საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 14.04.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №288
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.017908
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 14/04/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.04.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №288
2014 წლის 14 აპრილი
ქ.თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - კონკურენციის სააგენტოს
დებულების დამტკიცების შესახებ
,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-7 პუნქტის და 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციის სააგენტოს თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციის სააგენტოს დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. კონკურენციის სააგენტო (შემდგომში - სააგენტო) არის „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოში ახორციელებს კონკურენციის სახელმწიფო პოლიტიკას.
2. სააგენტოს ძირითადი ამოცანაა კონკურენციის პოლიტიკის განხორციელება, საქართველოში კონკურენციის განვითარების ხელშემწყობი პირობების შექმნა და დაცვა და ამ მიზნით ყველა ტიპის ანტიკონკურენციული შეთანხმებებისა და ქმედებების დაუშვებლობა, გამოვლენა და აღკვეთა.
3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით.
4. სააგენტოს, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ფუნქციების განსახორციელებლად, ჰყავს თავმჯდომარე, რომელიც განსაზღვრავს თავმჯდომარის მოადგილეების, სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და რეგიონებში წარმომადგენელთა უფლებამოსილებებს.
5. სააგენტოს გადაწყვეტილებების და სხვა სამართლებრივი აქტების შესრულება სავალდებულოა სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ეკონომიკური აგენტებისათვის.
6. სააგენტო, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, გამოდის მესამე პირებთან ურთიერთობაში და უფლებამოსილია გამოვიდეს სასამართლოში მხარედ.
7. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და სახელწოდებით, ბლანკი და იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.
8. სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საზოგადოების წინაშე.
9. სააგენტო თავისი საქმიანობისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დამოუკიდებელია.
10. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ინგოროყვას ქ. №7.
მუხლი 2🔗. სააგენტოს საქმიანობის პრინციპები
1. სააგენტო საქმიანობს დამოუკიდებლობის, არადისკრიმინაციულობის, მიუკერძოებლობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების დაცვით.
2. სააგენტო უზრუნველყოფს მისი გადაწყვეტილებების განსაჯაროებას.
მუხლი 3🔗. სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებები
სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:
ა) კონკურენციის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პოლიტიკის განხორციელება, ამ მიზნით შესაბამისი ნორმატიული აქტების შემუშავებისა და გამოყენების სრულყოფისათვის წინადადებების მომზადება;
ბ) კონკურენციის შეზღუდვისა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტების გამოსავლენად სასაქონლო და მომსახურების ბაზრების მონიტორინგი და ანალიზი;
გ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 111 მუხლით განსაზღვრული კონცენტრაციის შემთხვევაში კონკურენციული ეფექტის სავალდებულო შეფასება, დასკვნის მომზადება და გაცემა;
დ) კონკურენციის განვითარებისა და მონოპოლიური საქმიანობის შეზღუდვის ღონისძიებათა განსახორციელებლად სახელმწიფო ორგანოებისათვის განსახილველად წინადადებების წარდგენა;
ე) კონკურენციის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დაცვის კონტროლი, კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენა, განხილვა და კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება;
ვ) მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების მონიტორინგი;
ზ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სხვა ქვეყნების კონკურენციის პოლიტიკის დაცვის უფლებამოსილების მქონე ორგანოებთან თანამშრომლობა;
თ) საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან თანამშრომლობა კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და კონკურენციის პოლიტიკის სრულყოფის, აგრეთვე, ორგანიზაციულ-სამართლებრივი, ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის პრობლემების გადაჭრის მიზნით;
ი) კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და კონკურენციის პოლიტიკის მიზნებსა და ამოცანებში საზოგადოების გათვითცნობიერება, სააგენტოს საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფა.
სააგენტო უფლებამოსილია:
ა) აწარმოოს საქმის მოკვლევა წარდგენილი განცხადების ან/და საჩივრის საფუძველზე, ან საკუთარი ინიციატივით;
ბ) კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით შესაბამის ეკონომიკურ აგენტს, სხვა დაინტერესებულ მხარეს მოსთხოვოს ინფორმაცია, მათ შორის, მისი სამართლებრივი, ორგანიზაციული და სამეურნეო ურთიერთობების შესახებ, გაეცნოს ეკონომიკური აგენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას;
გ) საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მიუღებლობის შემთხვევაში, მოკვლევის მიზნით, სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა ეკონომიკური აგენტის მიერ შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის თაობაზე;
დ) საქმის მოკვლევის ეტაპზე, საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს შესაბამისი პირები მათგან ახსნა-განმარტების მისაღებად და მოაწყოს მათთან შეხვედრები;
ე) კანონმდებლობით დადგენილი პირობებითა და წესით გასცეს დასკვნა საწარმოთა კონცენტრაციის კონკურენციული ეფექტის თაობაზე;
ვ) მოკვლევის მიზნით, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე, ადგილზე შეამოწმოს საქმეში ჩართული ეკონომიკური აგენტი;
ზ) მიმართოს სასამართლოს დასაბუთებული შუამდგომლობით ეკონომიკური აგენტის გარკვეული ქმედების დროებით, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერების თაობაზე;
თ) საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, ეკონომიკურ აგენტს დააკისროს ადმინისტრაციული ჯარიმა;
ი) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, დააკისროს შესაბამისი ჯარიმა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად;
კ) ეკონომიკურ აგენტს მოსთხოვოს განხორციელებული ქმედების „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
ლ) საჭიროების შემთხვევაში, მოიწვიოს ექსპერტები საქმის მოკვლევის პროცესში;
მ) მიზანშეწონილობის შემთხვევაში, აწარმოოს კვლევა დაუკვირვებადი ეკონომიკის მასშტაბების დასადგენად შესაბამის ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის განმსაზღვრელი საბაზრო წილის განსაზღვრის მიზნით;
ნ) დომინირებული მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტის მიერ საქართველოს კანონმდებლობის არაერთგზის დარღვევისას შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას მისი იძულებითი დაყოფის საკითხი, თუ არსებობს საწარმოს ორგანიზაციული და ტერიტორიული განცალკევების შესაძლებლობა, ან განახორციელოს კონკურენციის პოლიტიკით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები;
ო) შესაბამისი ორგანოების წინაშე დასვას საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობის დამრღვევი ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობის საკითხი;
პ) მოსთხოვოს სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებათა შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია;
ჟ) ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის შემთხვევაში, მოითხოვოს დასაბუთებული წერილობითი დასკვნა და წარადგინოს შესაბამისი რეკომენდაცია სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ მიღებული კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების თაობაზე, მათ შორის, მოითხოვოს კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილების გაუქმება, ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, დასვას საკითხი შესაბამისი ზემდგომი ორგანოს ან თანამდებობის პირის წინაშე;
რ) განსახილველად წარუდგინოს სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს სავალდებულო წინადადებები და რეკომენდაციები სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე კონკურენციული გარემოს გაჯანსაღების მიზნით, მათ შორის:
რ.ა) შესაბამის ბაზარზე შესვლის ან/და გაფართოების საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ბარიერების არსებობის და მათი აღმოფხვრის საჭიროების თაობაზე;
რ.ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვაჭრობის ტექნიკური ბარიერების გაუქმების თაობაზე, თუ ისინი ზღუდავენ კონკურენციას;
ს) საქართველოს მთავრობას მიმართოს დასკვნით და, საჭიროების შემთხვევაში – რეკომენდაციით, თუ გაცემული სახელმწიფო დახმარება მნიშვნელოვნად ზღუდავს კონკურენციას;
ტ) უფლებამოსილებათა განსახორციელებლად, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია, ხოლო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, დასვას მისი თანამდებობის პირის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი;
უ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის საფუძველზე საგადასახადო ორგანოსაგან გამოითხოვოს და მიიღოს იდენტიფიცირებული ინფორმაცია ცალკეულ გადასახადის გადამხდელთა თაობაზე;
ფ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გასცეს სარეკომენდაციო განმარტება კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით;
ქ) უზრუნველყოს თათბირების, სემინარებისა და კონფერენციების გამართვა თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების თაობაზე;
ღ) მონაწილეობა მიიღოს კონკურენციის სფეროსთან დაკავშირებით საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაში;
ყ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 4🔗. სააგენტოს მართვა
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ–მინისტრი.
2. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე.
3. სააგენტოს თავმჯდომარე დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების თაობაზე, მოქმედებს სააგენტოს სახელით, წარმოადგენს მას სხვა ორგანოებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობაში, წყვეტს სააგენტოს ამოცანებით, ფუნქციებითა და უფლებამოსილებებით განსაზღვრულ საკითხებს.
4. სააგენტოს თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს, წარმოადგენს სააგენტოს და მოქმედებს სააგენტოს სახელით;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს სააგენტოს საშტატო ნუსხას;
გ) განსაზღვრავს სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეების, სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და რეგიონებში წარმომადგენელთა უფლებამოსილებებს;
დ) თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს, ინსტრუქციებს და მეთოდურ მითითებებს);
ვ) ამტკიცებს საგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს;
ზ) განკარგავს საააგენტოს სახსრებსა და ქონებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) უფლებამოსილია შექმნას სათათბირო ორგანოები და განსაზღვროს მათი უფლებამოსილება;
ი) ახორციელებს სააგენტოს გამგებლობას მიკუთვნებულ სხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს.
5. სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეებს უფლება აქვთ მიიღონ გადაწყვეტილება სააგენტოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრული ფუნქციების ფარგლებში. სააგენტოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე, სააგენტოს უფროსის შესაბამისი ბრძანების საფუძველზე.
მუხლი 5🔗. სააგენტოს სტრუქტურა
სააგენტოს ცენტრალური აპარატი აერთიანებს შემდეგ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს:
ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
ბ) კონკურენციის დეპარტამენტი;
გ) სამართლებრივი და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტი;
დ) ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტი;
ე) რეგიონული წარმომადგენლები;
ვ) შიდა აუდიტორი.
სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის წესი განისაზღვრება სააგენტოს შინაგანაწესით.
ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სააგენტოს საკანცელარიო და საარქივო საქმისწარმოება;
ბ) ადამიანური რესურსების მართვა;
გ) სააგენტოს საინფორმაციო–ტექნოლოგიური უზრუნველყოფა;
დ) სააგენტოს საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება და ფინანსური მენეჯმენტი;
ე) სააგენტოს საქმიანობის მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფა;
ვ) სააგენტოს საქმიანობის მონიტორინგი, ანალიზი და სტრატეგიის განსაზღვრა, სააგენტოს მიერ განხორციელებული მოკვლევის შედეგების ანალიზი, წლიური ანგარიშის პროექტის მომზადება;
ზ) საერთაშორისო ურთიერთობების (თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან) წარმართვა და კოორდინაცია;
თ) მედიასთან თანამშრომლობა და საჯარო ინფორმაციის გავრცელების უზრუნველყოფა, სააგენტოს ვებგვერდის წარმოება;
ი) საზოგადოების გათვითცნობიერება და საგანმანათლებლო საქმიანობა.
4. კონკურენციის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ეკონომიკის ყველა სფეროში ეკონომიკური აგენტებისა და ხელისუფლების ანტიკონკურენციული ქმედებების (კონკურენციის შემზღუდავი შეთანხმებები და ხელშეკრულებები, დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, შერწყმები და საბაზრო ძალაუფლების კონცენტრაციის სხვა ფორმები), აგრეთვე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება, საჩივრების/განცხადებების განხილვა და, საჭიროების შემთხვევაში, მოკვლევის წარმოება;
ბ) სახელმწიფო დახმარებების პროექტების შეთანხმება; სახელმწიფო დახმარებების პროგრამებისა და სქემების კონკურენციის პრინციპებთან შესაბამისობის დადგენა და შესაბამისი სამართლებრივი დასკვნის პროექტის მომზადება. სახელმწიფო დახმარებების კონკურენციული ეფექტის შეფასება;
გ) შეტყობინებების განხილვა და დასკვნების პროექტების მომზადება, ანტიკონკურენციული ეფექტის მქონე კონცენტრაციებთან დაკავშირებული დასკვნებისა და პროექტების მომზადება;
დ) კონკურენტული გარემოს მდგომარეობის ანალიზი ქვეყნის სასაქონლო/მომსახურების ბაზრების შესახებ, კონკურენციის შეზღუდვის ნიშნებისა და ტენდენციების გამოვლენის შემთხვევაში სააგენტოს ხელმძღვანელის წინაშე საკითხის დასმა მოკვლევის დაწყების თაობაზე.
5. სამართლებრივი და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული და ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ბ) ეკონომიკის სფეროსთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნების მომზადება;
გ) სააგენტოში შესული განცხადების განხილვა და პასუხის პროექტის მომზადება;
დ) საქმის მომზადება სასამართლო დავების განხილვისათვის და სასამართლოში სააგენტოს წარმომადგენლობა;
ე) საზოგადოების კონსულტირება;
ვ) კონკურენციის კანონმდებლობის გამოყენებასთან დაკავშირებით სარეკომენდაციო განმარტებების პროექტების მომზადება.
6. ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ეკონომიკური ანალიზი, დარგობრივი და თემატური კვლევები, მარეგულირებელი ქმედებების კონკურენციული ეფექტის შეფასება და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადება;
ბ) ანალიტიკურ მონაცემთა ბაზების შექმნა და გამოყენება.
რეგიონული წამომადგენლების ფუნქციაა კონკურენციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება რეგიონულ დონეზე.
შიდა აუდიტორი უზრუნველყოფს შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებას.
მუხლი 6🔗. სააგენტოს ქონება და ფინანსები
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს, დადგენილი წესით, გადაეცემა ქონება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:
ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები.
3. სააგენტომ, მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობით, შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) სესხის აღება;
ბ) თავდებობა.
მუხლი 7🔗. სააგენტოს წლიური ანგარიში
არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა, სააგენტო ამზადებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და საზოგადოებას წარუდგენს წლიურ ანგარიშს გაწეული მუშაობისა და საქართველოს სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე კონკურენციული გარემოს მდგომარეობის შესახებ. ანგარიში ექვემდებარება გამოქვეყნებას ბეჭდური და ელექტრონული ფორმით.
მუხლი 8🔗. კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა
1. სააგენტო ვალდებულია:
ა) დაიცვას ეკონომიკური აგენტის თაობაზე ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომელიც შეიცავს კომერციულ ან/და საგადასახადო საიდუმლოებას;
ბ) დაიცვას იმ პირის პირადი მონაცემების კონფიდენციალურობა, რომელიც არის ინფორმაციის მიმწოდებელი და სააგენტოს მიმართავს მისი პირადი მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის თხოვნით;
გ) უზრუნველყოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა და გაუვრცელებლობა.
2. დაუშვებელია კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა და გავრცელება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.
3. დაუშვებელია სააგენტოში დასაქმებულთა მიერ კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენება და გავრცელება, მათ შორის, პირადი, აკადემიური, სამეცნიერო და სხვა საქმიანობის განსახორციელებლად.
4. სააგენტოში დასაქმებულთა მიერ ამ მუხლის დებულებათა დარღვევა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.
5. განზოგადებული ინფორმაცია შესაბამისი ბაზრის შესახებ, ასევე, მონაცემები ეკონომიკური აგენტების რაოდენობის, მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების თაობაზე არ შეიძლება კონფიდენციალური იყოს.
მუხლი 9🔗. ინტერესთა კონფლიქტი
1. სააგენტოს უფლებამოსილი პირი უნდა იყოს დაინტერესებულ მხარეთაგან დამოუკიდებელი პროფესიულ საქმიანობაში, შეფასებასა და გადაწყვეტილების მიღებაში.
2. თუ, ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, არსებობს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრული ურთიერთობები სააგენტოს უფლებამოსილ პირსა და იმ ეკონომიკურ აგენტს შორის, რომლის მიმართაც სააგენტო ახორციელებს საქმის მოკვლევას, სააგენტოს უფლებამოსილმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა განაცხადოს ინტერესთა კონფლიქტის შესახებ.
3. სააგენტოს უფლებამოსილი პირი არ უნდა ახორციელებდეს სხვა ისეთ საქმიანობას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის მიუკერძოებლობასა და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დამოუკიდებლობაზე.
4. სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.
მუხლი 10🔗. სააგენტოს რეორგანიზაციის და ლიკვიდაციის წესი
სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 11🔗. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი
ამ დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით.