კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.04.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ნომერი №05/83
სარეგისტრაციო კოდი 450040010.22.054.016111
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/04/2014
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.04.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მინისტრი მირიანე ოდიშარია | მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის
ბრძანება
№05/83
2014 წლის 16 აპრილი
ქ. თბილისი
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საქმიანობის ეფექტურად განხორციელების მიზნით, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის თანახმად,
ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს თანდართული დებულება;
მუხლი 2🔗
ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 22 ოქტომბრის №3/192 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრიმირიანე ოდიშარია
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო (შემდგომში – საბჭო) არის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სათათბირო ორგანო.
2. საბჭო თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, მოქმედი კანონმდებლობით, აგრეთვე ამ დებულებითა და სხვა სამართლებივი აქტებით.
მუხლი 2🔗.
საბჭოს სტრუქტურა და შემადგენლობა
1. საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს მინისტრი.
2. საბჭოს შემადგენლობაში შედიან:
ა) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 3 წარმომადგენელი;
ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 1 წარმომადგენელი;
გ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 1 წარმომადგენელი;
დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 1 წარმომადგენელი;
ე) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითადების სამინისტროს 1 წარმომადგენელი;
3. საბჭოს წევრები ინიშნებიან 6 თვის ვადით.
4. საბჭო შედგება 7 წევრისაგან. საბჭოს შემადგენლობაში, უზრუნველყოფილ უნდა იქნეს შესაბამისი სპეციალისტ(ებ)ის მონაწილეობა.
მუხლი 3🔗.
საბჭოს ფუნქციები
საბჭო იხილავს:
ა) კომპეტენციის ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების დადგენის საკითხებს;
ბ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების საზღვრებში (გარდა აჭარის ავტონომიური რეპუბლიკისა) განსახორციელებელი სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების, კეთილმოწყობისა და მხატვრული გაფორმების, მცირე არქიტექტურული ფორმების, საინჟინრო მოწყობილობებისა და რეკლამების წინადადებებსა და პროექტებს, კომპეტენციის ფარგლებში, მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ, სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
გ) ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოში დისონანსის შემტანი და შეუსაბამო შენობა-ნაგებობების სრული ან ნაწილობრივი დემონტაჟისა და მათი ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოსთან არქიტექტურულ-მხატვრული ხასიათითა და მასშტაბით შერწყმული შენობა-ნაგებობებით ჩანაცვლების საკითხებს;
დ) მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ქალაქთ-მშენებლობითი დოკუმენტაციის პროექტებს;
ე) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში არსებულ საერთაშორისო სამართლებრივ აქტებზე საქართველოს მიერთების საკითხებს;
ვ) „მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ 1972 წლის კონვენციით შექმნილ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ძეგლების წარდგენის საკითხებს;
ზ) კულტურული მემკვიდრეობის სფეროში განსახორციელებელ სახელმწიფო პროექტებსა და პროგრამებს;
თ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭებისა და მოხსნის, ასევე კატეგორიის განსაზღვრისა და შეცვლის საკითხებს;
ი) ისტორიული დასახლებებისათვის სტატუსის მინიჭებისა და მოხსნის საკითხებს;
კ) სამინისტროს მიერ განსახილველად წარდგენილ სხვა საკითხებს.
მუხლი 4🔗.
საბჭოს საქმიანობისა წესი
1. საბჭოს საქმიანობას წარმართავს თავმჯდომარე, რომელიც ინიშნება მინისტრის მიერ.
3. საბჭოს სხდომების მოწვევას, საოქმო ჩანაწერების წარმოებასა და დღის წესრიგის შედგენას უზრუნველყოფს მდივანი, რომელსაც ნიშნავს მინისტრი სამინისტროს თანამშრომლებისგან.
4. საბჭოზე გასატან საკითხებს ამზადებს და დღის წესრიგს ადგენს სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტი, რის თაობაზეც აცნობებს საბჭოს წევრებს. ცვლილებები დღის წესრიგში შეიძლება შეტანილ იქნეს სამინისტროს მიერ, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოვალეობებს დროებით ახორციელებს საბჭოს წევრების მიერ თავისი შემადგენლობიდან არჩეული სხდომის თავმჯდომარე.
6. საბჭოს სხდომა, როგორც წესი, ტარდება თვეში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში, სამინისტრო მოიწვევს დამატებით სხდომას; განსახილველი საკითხების არქონის შემთხვევაში საბჭოს სხდომა გადაიდება.
7. საბჭოს სხდომაზე, საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, სათათბირო ხმის უფლებით, შესაძლოა მოწვეულ იქნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები. მინისტრი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს საბჭოს სხდომის მუშაობაში.
მუხლი 5🔗.
გადაწყვეტილების მიღებისა და გაფორმების წესი
1. საბჭო გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის 2/3 მაინც.
2. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
3. საბჭოს გადაწყვეტილებები ფორმდება საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ადგენს მდივანი. ოქმს ხელს აწერენ საბჭოს დამსწრე წევრები; საბჭოს ყოველი წევრი ვალდებულია დააფიქსიროს თავისი პოზიცია განხილული საკითხის შესახებ.
4. სხდომის დამთავრების შემდეგ მდივანი ოქმს კინძავს, უზრუნველყოფს სამინისტროს საკანცელარიო წიგნში მის რეგისტრაციას და სამინისტროს ბეჭდით დამოწმებას.
5. სათანადო წესით დამოწმებული და რეგისტრირებული ოქმი, მინისტრის მიერ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ინახება საბჭოს მდივანთან, ხოლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების დეპარტამენტში.
6. საბჭოს გადაწყვეტილებები მინისტრისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა.