონალური სამეურნეო საქმიანობა  კიდევ უფრო აღრმავებს ეროზიულ პროცესებს, ამცირებს ნიადაგების ნაყოფიერებას და არღვევს ეკოლოგიურ წონასწორობას. ნიადაგების საკვები ნივთიერებებით გამდიდრების პროცესი ხშირ შემთხვევაში მიმდინარეობს არაკვალიფიციური აგრო-სამეცნიერო ცოდნით, რამაც თითქმის ყველა ნიადაგში მცენარისთვის საჭირო საკვები ელემენტების დეფიციტი ან სიჭარბე გამოიწვია. 2. სფეროში არსებულ პრობლემებს წარმოადგენს: ა) საქართველოს ნიადაგების საერთო მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის არარსებობა - საქართველოს ნიადაგების ქიმიური, ფიზიკური და ფიზიკურ–ქიმიური მაჩვენებლების შესწავლა, ფართო მასშტაბით,  უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე არ განხორციელებულა;  ბ) საკადრო რესურსის სიმცირე - როგორც საველე ასევე ლაბორატორიული კვლევების კვალიფიციური წარმართვისთვის;  გ) თანამედროვე მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიული ბაზების სიმცირე; დ) ნიადაგური მონაცემების შესახებ სრულყოფილი საინფორმაციო სისტემის არ არსებობა. 3. პრობლემის გადაჭრის გზები:  ა) საქართველოს ნიადაგების ქიმიური, ფიზიკური და ფიზიკურ–ქიმიური მაჩვენებლების შესწავლა, ეროზირების ხარისხის დადგენა, სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის განოყიერების სისტემების შესახებ რეკომენდაციების შედგენა; ბ) ნიადაგების შესახებ სამართლებრივი ბაზის მოწესრიგება; გ) ნიადაგის კვლევის თანამედროვე მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიის ჩამოყალიბება; დ) საველე და ლაბორატორიული კვლევების კვალიფიციურად წარმართვისთვის  შესაბამისი კადრების მომზადება; ე) ქვეყნის მასშტაბით ნიადაგის, როგორც სოფლის მეურნეობის წარმოების ძირითადი საშუალების პოპულარიზაცია; ვ) ნიადაგური მონაცემების შესახებ საინფორმაციო სისტემის აღდგენა/განახლება. მუხლი 5🔗. პროგრამის  ძირითადი არსი პროგრამის  ძირითადი არსია: ა) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ქვეშ გავრცელებული ნიადაგების საერთო მდგომარეობის შესწავლა (ინვენტარიზაცია) და საჭიროების შესაბამისად სარეაბილიტაციო ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება; ბ) ნიადაგების საინფორმაციო სივრცის სრულყოფა (გერმანიის განვითარების (KfW) ბანკის დაფინანსებით შესრულებული კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის პროექტის მიწის კონსოლიდაციის კომპონენტის ფარგლებში შექმნილი მონაცემთა ბაზის აღდგენა და მისი შემდგომი გაფართოება). მუხლი 6🔗.  პროგრამის ამოცანები პროგრამის ამოცანებია: ა) ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ქვეშ გავრცელებული ნიადაგების ინვენტარიზაცია, სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის განოყიერების სისტემების შედგენა, ნიადაგების ეროზირების ხარისხის დადგენა; ბ) ჩატარებული გამოკვლევებით მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით ნიადაგების დაცვისა და აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება; გ) ნიადაგების საინფორმაციო სივრცის სრულყოფა (გერმანიის განვითარების (KfW) ბანკის დაფინანსებით შესრულებული კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის პროექტის მიწის კონსოლიდაციის კომპონენტის ფარგლებში შექმნილი მონაცემთა ბაზის აღდგენა და მისი შემდგომი გაფართოება). მუხლი 7🔗. პროგრამის ობიექტი პროგრამის ობიექტია ქვეყნის სამიწათმოქმედო ზონის და სათიბ-საძოვრების ნიადაგური საფარი, როგორც ინვენტარიზაციის ობიექტი. მუხლი 8🔗. პროგრამის მოსალოდნელი სოციალურ-ეკონომიკური ეფექტი პროგრამის შესრულება გახდება ნიადაგების რაციონალური მართვისა და მათი დაცვის ეფექტური საშუალება. მუხლი 9🔗. პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულება პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულებაა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.