საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ბულვარის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.04.2014
ძალის დაკარგვა 30.01.2017
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 040030000.32.057.016171
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/05/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ბულვარის დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 27.01.2017
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ბულვარის დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 01.01.2023
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის ბულვარის დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 10.04.2012
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის
ბულვარის დებულების დამტკიცების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება
№18
2014 წლის 30 აპრილი
ქ. ბათუმი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის
ბულვარის დებულების დამტკიცების შესახებ
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-8 მუხლის „თ“ ქვეპუნქტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად:
1.
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ბულვარის დებულება, თანახმად დანართისა.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის ბულვარის დებულების დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2012 წლის 10 აპრილის №14 დადგენილება (სსმ, 19/04/2012, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.32.057.016083)).
3.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეარჩილ ხაბაძე
დანართი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბათუმის
ბულვარის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბათუმის ბულვარი (შემდგომში – ბულვარი) არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის (შემდგომში – მთავრობა) დადგენილებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი (დაწესებულება), რომელიც შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში.
2. ბულვარი თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა სათანადო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
3. კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილ ფარგლებში ბულვარი ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია მთავრობისა და სამინისტროს წინაშე. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ბულვარს გააჩნია სპეციალური უფლებაუნარიანობა. ბულვარი უფლებამოსილი არ არის განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რომლის უფლება მას მინიჭებული არა აქვს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით ან/და ამ დებულებით.
4. ბულვარი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებს, კისრულობს მოვალეობებს, დებს გარიგებებს, საკუთარი სახელით გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ, აგრეთვე მესამე პირებთან ურთიერთობაში.
5. ბულვარს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ხარჯთა ნუსხა, საბანკო და სახაზინო ანგარიშები, ბეჭედი, ბლანკი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
6. ბულვარის იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, კ. გამსახურდიას ქუჩა №2.
მუხლი 2🔗.
ბულვარის ფუნქციები, ამოცანები და საქმიანობის საგანი
1. ბულვარის ფუნქციები და ამოცანებია:
ა) ბულვარის გამწვანების პროექტებისა და პერსპექტიული პროგრამების დამუშავებასთან დაკავშირებული საქმიანობა;
ბ) ბულვარის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების, დეკორატიული მცენარეების, ყვავილების და ა.შ. მოვლა-პატრონობა, განახლებისა და აღდგენის სამუშაოები;
გ) მოსახლეობის გაჯანსაღებისა და დასვენების ეფექტური პირობების უზრუნველყოფა, საკურორტო ინფრასტრუქტურის შემდგომი გაფართოება;
დ) დამსვენებელთა, როგორც ორგანიზებული, ისე არაორგანიზებული კონტინგენტისათვის დასვენებისა და ტურიზმის თანამედროვე მოთხოვნილებების შესაბამისი პირობების შექმნა;
ე) საკურორტო ფაქტორთა დაცვა გაჭუჭყიანებისა და ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევისაგან, სანიტარული ნორმების დაცვა;
ვ) ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მარკეტინგული კვლევების მონაცემთა ბაზის შექმნა, ანალიზის განხორციელება, მისი მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი და საინფორმაციო ბაზის შექმნა, კვლევისა და ანალიზის საფუძველზე ბულვარის განვითარების დასაბუთებული პერსპექტიული გეგმების შედგენა;
ზ) ბულვარის სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა, მათი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის სხვადასხვა ფორმებით გაცემა და შესაბამისი პირობების დადგენა;
თ) ბულვარის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
ი) „ვეტერანთა კლუბის“ (შემდგომში – კლუბი) ჩამოყალიბებისა (ბულვარის სარგებლობაში არსებული ვეტერანთა კლუბის შენობის ბაზაზე) და ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება (კლუბის დაფუძნება, წევრების რეგისტრაცია, წარმომადგენლობასა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირების, მათ შორის, საპატიო წევრის წოდებაზე წარსადგენი კანდიდატურების არჩევნების ჩატარების ორგანიზება, კლუბის საინტერესო და ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად სპეციალური მიზნობრივი პროგრამებისა და ღონისძიებების (ტურნირებისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიების ორგანიზება, სადღესასწაულო დღეებში წამახალისებელი საჩუქრების მომარაგება, სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულთათვის პრიზების გადაცემა და სხვა) შემუშავება და განხორციელება.
2. ბულვარს, თავისი ამოცანებისა და ფუნქციების შეუფერხებლად რეალიზაციის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში უფლება აქვს:
ა) წარადგინოს წინადადებები აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ბულვარის მართვისა და განვითარებისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე;
ბ) მიიღოს საჭირო ინფორმაცია, განმარტებები და ცნობები;
გ) მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება-განხილვაში;
დ) განახორციელოს დამხმარე სამეწარმეო საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში;
ე) თავის გამგებლობაში შემავალ საკითხებზე ითანამშრომლოს სამთავრობო უწყებებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, აგრეთვე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ვ) განახორციელოს კონტროლი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებების შესრულებაზე, რისთვისაც გამოყოფს კოორდინატორს ან თანამშრომელთა შემადგენლობით ქმნის სპეციალური კონტროლის ჯგუფს;
ზ) შეადგინოს ბულვარის ტერიტორიაზე ჩადენილ ცალკეულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ოქმი;
თ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
3. ბულვარი თავის საქმიანობას წარმართავს სამინისტროს ზედამხედველობით. საჭიროების შემთხვევაში ბულვარი ვალდებულია დაკისრებული ამოცანები და ფუნქციები განახორციელოს შესაბამისი სახელმწიფო (ავტონომიური რესპუბლიკის, ადგილობრივ) ორგანოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან კოორდინირებული ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე.
მუხლი 3🔗.
ბულვარის ხელმძღვანელობა
1. ბულვარს ხელმძღვანელობს ბულვარის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს მთავრობა მთავრობის უფლებამოსილების ვადით. მთავრობა უფლებამოსილია მიზანშეწონილობის მოტივით, ნებისმიერ დროს მიიღოს გადაწყვეტილება ბულვარის დირექტორის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ბულვარის დირექტორი მოვალეობას ასრულებს მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებამდე.
2. ბულვარის დირექტორი წარმოადგენს ბულვარს, კონტროლს და კოორდინაციას უწევს ბულვარის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, წარმოადგენს ბულვარის ინტერესებს მესამე პირებთან ურთიერთობაში.
3. ბულვარის დირექტორს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის პირველი მოადგილე, რომლებსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე (შემდგომში - მთავრობის თავმჯდომარე) ბულვარის დირექტორის უფლებამოსილების ვადით, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით. ბულვარის დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, მოადგილეები ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს ბულვარის ახალი დირექტორის დანიშვნამდე.
4. ბულვარის დირექტორის მოადგილეები ახორციელებენ კონტროლს და კოორდინაციას უწევენ ბულვარის საქმიანობის ცალკეულ მიმართულებებს, უზრუნველყოფენ ბულვარის შესაბამისი ზონის მართვას. მოადგილეთა კონკრეტულ უფლებამოსილებებს განსაზღვრავს ბულვარის დირექტორი შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
5. ბულვარის დირექტორის არყოფნის, უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან შეწყვეტის შემთხვევაში ბულვარის დირექტორის მოვალეობას დროებით ასრულებს ბულვარის დირექტორის პირველი მოადგილე.
6. ბულვარს ჰყავს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, რომელიც უფლებამოსილების ფარგლებში კოორდინირებას უწევს მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობებს ბულვარის ძირითადი საქმიანობისა და მიმართულებების თაობაზე, ასევე ბულვარის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, არსებული მდგომარეობის შესახებ საზოგადოებისათვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებასა და პრესკონფერენციების ორგანიზებას.
7. ბულვარს ჰყავს საქმის მწარმოებელი - ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი, რომელიც უფლებამოსილების ფარგლებში კოორდინაციას უწევს და უზრუნველყოფს: დირექტორის და დირექტორის მოადგილეების მიერ მოქალაქეთა მიღებას, ბულვარის საქმისწარმოების ორგანიზებას, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოსული კორესპონდენციების ანალიზს, განხილვასა და შემსრულებლისათვის მიწოდებას, დირექტორის თათბირებსა და შეხვედრებს, თანამშრომლების პირადი საქმეების წარმოებას, შრომის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვაზე კონტროლის განხორციელებას, „შრომის შინაგანაწესის” პროექტის მომზადებას და შესრულების კონტროლს.
8. ბულვარს ჰყავს სამეურნეო უზრუნველყოფის სპეციალისტი, რომელიც უფლებამოსილების ფარგლებში კოორდინაციას უწევს და უზრუნველყოფს: დასაქმებულთათვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნის მიზნით მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შექმნას, საკანცელარიო ინვენტარით უზრუნველყოფას, ბულვარის ბალანსზე რიცხული სასაწყობო მეურნეობების მოვლა-პატრონობას, სარგებლობაში არსებული სამსახურებრივი ავტომანქანების გამართულ მუშაობას და ქონების მოვლა-პატრონობას.
მუხლი 4🔗.
ბულვარის დირექტორის უფლებამოსილება
1. ბულვარის დირექტორი:
ა) კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში ერთპიროვნულად და დამოუკიდებლად ხელმძღვანელობს ბულვარის საქმიანობას, მოქმედებს ბულვარის სახელით და სპეციალური მინდობილობის გარეშე წარმოადგენს მას მესამე პირებთან ურთიერთობაში;
ბ) პერსონალურად პასუხისმგებელია ამ დებულებისა და ბულვარის საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების, აგრეთვე მათგან გამომდინარე მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის დავალებების ზუსტად და დროულად შესრულებაზე;
გ) პერსონალურად პასუხისმგებელია ბულვარის საქმიანობის სწორად წარმართვაზე, ბულვარის ქონების, მათ შორის, ფულადი სახსრების მიზნობრივ ხარჯვასა და გამოყენებაზე;
დ) თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ (ადმინისტრაციულ) აქტს – ბრძანებას, ხელს აწერს ბულვარის საქმიანობასთან დაკავშირებულ ფინანსურ და სხვა დოკუმენტებს;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ბულვარის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებს და სხვა თანამშრომლებს. მინისტრს დასანიშნად და გასათავისუფლებლად წარუდგენს ბულვარის დირექტორის მოადგილის კანდიდატურას;
ვ) ანაწილებს ფუნქციებს ბულვარის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას ბულვარის სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების საქმიანობაზე, ატარებს თათბირებს თანამშრომლებთან, პერიოდულად ისმენს მათი მუშაობის შედეგებს, ბულვარის სახელით სამოქმედოდ გასცემს მინდობილობას ბულვარის თანამშრომლებსა და სხვა პირებზე;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია ბულვარის თანამშრომლების მიმართ გამოიყენოს წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები;
თ) უფლებამოსილია ბულვარის სახელით გახსნას და დახუროს ანგარიშები ბანკში, დადოს შრომითი და სხვა ხელშეკრულებები (შეთანხმებები) ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ი) სამინისტროს წინასწარი თანხმობით განსაზღვრავს და ადმინისტრაციული აქტით ამტკიცებს საშტატო ნუსხას, ხელფასის ფონდს, თანამდებობრივ სარგოებსა და ხარჯთა ნუსხას;
კ) ამტკიცებს ბულვარის შინაგანაწესს და ბულვარის თანამშრომელთა შვებულებაში გასვლის განრიგს, უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს ბულვარის თანამშრომელთა კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას;
ლ) წელიწადში ორჯერ სამინისტროს, ხოლო მთავრობას მოთხოვნისთანავე წარუდგენს ანგარიშს ბულვარის მიერ გაწეული საქმიანობისა და ფინანსური სახსრების გამოყენების შესახებ;
მ) სამინისტროს მეშვეობით მთავრობას წარუდგენს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მთვარობის დადგენილების პროექტს, სამინისტროსა და მთავრობას წარუდგენს წინადადებებს ბულვარის საქმიანობის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ;
ნ) ასრულებს კანონმდებლობით, ამ დებულებით და მათ შესაბამისად მთავრობის ან/და სამინისტროს მიერ მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. ბულვარის დირექტორი არ შეიძლება ეწეოდეს სხვა რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს, გარდა სამეცნიერო-პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა.
მუხლი 5🔗.
ბულვარის სტრუქტურა
ბათუმის ბულვარის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) იურიდიული სამსახური;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების სამსახური;
გ) საფინანსო სამსახური;
დ) მარკეტინგისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახური;
ე) მონიტორინგის სამსახური;
ვ) ტექნიკური ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური;
ზ) აგრონომიული და ლანდშაფტური დიზაინის სამსახური.
მუხლი 6🔗.
იურიდიული სამსახური
იურიდიული სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) ბათუმის ბულვარის დირექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;
ბ) სამართლებრივ აქტებსა და ხელშეკრულებებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
გ) ბულვარის როგორც მხარის ინტერესების დაცვა და წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში;
დ) კონკურსების, აუქციონების გამოცხადებისათვის საჭირო ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება;
ე) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და წარდგენა;
ვ) ბულვართან გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულების სამართლებრივი ზედამხედველობა და შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
ზ) ბულვარის პროგრამების და პროექტების განხორციელებაზე პასუხისმგებელი ჯგუფების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
თ) მოქალაქეებისა და იურიდიული პირების განცხადებების განხილვა ან/ და განხილვაში მონაწილეობის მიღება;
ი) საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა;
კ) კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 7🔗.
სახელმწიფო შესყიდვების სამსახური
სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) კონსულტაციებს უწევს სატენდერო კომისიის წევრებს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან დაკავშირებით;
ბ) თვალყურს ადევნებს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებას კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში;
გ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გასაგზავნი წერილების, ანგარიშების, ხელშეკრულებების, ინფორმაციის და სხვა მალასების მომზადებას და სააგენტოში მათ დროულად გადაგზავნას;
დ) ამზადებს მასალებს სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებისას;
ე) მონაწილეობას იღებს სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შედგენაში და მასში ცვლილებების (კორექტირებული) პროექტის მომზადებაში;
ვ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას ავლენს ინტერესთა კონფლიქტს და ინტერესთა კონფლიქტის აღმოფხვრის წინადადებით მიმართავს პირს, რომელიც დადგა ინტერესთა კონფლიქტის წინაშე;
ზ) შეიმუშავებს ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადების ტექსტს და სატენდერო დოკუმენტაციას;
თ) შეიმუშავებს ტენდერის საშუალებით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების პროექტს;
ი) ამზადებს დასკვნებს სახელმწიფო შესყიდვების კანონშესაბამისად წარმართვის თაობაზე:
კ) შეისწავლის სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას გამოვლენილ ნაკლოვანებებს და წარმოადგენს რეკომენდაციებს მათი აღმოფხვრის თაობაზე;
ლ) ამზადებს სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების პროექტებს;
მ) ახორციელებს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს, აგრეთვე, დირექტორის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს.
მუხლი 8🔗.
საფინანსო სამსახური
საფინანსო სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) ბულვარის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
ბ) საბიუჯეტო სახსრების, აგრეთვე სპეციალური პროგრამების ფინანსური მართვა;
გ) ბულვარის მიზნობრივი პროგრამების და შესაბამისი პროექტების მომზადება;
დ) სათანადო ფინანსური გაანგარიშებების წარმოება;
ე) საფინანსო დოკუმენტაციის დროულ გაფორმებასა და მომხდარი ოპერაციების განხორციელებაზე, სახსრების სწორად გამოყენებასა და ხარჯვაზე კონტროლის განხორციელება, ხელფასების დროული დარიცხვის, სახელფასო უწყისების შედგენის, ხარჯთანუსხის შესრულების პროცესში საწარმოებთან, ორგანიზაციებსა და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა დროული წარმოებისათვის საჭირო შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ვ) ფულადი სახსრების ანგარიშსწორებასა და მატერიალურ ფასეულობათა შეფასებაში, ინვენტარიზაციის შედეგების განსაზღვრასა და აღრიცხვაში მონაწილეობების მიღება; ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხების ამოღებაზე კონტროლის დაწესება და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ზ) ბუღალტრული ანგარიშების შედგენა და დაწესებულ ვადებში მათი სათანადო ადმინისტრაციული ორგანოებისადმი წარდგენის უზრუნველყოფა;
თ) კანონმდებლობით და დირექტორის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელება.
მუხლი 9🔗.
მარკეტინგისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახური
მარკეტინგისა და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მარკეტინგული კვლევების მონაცემების შეგროვება, მისი მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ანალიზი და საინფორმაციო ბაზის შექმნა, მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე ბულვარის სტრატეგიული განვითარების მიზნით წინადადებების მომზადება და ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ბ) მარკეტინგის განხორციელებისათვის საჭირო სახსრების განსაზღვრა და შესაბამისი წინადადებების ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
გ) წინადადებების შემუშავება სახელმწიფო (ავტონომიური რესპუბლიკის) საკუთრებაში არსებული ქონების ბულვარისათვის გადაცემის შესახებ;
დ) წინადადებების შემუშავება ბულვარის სარგებლობაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან დაკავშრებით, ასევე, სტრატეგიული გეგმის შესაბამისად, წინადადებების მომზადება ბულვარის სარგებლობაში არსებული კონკრეტული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ;
ე) წინადადებების შემუშავება ქონების ოპტიმალურად განკარგვის შესახებ;
ვ) ქონების სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული პროცედურების დასრულების შემდეგ, მასალების მომზადება შესაბამისი ხელშეკრულების გასაფორმებლად, ხელშეკრულების მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
ზ) ბულვარის ეკონომიკური პოლიტიკის გაანალიზება და სათანადო წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბულვარის ტერიტორიაზე სხვადასხავა სახის ნებართვების გაცემა, აგრეთვე, დაწესებული გადასახადების დროული და სრული ოდენობით ამოღების უზრუნველყოფა;
ი) ბულვარის საქმიანობასთან დაკავშირებული ელექტრონული და საინფორმაციო ბაზების ფორმირებისა და მათი სარგებლობის ტექნიკური უზრუნველყოფა; ცალკეულ საინფორმაციო (მონაცემთა) ბაზებში საჭირო ინფორმაციის განთავსების, განახლებისა და ცვლილებების შეტანის ორგანიზება; არსებული კომპიუტერული და საოფისე ტექნიკის პროგრამული უზრუნველყოფა, ვებ-გვერდის ადმინისტრირება, განახლება და უწყვეტ რეჟიმში მუშაობის უზრუნველყოფა;
კ) ბათუმის ბულვარში არსებული ვეტერანთა კლუბის წევრებისა და სტუმრებისათვის სათანადო პირობების შექმნის მიზნით, კლუბის ფუნქციონირებისათვის საჭირო შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის (ავეჯი, ინვენტარი სხვადასხვა თამაშებისა და სხვა გასართობი ღონისძიებებისათვის და სხვა) შექმნა და პერიოდული განახლება;
ლ) კანონმდებლობითა და ამ დებულებით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 10🔗.
მონიტორინგის სამსახური
მონიტორინგის სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) ბულვარის სარგებლობაში არსებული ქონების აღრიცხვა და მოვლა-შენახვისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება;
ბ) ბულვარზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მის ტერიტორიაზე ჩადენილ ცალკეულ სამართალდარღვევებზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა;
გ) ბულვარის ადმინისტრაციის მიერ მიღებული ამკრძალავი ზომების კონტროლი, დაწესებული შეზღუდვებისა და დადგენილი მოთხოვნების დაცვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
დ) ბულვარის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ ქონებასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მხარეთა მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგის განხორციელება, დადებული ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში სარგებლობაში გაცემული ქონების ადგილზე დათვალიერება;
ე) ახორციელებს ბულვარის სტრუქტურული ერთეულების მონიტორინგს; სამუშაო საათების გათვალისწინებით ნებისმიერ დროს ამოწმებს სტრუქტურულ ერთეულებს, ასევე მათ ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს საჭიროებისამებრ ართმევს ახსნა-განმარტებებს;
ვ) სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე უფლებამოსილია ბულვარის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და თანამშრომელს მოსთხოვოს მათ ხელთ არსებული ყველა საჭირო დოკუმენტაცია და საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს მათი მიღება დედნის ან დამოწმებული ასლის სახით;
ზ) ახორციელებს ბულვარის ტერიტორიაზე დალაგება-დასუფთავების, დაცვის სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე კონტროლსა და კოორდინაციას;
თ) ვალდებულია ცალკეული მონიტორინგის დასრულების შემდეგ დირექტორს გონივრულ ვადაში წარუდგინოს მონიტორინგის შედეგები;
ი) ახორციელებს მონიტორინგის შედეგების ანალიზს;
კ) მონიტორინგის ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს;
ლ) ახორციელებს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 11🔗.
ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური
ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) ბულვარის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის შემუშავება, სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების რეგულირება, კოორდინაცია და განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავება;
ბ) ბულვარის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
გ) სამსახურის სფეროს ფუნქციონირებისა და განვითარებასთან დაკავშირებული ინფორმაციების მოპოვება, შესწავლა, დამუშავება, ანალიზი და მიწოდება ხელმძღვანელობისათვის ინფორმაციების, დასკვნების, რეკომენდაციებისა და პროექტების სახით;
დ) ბულვარის კეთილმოწყობისა და კომუნალური საკითხების კოორდინაცია, საექსპლუატაციო სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება;
ე) ბულვარის მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე შესყიდვის ობიექტების ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება კანონმდებლობის შესაბამისად, გარდა აგრონომიული და ლანდშაფტური დიზაინის სამსახურის საქმიანობის სფეროსა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვებისა;
ვ) ბულვარის ინფრასტუქტურის განვითარებაზე ზედამხედველობის განხორციელება;
ზ) შესაბამისი საკონტრაქტო პირობების შესრულების ინსპექტირების ღონისძიებების განხორციელება; აუცილებელი კაპიტალური და მიმდინარე სარემონტო სამუშაოების მოცულობის განსაზღვრა და განხორციელების ხელშეწყობა, საჭიროების შემთხვევაში სათანადო დეფექტური აქტების, ხარჯთა ნუსხების და პროექტების განხილვა და დასამტკიცებლად მომზადება;
თ) ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირობების შესრულების დაცვის მიზნით სხვა სამსახურებთან ერთად პერიოდული კონტროლის და ზედამხედველობის ღონისძიებათა განხორციელება;
ი) კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებების განხორციელება და ხელმძღვანელობის დავალებათა შესრულება.
მუხლი 12🔗.
აგრონომიული და ლანდშაფტური დიზაინის სამსახური
აგრონომიული და ლანდშაფტური დიზაინის სამსახურის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) აგრონომიული და ლანდშაფტური დიზაინის სამუშაოების რეგულირება, კოორდინაცია, განვითარების პოლიტიკისა და პრიორიტეტული მიმართულებების შემუშავება;
ბ) ბულვარის ტერიტორიაზე გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
გ) ბულვარის ტერიტორიაზე არსებული გაზონების, მწვანე ნარგავების, დეკორატიული მცენარეების, ყვავილების მოვლა-პატრონობა და მათი დეკორაციული ფორმირება; ტერიტორიაზე არსებული სკვერებისა და ცალკეული ფართობების პროექტირება, მათი ლანდშაფტური დიზაინის დამუშავება და უზრუნველყოფა, დაზიანებული გაზონების აღდგენა, ამორტიზებული და გადაბერებული ხე-მცენარეების შეცვლა;
დ) ბულვარის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ე) სამსახურის ფუნქციონირებასა და განვითარებასთან დაკავშირებული ინფორმაციების, დასკვნების, რეკომენდაციებისა და პროექტების მომზადება და ბულვარის ხელმძღვანელობისათვის წარდგენა;
ვ) ბულვარის მიერ სამსახურის კომპეტენციაში არსებული და მისი სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებზე, შესყიდვის ობიექტების ინსპექტირება-ზედამხედველობის განხორციელება და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება კანონმდებლობის შესაბამისად; აუცილებელი კაპიტალური და მიმდინარე სამუშაოების მოცულობის განსაზღვრა და მათი განხორციელების ხელშეწყობა; საჭიროების შემთხვევაში სათანადო დეფექტური აქტების, ხარჯთანუსხებისა და პროექტების განხილვა და დასამტკიცებლად მომზადება; სამსახურის ფუნქციონირებისათვის საჭირო სათანადო ქონების აღრიცხვა და მოვლა-შენახვისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება;
ზ) ბულვარის აგრონომიული და ლანდშაფტური დიზაინის განვითარებაზე ზედამხედველობის განხორციელება;
თ) მოქმედი და კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
მუხლი 13🔗.
ბულვარის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი
1. ბულვარის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა სამინისტრო.
2. ბულვარის სახელმწიფო კონტროლი მოიცავს ბულვარის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
3. მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს ბულვარის დირექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. მინისტრს უფლება აქვს ბულვარის დირექტორს მოსთხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალები და ინფორმაცია.
4. ბულვარის დირექტორი ვალდებულია წელიწადში ორჯერ – 10 მაისამდე და 10 დეკემბრამდე სამინისტროს, ხოლო მთავრობას მოთხოვნისთანავე წარუდგინოს წერილობითი ანგარიში ბულვარის მიერ განხორციელებული საქმიანობის, მათ შორის ბულვარის ფინანსური სახსრების თაობაზე.
5. ბულვარის საქმიანობის შესამოწმებლად საჭიროების შემთხვევაში დამოუკიდებელ აუდიტორს ნიშნავს სამინისტრო.
მუხლი 14🔗.
ბულვარის საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
ბულვარმა სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებების მიღება ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
მუხლი 15🔗.
ბულვარის ქონება
1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად ბულვარს აქვს საჭირო განცალკევებული ქონება, რომელიც მას დროებით სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაეცემა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და თვითმმართველი ქალაქი ბათუმისაგან მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. ბულვარის ქონებას შეიძლება შეადგენდეს აგრეთვე ბულვარის ფუნქციონირების განმავლობაში ბულვარის ფინანსური სახსრებით შეძენილი ან/და შექმნილი ქონება. ასეთ ქონებაზე ბულვარს აქვს უსასყიდლო სარგებლობის, ხოლო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრების უფლება.
3. ბულვარის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება, გარდა თვითმმართველი ქალაქი ბათუმის მიერ სარგებლობაში გადაცემული ქონებისა, რჩება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკას საკუთრებაში.
4. ბულვარის ქონებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება საქართველოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 16🔗.
ბულვარის ფინანსები
1. ბულვარი ფინანსდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან.
2. ბულვარის შემოსავლის წყარო აგრეთვე შეიძლება იყოს:
ა) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლები;
ბ) ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები;
გ) დამხმარე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები;
დ) მიზნობრივი კრედიტები და გრანტები;
ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება ბულვარის ხარჯების ანაზღაურებას, ბულვარის თანამშრომლებზე ხელფასების გაცემას, შესაბამისი ნორმატიული აქტებითა და ბულვარის დებულებით გათვალისწინებული მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. ბულვარის სახსრებისა და შემოსავლების რაიმე სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია.
მუხლი 17🔗.
ბულვარის საბუღალტრო ანგარიშგება
1. ბულვარი ვალდებულია კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო საბუღალტრო ანგარიშგების სტანდარტების შესაბამისად აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინიტროს.
2. ბულვარის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 18🔗.
ბულვარის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
ბულვარის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 19🔗.
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მთავრობის დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.