საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 17.04.2014
ძალის დაკარგვა 19.12.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.016254
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/04/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 13.12.2018
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება
№32
2014 წლის 17 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების
დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ქ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗.
დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 30 ივლისის N835 ბრძანება.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ალასანია
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის
J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების
დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (შემდგომში - გენერალური შტაბი) J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტი (შემდგომში - დეპარტამენტი) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურული ერთეული.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანომდებლობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ - მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის (შემდგომში - გენერალური შტაბის უფროსი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით.
3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის წინაშე.
4. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტი”, შტამპი, აგრეთვე ბლანკი საკუთარი სახელწოდებით.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
1. დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის (შემდგომში - სამოქალაქო ოფისი) და საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირების (შემდგომში - სამინისტრო) მართვისა და კონტროლის სისტემის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით მხარდაჭერის დაგეგმვა სტრატეგიულ-ოპერატიულ დონეზე, აღსრულებაზე კონტროლი და შეფასება, როგორც მშვიდობიანი, ასევე საომარი ან/და საგანგებო მდგომარეობის დროს;
ბ) სამინისტროს კავშირგაბმულობის სისტემების განვითარების სტრატეგიის განსაზღვრა;
გ) სამოქალაქო ოფისის და შეიარაღებული ძალების კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში შენარჩუნების კონტროლი;
2. დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) სამოქალაქო ოფისის და შეიარაღებული ძალების მართვისა და კონტროლის სისტემის კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით მხარდაჭერის დაგეგმვა და აღსულების მონიტორინგი;
ბ) ოპერაციების და სწავლებების კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემებით მხარდაჭერის დაგეგმვა და აღსრულების მონიტორინგი სტრატეგიულ-ოპერატიულ დონეზე;
გ) სამინისტროს მიერ განსაზღვრული ინფორმაციის უსაფრთხოების პოლიტიკის გატარება;
დ) სამინისტროს კავშირის უსაფრთხოების პროცედურების განსაზღვრა და მათ განხორციელებაზე მონიტორინგი;
ე) სამოქალაქო ოფისის და შეიარაღებული ძალების ინფორმაციული სისტემების ადმინისტრირებაზე მონიტორინგი;
ვ) სამოქალაქო ოფისის და შეიარაღებული ძალების კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების შესაძლებლობების ანალიზი;
ზ) კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების თანამედროვე მიღწევების შესწავლა და ანალიზი შეიარაღებულ ძალებში მათი შესაძლო დანერგვისათვის შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციაში;
თ) NATO-სთან თავსებადი კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დოქტრინული დოკუმენტების შემუშავება და რეალიზება შეიარაღებულ ძალებში;
ი) სამოქალაქო ოფისის და შეიარაღებული ძალების მართვისა და კონტროლის სისტემის კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემებით მხარდაჭერის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დაგეგმვა და მონიტორინგი კომპეტენციის ფარგლებში;
კ) კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო სტრუქტურებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან თანამშრომლობა;
ლ) შეიარაღებული ძალების კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების სპეციალისტთა სწავლება/გადამზადების მიზნით კომპლექსური მოთხოვნების განსაზღვრა შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციაში;
მ) საგანგებო სიტუაციების, ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების დროს სამოქალაქო ხელისუფლების მხარდაჭერა, შეიარაღებული ძალების კავშირგაბმულობის ქვედანაყოფების გამოყენებით, მწყობრიდან გამოსული საერთო სარგებლობის კავშირგაბმულობის ქსელების აღდგენის მიზნით.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით, გენერალური შტაბის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი უშუალოდ ექვემდებარება გენერალური შტაბის უფროსს.
3. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარადგენს დასამტკიცებლად დეპარტამენტის საშტატო ნუსხას;
გ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მუშაობაზე, პირადი შემადგენლობის მიერ სამსახურებრივი მოვალეობებისა და დისციპლინის დაცვაზე;
დ) დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე, მინისტრს და გენერალური შტაბის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის თანამდებობაზე დანიშვნის, განთავისუფლების, გადაადგილების ან/და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;
ე) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ვ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის ფუნქციების შესრულებაზე;
ზ) გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებიდან ან კომპეტენციის ფარგლებში, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან.
4. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
6. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) აძლევს მითითებებს დეპარტამენტის პირად შემადგენლობას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში;
ბ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის საბრძოლო მზადყოფნაზე;
გ) აკონტროლებს დეპარტამენტის საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოებას;
დ) კოორდინაციას უწევს სამმართველოების მუშაობას;
ე) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის საბრძოლო მზადყოფნის გეგმების და სხვა ნორმატიული დოკუმენტების შემუშავებას.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები, მათი ფუნქციები და ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ინფორმაციული სისტემების სამმართველო:
ა.ა.) კომპიუტერული ქსელების დაგეგმვის განყოფილება;
ა.ბ.) პროგრამული უზრუნველყოფის დაგეგმვის განყოფილება;
ა.გ.) რისკების შეფასების და მართვის განყოფილება;
ბ) კავშირგაბმულობის სამმართველო:
ბ.ა.) რადიოკავშირების განყოფილება;
ბ.ბ.) რადიოსარელეო და სატელეფონო კავშირების განყოფილება;
გ) საორგანიზაციო და საბრძოლო მომზადების სამმართველო:
გ.ა.) საორგანიზაციო და დაგეგმვის განყოფილება;
გ.ბ.) შეფასებისა და ანალიზის განყოფილება;
დ) ტექნიკური უზრუნველყოფის დაგეგმვის სამმართველო:
დ.ა.) რესურსების მართვის განყოფილება;
დ.ბ.) ტექნიკური ექსპლუატაციის დაგეგმვის განყოფილება;
2. ინფორმაციული სისტემების სამმართველო მასში შემავალი კომპიუტერული ქსელების დაგეგმვის, პროგრამული უზრუნველყოფის დაგეგმვის და რისკების შეფასების და მართვის განყოფილებების მეშვეობით ახორციელებს:
ა) სამოქალაქო ოფისის და შეიარაღებულ ძალების კომპიუტერული ქსელების აგებისათვის ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრას და არსებული ქსელების შესაძლებლობების ანალიზს;
ბ) სამოქალაქო ოფისის და შეიარაღებული ძალების სტრუქტურული ერთეულების მოთხოვნებიდან გამომდინარე შესაქმნელი პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკური დავალების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთობლივად შედგენას და შექმნის პროცესის მონიტორინგს;
გ) სამოქალაქო ოფისის და შეიარაღებულ ძალების ინფორმაციული სისტემების ადმინისტრირებაზე მონიტორინგს;
დ) ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიების შესწავლას და ანალიზს შეიარაღებულ ძალებში მათი შესაძლო დანერგვისათვის;
ე) სამოქალაქო ოფისის და შეიარაღებული ძალების მოთხოვნებიდან გამომდინარე არსებული ინფორმაციული სისტემების განვითარებისათვის საჭირო ტექნიკური დავალებების შემუშავებას შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციაში;
ვ) ინფორმაციული სისტემების იმ კომპონენტების სუსტი მხარეების შეფასებას, რომლებიც განკუთვნილია სისტემების ასაგებად და მათში ინფორმაციის დასამუშავებლად;
ზ) სამოქალაქო ოფისის და შეიარაღებული ძალების ქსელებისა და სისტემების წინაშე არსებული რისკების იდენტიფიცირება, შეფასება, კლასიფიკაცია და კონტრზომების ღონისძიებათა დაგეგმვა კომპეტენციის ფარგლებში;
თ) სამოქალაქო ოფისის და შეიარაღებული ძალების ქსელების და პროგრამული კომპლექსების ადეკვატურობისა და დაცულობის შემოწმებას და შეფასებას სისტემის კონფიდენციალურობის, ავთენტურობის, მთლიანობის და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;
3. კავშირგაბმულობის სამმართველო მასში შემავალი რადიოკავშირების და რადიოსარელეო და სატელეფონო კავშირების განყოფილებების საშუალებით ახორციელებს:
ა) რადიო და სატელეფონო კავშირების დაგეგმვას სტრატეგიულ-ოპერატიულ დონეზე;
ბ) რადიო და სატელეფონო კავშირების შესაძლებლობების შეფასებას, ანალიზსა და გამართული ფუნქციონირების მონიტორინგს;
გ) სამინისტროს რადიოსიხშირული სპექტრის მართვას;
დ) რადიოკავშირების წარმოების უსაფრთხოების პროცედურების განსაზღვრას;
ე) კავშირგაბმულობის ახალი ტექნოლოგიების შესწავლას და ანალიზს შეიარაღებულ ძალებში მათი შესაძლო დანერგვისათვის;
4. საორგანიზაციო და საბრძოლო მომზადების სამმართველო - მასში შემავალი საორგანიზაციო და დაგეგმვის და შეფასებისა და ანალიზის განყოფილებების მეშვეობით ახორციელებს:
ა) შეიარაღებულ ძალებში კავშირგაბმულობის და ინფორმაციული სისტემების სწავლებების გეგმების და შესაბამისი ბრძანებების პროექტების მომზადებას;
ბ) კავშირგაბმულობის ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადების შეფასებას და ანალიზის საფუძველზე ამზადებს წინადადებებს მათი საბრძოლო მომზადების ხარისხის გაუმჯობესების შესახებ;
გ) NATO-სთან თავსებადი კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დოქტრინული დოკუმენტების შემუშავებასა და მათ რეალიზებას შეიარაღებულ ძალებში;
დ) რეკომენდაციების მომზადებას შეიარაღებულ ძალებში კავშირგაბმულობის და ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტების კარიერული და პროფესიული ზრდის კუთხით;
ე) შეიარაღებულ ძალებში კავშირგაბმულობის სპეციალიზაციის კურსების დაგეგმვას შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციაში და მათი მიმდინარეობის მონიტორინგს.
5. ტექნიკური უზრუნველყოფის დაგეგმვის სამმართველო - მასში შემავალი რესურსების მართვისა და ტექნიკური ექსპლუატაციის დაგეგმვის განყოფილებების მეშვეობით ახორციელებს:
ა) სამოქალაქო ოფისსა და შეიარაღებულ ძალებში არსებული კავშირგაბმულობის საშუალებების გამოყენებისა და შევსების ანალიზს შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციაში;
ბ) შეიარაღებულ ძალებში კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის დაგეგმვას და აღსრულების მონიტორინგს;
გ) სახელმწიფო უწყებებიდან, იურიდიული და ფიზიკური პირებიდან სამინისტროსათვის მოწოდებული მომსახურების დამადასტურებელი საფინანსო დოკუმენტაციის დროულ წარდგენას შესაბამის სამსახურებში;
დ) შეიარაღებულ ძალებში კავშირგაბმულობის და ინფორმაციული ტექნოლოგიების საშუალებების ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის საორგანიზაციო ღონისძიებების დასახვას და შესრულების მონიტორინგს.
6. სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის შუამდგომლობითა და გენერალური შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
7. სამმართველოს უფროსი:
ა) დეპარტამენტის უფროსის ხელმძღვანელობით წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას, პასუხისმგებელია ერთეულზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს დავალებებს თანამშრომლებზე და ახორციელებს კონტროლს მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების დროულ და ხარისხიან შესრულებაზე;
გ) ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;
დ) შეიმუშავებს წინადადებებს თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ;
ე) შუამდგომლობს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე.
8. სამმართველოს უფროსის მოადგილე:
ა) სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას;
ბ) ახორციელებს კონტროლს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების დროულ და ხარისხიან შესრულებაზე;
გ) შეიმუშავებს წინადადებებს თანამშრომელთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ;
დ) სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობებს.
9. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელიც:
ა) ანაწილებს განყოფილებაში შესულ დავალებებს;
ბ) ახორციელებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების კონტროლს, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;
გ) სამმართველოს უფროსს წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე.