განჩინება შპს „სამშენებლო-საინვესტიციო კომპანია ლიბოს“ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და სამეწარმეო რეესტრში მოვალე საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/244-10
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და სამეწარმეო რეესტრში მოვალე საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შესახებ
2014 წლის 7 თებერვალი
ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ბესიკ სისვაძემ განიხილა მოვალე შპს „სამშენებლო-საინვესტიციო კომპანია ლიბოს” (ს/კ 205086413) გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და სამეწარმეო რეესტრში მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
მოვალე შპს „სამშენებლო-საინვესტიციო კომპანია ლიბოს” გაკოტრების საქმესთან დაკავშირებით 2014 წლის 23 იანვარს ჩატარდა კრედიტორთა კრება შემდეგი დღის წესრიგით – გაკოტრების ანგარიშის გაცნობა და ანალიზი. კრებაზე წარმოდგენილნი იყვნენ და კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის განხილვაში მონაწილეობას იღებდნენ გაკოტრების მმართველი სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიურო (მისი წარმომადგენელი ნათია სახოკია), მოცემული საგაკოტრებო წარმოების ერთ-ერთი უზრუნველყოფილი კრედიტორი – სსიპ შემოსავლების სამსახური (მისი წარმომადგენელი ნინო მუმლაძე-ბარავკოვი) და შემდეგი კრედიტორები პირადად და ან წარმომადგენლის მეშვეობით – მიხეილ ლომჯარია, ლეილა კილასონია, გიორგი კაჭახიძე, შპს „დაგი+”, მაია მესხი, ბესიკ ხოდაშნელაშვილი, გიორგი ბერიანიძე, ოთარ ჯავაშვილი, ვახტანგ კაცაძე, ზურაბ ბაჩიაშვილი, მაია გაბაძე, ტრისტან ჯინჭარაძე, მამუკა აბესაძე, პაატა ნოზაძე, ივანე ქელბაქიანი, როზა ობოლაძე, მარინა თუშიშვილი, გოჩა სოსელია, ნინელი ხიონიდი, მაია წიკლაური, ალექსანდრე ლურსმანაშვილი, მამუკა ჟღენტი, დალი მეტრეველი, აკაკი კვიტატიანი, გიორგი კვანტალიანი და ნანა ბუაძე. ჯამში კრებაზე დამსწრე და წარმოდგენილ კრედიტორთა მოთხოვნები შეადგენს 3201344,02 (სამი მილიონ ორას ერთი ათას სამასორმოცდაოთხი მთელი ორი მეასედი) ლარს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება კრედიტორთა მოთხოვნების საერთო ღირებულების – 3544395,37 (სამი მილიონ ხუთასორმოცდაოთხი ათას სამასოთხმოცდათხუთმეტი მთელი ოცდაჩვიდმეტი მეასედი) ლარის ნახევარს.
გაკოტრების მმართველის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი ნათია სახოკია განმარტავს, რომ შპს „სამშენებლო-საინვესტიციო კომპანია ლიბოს” საკუთრებაში ერიცხებოდა შემდეგი სახის აქტივი: 1. ქ. თბილისი, ქავთარაძის ქუჩა №19 მისამართზე მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი 01.14.04.029.059); 2. ქ. თბილისი, ქავთარაძის ქუჩა №19-ის მიმდებარედ მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი 01.14.04.029.057); 3. თბილისი, მეტეხის შესახვევი №39 მისამართზე მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი 01.17.01.120.003); 4. სატვირთო ავტომანქანები – „KAMAZ 53229” სახელმწიფო ნომრით SKY 971 და “KRAZ 6510” სახელმწიფო ნომრით UIU 761; 5. სამშენებლო ვაგონი; 6. ავეჯი და ინვენტარი; 7. ლიცენზია ქვიშა-ხრეშის მოპოვებაზე მდინარე იორზე; 8. ნებართვა გარდაბნის რაიონის სოფელი სართიჭალის ტერიტორიაზე, მდინარე იორის ინერტული მასალების საბადოს კარიერის ექსპლუატაციაზე; 9. საბუღალტრო პროგრამები „ორისი” და „სუპერფინი”; 10. ორი ცალი მაღალი წნევის აპარატი; 11. 75%-იანი წილი შპს „ლიბო-არქიტექტურაში” და 75%-იანი წილი შპს „ფესტივალ-ქალაქი აფსაროსში”. ამ აქტივიდან გაკოტრების მმართველმა ვერ მოიძია ორი ცალი მაღალი წნევის აპარატი და საბუღალტრო პროგრამები ”ორისი” და ”სუპერფინი”.
გაკოტრების მმართველის მტკიცებით, ლიცენზიას ქვიშა-ხრეშის მოპოვებაზე მდინარე იორზე და ნებართვას გარდაბნის რაიონის სოფელი სართიჭალის ტერიტორიაზე, მდინარე იორის ინერტული მასალების საბადოს კარიერის ექსპლუატაციაზე იმის გამო, რომ ლიცენზიასაც და ნებართვასაც ვადა აქვს გასული, ღირებულება არ გააჩნიათ.
გაკოტრების მმართველი განმარტავს, რომ მოვალის კუთვნილი წილები შპს „ლიბო-არქიტექტურაში” და შპს „ფესტივალ-ქალაქი აფსაროსში” ვერ შეფასდა საკმარისი დოკუმენტაციის მოპოვების შეუძლებლობის გამო.
გაკოტრების მმართველის განმარტებით, მოვალეს აქვს 387672 ლარის მოთხოვნის უფლება ზაზა ზამთარაძის მიმართ. ამ მოთხოვნის არსებობა დადასტურებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 2 ივლისის კანონიერ ძალაში შესული №2/1352-10 გადაწყვეტილებით. ამასთან გაკოტრების მმართველი აღნიშნავს, რომ ზაზა ზამთარაძე გარდაიცვალა და დღეისათვის მოვალეს აღნიშნული მოთხოვნის უფლება აქვს აწგარდაცვლილი ზაზა ზამთარაძის სამკვიდროს მიმღები მემკვიდრე (დედის) ლუიზა თაბაგარის მიმართ. თუმცა იმის გამო, რომ ლუიზა თაბაგარს არ გააჩნია რაიმე სახის ქონება, გაკოტრების მმართველის მტკიცებით, შპს „სამშენებლო-საინვესტიციო კომპანია ლიბოს” მოთხოვნის უფლებას ღირებულება არ აქვს.
გაკოტრების მმართველი აღნიშნავს, რომ შპს „სამშენებლო-საინვესტიციო კომპანია ლიბოს” მოვალე ავთანდილ ლომსაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 17 დეკემბრის №2/4147-10 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩარიცხა 76718,4 ლარი, რითაც მან იმის გათვალისწინებით, რომ მოვალე კომპანიის სასარგებლოდ დაკისრებული ქონდა 77313,4 ლარის გადახდა, ხოლო თავის მხრივ იგივე გადაწყვეტილებით მის სასარგებლოდ შპს „სამშენებლო-საინვესტიციო კომპანია ლიბოს” დაეკისრა 595 ლარის გადახდა, სრულყოფილად შეასრულა ვალდებულება.
გაკოტრების მმართველი აღნიშნავს, რომ სათანადო შეფასების შედეგად მოვალის უძრავ-მოძრავი ქონების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 1470307 ლარი. ამასთან, დებიტორის მიერ ჩარიცხულ თანხასთან ერთად შპს ”სამშენებლო-საინვესტიციო კომპანია ლიბოს” ქონების ღირებულებამ შეადგინა 1547025,4 ლარი.
გაკოტრების მმართველის განმარტებით, სამეურვეო ქონების რეალიზაციის მიზნით მოეწყო სამი აუქციონი და საბოლოოდ ქონების რელიზაციით ამოღებულმა თანხამ შეადგინა 904566,05 ლარი. დებიტორ ავთანდილ ლომსაძის მიერ გადახდილ თანხასთან ერთად მოვალის ანგარიშზე თავი მოიყარა 981284,45 ლარმა. აუქციონზე სარიალიზაციოდ გატანილი ქონებიდან ამონაგები თანხა დაიბეგრა დამატებითი ღირებულების გადასახდით – ჯამში 18304,48 ლარით და დარჩენილმა თანხამ შეადგინა 962979,97 ლარი.
გაკოტრების მმართველმა კრედიტორებს წარუდგინა აღნიშნული თანხის განაწილების სქემა. კერძოდ, ის განმარტავს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მეურვეობის და გაკოტრების მმართველის ფუნქციის შესრულებისათვის ჯამში უნდა გადაეცეს 171290,47 ლარი. დარჩენილი თანხა – 791689,5 ლარი იძლევა შესაძლებლობას სრულად დაკმაყოფილდეს კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრში მე-2 და მე-4 რიგის მოთხოვნებად გათვალისწინებულ კრედიტორთა მოთხოვნები, რაც ჯამში შეადგენს 141943,98 ლარს. იმის გამო, რომ დარჩენილი თანხა 649745,72 ლარი არაა საკმარისი მეექვსე რიგის მოთხოვნათა სრულყოფილი დაკმაყოფილებისათვის, გაკოტრების მმართველმა კრედიტორებს წარუდგინა მათი მოთხოვნების სიდიდისა და გასანაწილებელი თანხის ურთიერთშეფარდებით მიღებული პროცენტული მაჩვენებლებით თანხის განაწილების სქემა. მე-7 რიგის მოთხოვნები დარჩა დაუკმაყოფილებელი.
გაკოტრების მმართველი თავისი ანგარიშის დასასრულს აღნიშნავს, რომ არსებობს გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლები.
2014 წლის 23 იანვრის კრედიტორთა კრებაზე კენჭი ეყარა 387672 ლარის დებიტორული დავალიანების მოთხოვნის უფლების ნატურით მიღების საკითხს. კრებაზე დამსწრე და წარმოდგენილი უკლებლივ ყველა კრედიტორი დაეთანხმა ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტას. შესაბამისად, კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრში მე-6 რიგის მოთხოვნებად მითითებულ მოთხოვნათა მფლობელ კრედიტორებს პროპორციულად გაუნაწილდათ დებიტორ, აწგარდაცვლილ ზაზა ზამთარაძის უფლებამონაცვლე ლუიზა თაბაგარის მიმართ არსებული მოთხოვნის უფლება.
იგივე კრებაზე კრედიტორთა მსჯელობის საგნად იქცა შპს „სამშენებლო-საინვესტიციო კომპანია ლიბოს” სამეურვეო მასიდან არარიალიზებული აქტივის – შპს „ლიბო-არქიტექტურაში” და შპს „ფესტივალ-ქალაქი აფსაროსში” წილების განკარგვის საკითხი. კრებაზე გამოცხადებულ და წარმოდგენილ კრედიტორთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ, გარდა ნანა ბუაძისა და მაია გაბაძისა (მათი მოთხოვნების ჯამი შეადგენს 143147 ლარს, ეს მაშინ როდესაც საკითხის დადებითად გადაწყვეტის მომხრე კრედიტორთა მოთხოვნების ჯამი 3058197,02 ლარია), იმ მოტივით, რომ წილთა შეფასების და მათი შემდგომი რეალიზაციის პროცესი გააჭიანურებდა გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებას და კრედიტორთა შორის თანხების განაწილებას, მხარი დაუჭირეს არსებული მდგომარეობით გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებას.
სასამართლო აღნიშნული გარემოებების და კრედიტორთა კრების გადაწყვეტილებათა გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ არსებობს გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შემდეგი სახის საფუძვლები:
„მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 51 მუხლის 51 პუნქტის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორის წილზე საკუთრების უფლება და მასთან დაკავშირებული ვალდებულება წარმოშობილად, შეცვლილად ან შეწყვეტილად ითვლება მისი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. ამდენად, იმისათვის, რომ შპს-ში წილის საკუთრების უფლების არსებობა დადასტურდეს აუცილებელია ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
შპს „სამშენებლო-საინვესტიციო კომპანია ლიბოს” გაკოტრების საქმის წარმოების განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო ჯერ მეურვეობის და შემდეგ გაკოტრების მმართველის ფუნქციების შესრულებისას მოვალის სამეურვეო მასის ნაწილად მიიჩნევდა წილებს შპს „ლიბო-არქიტექტურაში” და შპს „ფესტივალ-ქალაქი აფსაროსში”, სასამართლოს და კრედიტორებს არ წარდგენიათ ამ გარემოებების დამადასტურებელი დოკუმენტები – ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. აღნიშნული დოკუმენტების მოპოვება, მცდელობის მიუხედავად, შეუძლებელი აღმოჩნდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი ინტერენეტ გვერდიდანაც. ასეთ ვითარებაში მტკიცება იმისა, რომ შპს „სამშენებლო-საინვესტიციო კომპანია ლიბო” არის შპს „ლიბო-არქიტექტურის” და შპს „ფესტივალ-ქალაქი აფსაროსის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და ამ საწარმოებში რაიმე წილის მფლობელი, დაუსაბუთებელია. ამდენად, უნდა ითქვას, რომ დღეისათვის არაა დადასტურებული წილებთან მიმართებით მოვალე შპს „სამშენებლო-საინვესტიციო კომპანია ლიბოს” საკუთრების უფლების არსებობა და შესაბამისად, დღის წესრიგში არც მათი რეალიზაციის საკითხი დგას. თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თუ მოვალის სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ გახდება შესაძლებელი ამგვარი აქტივების არსებობის დადასტურება, არსებობს საკანონმდებლო გამოსავალი და გაკოტრების მმართველმა უნდა იხელმძღვანელოს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის დანაწესით. ამ ნორმის თანახმად, თუ საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ აღმოჩნდება ქონება, რომელიც ეკუთვნოდა გაუქმებულ საწარმოს, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ ინფორმაციას აქვეყნებს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ოფიციალურ ვებგვერდზე. კრედიტორი, რომლის მოთხოვნაც არ დაკმაყოფილებულა, უფლებამოსილია აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 15 დღის განმავლობაში მიმართოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვოს ასეთი ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია. აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს ამ კანონის 38-ე მუხლით განსაზღვრული წესით ქონების რეალიზაციას და ქონების რეალიზაციიდან მიღებულ თანხას ანაწილებს იმ კრედიტორთა შორის, რომლებმაც დადგენილ ვადაში მიმართეს, მათი მოთხოვნების რიგითობის გათვალისწინებით. თუ კრედიტორი დადგენილ ვადაში არ მიმართავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს, ან აუქციონზე ქონება არ გაიყიდა, ან კრედიტორმა უარი თქვა ქონების ნატურით საკუთრებაში მიღებაზე, ქონება მიექცევა სახელმწიფო საკუთრებაში.
„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. ხსენებული კანონის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის დანაწესის თანახმად, გაკოტრების მმართველის და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი მოვალის გაკოტრების ანგარიში, მასში გადმოცემული განაწილების წესი შეესაბამება კანონს და ამასთან, ის კრედიტორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით მოიწონეს კრედიტორებმა. ეს კი იმის მაუწყებელია, რომ არსებობს წარმოების დასრულების საფუძველი.
სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია გაკოტრების მმართველის ყურადღება მიაქციოს იმ გარემოებებზე, რომ კრედიტორთაგან მე-6 რიგის მოთხოვნის მქონე კრედიტორი დინარა ბერაია გარდაცვლილია და ჯერ კიდევ არ გასულა კანონით დადგენილი სამკვიდროს მიღების ექვსთვიანი ვადა. გაკოტრების მმართველმა აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ წარდგენილი სამკვიდროს მიღების მოწმობის საფუძველზე სამკვიდროს მიმღებ მემკვიდრეზე, როგორც აწგარდაცვლილ დინარა ბერაიას უფლებამონაცვლეზე, უნდა გასცეს მამკვიდრებლისათვის გადასახდელი თანხა.
ამასთან, მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ 2014 წლის 22 იანვარს შპს „იმპექსფარმის” (ს/კ 204927909) მიერ სასამართლოს წარედგინა ხელშეკრულება ვალდებულების აღიარების შესახებ, რომელიც სანოტარო ფორმის დაცვით დამოწმებულია 2011 წლის 16 აგვისტოს ნოტარიუს სოსო მუმლაძის მიერ (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №110858603, სანოტარო მოქმედების ინდივიდუალური ნომერი 62460532803311). ამ ხელშეკრულების თანახმად, მოვალე ლევან კილასინიამ კრედიტორ შპს „იმპექსფარმის” წინაშე აღიარა მის სასარგებლოდ 25851,15 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება. ამასთან, ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ აღნიშნული თანხის გადახდის ვადაზე და გრაფიკზე. ამ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარეა შპს „სამშენებლო-საინვესტიციო კომპანია ლიბოს” მიმართ წარმოებული გაკოტრების საქმის მე-6 რიგის მოთხოვნის მქონე კრედიტორად აღიარებული ლეილა კილასონია. მან ლევან კილასონიას ვალდებულების და შპს „იმპექსფარმის” მოთხოვნის აღსრულების უზრუნველსაყოფად დააგირავა საკუთარი მოთხოვნის უფლება, რომელიც აქვს შპს „სამშენებლო-საინვესტიციო კომპანია ლიბოს” მიმართ. თანხის განაწილების პროცესში მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული აღნიშნული გირავნობა. თუ შპს „იმპექსფარმი” წარმოადგენს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებას, რომლითაც ლევან კილასონიას დაეკისრება შპს „იმპექსფარმის” სასარგებლოდ თანხის გადახდა და მისი აღსრულების უზრუნველსაყოფად სასამართლო დაადგენს ლეილა კილასონიას დაგირავებული მოთხოვნიდან თანხის გადახდის ვალდებულებას, მაშინ ლეილა კილასონიასათვის გადასაცემი თანხის გადახდა უნდა მოხდეს შპს „იმპექსფარმის” სასარგებლოდ.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 42-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დასრულდეს მოვალე შპს „სამშენებლო-საინვესტიციო კომპანია ლიბოს” (ს/კ 205086413) გაკოტრების საქმის წარმოება.
2. სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრს) დაევალოს შპს „სამშენებლო-საინვესტიციო კომპანია ლიბოს” (ს/კ 205086413) რეგისტრაციის გაუქმება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებელის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) კერძო საჩივრის შეტანის გზით გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებისათვის განჩინების ასლის გადაცემიდან ან გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: /ბესიკ სისვაძე/