საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.04.2014
ძალის დაკარგვა 01.04.2020
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.061.016092
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 24/04/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №27
2014 წლის 16 აპრილი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
“
მუხლი 1🔗. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–6 მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 2 აპრილის №25 დადგენილების შესაბამისად:
ა) დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“ თანდართული დებულება, რომლის მე-3 მუხლის პირველი-მე-10 პუნქტები ამოქმედდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მისი ძალაში შესვლის დღიდან.
მუხლი 2🔗. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი უზრუნველყოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატმა (ო. გარმელია).
მუხლი 3🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვ. ყოლბაია
საჯარო სამართლის იურიდიული პირის
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის“
დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრი“ (შემდგომში - ცენტრი) წარმოადგენს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონის მე-6 და მე-18 მუხლებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.
2. ცენტრი დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, გააჩნია საკუთარი შემოსავლები და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩლედ და მოპასუხედ.
3. ცენტრი საქმიანობას წარმართავს საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის და ამ დებულების საფუძველზე. ცენტრს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი მცირე გერბის გამოსახულებითა და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, თეგი, კანონმდებლობის საფუძველზე გადაცემული ქონება, ანგარიში ხაზინაში და ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში, იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები.
4. ცენტრის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი №42.
მუხლი 2🔗. ცენტრის მიზნები და უფლებამოსილება
1. ცენტრის მიზნებია:
ა) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი, ეკონომიკური, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროცესების შესახებ ტელერადიო და ელექტრონული ინფორმაციების მოპოვება, დამუშავება, შექმნა და გავრცელება საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების მედიის საშუალებებში;
ბ) კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ კონფერენციების, დისკუსიების მოწყობა და დარეგულირების პროცესის განვითარების სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობა, აგრეთვე, ამ პროგრამების კოოორდინაცია და მათი ორგანიზება;
გ) ქართველთა და აფხაზთა შორის დიალოგის, სახალხო დიპლომატიის, საგანმანათლებლო და სოციალურ-ეკონომიკური პროექტების მხარდაჭერა;
დ) კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობისთვის სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ტელე-, ინტერნეტ-, რადიოგადაცემების მომზადება და გავრცელება;
ე) საქართველოსა და უცხოეთის მედიის საშუალებებისათვის აფხაზეთის შესახებ ინფორმაციის მოძიებაში ხელშეწყობა;
ვ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციების მიწოდება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არსებული მედიის საშუალებებისთვის.
2. ცენტრი უფლებამოსილია:
ა) დასახული მიზნებისა და პროექტების შემუშავება/განხორციელებასთან დაკავშირებით ითანამშრომლოს, გააფორმოოს ხელშეკრულებები, მემორანდუმები, საქართველოსა და უცხო ქვეყნის ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, სხვა საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან;
ბ) დასახული მიზნების მისაღწევად ჩაატაროს სემინარები, კონფერენციები, სამუშაო შეხვედრები, ტრენინგები;
გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობები.
მუხლი 3🔗. ცენტრის სტრუქტურა და მართვა
1. ცენტრის საქმიანობის კოორდინაციისა და მართვის მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის (შემდგომში - მთავრობა) სათანადო ნორმატიული აქტის საფუძველზე იქმნება სამეთვალყურეო საბჭო.
2. სამეთვალყურეო საბჭო შედგება 21 წევრისაგან. სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის 19 კანდიდატს წარადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, რომელთაგან 16 უნდა იყოს სამოქალაქო სექტორის, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ხოლო 3 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელი. სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის 2 კანდიდატს წარადგენს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე.
3. სამეთვალყურეო საბჭოს წევრობა არ წარმოადგენს ანაზღაურებად საქმიანობას.
4. სამეთვალყურეო საბჭო იკრიბება თვეში ერთხელ მაინც ან/და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ცენტრის დირექტორის ან სამეთვალყურეო საბჭოს სიითი შემადგენლობის 1/3-ის მოთხოვნით დაუყოვნებლივ.
5. სამეთვალყურეო საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება:
ა) ცენტრის პრიორიტეტების, გეგმებისა და პროექტების განსაზღვრა;
ბ) სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს მონაწილეობით:
ბ.ა) ცენტრის საფინანსო სახის ხელშეკრულებებისა და ცენტრის სხვა საკონტრაქტო დოკუმენტების პირობების განხილვა;
ბ.ბ) ცენტრის მიერ წლიური ბიუჯეტის შესრულების და/ან საჭიროებისამებრ სხვა საკითხებზე მთავრობისათვის წარსადგენი ანგარიშების განხილვა;
გ) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის არჩევა და მდივნის დამტიცება;
დ) ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შესატანად მთავრობისათვის წინადადებების წარდგენა.
6. სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება სიითი შემადგენლობის წევრთა ნახევარზე მეტი. თითოეულ წევრს მხოლოდ ერთი ხმის უფლება აქვს. სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
7. სამეთვალყურეო საბჭო თავისი შემადგენლობიდან, სამეთვალყურეო საბჭოს სიითი შემადგენლობის 1/3-ის წარდგინებით, 2 წლის ვადით ირჩევს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩეულად ჩაითვლება თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობა, მაგრამ სამეთვალყურეო საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ნახევარზე მეტი.
8. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე:
ა) სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს სამეთვალყურეო საბჭოს მდივანს;
ბ) უძღვება სამეთვალყურეო საბჭოს სხდომებს;
გ) ხელს აწერს სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებებს.
9. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომების ორგანიზებას სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის დავალებით ახდენს სამეთვალყურეო საბჭოს მდივანი. მდივნის კანდიდატურას წარადგენს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ამტკიცებს სამეთვალყურეო საბჭო დამსწრეთა ხმათა უმრავლესობით.
10. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდება პირადი განცხადებით ან სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, თუ კი აღნიშნული საკითხის ინიციირებას მოახდენს სამეთვალყურეო საბჭოს სიითი შემადგენლობის 1/3-ის ხემოწერებით, ხოლო გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
11. ცენტრს ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა.
12. ცენტრის დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს ცენტრს, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს ცენტრის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) წარმოადგენს ცენტრს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში და ხელს აწერს დოკუმენტებს;
გ) სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით შეიმუშავებს ცენტრის პრიორიტეტებს, გეგმებსა და პროექტებს;
დ) ცენტრის საქმიანობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს სამეთვალყურეო საბჭოსა და ცენტრის კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამშრომლებს;
ვ) აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს, ცენტრის თანამშრომლებს შორის ანაწილებს ფუნქციებს, ამტკიცებს ცენტრის შინაგანაწესს;
ზ) ახორციელებს ცენტრის თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას და უზრუნველყოფს კონტროლს ცენტრის თანამშრომლების მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებაზე;
თ) გამოსცემს ინდივიდუალურ -სამართლებრივ აქტს - ბრძანებას;
ი) პერსონალურად აგებს პასუხს ცენტრის საქმიანობის სწორად წარმართვაზე, ცენტრის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;
კ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ და მთავრობის მიერ დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებებს.
13. ცენტრის დირექტორს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის დირექტორი.
მუხლი 4🔗. ცენტრის საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
1. ცენტრი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს უფლება აქვს, ცენტრისგან მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.
3. ცენტრმა კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე ცენტრის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებები ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტი „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანხმობა.
5. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.
მუხლი 5🔗. ცენტრის ქონება და დაფინანსების წყარო
1. ცენტრს თავისი მიზნების განსახორციელებლად და ფუნქციების შესასრულებლად აქვს ქონება. ცენტრის ქონების შექმნის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. ცენტრის ქონება შედგება ძირითადი და საბრუნავი საშუალებებისაგან, აგრეთვე სხვა მატერიალური ფასეულობებისა და ფინანსური რესურსებისაგან, რომლებიც აისახება ცენტრის ბალანსზე.
3. ცენტრის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ცენტრის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. ცენტრის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.
მუხლი 6🔗. საბუღალტრო ანგარიშგება
1. ცენტრი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს.
2. ცენტრის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 7🔗. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. ცენტრის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ლიკვიდაციას ახორციელებენ ლიკვიდატორები, რომლებსაც ნიშნავს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანო. ლიკვიდატორი შეიძლება იყოს ცენტრის დირექტორი.
3. ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში.
მუხლი 8🔗. ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
ცენტრის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამეთვალყურეო საბჭოს წინადადების საფუძველზე, მთავრობის გადაწყვეტილებით.