„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზოგიერთი ნორმატიული აქტის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 22.04.2014
ძალაში შესვლა 01.05.2014
ძალის დაკარგვა 29.09.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №305
სარეგისტრაციო კოდი 130030000.10.003.017925
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/04/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზოგიერთი ნორმატიული აქტის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №305
2014 წლის 22 აპრილი
ქ.თბილისი
„სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ზოგიერთი ნორმატიული აქტის დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ა“, „ბ.ბ“, „ბ.გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე:
მუხლი 1🔗
თანდართული სახით დამტკიცდეს:
ა) სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხა (დანართი №1);
ბ) იმ თანამდებობის პირთა ნუსხა, რომლებიც უფლებამოსილი არიან, გასცენ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების ნებართვა (დანართი №2);
გ) იმ თანამდებობის პირთა ნუსხა, რომელთაც აქვთ კონკრეტული ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნების უფლებამოსილება (დანართი №3).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 მაისიდან.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
დანართი №1
სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხა
I. ზოგადი დებულებანი
1.1. ამ ნუსხაში შესული ინფორმაცია ან მისი მატერიალური შემცველი ნაკეთობები და მასალა განეკუთვნება სახელმწიფო საიდუმლოებას. მათი გამჟღავნება ან დაკარგვა იწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
1.2. ნუსხა არ განსაზღვრავს მასში შესული ინფორმაციის ან მისი მატერიალური შემცველი ნაკეთობებისა და სხვა მასალის საიდუმლოების ხარისხს. ნუსხაში შესული ინფორმაციის შემცველი კონკრეტული ცნობების, ნაკეთობებისა და სხვა მასალების საიდუმლოების ხარისხის (გრიფი) მინიჭების უფლება აქვთ იმ თანამდებობის პირებს, რომლებიც განსაზღვრული არიან საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ნუსხით.
1.3. ამ ნუსხაში შესული ინფორმაციის ან მისი მატერიალური შემცველი კონკრეტული ნაკეთობებისა და სხვა მასალის საიდუმლოების ხარისხის (გრიფი) შეცვლის უფლება აქვთ აღნიშნული საიდუმლოების მფლობელი უწყების, ორგანიზაციის, დაწესებულების საიდუმლოების მიმნიჭებელი პასუხისმგებელი პირის ზემდგომ თანამდებობის პირებს, რომლებსაც აქვთ კონკრეტული ინფორმაციის საიდუმლოებისათვის მიკუთვნების უფლება, ან აღნიშნული დაწესებულების საიდუმლო-სარეჟიმო განყოფილებების პასუხისმგებელ პირებს.
1.4. დაუშვებელია საიდუმლოების გრიფის მინიჭება იმ ინფორმაციისათვის, რომელიც არ არის განსაზღვრული „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით და არ შედის ამ ნუსხაში.
1.5. ამ ნუსხაში შესული ინფორმაციის ჩამონათვალში ცვლილებები შეიტანება საქართველოს მთავრობის დადგენილებით საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულების წარდგინების საფუძველზე.
1.6. სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხაში ჩამოთვლილი ინფორმაციის ან მისი მატერიალური შემცველი ნაკეთობებისა და სხვა მასალის გასაიდუმლოება, განსაიდუმლოება და დაცვა განისაზღვრება „სახელმწიფო საიდუმლოებისათვის ინფორმაციის მიკუთვნებისა და დაცვის წესით“.
1.7. სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ წინამდებარე ცნობათა ნუსხა გათვალისწინებულია მშვიდობიანი პერიოდისათვის.
1.8. ამ ნუსხით გათვალისწინებული ცნობები არ მიიჩნევა საიდუმლო ინფორმაციას მიკუთვნებულ ცნობებად იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ცნობების გავრცელება ხორციელდება:
ა) „ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ“ ხელშეკრულებისა და „1999 წლის ვენის დოკუმენტის“ მოთხოვნათა შესაბამისად;
ბ) საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად.
II. თავდაცვის სფერო
თავდაცვის სფეროში საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს:
2.1. საქართველოს სამხედრო ძალების სტრატეგიული და ოპერატიული გეგმებით გათვალისწინებული ინფორმაცია ან მისი მატერიალური შემცველი (შემდგომში – ინფორმაციის შემცველი) მასალა:
2.1.1. მოსალოდნელი საომარი მოქმედების რეგიონის სტრატეგიული და ოპერატიული მოქმედების მიმართულებათა შესახებ;
2.1.2. შესაძლო ომების, მათი ეტაპების, პერიოდებისა და ცალკეული ოპერაციების ხასიათისა და თავისებურებების შეფასების და პროგნოზირების შესახებ;
2.1.3. სამხედრო მშენებლობის, სტრატეგიის, ოპერატიული ხელოვნებისა და ტაქტიკის შესახებ;
2.1.4. საქართველოს სამხედრო ძალების განვითარების, ორგანიზაციისა და სრულყოფის გეგმებისა და პროგნოზების (ყველა მასშტაბით) შესახებ;
2.1.5. სამხედრო უწყებების მიერ მოწყობილი (და მიმდინარე) ოპერატიული და ტექნიკური დაზვერვის, მათ მიერ მოპოვებული მონაცემების შესახებ; აგრეთვე აღნიშნული მიზნებისათვის შეძენილი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებისა და გაწეული ხარჯების შესახებ;
2.1.6. კრებსითი მონაცემები სამხედრო ნაწილების, ხომალდების, ქვედანაყოფების, სამხედრო დაწესებულებების, შტაბების, სამხედრო აეროდრომებისა და დასაფრენი მოედნების, პოლიგონების, ბაზების საწყობების, სამშენებლო მოედნებისა და სხვა სამხედრო ობიექტების დისლოკაციის შესახებ; აგრეთვე მონაცემები დროებითი დისლოკაციის ადგილების მოწყობასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ;
2.1.7. ცნობები საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით გათვალისწინებული საქართველოს სამხედრო ძალებსა და საზღვარგარეთის ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს შორის ოპერატიულ-საბრძოლო თანამშრომლობის შესახებ; აგრეთვე მონაცემები ყველა იმ ხარჯის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია ამ საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან;
2.1.8. ცნობები სამხედრო ძალების სახეობათა თანამშრომლობის ოპერატიული გეგმების შესახებ;
2.1.9. საქართველოს ტერიტორიის სამხედრო და სპეციალური დანიშნულების გრაფიკული და ციფრული რუქები, რომლებზეც დატანილია ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს მიკუთვნებული ინფორმაცია და მონაცემები, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიის გრავიმეტრიული ველის მოდელი, გრავიმეტრიული ანომალიის სქემები, გრაფიკები და გრავიმეტრიული პუნქტებისა და სამხედრო ობიექტების კოორდინატები (საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულის გარდა);
2.1.10. სამხედრო დანიშნულების ობიექტების ტერიტორიაზე (აკვატორია) შესრულებული აეროგადაღებითი, ჰიდროგრაფიული, ანემომეტრიული და ოკეანოგრაფიული მასალები და მონაცემები;
2.1.11. საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული სამხედრო დანიშნულების ობიექტების აეროგადაღების გრაფიკული და ციფრული მასალები (საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების გარდა);
2.1.12. შავი ზღვის კონკრეტული რაიონების სამამულო ინსტრუმენტულ გამოკვლევათა შედეგები: ხმის გავრცელების ანომალიები, აკუსტიკური სიგნალების განთესვა და შთანთქმა, წყლის ნამდვილი და კავიტაციური სიხისტე;
2.1.13. სისტემაში მოყვანილი მონაცემები ზღვის ღელვაზე საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, სადაც სიღრმე 10 მეტრზე ნაკლებია, ცნობები 200 მეტრზე ნაკლებ სიღრმეში აღმოჩენილი ახალი (სანავიგაციო ცნობარში შეუტანელი) ფსკერის ამაღლების შესახებ;
2.1.14. საბრძოლო ტექნიკისა და საფრენი აპარატების საიდენტიფიკაციო მონაცემები.
2.2. საქართველოს სამხედრო ძალების სამხედრო ოპერაციების მომზადებისა და ჩატარების შესახებ ინფორმაციის შემცველი მასალა:
2.2.1. თანამედროვე სამხედრო ოპერაციებში ჯარის სახეობების, ბრიგადების, ნაწილებისა და გემების ერთობლივი და დამოუკიდებელი მოქმედებისა და გამოყენების სტრატეგიულ-ტაქტიკური გეგმების შესახებ;
2.2.2. სამხედრო ძალების სალაშქრო და საბრძოლო განლაგების, ოპერატიულ-ტაქტიკური ნორმატივების, საბრძოლო შესაძლებლობების, ოპერატიული დარაზმვის შესახებ;
2.2.3. ცნობები საქართველოს სამხედრო ძალების სამხედრო მზადყოფნის მდგომარეობის ან მზადყოფნის ერთი დონიდან მეორეში გადაყვანის შესახებ;
2.2.4. ცნობები საბრძოლო და ოპერატიული მომზადების მიმდინარეობის, შინაარსისა და მომზადების შედეგების, ოპერატიული და საბრძოლო უზრუნველყოფის, მანევრების, სწავლებისა და საინსპექტორო შემოწმების შესახებ.
2.3. საქართველოს სამხედრო ძალების მობილიზაციის, საბრძოლო მზადყოფნის და სამობილიზაციო რესურსების გამოყენების შესახებ ინფორმაციის შემცველი მასალა:
2.3.1. სამობილიზაციო ხასიათის ცნობები საქართველოს სამხედრო ძალებისა და სახალხო მეურნეობის შესახებ;
2.3.2. ცნობები სამოქალაქო სამინისტროებსა და უწყებებში ომის დროისათვის განკუთვნილი ფორმირებების (სარკინიგზო, საავიაციო, ავტოსატრანსპორტო, ხიდების, სამედიცინო-სანიტარიული მომსახურებისა და სხვა სპეციალური მოძრავი ფორმირებები) შესახებ;
2.3.3. ცნობები სამოქალაქო სამინისტროების, უწყებების შემადგენლობაში სამხედრო ფორმირებების, სამხედრო დაწესებულებების მოსამსახურეების შესახებ;
2.3.4. ცნობები სამხედრო აეროდრომებისა და დასაფრენი მოედნების, სამხედრო ქალაქების, ყაზარმების და სხვა ობიექტების (მათ შორის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულებების, გარდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად ჩამოყალიბებული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა) მშენებლობისა და სამხედრო მიზნებისათვის სამოქალაქო ობიექტების გამოყენების შესახებ, აგრეთვე, მონაცემები აღნიშნულ ობიექტებთან დაკავშირებული ხარჯთაღრიცხვის, საპროექტო და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შესახებ;
2.3.5. ცნობები სამხედრო ნაწილების, ხომალდებისა და სხვა სამხედრო დაწესებულებების ჩამოყალიბების, დაშლის, რეორგანიზაციისა და სახელწოდებათა შეცვლის შესახებ;
2.3.6. იმ ახალგაზრდებზე კრებსითი მონაცემები, რომლებმაც გაიარეს ან გადიან სამხედრო მომზადებას;
2.3.7. ინფორმაცია სამხედრო აღრიცხვაზე მყოფ სამხედროვალდებულთა კრებსითი მონაცემების შესახებ;
2.3.8. ინფორმაცია იმ წვევამდელთა და სამხედროვალდებულთა კრებსითი მონაცემების შესახებ, რომლებიც სამობილიზაციო წესით გადიან სამხედრო შეკრებას;
2.3.9. ცნობები, რომლებიც ამჟღავნებენ უმაღლესი და საშუალო სამხედრო სპეციალური სასწავლებლების (ცენტრები) კურსანტთა სამხედრო მომზადების დახურულ პროფილს, პროგრამებს, სასწავლო გეგმებსა და მოცულობას, აღნიშნულ სასწავლებლებში სპეციალურ მიღებასა და ვადამდე გამოშვებას;
2.3.10. ცნობები უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისა და საშუალო სპეციალური სასწავლებლების მოსწავლეთა დახურულ სამხედრო-სააღრიცხვო სპეციალობებში მომზადების შესახებ;
2.3.11. ინფორმაცია რეზერვისტთა დაგეგმილი სამობილიზაციო გაწვევის შესახებ;
2.3.12. ცნობები ჯარების ორგანიზაციის, საბრძოლო და პირადი შემადგენლობის რიცხოვნობის (გარდა პირადი შემადგენლობის რიცხოვნობის კანონით დამტკიცებული ზღვრული ოდენობისა), იარაღის, სამხედრო ტექნიკის, ტრანსპორტისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებათა ოდენობის, ჯარების დაკომპლექტების, უზრუნველყოფისა და დაკომპლექტების წესის შესახებ.
2.4. ინფორმაციის შემცველი მასალა შეიარაღებისა და საბრძოლო ტექნიკის განვითარების მიზნობრივი პროგრამების, სამეცნიერო-კვლევითი და საკონსტრუქტორო სამუშაოების შესახებ, რომლებიც ეხება ახალი სახეობის სამხედრო იარაღის, საბრძოლო ტექნიკისა და თავდაცვითი ტექნოლოგიების შემუშავებას:
2.4.1. ცნობები, რომლებიც ეხება იარაღისა და ტექნიკის ახალ ნიმუშებს, აგრეთვე სპეციალურ ქვედანაყოფებს;
2.4.2. იარაღის, სამხედრო ტექნიკისა და ქონების ახალი ნიმუშების ნამდვილი (სრული ან შემოკლებული) და პირობითი (შიფრები) სახელწოდებანი, პირობითი აღნიშვნები (ინდექსი, მარკები, ნომრები), ნახაზები, სქემები, გამოსახულებანი, ფოტოსურათები, აღწერილობანი და ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლები;
2.4.3. ცნობები სამხედრო ძალების შეიარაღებაში ახალი ან მოდერნიზებული სამხედრო ტექნიკისა და ქონების გამოყენების, შეიარაღებიდან ძველი ნიმუშების მოხსნის შესახებ;
2.4.4. ცნობები სამხედრო ძალებში გამოყენებული მართვის ავტომატიზებული სისტემების ტექნიკური მახასიათებლების შესახებ;
2.4.5. ცნობები სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების დარგში აღმოჩენების, გამოგონებების, სამეცნიერო-კვლევით და იმ სამუშაოთა შესახებ, რომლებიც დაგეგმილია ან სრულდება ქვეყნის თავდაცვის ინტერესებისათვის და აქვს სამხედრო მნიშვნელობა; ამ სამუშაოთა დაფინანსებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ; აღნიშნულ სამუშაოთა კონკრეტულ საწარმოში შესრულების და ამ საქმიანობაში კონკრეტული პირების მონაწილეობის შესახებ;
2.4.6. ცნობები საწარმოებში, დაწესებულებებში, ორგანიზაციებში დახურული სამეცნიერო საბჭოების, ფაკულტეტების, განყოფილებების, კათედრების, ლაბორატორიების შესახებ;
2.4.7. ცნობები, რომლებიც ამჟღავნებენ მეცნიერებისა და ტექნიკის უახლესი მიღწევების არსს, განსაზღვრავენ მეცნიერებისა და ტექნიკის მიმართულებებს და რომლებიც შესაძლოა გამოიყენონ სამხედრო დანიშნულების პრინციპულად ახალი ნაკეთობების თუ ტექნოლოგიური პროცესების შესაქმნელად;
2.4.8. მასალა მანქანათა ახალი ტექნოლოგიის, სახეობებისა და აღჭურვილობის, ტექნიკის საცდელ ნიმუშთა შესახებ, რომლებსაც უპირატესობა აქვთ სამამულო და უცხოურ ანალოგებთან შედარებით, თუ მათში მოცემულია ზედმიწევნით აღწერა, დეტალიზაცია, სხვა მონაცემები წარმოების საიდუმლოებაზე, რომელთა საშუალებითაც შეიძლება საზღვარგარეთ შეიქმნას სამხედრო დანიშნულების მანქანები, მოწყობილობები.
2.5. ინფორმაცია განსაკუთრებით დაცული სამხედრო და სამოქალაქო თავდაცვის ობიექტების რეჟიმის, სტრუქტურისა და შემადგენლობის შესახებ:
2.5.1. საქართველოს სამხედრო ძალთა ნაწილების, ბატალიონების, ხომალდების, საწარმოებისა და დაწესებულებების პირობითი სახელწოდებანი;
2.5.2. ცნობები სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციის მდგომარეობისა და მმართველობის ორგანოების, ბაზებისა და საწყობების შესახებ; სამოქალაქო თავდაცვაში შემავალი არასამხედრო ფორმირებების რაოდენობისა და დაკომპლექტების შესახებ;
2.5.3. ცნობები სამოქალაქო ობიექტექის თავდაცვითი კატეგორიისათვის მიკუთვნების შესახებ; ომის შემთხვევაში კონკრეტული ობიექტების ქალაქგარეთ გატანის, წარმოების ადგილზევე გაგრძელების შესაძლებლობის შესახებ;
2.5.4. ცნობები სამოქალაქო თავდაცვის მზადყოფნის ხარისხზე, სამოქალაქო თავდაცვის პირველ და მეორე რიგში განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ;
2.5.5. ცნობები საქტექზედამხედველობის კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტების (მიწისქვეშა გამონამუშევრები, მღვიმეები და ა.შ.) სამოქალაქო თავდაცვის მიზნებისათვის შესაძლო გამოყენების შესახებ;
2.5.6. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის, სხვა განსაკუთრებით დაცული სამხედრო, სამოქალაქო და სამოქალაქო თავდაცვის ობიექტების დაცვის ორგანიზაციის, მეთოდების საშუალებებისა და მდგომარეობის, გამოყენებული საინჟინრო-ტექნიკური, კავშირგაბმულობისა და სიგნალიზაციის საშუალებების სქემების, განლაგებისა და მოქმედების ტექნიკური მონაცემების შესახებ;
2.5.7. მასალები სამხედრო დანიშნულებით ატომური ენერგიის შესწავლის, მიღებისა და გამოყენების შესახებ;
2.5.8. მასალები იმ ექსპერიმენტულ და გამოთვლით-თეორიულ სამუშაოთა შესახებ, რომლებიც განეკუთვნება თერმობირთვულ სამიზნეებსა და დეტონაციებს და გამოიყენება ლაზერულ სინათლეზე, ელექტრონულ და იუონურ სხივებზე, მაგნიტურ თუ ასაფეთქებელ ნივთიერებებზე ზემოქმედებისათვის. ოპტიკურ-კვანტური გენერატორების (ლაზერები) დაპროექტების შექმნისა და გამოყენების შესახებ;
2.5.9. მასალა სხვადასხვა ზედაპირულ-აქტიურ ნივთიერებათა შემუშავების, გამოცდისა და გამოყენების შესახებ კერამიკის, ლითონისა და შენადნობების სიმტკიცის დასაქვეითებლად (გარდა ლითონების შენადნობების, კერამიკის წნევით ჭრის პროცესში ინსტრუმენტების საპოხ-გამაციებელი სითხით დამუშავებისა);
2.5.10. მასალა ფეთქებადი ნივთიერებების, ინიციირების საშუალებების, პიროტექნიკური შემადგენლობების შესახებ, რომლებიც შემუშავდა ან შემუშავების პროცესშია ქვეყნის თავდაცვის ინტერესებისათვის;
2.5.11. მასალა ახალი ფეთქებადი საშუალებების, ინიციირების საშუალებების, პიროტექნიკის წარმოებისა და შექმნის, ცნობილ ფეთქებად ნივთიერებებში ახალი კომპონენტების დამატება-გამოყენების რეცეპტურის, დამზადების ტექნოლოგიის პროცესების პარამეტრების შესახებ;
2.5.12. სამხედრო ტექნიკის სტანდარტიზაციის სახელმწიფო სისტემისა და ერთიანი მატერიალური კოდის სამსახურის სტრუქტურებისა და ფუნქციების შესახებ; მონაცემები ეტალონთა დახასიათებაზე, განზომილების სანიმუშო საშუალებებზე, რომლებიც გამოიყენება სამხედრო ნაკეთობისა და სამხედრო ტექნიკის დამზადებისას ან ექსპლუატაციისას.
III. ეკონომიკის სფერო
ეკონომიკის სფეროში საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოებას განეკუთვნება:
3.1. ინფორმაციის შემცველი მასალა სახალხო მეურნეობის სამობილიზაციო გეგმებისა და სიმძლავრეების, სამხედრო დანიშნულების სტრატეგიული ნედლეულისა და მასალების მარაგისა და მიწოდების მოცულობის, აგრეთვე სახელმწიფო და სამობილიზაციო რეზერვების განლაგებისა და მოცულობის შესახებ:
3.1.1. კრებსითი ცნობები თავდაცვითი დანიშნულების, საავიაციო მრეწველობის, საერთო მანქანათმშენებლობის, რადიომრეწველობის, გემთსაშენი მრეწველობის, ელექტრონული მრეწველობის, კავშირგაბმულობის, გამოთვლითი ტექნიკისა და ინფორმატიკის უწყებათა საწარმოების დისლოკაციის შესახებ;
3.1.2. ცნობები სამხედრო ტექნიკის წარმოების ათვისების, რემონტისა და სამხედრო ძალებისათვის მიწოდების შესახებ;
3.1.3. საწარმოო სიმძლავრეები, სამხედრო და სამოქალაქო პროდუქციის წარმოებისა და რეალიზაციის ერთობლივი გეგმები, სამხედრო პროდუქცია მთლიანად, სახეობების, ტიპებისა და მარკების მიხედვით, მათი საწარმოო გეგმების შესრულება დროის ნებისმიერ მონაკვეთში ნატურალური ან ფულადი გამოხატულებით საწარმოდან და ზემოთ;
3.1.4. სამხედრო და სამოქალაქო პროდუქციის ხვედრითი წილი წარმოების საერთო მოცულობაში - საწარმოდან, რომელიც უშვებს სამხედრო პროდუქციას, და ზემოთ;
3.1.5. სამხედრო პროდუქციის შემადგენლობა, რეცეპტურა და წარმოების ტექნოლოგია;
3.1.6. სამხედრო პროდუქციის საიმედოობის, გამოსადეგობისა და გამძლეობის გამოცდის შედეგები;
3.1.7. სამხედრო პროდუქციის წარმოებაში დასაქმებული ყველა მომუშავის და ცალკე მუშაობის, მოსამსახურეების, სამეცნიერო და საინჟინრო-ტექნიკური მუშაკების რაოდენობა და ხელფასის ფონდები, ასევე მოთხოვნილება მათზე – საწარმოდან და ზემოთ;
3.1.8. თავდაცვითი მრეწველობის დაფინანსება, ძირითადი ფონდების (საწარმოო და არასაწარმოო) ღირებულება, საბრუნავი ფონდები (საშუალებები); საამორტიზაციო გადარიცხვების მოცულობა, მოგების მოცულობა, რენტაბელობის დონე, საბრუნავ საშუალებათა უკუგება. დანახარჯი ერთი ლარის სასაქონლო პროდუქციაზე, ფონდუკუგება და ფონდტევადობა – იმ საწარმოებისა, რომლებიც უშვებენ სამხედრო პროდუქციას;
3.1.9. სამხედრო პროდუქციის შესაქმნელად (გამოსაშვებად) საჭირო ახალი ტექნიკისა და ახალი ტექნოლოგიური პროცესების დანერგვის, კაპიტალური დაბანდების, სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ძირითადი ამოქმედების გეგმები, ამ გეგმების შესრულება – საწარმოდან და ზემოთ;
3.1.10. თავდაცვითი მნიშვნელობის სპეციალური მიწისქვეშა ნაგებობების შესახებ;
3.1.11. საწარმოო სიმძლავრეები, წარმოების, პროდუქციის რეალიზაციის გეგმები და მათი შესრულება დროის ნებისმიერ მონაკვეთში, წარმოებისა და რეალიზაციის მოცულობა ნატურალური და ფულადი გამოხატულებით საწარმოდან და ზემოთ შემდეგი პროდუქციის მიხედვით:
– ოქრო, ვერცხლი, პლატინა, მათი ნახევარფაბრიკატები, შენადნობები, ფხვნილები და ნაგლინი – მთლიანად, სახეობისა და მარკების მიხედვით;
– ზემტკიცე მასალები – მთლიანად, სახეობისა და მარკების მიხედვით.
– ელექტროწიდურ, ელექტროვაკუუმურ, პლაზმურ და ელექტროსხივურ ღუმელებში გამოდნობილი ფოლადი და მისი ნაგლინი, ცეცხლგამძლე შენადნობები, მათგან მიღებული ნაგლინი და ნაჭდეურები, პრეციზიული შენადნობები, მეტალური ქრომი, ფეროვოლფრამი და ფერომოლიბდენი – მთლიანად და მარკების მიხედვით;
– ფერადი და იშვიათი ლითონები, იშვიათ მიწათა და გაფანტული ელემენტები, მათი ნახევარფაბრიკატები, შენადნობები, ფხვნილები და ნაგლინი – მთლიანად, სახეობისა და მარკების მიხედვით;
– ფეთქებადი ნივთიერებები, ინიციირების საშუალებები მთლიანად და სახეობის მიხედვით (გარდა ფეთქებადი ნივთიერებებისა, რომლებიც მზადდება უშუალოდ მათი გამოყენების ადგილას);
– სამხედრო დანიშნულებისათვის გამოყენებული რადიოელექტრონული მრეწველობის, კავშირგაბმულობის საშუალებების, გამოთვლითი ტექნიკის პროდუქცია - მთლიანად, სახეობის, ტიპებისა და მარკების მიხედვით;
– სამხედრო დანიშნულების სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობა რადიო და ელექტრონულ მრეწველობაში რადიოელექტრონული აპარატების მექანიზებული აწყობისათვის; ანტენურ-ტალღური ტრაქტის ელემენტების დამზადება – მთლიანად, სახეობის, ტიპებისა და მარკების მიხედვით;
– სამხედრო დანიშნულების საავიაციო მრეწველობის პროდუქცია (თვითმფრინავები, ვერტმფრენები, ავიაძრავები) – მთლიანად, სახეობის, ტიპების, მარკისა და მოდიფიკაციის მიხედვით;
– სამხედრო დანიშნულების გემთმშენებლობის პროდუქცია – მთლიანად; საზღვაო და სამდინარო თვითმათვლი გემები – მთლიანად, სახეობისა და ტიპების მიხედვით;
3.1.12. ცნობები ხელუხლებელი მარაგის, სახელმწიფო მატერიალური და სამობილიზაციო რეზერვების, მათი სასაწყობო და სარეზერვო ტევადობათა შესახებ.
3.2. ინფორმაციის შემცველი მასალა ტრანსპორტის, კავშირგაბმულობის ქვეყნის ინფრასტრუქტურის სხვა დარგების და ობიექტების დაცვის სისტემებისა და რეჟიმის შესახებ მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებისათვის:
3.2.1. რკინიგზის, საავტომობილო, სანაოსნო და საჰაერო ტრანსპორტის სპეციალური გადაყვანა-გადაზიდვის (დატვირთვა-გადმოტვირთვის პუნქტები, სვლის მარშრუტი, გადაყვანა-გადაზიდვის თარიღები, უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემა და ა.შ.) შესახებ:
– სამხედრო კონტინგენტისა და სამხედრო ტვირთისა;
– საქართველოსა და საქართველოში სტუმრად მყოფ საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირთა;
– პატიმართა;
– სავალუტო ფასეულობების, ფეთქებადი, რადიოაქტიური, მომწამვლელი და სხვა საშიში ნივთიერებებისა და სპეციალური ტვირთებისა;
– ნარკოტიკებისა და ნარკოტიკების შემცველი ნედლეულისა;
3.2.2. სიგნალიზაციის, ცენტრალიზაციისა და ბლოკირების სქემები, კავშირგაბმულობის მაგისტრალური და საგზაო (საჰაერო, საკაბელო, რადიორელეური) ხაზები ერთი ან რამდენიმე ქვემოთ ჩამოთვლილი ელემენტის მითითებით: ტრასა, სიმძლავრე (არხთა რაოდენობა), კაბელის ტიპი, ტევადობა (წრედების რაოდენობა), ჩართვის ხარისხი, დაყენებული აპარატურა;
3.2.3. კრებსითი მონაცემები რკინიგზის უწყებათა მოძრავი რადიოსადგურებისა და სტაციონარული რადიოცენტრების რაოდენობის, ზუსტი ადგილმდებარეობის, სიმძლავრისა და ტექნიკური აღჭურვილობის შესახებ (გარდა სასადგურო კავშირისა და სამატარებლო რადიოსადგურებისა);
3.2.4. მეტროპოლიტენის გვირაბების ტექნიკური და კონსტრუქციული პარამეტრები (მოქმედი და გაანგარიშებული დატვირთვა, გამჭოლი პროფილი, სიღმის ნიმუშები, გეოლოგიური ჭრილი, ტრასები, სავენტილაციო შახტების განლაგების სქემები), ელექტრო, წყალ და თბომომარაგების, კავშირგაბმულობისა და ვენტილაციის სქემები;
3.2.5. მონაცემები მეტროპოლიტენში სამოქალაქო თავდაცვის სპეცმოწყობილობათა შესახებ;
3.2.6. მასალების სამხედრო დასატვირთ-გადმოსატვირთი მოწყობილობის, სტაციონარული და მოძრავი სამხედრო-სასურსათო პუნქტების, საიზოლაციო-გასაშვები პუნქტების, სადეზინფექციო რაზმების დისლოკაციის შესახებ;
3.2.7. ზღვის ფსკერისა და მდინარეთა შესართავების გრუნტის დახასიათება ნაპირიდან ზღვისკენ 50 მეტრამდე ფარგლებში;
3.2.8. საზღვაო ნავსადგურების საწვავი ნორმები და მუდმივი მარაგი, საწვავის ბაზებისა და საწყობების ტევადობა;
3.2.9. მასალა გემთმშენებელი და გემთშემკეთებელი ქარხნების, საზღვაო ნავსადგურების, მილსადენების სამხედრო მიზნებისათვის მოწყობის შესახებ, მათი ვარგისიანობა და გამოყენება სამხედრო გემების სადგომად;
3.2.10. სამოქალაქო გემების აღჭურვა სამხედრო მიზნებისათვის, მათი კავშირი სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდებთან, სათვალთვალო პოსტებსა და სანაპიროს რადიოსადგურებთან;
3.2.11. კრებსითი მონაცემები საფრენი საშუალებების, ავიაძრავების რაოდენობის, ტექნიკური მდგომარეობის, მათზე მოთხოვნისა და მიწოდების შესახებ, აღწერილობა მთლიანად, ტიპებისა და მოდიფიკაციების მიხედვით;
3.2.12. კრებსითი მონაცემები მფრინავთა და საინჟინრო-ტექნიკური შემადგენლობის რაოდენობისა და პირადი შემადგენლობის შესახებ;
3.2.13. კრებსითი მონაცემები სამოქალაქო ავიაციის გაერთიანებული ავიარაზმების (საწარმოო გაერთიანებები), საფრენოსნო რაზმების და ცალკეული ავიაესკადრილიების დისლოკაციის შესახებ;
3.2.14. ცნობები სამოქალაქო და სამხედრო ავიაციის ერთობლივი ბაზირების ან სამხედრო ავიაციის (სატრანსპორტოს გარდა) მიერ სამოქალაქო აეროდრომების (აეროპორტები) და დასაფრენი მოედნების გამოყენების შესახებ;
3.2.15. სამოქალაქო ავიაციის თვითმფრინავებისა და აეროდრომების აღჭურვა სამხედრო მიზნებისათვის;
3.2.16. საქართველოსა და მისი მეზობელი ქვეყნების საჰაერო ტრასების სანავიგაციო აღწერილობა (ღრუბლებიდან გასვლის სქემები, დაბრკოლებათა სქემები, დაშვების სქემები და ა.შ.);
3.2.17. ცნობები ფრენის რადიოშუქუზრუნველყოფის საშუალებათა რაოდენობისა და დისლოკაციის, რადიოსადგურების ტალღათა სიხშირის, მოხმობის ნიშნებისა და მუშაობის დროის შესახებ, ფრენის უზრუნველსაყოფი რადიოლოკაციური აღჭურვილობის (თვითმფრინავსა და მიწაზე) ტექნიკური მდგომარეობის შესახებ – აეროდრომის (აეროპორტი), გაერთიანებული ავიარაზმის (გაერთიანებული ავიასაწარმო) და უფრო დიდი მასშტაბით;
3.2.18. ცნობები, რომელთა მეშვეობით შეიძლება გაიხსნას საჰაერო ხომალდის ხელში ჩაგდების ან გატაცების ცდისას ეკიპაჟის წევრთათვის დადგენილი სამსახურებრივი ინსტრუქცია;
3.2.19. მონაცემები რადიოსიხშირის ზოლების, მოხმობის სიგნალების განაწილების, სამინისტროებისა და უწყებების მიერ მათი გამოყენების შესახებ;
3.2.20. ცნობები ეთერისადმი კონტროლისა და საკონტროლო-საპელენგაციო სადგურების შესახებ;
3.2.21. მიწისქვეშა ანტენების, სწრაფმოქმედი, ნელამოქმედი და მეტად გრძელტალღიანი კავშირგაბმულობის შესახებ;
3.2.22. საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული მეზობელი ქვეყნების მაგისტრალური და ზონალური ქსელების სქემები მათი კვანძებისა და სიმძლავრეების ჩვენებით;
3.2.23. ცნობები სამთავრობო და საუწყებო დახურული კავშირის, გამოყენებული კავშირგაბმულობის საშუალებების, არხებისა და სისტემების შესახებ;
3.2.24. ცნობები სათადარიგო (სარეზერვო, დაფარული) სატელეფონო-სატელეგრაფო კვანძების, რადიოსადგურებისა და რადიოკვანძების, საკაბელო, რადიოსარელეო და კავშირგაბმულობის საჰაერო რგოლების, სადენიანი, რადიო და რადისარელეო კავშირგაბმულობის სპეციალური ობიექტების შესახებ;
3.2.25. თავდაცვითი მნიშვნელობის საწარმოთა ენერგომომარაგებისა და შიდასატელეფონო კავშირის საკაბელო ქსელის სქემები;
3.2.26. მასალა სატელეგრაფო გადაცემების ხელში ჩაგდებისა და სატელეფონო საუბრების მიყურადებისაგან დაცვის ტექნიკური საშუალებებისა და ღონისძიებების შესახებ;
3.2.27. კრებსითი მონაცემები საქართველოსა და ავტონომიური რესპუბლიკების ცენტრების საქალაქთაშორისო სატელეფონო სადგურებისა და ტელეგრაფის ტექნიკური აღჭურვილობისა და ენერგეტიკული უზრუნველყოფის სარეზერვო წყაროების შესახებ;
3.2.28. ცნობები მიკროორგანიზმების შტამების შესახებ, რომლებიც იწვევენ ლაქსაღებავებისა და საწვავ-საპოხი მასალების დეგრადაციას.
3.3. მასალები ოქროს საერთო მარაგში შემავალი მონეტარული ჯგუფის – ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვებისა და სხვა სავალუტო ფასეულობების – სახელმწიფო მარაგის კონკრეტულ სახეობათა, ფულის ნიშნებისა და ფასიანი ქაღალდების დამზადების, შენახვის, დაცვისა და ყალბისმქნელობის თავიდან აცილებასთან, მიმოქცევასთან, გაცვლასთან ან მიმოქცევიდან ამოღებასთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ:
3.3.1. ოქროს საერთო მარაგში შემავალი მონეტარული ჯგუფის – ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვებისა და სხვა სავალუტო ფასეულობების სახელმწიფო მარაგის მოცულობა კონკრეტულ სახეობათა მიხედვით. მათი შენახვისა და დაცვის წესი, შენახვის ადგილი;
3.2.2. საფინანსო გეგმები (შემოსავალ-გასავლის ბალანსები) მთლიანად და მუხლებად, მათი შესრულების ანგარიშები იმ სამინისტროების, უწყებების მიხედვით, რომლებიც მუშაობენ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი პროდუქციის წარმოებაზე ან სამეცნიერო-კვლევით თემატიკაზე;
3.3.3. ცნობები საგანგებო ან საომარი მდგომარეობის საწყის ეტაპზე საქართველოს სამხედრო ძალებისა და ეროვნული მეურნეობის ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის გეგმებისა და ინსტრუქციების შესახებ;
3.3.4. საქართველოს სტრატეგიული ინტერესების ფინანსური უზრუნველყოფის ცალკეული დამუშავებანი;
3.3.5. ცნობები საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის სპეციალური მიზნებისათვის ხარჯვის შესახებ;
3.3.6. საქართველოს ეროვნულ ბანკში ფულის ნიშნების რეზერვები და ფაქტობრივი რაოდენობა;
3.3.7. ცნობები საქართველოში ახალი ფულის ნიშნების ბეჭდვისა და მონეტების დამზადების პროექტების შესახებ (გარდა საიუბილეო და სამახსოვრო მონეტებისა), სხვა, ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობის შესანარჩუნებლად დაგეგმილი საფინანსო და სავალუტო ოპერაციების შესახებ, რომელთა ნაადრევმა გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს;
3.3.8. ცნობები ფულის ნიშნების, ლითონის მონეტების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა სავალუტო ნაწარმის გაყალბებისაგან დაცვის საიდუმლო ნიშნებისა და მექანიზმის შესახებ;
3.3.9. ცნობები ყალბი ფულის ბილეთების, ლითონის მონეტების დამზადების მეთოდებისა და ექსპერტიზის წესის შესახებ;
3.3.10. ცნობები საქართველოს საბანკო სისტემიდან სახელმწიფო სახსრებისა და ფასეულობების დატაცებისას გამოყენებული მეთოდების შესახებ;
3.3.11. ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის ობიექტების მშენებლობისათვის ჩასატარებელი და ჩატარებული საპროექტო-სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შესახებ; ცნობები მშენებლობის დროს გამოყენებული ტექნიკური საშუალებების, სამშენებლო-სარემონტო მასალისა და ძალების შესახებ; ცნობები ობიექტების დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემებისა და რეჟიმის შესახებ.
IV. საგარეო ურთიერთობათა სფერო
საგარეო ურთიერთობათა სფეროში საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოებას განეკუთვნება:
4.1. ცნობები საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ, რომელთა წინასწარმა გამჟღავნებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს სახელმწიფო ინტერესებს:
4.1.1. ცნობები სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებების მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ, რომელთა გამჟღავნებამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მოლაპარაკების შედეგებზე;
4.1.2. საქართველოს მთავრობის, სამინისტროების (უწყებები), საგარეო ეკონომიკური ორგანიზაციების მოლაპარაკებები უცხოეთის სახელმწიფოებთან ან ფირმებთან საგარეო ეკონომიკურ, სავალუტო-საკრედიტო და სამეცნიერო-ტექნიკურ საკითხებზე ოფიციალური შეთანხმების, ხელშეკრულების დადებამდე;
4.1.3. სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებებითა და მოლაპარაკებებით გათვალისწინებული შეთანხმებები, რომელთა კონფიდენციალურობა ურთიერთშეთანხმებულია მხარეებთან;
4.1.4. ცნობები საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიული ინტერესების შესახებ, თუ მათი გამჟღავნება ზიანს მიაყენებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს;
4.1.5. ცნობები, რომელთა გამოყენებამ შეიძლება მნიშვნელოვანწილად განაპირობოს სახელმწიფოთაშორისი მოლაპარაკებების შედეგები, კონკრეტული მოლაპარაკებების ტაქტიკა;
4.1.6. ცნობები:
– საქართველოს სამთავრობო დელეგაციების საზღვარგარეთ ვიზიტების მზადებაზე, თუ მათი ნაადრევი გამჟღავნება ზიანს მიაყენებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს;
– საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში მოსალოდნელი თანამდებობრივი ცვლილებების შესახებ;
– სამხედრო დიპლომატიური სამსახურისათვის კონკრეტული მუშაკების მომზადების შესახებ;
4.1.7. განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ცნობები საქართველოში საზღვარგარეთის ქვეყნების მეთაურთა ვიზიტების ორგანიზებისათვის გამოყენებული მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შესახებ.
4.2. ცნობები უცხო სახელმწიფოებთან სამხედრო, სამეცნიერო-ტექნიკური და სხვა სახის თანამშრომლობის საკითხების შესახებ, რომელთა გამჟღავნებამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს ინტერესებს:
4.2.1. იარაღის, ტყვია-წამლის, სამხედრო ტექნიკისა და სამხედრო საქონლის საქართველოში უცხოეთის ქვეყნებიდან შემოტანისა და გატანის, ამ ოპერაციების დაფინანსებისა და დაკრედიტების შესახებ;
4.2.2. სამხედრო გამოგონებებსა და საწარმოო საიდუმლოებებზე, რომლებიც საქართველომ გადასცა ან მიჰყიდა უცხოეთის ხელისუფალთ, ორგანიზაციებსა და ცალკეულ პირებს;
4.2.3. საქონლის სავარაუდო შესყიდვა-გაყიდვის, მათი მოსალოდნელი ფასების, მოლაპარაკების ტაქტიკისა და ფირმების იმ წრის შესახებ, რომელთანაც მოსალოდნელია მოლაპარაკების დაწყება.
ცნობები, რომლებიც გაამჟღავნებენ ცალკეულ სახეობათა მოწყობილობის, მასალებისა და სხვა საქონლის იმპორტით საქართველოს განსაკუთრებულ დაინტერესებას;
4.2.4. ცნობები გასაყიდად ან შესაძენად გამიზნული ლიცენზიების, ტექნოლოგიური პროცესების, მოწყობილობის ნიმუშების ტექნიკური დოკუმენტაციის შესახებ, საზღვარგარეთ პატენტებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის, ახალი ტექნიკის ნიმუშების ლიცენზიების შესყიდვისა და მათი ახალი ტექნიკის დასამუშავებლად გამოყენების პირობების, კონკრეტული სამამულო გამოგონებებისა და სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევების ლიცენზიის გაყიდვის პირობების შესახებ; სახალხო მეურნეობის დარგებში უცხოური ლიცენზიების ათვისების მიმდინარეობის კრებსითი მონაცემები.
4.3. ცნობები საქართველოს საგარეო და ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველყოფისათვის აუცილებელი ღონისძიებების შესახებ, რომელთა გამჟღავნებას ან დაკარგვას შეუძლია ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს თავდაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის სფეროში.
V. დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროში
დაზვერვის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის სფეროში საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს:
5.1. ინფორმაცია სადაზვერვო, სახელმწიფო უსაფრთხოების, მართლწესრიგის, კონტრსადაზვერვო და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის გეგმების, ორგანიზების, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებების, ფორმების, მეთოდებისა და შედეგების, აგრეთვე კონკრეტული პროგრამების თაობაზე, რომლებიც ზემოაღნიშნულ სფეროებში კონფიდენციალურ საფუძველზე თანამშრომლობენ ან ადრე თანამშრომლობდნენ ასეთი საქმიანობის განმახორციელებელ საქართველოს შესაბამის უწყებებთან:
5.1.1. სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო უწყებების მიერ ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებებით მოპოვებული ინფორმაცია, რომელთა გამჟღავნებამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, შესაძლებელი გახადოს ინფორმაციის წყაროს, მისი მოპოვების მეთოდებისა და საშუალებების გამოაშკარავება;
5.1.2. ოპერატიული საქმიანობის უფლებამოსილი სახელმწიფო უწყებების ინფორმაცია იმ პირთა შესახებ, რომლებიც კონფიდენციალურ საფუძველზე თანამშრომლობენ მათთან ან ადრე თანამშრომლობდნენ;
5.1.3. სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო და სხვა სპეცსამსახურების სტრუქტურა და ფუნქციური მოვალეობანი, რომელთა გამჟღავნება გამოააშკარავებს მათი მუშაობის მიმართულებას და დაინტერესების ობიექტებს;
5.1.4. სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო, ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური საქმიანობის კონკრეტული ამოცანები, გეგმები და ანგარიშები;
5.1.5. სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო და სხვა ოპერატიული საქმიანობისათვის გამოყენებული ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური მოწყობილობები, მათი სრულყოფის, ახალი ნიმუშების დამზადების სამუშაოები, მათი ტექნიკური მახასიათებლები;
5.1.6. ცნობები, რომლებიც გამოააშკარავებენ სახელმწიფო და არასახელმწიფო უწყებებში, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში საქართველოს სპეციალური სამსახურების მოქმედი რეზერვის ოფიცერთა მუშაობის ფაქტს, მათი საქმიანობის ფორმებს, მეთოდებსა და საშუალებებს;
5.1.7. სადაზვერვო, კონტრსადაზვერვო და სხვა სპეციალური სამსახურების სტრუქტურული ქვედანაყოფების პირობითი დასახელებები, მათი დისლოკაციის ადგილები, საქმიანობის მიმართულებები, ფორმები და მეთოდები;
5.1.8. ინფორმაციები ოპერატიული საქმიანობის უფლებამოსილი უწყებების მიერ კონკრეტული ოპერატიული ღონისძიებებისათვის გაწეული ხარჯების, სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო საქმიანობის მოკლევადიანი და გრძელვადიანი სპეციალური პროგრამებისა და გამოკვლევების დაფინანსების წყაროებისა და ხარჯების მოცულობის შესახებ;
5.1.9. საქართველოს თავდაცვისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურების შიდასაუწყებო ნორმატიული აქტები, რომლებიც აწესრიგებენ მათ შიდა საქმიანობას უშუალოდ სახელმწიფო თავდაცვისა და სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით;
5.2. ინფორმაცია საქართველოსა და საქართველოში სტუმრად მყოფ საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლესი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობების პირთა, ადმინისტრაციული შენობების, სამთავრობო რეზიდენციებისა და სხვა სარეჟიმო ობიექტების (შემდგომში – დასაცავი ობიექტები) დაცვის რეჟიმის შესახებ:
5.2.1. ცნობები დასაცავი ობიექტების დაცვის რეჟიმის, მეთოდების, გამოყენებული ტექნიკური საშუალებებისა და ძალების შესახებ;
5.2.2. ინფორმაცია დასაცავი ობიექტების დაცვის ორგანიზაციაში არსებული სუსტი ადგილების შესახებ.
5.3. ინფორმაცია სამთავრობო და სპეციალური კავშირგაბმულობის სისტემის შესახებ.
5.4. ინფორმაცია სახელმწიფო შიფრების დამუშავებისა და გამოყენების, კრიპტოგრაფიის სფეროში სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შესახებ.
5.5. ინფორმაცია სამთავრობო რეზიდენციების მშენებლობისათვის ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ; ცნობები მშენებლობის დროს გამოყენებული ტექნიკური საშუალებებისა და ძალების შესახებ.
5.6. ინფორმაცია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების ობიექტებისათვის ჩასატარებელი და ჩატარებული საპროექტო-სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შესახებ; ცნობები აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის დროს გამოყენებული სამშენებლო-სარემონტო მასალის, ტექნიკური საშუალებებისა და ძალების შესახებ:
5.6.1. ინფორმაცია საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების, გარე დაცვის, სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულებისა და საბადრაგო სამსახურების, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების მოსამსახურეთა საშტატო რიცხოვნობისა და სამსახურებრივი განრიგების შესახებ, ასევე ცნობები არსებული ტექნიკური საშუალებებისა და ძალების შესახებ.
5.7. ინფორმაცია საქართველოს საჰაერო სივრცის სუვერენიტეტის კონტროლის სისტემის შესახებ.
5.8. ინფორმაცია ნაფიც მსაჯულთა საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფისათვის განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.
დანართი №2
იმ თანამდებობის პირთა ნუსხა, რომლებიც უფლებამოსილი
არიან, გასცენ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების ნებართვა
1. საქართველოს პრეზიდენტი;
2. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;
3. საქართველოს პრემიერ-მინისტრი;
4. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი;
5. საქართველოს პრემიერ–მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი და მისი მოადგილეები;
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე;
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;
8. საქართველოს მინისტრები (მათი მოვალეობის შემსრულებლები);
9. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი;
10. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები;
11. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეები;
12. აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირები და მათი მოადგილეები;
13. საქართველოს მთავარი პროკურორი;
14. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი;
15. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი;
16. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი;
17. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები;
18. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი;
19. საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი;
20. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეები;
21. საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი;
22. აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები;
23. საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები;
24. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – სახელმწიფო სასაზღვრო პოლიციის უფროსი;
25. საქართველოში საიდუმლოების მფლობელი უწყებები, ორგანიზაციების და საწარმოების უფროსები (მათი მოვალეობის შემსრულებლები);
26. საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების უმაღლესი სასწავლებლების რექტორები-უფროსები (მათი მოვალეობის შემსრულებლები);
27. აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამინისტროების, უწყებების ხელმძღვანელები (მათი მოვალეობის შემსრულებლები).
დანართი №3
იმ თანამდებობის პირთა ნუსხა, რომელთაც აქვთ კონკრეტული ინფორმაციის სახელმწიფო საიდუმლოებისათვის მიკუთვნების უფლებამოსილება
1. საქართველოს პრეზიდენტი;
2. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე;
3. საქართველოს პრემიერ-მინისტრი;
4. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი;
5. საქართველოს პრემიერ – მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში – სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი და მისი მოადგილეები; საბჭოს აპარატის დეპარტამენტების დირექტორები და მათი მოადგილეები; საბჭოს აპარატის სამსახურების უფროსები და უფროსი მრჩევლები;
6. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე;
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე;
8. საქართველოს მინისტრები, მინისტრების მოადგილეები;
9. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, სახელმწიფო მინისტრის მოადგილეები;
10. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები;
11. საქართველოს პარლამენტის კომიტეტების (კომისიების) თავმჯდომარეები;
12. საქართველოს საპარლამენტო ფრაქციების თავმჯდომარეები;
13. საქართველოს პარლამენტის წევრები;
14. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეები;
15. საქართველოს პრეზიდენტის-სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის სამხედრო მრჩეველი;
16. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის დეპარტამენტის დირექტორები და მათი მოადგილეები, განყოფილების უფროსები, მთავარი მრჩევლები, მთავარი სპეციალისტები;
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი მოსამართლეები;
18. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები;
19. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი, დეპარტამენტის უფროსები და მათი მოადგილეები, გენერალური ინსპექციის უფროსი, მთავარი აუდიტორები და უფროსი აუდიტორები;
20. საქართველოს მთავარი პროკურორი და მისი მოადგილეები;
21. საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწეები;
22. საქართველოს მთავრობის კანცელარიაში – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირ(ებ)ი;
23. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი და მისი მოადგილეები;
24. საქართველოს პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებით აღჭურვილი თანამდებობის პირები;
25. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და მისი მოადგილეები;
26. საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი და მისი მოადგილეები;
27. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში:
- შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი;
- შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები;
- მინისტრის აპარატის უფროსი და მისი მოადგილეები;
- ჯარების სახეობათა სარდლები და მათი მოადგილეები;
- დეპარტამენტების უფროსები და მათი მოადგილეები;
- სამხედრო ნაწილების უფროსები და მათი მოადგილეები;
- ოპერატიული ქვედანაყოფების პასუხისმგებელი მუშაკები;
- სადაზვერვო ქვედანაყოფების პასუხისმგებელი მუშაკები;
28. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში:
- განყოფილების უფროსები და ზემოთ;
- ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ქვედანაყოფების პასუხისმგებელი მუშაკები;
29. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში:
- განყოფილების უფროსები და ზემოთ;
- ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური ქვედანაყოფების პასუხისმგებელი მუშაკები;
30. საქართველოში სადაზვევო, კონტრსადაზვერვო, ოპერატიული და ოპერატიულ-ტექნიკური საქმიანობის უფლების მქონე უწყებათა პასუხისმგებელი თანამშრომლები;
31. საქართველოში სახელმწიფო საიდუმლოების მფლობელი უწყებების, ორგანიზაციების, სასწავლო, სამეცნიერო დაწესებულებების და საწარმოების უფროსები და მათი მოადგილეები;
32. საქართველოს სახელმწიფო უწყებებში, ორგანიზაციებსა და საწარმოებში საიდუმლო- სარეჟიმო განყოფილებათა უფროსები, მათი მოადგილეები;
33. აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სტრუქტურებისა და სტრუქტურული დანაყოფების პასუხისმგებელი პირები;
34. საქართველოს დაზვერვის სამსახურში:
- განყოფილების უფროსი და ზემოთ;
- დაზვერვის ოფიცერი.