„განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის შესახებ
მიღების თარიღი 22.04.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №303
სარეგისტრაციო კოდი 430210000.10.003.017923
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/04/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.04.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების, დოქტორანტურის პროგრამებისა და ახალგაზრდების წახალისების პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან პროგრამა „ცოდნის კარის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 21.02.2013
დოკუმენტის ტექსტი
„განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №303
2014 წლის 22 აპრილი
ქ.თბილისი
„განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის შესახებ
ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის საჭირო მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, საქართველოს მოქალაქეთა ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთა მიერ უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უცხო ქვეყნის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელშეწყობის; სახელმწიფო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული გადამზადების, აგრეთვე, უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უცხო ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალის, მკვლევარებისა და პრაქტიკოსების საქართველოში მოწვევის მიზნით, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:
ა) „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ თანდართული პროგრამა (შემდგომში - პროგრამა) (დანართი №1);
ბ) პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი თანდართული განაცხადის ფორმა (დანართი №2).
მუხლი 2🔗
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61‑ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №40 დადგენილება „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების, დოქტორანტურის პროგრამებისა და ახალგაზრდების წახალისების პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან პროგრამა „ცოდნის კარის“ დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3🔗
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უზრუნველყონ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №40 დადგენილების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
მუხლი 4🔗
საქართველოს მთავრობის კანცელარიამ უზრუნველყოს ამ დადგენილების ამოქმედებამდე პროგრამით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 5🔗
დადგენილება, გარდა მე-4 მუხლისა, ამოქმედდეს 2014 წლის 24 აპრილიდან, ხოლო მე-4 მუხლი - გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
დანართი №1
„განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
ეს დანართი განსაზღვრავს „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ პროგრამის (შემდგომში - პროგრამა) განხორციელების წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗. პროგრამა
1. პროგრამა ხელს უწყობს:
ა) ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის საჭირო მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას;
ბ) საქართველოს მოქალაქეთა ან პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთა მიერ უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უცხო ქვეყნის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე განათლების მიღებას;
გ) სახელმწიფო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიულ გადამზადებას;
დ) უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უცხო ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალის, მკვლევარებისა და პრაქტიკოსების საქართველოში მოწვევას.
2. პროგრამის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული „სახელმწიფო სასწავლო, სამაგისტრო გრანტების, დოქტორანტურის პროგრამებისა და ახალგაზრდების წახალისების პროგრამისათვის“ გამოყოფილი ასიგნებები (პროგრამული კოდი – 32 04 03);
ბ) დონორი ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი სახსრები.
3. პროგრამა მოიცავს სამ ქვეპროგრამას:
ა) „სამაგისტრო და სადოქტორო ქვეპროგრამა“ − ითვალისწინებს სწავლის ხელშეწყობის მიზნით, უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უცხო ქვეყნის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების შესაბამის სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ იმ პირთა დაფინანსებას, რომლებიც აკმაყოფილებენ ამ დანართით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) „სახელმწიფო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული გადამზადების ქვეპროგრამა“ - ითვალისწინებს საჯარო სამსახურის მაღალკვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო მოხელეთათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების დაგეგმვა-ადმინისტრირებას და მათ პროფესიულ გადამზადებას;
გ) „აკადემიური პერსონალის, მკვლევარებისა და პრაქტიკოსების საქართველოში მოწვევის ქვეპროგრამა“ - ითვალისწინებს დარგობრივი ცოდნისა და პროფესიული გამოცდილების გაზიარების მიზნით, შესაბამისი დარგის განვითარებაში აქტიურად ჩართული, მისი სპეციფიკისა და აქტუალური მიღწევების მცოდნე უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უცხო ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალის, მკვლევარებისა და პრაქტიკოსების საქართველოში მოწვევას, სამუშაო შეხვედრების დაგეგმვა-ადმინისტრირებას და მათ ჩატარებას.
მუხლი 3🔗. საქართველოს პრემიერ‑მინისტრი, როგორც პროგრამის განმახორციელებელი
1. პროგრამა ხორციელდება საქართველოს პრემიერ‑მინისტრის მიერ, კომისიისა და საქართველოს მთავრობის კანცელარიის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მეშვეობით.
2. საქართველოს პრემიერ‑მინისტრი:
ა) „სამაგისტრო და სადოქტორო ქვეპროგრამის“ მიზნებისათვის, კომისიის წარდგინების საფუძველზე, ყოველწლიურად განსაზღვრავს პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებებს;
ბ) უფლებამოსილია, „სამაგისტრო და სადოქტორო ქვეპროგრამის“ კონკურსში მონაწილეთათვის დაადგინოს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები;
გ) „სახელმწიფო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული გადამზადების ქვეპროგრამის“ მიზნებისათვის, კომისიის წარდგინების საფუძველზე, განსაზღვრავს საქართველოს პრიორიტეტული სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებების ჩამონათვალს.
მუხლი 4🔗. პროგრამის ქვეპროგრამების ბენეფიციარები
1. „სამაგისტრო და სადოქტორო ქვეპროგრამის“ ბენეფიციარია საქართველოს მოქალაქე ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი:
ა) რომელსაც მოპოვებული აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, ჩარიცხულია პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების შესაბამის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომლის ასაკი არ აღემატება 40 წელს და რომელიც:
ა.ა) შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული შეფასების სისტემის მიხედვით, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლისას გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 - შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან ბაკალავრიატის პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი - 81-90%) და აქვს მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი (მათ შორის, სტაჟირება) გამოცდილება;
ა.ბ) უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების შესაბამის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლისას შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოქმედი შეფასების სისტემის მიხედვით, გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 - შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი - 81-90%) და აქვს მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი (მათ შორის, სტაჟირება) გამოცდილება;
ბ) რომელიც ჩარიცხულია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების შესაბამის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე, შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული შეფასების სისტემის მიხედვით, სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლისას გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 - შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი - 81-90%) და აქვს შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება.
2. „სამაგისტრო და სადოქტორო ქვეპროგრამის“ დასრულებიდან 6 თვის ვადაში სახელმწიფო იღებს ვალდებულებას ბენეფიციარს შესთავაზოს დასაქმება საქართველოში, შესაბამის სფეროში/დაწესებულებაში.
3. „სამაგისტრო და სადოქტორო ქვეპროგრამის“ ბენეფიციარი იღებს ვალდებულებას, რომ სწავლის დასრულების შემდეგ, მინიმუმ 3 წლის განმავლობაში, დასაქმდება საქართველოში, სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ სფეროში/დაწესებულებაში.
4. „სახელმწიფო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული გადამზადების ქვეპროგრამის“ ბენეფიციარია სახელმწიფო მოხელე, რომლის კვალიფიკაციის ამაღლება ან/და პროფესიული გადამზადება მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის და, შესაბამისად, რომელსაც აქვს მისი გადამზადების საჭიროების შესახებ იმ სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულების ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა, სადაც სახელმწიფო მოხელეა დასაქმებული.
5. პროგრამის ქვეპროგრამების ბენეფიციარი ვერ იქნება პირი, რომელმაც უკვე მიიღო დაფინანსება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №40 დადგენილების ან ამ დადგენილების საფუძველზე.
მუხლი 5🔗. პროგრამის ბენეფიციარებისათვის გამოსაყოფი დაფინანსების გაცემის წესი და პირობები
1. პროგრამების ბენეფიციარები შეიძლება დაფინანსდნენ შემდეგი წესით:
ა) სრულად;
ბ) ნაწილობრივ.
2. „სამაგისტრო და სადოქტორო ქვეპროგრამისათვის“ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება შეიძლება მოიცავდეს:
ა) უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილ სწავლის საფასურს;
ბ) სწავლის პერიოდში უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, რაც გულისხმობს:
ბ.ა) მგზავრობის ხარჯებს;
ბ.ბ) კვების ხარჯებს;
ბ.გ) საცხოვრებელი ფართის ქირავნობასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებულ ხარჯებს, რაც გულისხმობს:
გ.ა) პრაქტიკის გავლის ხარჯებს;
გ.ბ) მგზავრობის ხარჯებს, თუ პრაქტიკის გავლა მოითხოვს იმ ქალაქის/ქვეყნის დატოვებას, სადაც მდებარეობს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;
გ.გ) საცხოვრებელი ფართის ქირავნობასთან დაკავშირებულ ხარჯებს, თუ პრაქტიკის გავლა მოითხოვს იმ ქალაქის/ქვეყნის დატოვებას, სადაც მდებარეობს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
3. „სახელმწიფო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული გადამზადების ქვეპროგრამისათვის“ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება შეიძლება მოიცავდეს:
ა) კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების განმახორციელებლის მიერ დადგენილ საფასურს;
ბ) პროფესიული გადამზადებისათვის საჭირო ხარჯებს;
გ) კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების გავლის ან პროფესიული გადამზადების დროს უცხო ქვეყანაში ცხოვრებასთან დაკავშირებულ ხარჯებს, რაც გულისხმობს:
გ.ა) მგზავრობის ხარჯებს;
გ.ბ) კვების ხარჯებს;
გ.გ) საცხოვრებელი ფართის ქირავნობასთან დაკავშირებულ ხარჯებს;
დ) კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების გავლის ან პროფესიული გადამზადების დროს პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებულ ხარჯებს, რაც გულისხმობს:
დ.ა) პრაქტიკის გავლის ხარჯებს;
დ.ბ) მგზავრობის ხარჯებს, თუ პრაქტიკის გავლა მოითხოვს იმ ქალაქის/ქვეყნის დატოვებას, სადაც მდებარეობს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების ან პროფესიული გადამზადების განმახორციელებელი შესაბამისი დაწესებულება;
დ.გ) საცხოვრებელი ფართის ქირავნობასთან დაკავშირებულ ხარჯებს, თუ პრაქტიკის გავლა მოითხოვს იმ ქალაქის/ქვეყნის დატოვებას, სადაც მდებარეობს კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების ან პროფესიული გადამზადების განმახორციელებელი შესაბამისი დაწესებულება.
4. „აკადემიური პერსონალის, მკვლევარებისა და პრაქტიკოსების საქართველოში მოწვევის ქვეპროგრამისათვის“ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება შეიძლება მოიცავდეს უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უცხო ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალის, მკვლევარებისა და პრაქტიკოსების საქართველოში მოწვევის, სამუშაო შეხვედრების დაგეგმვა-ადმინისტრირებისა და მათი ჩატარებისათვის საჭირო ხარჯებს.
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, საქართველოს მთავრობის კანცელარიის მიმართვისა და ამ დადგენილების შესრულების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე, უზრუნველყოს გამოყოფილი დაფინანსების გადარიცხვა პირის ან/და უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულების ანგარიშზე, პირის/უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულების მიერ მითითებული პერიოდულობით, სრულად ან ნაწილ‑ნაწილ.
6. „სამაგისტრო და სადოქტორო ქვეპროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული პირი ვალდებულია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების შესაბამის სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის განმავლობაში, პროგრამის ფარგლებში მიღებული დაფინანსებით სწავლების პირველი სასწავლო წლის შემდგომ, ხოლო ერთწლიანი პროგრამის შემთხვევაში - პირველი სემესტრის შემოდგომ, კომისიას წარუდგინოს აკადემიური მოსწრების ამსახველი დოკუმენტი.
7. პროგრამის ფარგლებში დაფინანსების გაგრძელების წინაპირობაა, „სამაგისტრო და სადოქტორო ქვეპროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული პირის მაღალი აკადემიური მოსწრება, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0 - შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი - 81-90%).
8. ამ მუხლის მე6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა წარმოადგენს ამ დადგენილების შესრულების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტისა და მომავალში პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველს.
მუხლი 6🔗. კომისიის შექმნა
1. ამ დადგენილებით გათვალისწინებული პროგრამის განხორციელების მიზნით, შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ნინო კობახიძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) გიორგი შარვაშიძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;
გ) მარიამ ჯაში - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;
დ) გიორგი ხელაია - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;
ე) გიორგი თაბუაშვილი - საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე;
ვ) გიორგი პერტაია - სსიპ - საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი.
2. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოთ:
ა) თამარ გვარამაძეს - ა(ა)იპ - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს;
ბ) ნინო ჩინჩალაძეს - ა(ა)იპ - ფონდი საქართველოს განათლების ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს;
გ) ნატა მეფარიშვილს - სსიპ - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ფსიქოლოგს.
3. კომისიის გადაწყვეტილებით, დარგისა და სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, შეიძლება შეიქმნას კომისიის ქვეჯგუფები ან კომისიის სხდომაში მონაწილეობა მიიღონ მოწვეულმა პირებმა.
4. კომისიის მისამართია: ქ. თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №7.
მუხლი 7🔗. კომისიის უფლებამოსილება
კომისია:
ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს ყოველი წლის პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების ჩამონათვალს;
ბ) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს საქართველოს პრიორიტეტული სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებების ჩამონათვალს;
გ) დამოუკიდებლად იღებს შემდეგ გადაწყვეტილებებს:
გ.ა) კონკურსის გამოცხადების შესახებ;
გ.ბ) ქვეპროგრამების ფარგლებში კანდიდატების შერჩევის შესახებ;
გ.გ) შერჩეული კანდიდატებისათვის გამოსაყოფი დაფინანსების წესისა და ოდენობის განსაზღვრის შესახებ;
გ.დ) ამ დანართის მე-5 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, პროგრამის ფარგლებში დაფინანსების გაგრძელების შესახებ.
მუხლი 8🔗. პროგრამის ორგანიზაციული უზრუნველყოფა
ამ დანართის მე6 მუხლით გათვალისწინებული კომისიის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს მთავრობის კანცელარიის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც:
ა) უზრუნველყოფს ყველა განაცხადის მიღებას, კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, განმცხადებლისათვის ხარვეზის დადგენასა და კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი განაცხადების კომისიისათვის განსახილველად წარდგენას;
ბ) კანდიდატს აწვდის ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია პროგრამის შესაბამისი ქვეპროგრამის შინაარსთან. ასევე, კანდიდატს აცნობებს მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის სრულყოფილებისა თუ ხარვეზების თაობაზე;
გ) იღებს ყველა ზომას პროგრამის ბენეფიციარისათვის გამოსაყოფი დაფინანსების პირის ან/და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულების ანგარიშზე გადარიცხვის უზრუნველსაყოფად, პირის ან/და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულების მიერ მოთხოვნილი პერიოდულობით;
დ) კომისიის მიერ ამ დანართის მე7 მუხლის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ამზადებს ამ დადგენილების შესრულების მიზნით გასაფორმებელი შესაბამისი ხელშეკრულებების პროექტებს;
ე) ახორციელებს ქვეპროგრამების ფარგლებში ამ დადგენილების შესრულების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს.
მუხლი 9🔗. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარდგენა
1. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარდგენა ხდება ამ დადგენილების #2 დანართის შესაბამისად.
2. „სამაგისტრო და სადოქტორო ქვეპროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარდგენა შესაძლებელია წელიწადში ერთხელ, პირველი მაისიდან პირველ ივნისამდე.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ განაცხადს უნდა დაერთოს:
ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის/პასპორტის/პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლი;
ბ) კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ;
გ) დიპლომის დანართის ასლი/შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა აკადემიური მოსწრების შესახებ (GPA-ს/საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულის მითითებით);
დ) პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების შესაბამის სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის დასტური;
ე) დაფინანსების ოდენობის შესახებ ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამუშაო (მათ შორის, სტაჟირების) გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) სამოტივაციო წერილი;
თ) მოთხოვნილი თანხის ოდენობა და დანიშნულება;
ი) ორი რეკომენდაცია (ერთი - შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან და ერთი - სამუშაო (მათ შორის, სტაჟირების) ადგილიდან, რეკომენდატორების საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით);
კ) სიგელების/სერტიფიკატების ასლები.
4. „სახელმწიფო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული გადამზადების ქვეპროგრამაში“ მონაწილეობის მისაღებად განაცხადს უნდა დაერთოს:
ა) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
ბ) კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების შესახებ;
გ) დიპლომის დანართის ასლი/შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა აკადემიური მოსწრების შესახებ;
დ) ცნობა შესაბამის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში პირის მუშაობის შესახებ;
ე) შესაბამისი სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულების ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა.
5. კომისიის მიერ განაცხადების განხილვა, გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება ხდება განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან/განაცხადის წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.
მუხლი 10🔗. პასუხისმგებლობა ამ დადგენილებისა და შესაბამისი ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის და დაფინანსების დაბრუნების წესი
1. ბენეფიციარის მიერ ამ დადგენილებითა და შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა იწვევს ამ დადგენილებითა და იმავე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
2. ხელშეკრულების მოქმედების ვადაში კომისიის მიერ გამოყოფილი დაფინანსების სრულად აუთვისებლობის შემთხვევაში, ბენეფიციარი ვალდებულია დააბრუნოს დაფინანსების აუთვისებელი ოდენობა.
3. ამ დანართის მე‑4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბენეფიციარი ვალდებულია დააბრუნოს ამ დადგენილების საფუძველზე მიღებული დაფინანსება შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.
4. სახელმწიფოს მიერ ამ დანართის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბენეფიციარი თავისუფლდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისიწინებული ვალდებულებისაგან.
დანართი №2
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი განაცხადის ფორმა
განმცხადებელი ____________________________________________________________
პირადი ნომერი/ნომერი ____________________________
მისამართი _________________________________________________________________
ტელ. _______________________________________
ელ. ფოსტის მისამართი ____________________________
გთხოვთ, განიხილოთ ჩემი განაცხადი
_____________________________________________________________________
(ქვეპროგრამის დასახელება)
მონაწილეობის მიზნით.
ხელმოწერა ____________________________
თარიღი ____________________________.