სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ ევროპული კონვენციის მეორე დამატებითი ოქმი
მიღების თარიღი 01.05.2014
ძალაში შესვლა 01.05.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №11-10
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016245
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/05/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სისხლის სამართლის საქმეებზე ურთიერთდახმარების შესახებ ევროპული კონვენციის მეორე დამატებითი ოქმი
სისხლის სამართლის საკითხებში ურთიერთდახმარების შესახებ ევროპული კონვენციის მეორე დამატებითი ოქმი
ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოები, წინამდებარე ოქმის ხელმომწერები,
ითვალისწინებენ რა ევროსაბჭოს წესდების საფუძველზე თავიანთ ვალდებულებებს,
სურთ რა მომავალში ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებების, სამართლის ნორმებისა და საზოგადოების დემოკრატიული წყობის დაცვას,
თვლიან რა, რომ დანაშაულზე რეაგირებისთვის სასურველია ინდივიდუალური და კოლექტიური უნარების გაძლიერება,
გადაწყვიტეს რა, გააუმჯობესონ და გარკვეული საკითხებით შეავსონ სტრასბურგის 1959 წლის 20 აპრილის ევროპული კონვენცია „სისხლის სამართლის საკითხებში ურთიერთდახმარების შესახებ“ (შემდგომში წოდებული, როგორც „კონვენცია“), ასევე მისი 1978 წლის 17 მარტს სტრასბურგში მიღებული მეორე დამატებითი ოქმი,
მხედველობაში იღებენ რა რომის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციას „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ“, ასევე სტრასბურგის 1981 წლის 28 იანვრის კონვენციას „პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
თავი I
მუხლი 1🔗 – გამოყენების სფერო
კონვენციის პირველი მუხლი შეიცვალოს შემდეგი დებულებებით:
„1. მხარეები, კონვენციის დებულებების თანახმად, ვალდებულნი არიან დაუყოვნებლივ აღმოუჩინონ ერთმანეთს სამართლებრივი დახმარების ყველაზე ფართო ზომა სამართალწარმოებისას იმ დანაშაულებთან მიმართებით, რომელთათვისაც დახმარების აღმოჩენის შესახებ თხოვნის მომენტისთვის სასჯელი ექცევა მომთხოვნი მხარის სასამართლო ორგანოების იურისდიქციის ქვეშ.
2. წინამდებარე კონვენცია არ ვრცელდება დაპატიმრებებზე, განაჩენთა აღსრულებაზე ან იმ სამხედრო დანაშაულებზე, რომლებიც ჩვეულებრივი სისხლის სამართლის შესაბამისად არ ითვლება დანაშაულად.
3. ურთიერთდახმარება ასევე შეიძლება აღმოჩენილ იქნეს ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დაწყებული სამართალწარმოებისას ისეთი ქმედებების მიმართ, რომლებიც ისჯება მომთხოვნი და მოთხოვნის მიმღები მხარეების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობებით, როგორც სამართლის უზენაესობის პრინციპის დარღვევები, რომლის დროსაც გადაწყვეტილებამ შესაძლოა გამოიწვიოს სამართალწარმოების დაწყება სისხლის სამართლის საქმეებზე იურისდიქციის მქონე სასამართლოში.
4. ურთიერთდახმარების აღმოჩენაზე არ უნდა ითქვას უარი მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ის ეხება ქმედებებს, რომლისთვისაც იურიდიული პირი შესაძლოა, იქნეს პასუხისგებაში მიცემული მომთხოვნ მხარე სახელმწიფოში“.
მუხლი 2🔗 - მომთხოვნი მხარის თანამდებობის პირთა დასწრება
კონვენციის მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი ტექსტი, კონვენციის მე-4 საწყისი მუხლი ჩაითვალოს 1-ლ პუნქტად და ქვემოთ მოცემული დებულებები ჩაითვალოს მე-2 პუნქტად:
„ 2. მსგავსი თანამდებობის პირების ან დაინტერესებული პირების დასწრების შესახებ მოთხოვნებზე არ უნდა ითქვას უარი, თუ ასეთი დასწრება შესაძლოა ემსახურებოდეს მომთხოვნი მხარის საჭიროებებთან მიმართებით დახმარების შესახებ მოთხოვნაზე უფრო სწრაფ რეაგირებას, და, შესაბამისად, თავიდან იქნება აცილებული დახმარების შესახებ დამატებითი მოთხოვნები“.
მუხლი 3🔗 - დაკავებულ პირთა დროებითი გადაცემა მომთხოვნი მხარის ტერიტორიაზე
კონვენციის მე-11 მუხლი შეიცვალოს შემდეგი დებულებებით:
„1. პატიმრობაში მყოფი პირი, რომლის პირადი გამოცხადება, გარდა სასამართლოზე გამოცხადებისა, მოთხოვნილია მომთხოვნი მხარის მიერ, დროებით გადაეცემა მომთხოვნ მხარეს იმ პირობით, თუ ის უკან იქნება დაბრუნებული მოთხოვნის მიმღები მხარის მიერ მითითებულ ვადებში, და ასევე კონვენციის მე-12 მუხლის დებულებების დაცვით, მათი გავრცელების ფარგლებში.
გადაცემაზე შეიძლება ითქვას უარი, თუ:
ა. პატიმრობაში მყოფი პირი არ ეთანხმება აღნიშნულს;
ბ. მისი ყოფნა აუცილებელია სისხლის სამართლის სამართალწარმოებაზე, რომელიც ხორციელდება მოთხოვნის მიმღები მხარის ტერიტორიაზე;
გ. პირის გადაცემამ შეიძლება გაახანგრძლივოს მისი დაკავების ვადები;
დ. არსებობს პირის მომთხოვნი მხარის ტერიტორიაზე გადაცემაზე უარის თქმის სხვა განსაკუთრებული საფუძვლები.
2. წინამდებარე კონვენციის მე-2 მუხლის დებულებათა შესაბამისად, პირველ პარაგრაფთან დაკავშირებულ შემთხვევაში, პატიმრობაში მყოფი პირის მესამე სახელმწიფოს ტერიტორიის გავლით ტრანზიტის ნებართვა გაიცემა განაცხადის საფუძველზე, რომლესაც თან უნდა ახლდეს ყველა საჭირო დოკუმენტაცია და რომელიც მომთხოვნი მხარის იუსტიციის სამინისტროს მიერ გაეგზავნება იმ მხარის იუსტიციის სამინისტროს, რომლის ტერიტორიის გავლითაც არის მოთხოვნილი ტრანზიტი. მხარეს შეუძლია უარი განაცხადოს საკუთარი მოქალაქეებისათვის ტრანზიტის ნებართვის გაცემაზე.
3. გადაცემული პირი პატიმრობაში დარჩება მომთხოვნი მხარის ტერიტორიაზე და, საჭიროების შემთხვევაში, იმ მხარის ტერიტორიაზე, რომლის ტერიტორიის გავლითაც არის მოთხოვნილი ტრანზიტი, თუ გადაცემის მომთხოვნი მხარე არ მოითხოვს მის გათავისუფლებას.“.
მუხლი 4🔗. კომუნიკაციის საშუალებები
კონვენციის მე-15 მუხლი შეიცვალოს შემდეგი დებულებებით:
„1. მოთხოვნები ურთიერთდახმარების აღმოჩენაზე, ასევე სპონტანური ინფორმაცია, წერილობითი ფორმით ეგზავნება მომთხოვნი მხარის იუსტიციის სამინისტროს მიერ მოთხოვნის მიმღები მხარის იუსტიციის სამინისტროს და მათზე პასუხები ბრუნდება იმავე არხების მეშვეობით, თუმცა ისინი შეიძლება გაეგზავნოს უშუალოდ მომთხოვნი მხარის სასამართლო ორგანოების მიერ მოთხოვნის მიმღებ სასამართლო ორგანოებს და მათზე პასუხები ბრუნდება იმავე არხების მეშევებით.
2. ამ კონვენციის მე-11 მუხლითა და ამ კონვენციის მეორე დამატებითი ოქმის მე-13 მუხლით გათვალისწინებული განცხადებები, ნებისმიერ შემთხვევაში ეგზავნება მომთხოვნი მხარის იუსტიციის სამინისტროს მიერ მოთხოვნის მიმღები მხარის იუსტიციის სამინისტროს და უკან ბრუნდება იმავე არხების მეშვეობით.
3. ურთიერთდახმარების შესახებ მოთხოვნები, რომლებიც ეხება ამ კონვენციის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სამართალწარმოებებს, შესაძლოა, საჭიროების შემთხვევაში, გაეგზავნოს უშუალოდ მომთხოვნი მხარის ადმინისტრაციული და სასამართლო ორგანოების მიერ მოთხოვნის მიმღები მხარის ადმინისტრაციულ და სასამართლო ორგანოებს და უკან დაბრუნდნენ იმავე არხების მეშვეობით.
4. ურთიერთდახმარების აღმოჩენის შესახებ მოთხოვნები, რომლებიც წარმოდგენილია ამ კონვენციის მეორე დამატებითი ოქმის მე-18 და მე-19 მუხლების შესაბამისად, შეიძლება გაეგზავნოს უშუალოდ მომთხოვნი მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტურ ორგანოებს.
5. მოთხოვნები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კონვენციის მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტით, შეიძლება გაეგზავნოს უშუალოდ მომთხოვნი მხარის შესაბამისი სასამართლო ორგანოების მიერ მოთხოვნის მიმღები მხარის შესაბამის ორგანოებს, და პასუხები შეიძლება დაბრუნდეს უშუალოდ ამავე ორგანოების მიერ. მოთხოვნები, რომლებიც გათვალისწინებულია წინამდებარე კონვენციის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტით, ეგზავნება მომთხოვნი მხარის იუსტიციის სამინისტროს მიერ მოთხოვნის მიმღები მხარის იუსტიციის სამინისტროს.
6. მოთხოვნები საბრალდებო დოკუმენტებსა და მათი ზომების ასლებზე, როგორც ეს მითითებულია ამ კონვენციის დამატებითი ოქმის მე-4 მუხლში, შესაძლოა, პირდაპირ გაეგზავნოს კომპეტენტურ ორგანოებს. ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს, ნებისმიერ დროს ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სახელზე განცხადების მეშვეობით, შეუძლია განსაზღვროს, ამ პუნქტის მიზნებისთვის, რომელი ორგანოები შეიძლება იქნეს განხილული როგორც კომპეტენტური.
7. გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც პირდაპირი გადაცემა ნებადართულია ამ კონვენციით, იგი შეიძლება განხორციელდეს საერთაშორისო კრიმინალური პოლიციის ორგანიზაციის (ინტერპოლი) მეშვეობით.
8. ნებისმიერ მხარეს, ნებისმიერ დროს, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი განცხადების მეშვეობით, შეუძლია დაიტოვოს უფლება, შეასრულოს ურთიერთდახმარების შესახებ მოთხოვნები, ან სპეციალური მოთხოვნები, რომლებიც გამომდინარეობს ქვემოთ მოცემული ერთი ან რამდენიმე პირობიდან:
ა. მოთხოვნის ასლი იგზავნება განცხადებაში აღნიშნილ ცენტრალურ ორგანოში;
ბ. მოთხოვნები, გარდა გადაუდებელი შემთხვევებისას არსებული მოთხოვნებისა, იგზავნება განცხადებაში აღნიშნულ ცენტრალურ ორგანოში;
გ. გადაუდებელი მიზეზების გამო პირდაპირი გადაცემის შემთხვევაში, ასლი პარალელურად ეგზავნება მხარის იუსტიციის სამინისტროს;
დ. ურთიერთდახმარების შესახებ რამდენიმე ან ყველა მოთხოვნა ეგზავნება მხარეს იმ არხების მეშვეობით, რომლებიც განსხვავდება წინამდებარე მუხლით გათვალისწიებული არხებისგან.
9. ამ კონვენციით და მისი ოქმებით გათვალისწინებული ურთიერთდახმარების შესახებ მოთხოვნები და ნებისმიერი სხვა შეტყობინება, შესაძლოა გაიგზავნოს ნებისმიერი ელექტრონული ან ტელეკომუნიკაციის სხვა საშუალებების მეშვეობით იმ პირობით, რომ მომთხოვნი მხარე, ნებისმიერ დროს მოთხოვნის საფუძველზე, მზად იქნება წარმოადგინოს მისი წერილობითი ჩანაწერი და ორიგინალი. გარდა ამისა, ხელშემკვრელ მხარეს, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი განცხადების მეშვეობით, შეუძლია განსაზღვროს პირობები, რომლის საფუძველზეც მას ექნება სურვილი, მიიღოს და შეასრულოს ელექტრონული და ტელეკომუნიკაციის სხვა საშუალებებით მიღებული მოთხოვნები.
10. ამ მუხლის დებულებები არ მოუტანს ზიანს მხარეებს შორის მოქმედ ორმხრივ შეთანხმებებსა თუ განაწესებს, რომლებიც ითვალისწინებენ დახმარების შესახებ მოთხოვნების უშუალო გადაცემას მათ შესაბამის ორგანოებს შორის.“.
მუხლი 5🔗 - ხარჯები
კონვენციის მე-20 მუხლი შეიცვალოს შემდეგი დებულებებით:
„1. მხარეები ერთმანეთისგან არ მოითხოვენ არანაირი ხარჯის ანაზღაურებას, რომელიც გამომდინარეობს ამ კონვენციის ან მისი ოქმების გამოყენებიდან, გარდა:
ა. ხარჯებისა, რომელებიც დაკავშირებულია მოთხოვნის მიმღები მხარის ტერიტორიაზე ექსპერტების ყოფნასთან;
ბ. ხარჯებისა, რომლებიც დაკავშირებულია დაპატიმრებული პირების გადაყვანასთან, რომელიც ხორციელდება ამ კონვენციის მე-11 მუხლისა და მისი მეორე დამატებითი ოქმის მე-13 ან მე-14 მუხლების შესაბამისად;
გ. მნიშვნელოვანი ან განსაკუთრებული ხასიათის ხარჯებისა.
2. თუმცა, ხარჯები ვიდეო და სატელეფონი კავშირის დამყარებისთვის, ხარჯები ვიდეო და სატელეფონო კავშირის მომსახურებისთვის მოთხოვნის მიმღები მხარის ტერიტორიაზე, მხარის მიერ უზრუნველყოფილი თარჯიმნის გასამრჯელო და მოწმეთა ხელფასი, ასევე მათი სატრანსპორტო ხარჯები მოთხოვნის მიმღებ მხარის ტერიტორიაზე, ანაზღაურდება მომთხოვნი მხარის მიერ, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდნენ.
3. მხარეები ერთმანეთთან გადიან კონსულტაციებს ხარჯების დაფარვის საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება იქნეს მოთხოვნილი ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით.
4. წინამდებარე მუხლის დებულებები ვრცელდება ამ კონვენციის მე-10 მუხლზე მე-3 პუნქტისადმი ზიანის მიუყენებლად.“.
მუხლი 6🔗 - სასამართლო ორგანოები
ამ კონვენციის 24-ე მუხლი შეიცვალოს შემდეგი დებულებებით:
„ნებისმიერ სახელმწიფოს, ხელმოწერის ან სარატიფიკაციო, მიღების, დამტკიცების ან შეერთების სიგელის დეპონირებისას, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი განცხადების მეშვეობით შეუძლია განსაზღვროს, თუ რომელ ორგანოებს განიხილავს როგორც სასამართლო ორგანოებს კონვენციის მიზნებისთვის. მომავალში სახელმწიფოს შეუძლია ნებისმიერ დროს იმავე საშუალებით შეცვალოს თავისი განცხადების პირობები.“.
თავი II.
მუხლი 7🔗 - მოთხოვნების შესრულების გადადება
1. მოთხოვნის მიმღებ მხარეს შეუძლია გადადოს მოთხოვნასთან დაკავშირებული ქმედების შესრულება, თუ ამგვარი ქმედება ზიანს აყენებს გამოძიებას, ბრალდებას ან მასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებას, რომელიც ტარდება მისი ორგანოების მიერ.
2. მოთხოვნის მიმღები მხარე, დახმარების მოთხოვნაზე უარის თქმამდე ან მის გადადებამდე, საჭიროების შემთხვევაში, მომთხოვნ მხარესთან კონსულტაციების შედეგად, განიხილავს მოთხოვნის ნაწილობრივ შესრულების შესაძლებლობას ან იმ პირობებით შესრულებას, რომელსაც იგი ჩათვლის აუცილებლად.
3. თუ მოთხოვნა გადაიდო, მხარეები ასეთი გადადების მიზეზების თაობაზე შეატყობინებენ ერთმანეთს. მოთხოვნის მიმღები მხარე ასევე შეატყობინებს მომთხოვნ მხარეს ნებისმიერი მიზეზის შესახებ, რომლებიც შეუძლებელს ხდის მოთხოვნის შესრულებას ან, შესაძლოა, მნიშვნელოვნად აყოვნებენ მის შესრულებას.
მუხლი 8🔗 - პროცედურა
კონვენციის მე-3 მუხლის დებულებების მიუხედავად, როდესაც მოთხოვნები აკონკრეტებენ ფორმალობებსა და პროცედურებს, რომლებიც აუცილებელია მომთხოვნი მხარის კანონმდებლობის თანახმად, თუნდაც ეს უცნობი იყოს მოთხოვნის მიმღები მხარისთვის, ეს უკანასკნელი შეასრულებს ასეთ მოთხოვნებს იმ მოცულობით, რა მოცულობითაც მოთხოვნილი მოქმედება არ ეწინააღმდეგება მისი კანონმდებლობის ძირითად პრინციპებს, თუ წინამდებარე ოქმით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 9🔗 - სასამართლო მოსმენა ვიდეოკონფერენციის მეშვეობით
1. თუ პირი იმყოფება ერთი მხარის ტერიტორიაზე და უნდა დაიკითხოს მეორე მხარის სასამართლო ორგანოების მიერ მოწმის ან ექსპერტის სახით, ამ უკანასკნელს შეუძლია მოითხოვოს სასამართლო მოსმენის ჩატარება ვიდეოკონფერენციის მეშვეობით, თუ ამ პირის პირადი გამოცხადება მის ტერიტორიაზე არასასურველია ან შეუძლებელია, როგორც ეს გათვალისწინებულია მე-2-მე-7 პუნქტებით.
2. მოთხოვნის მიმღები მხარე თანახმაა ჩაატაროს სასამართლო მოსმენა ვიდეოკონფერენციის მეშვეობით იმ პირობით, თუ ვიდეოკონფერენციის გამოყენება არ ეწინააღმდეგება მისი კანონმდებლობის ძირითად პრინციპებს და, თუ მას გააჩნია ვიდეოკონფერენციის ჩასატარებლად ტექნიკური საშუალებები. თუ მოთხოვნის მიმღებ მხარეს ვიდეოკონფერენციის ჩატარებისთვის არ გააჩნია წვდომა ტექნიკურ საშუალებებზე, ასეთი საშუალებები მას შეიძლება მიეწოდოს მომთხოვნი მხარის მიერ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
3. მოთხოვნა სასამართლო მოსმენის ჩატარებაზე ვიდეოკონფერენციის მეშვეობით, დამატებით, უნდა შეიცავდეს კონვენციის მე-14 მუხლში მითითებულ ინფორმაციას, ასევე მიზეზს, თუ რის საფუძველზეა არასასურველი, ან შეუძლებელია მოწმისთვის ან ექსპერტისთვის სასამართლო სხდომაზე პირადად გამოცხადება, ასევე, სასამართლო ორგანოსა და იმ პირთა დასახელებას, რომლებიც ჩაატარებენ სასამართლო მოსმენას.
4. მოთხოვნის მიმღები მხარის სასამართლო ორგანო სასამართლოში იძახებს შესაბამის პირს იმ ფორმით, როგორც ეს დადგენილია მისი კანონმდებლობის შესაბამისად.
5. სასამართლო მოსმენაზე, რომელიც ტარდება ვიდეოკონფერენციის სახით, ვრცელდება შემდეგი ნორმები:
ა. მოთხოვნის მიმღები მხარის სასამართლო ორგანო წარმოდგენილია სასამართლო მოსმენაზე, საჭიროების შემთხვევაში, სარგებლობს თარჯიმნის დახმარებით და, ასევე, პასუხისმგებელია როგორც დასაკითხი პირის პიროვნების დადგენის უზრუნველყოფაზე, ისევე მოთხოვნის მიმღები მხარის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების დაცვაზე. თუ მოთხოვნის მიმღები მხარის სასამართლო ორგანო ჩათვლის, რომ სასამართლო მოსმენის მიმდინარეობისას ირღვევა მოთხოვნის მიმღები მხარის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპები, იგი დაუყოვნებლივ იღებს საჭირო ზომებს, რათა უზრუნველყოს სასამართლო მოსმენის ჩატარება მითითებული პრინციპების შესაბამისად;
ბ. დასაკითხ პირთა დაცვის ზომები, საჭიროების შემთხვევაში იქნება შეთანხმებული მომთხოვნი მხარისა და მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტურ ორგანოებს შორის;
გ. სასამართლო მოსმენა მიმდინარეობს უშუალოდ ან მომთხოვნი მხარის სასამართლო ორგანოს ხელმძღვანელობით, საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისად;
დ. მომთხოვნი მხარის ან დასაკითხი პირის მოთხოვნის საფუძველზე, მომთხოვნი მხარე დასაკითხ პირს, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს თარჯიმნის დახმარებით;
ე. დასაკითხ პირს შეუძლია გამოიყენოს უფლება, უარი განაცხადოს მოწმის ჩვენების მიცემაზე, რომლითაც იგი სარგებლობს მომთხოვნი და მოთხოვნის მიმღები მხარის კანონმდებლობების შესაბამისად.
6. პირთა დაცვისთვის შეთანხმებული ზომებისადმი ზიანის მიუყენებლად, მოთხოვნის მიმღები მხარის სასამართლო ორგანო სასამართლო მოსმენის დამთავრებისას ადგენს ოქმს სასამართლო მოსმენის ჩატარების თარიღისა და ადგილის, დაკითხული პირების, სასამართლო მოსმენაში მონაწილე ყველა სხვა პირის იდენტურობისა და ფუნქციების მითითებით, რომლებიც წარმოადგენენ მოთხოვნის მიმღებ მხარეს, ასევე ყველა ფიცისა და ტექნიკური პირობების მითითებით, რომლის მიხედვითაც ჩატარდა სასამართლო მოსმენა. აღნიშნული დოკუმენტი ეგზავნება მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ მომთხოვნი მხარის კომპეტენტურ ორგანოს.
7. ყოველი მხარე იღებს აუცილებელ ზომებს, რათა უზრუნველყოს, რომ, თუ მოწმეები ან ექსპერტები იკითხებიან მათ ტერიტორიაზე ამ მუხლის შესაბამისად, და ისინი უარს აცხადებენ მოწმის ჩვენების მიცემაზე, ვალდებულნი არიან რა მისცენ ამგვარი ჩვენება, ან არ აძლევენ ჭეშმარიტ ჩვენებას, მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა გამოიყენება იმავე ფორმით, თითქოს სასამართლო მოსმენა მიმდინარეობდა შიდასახელწმიფოებრივი პროცედურების თანახმად.
8. მხარეებს შეუძლიათ, საჭიროების შემთხვევაში, თავიანთი შეხედულემისამებრ, და თავიანთი კომპეტენტური სასამართლო ორგანოების თანხმობით, ამ მუხლის დებულებები გამოიყენონ ვიდეოკონფერენციის მეშვეობით გამართულ სასამართლო მოსმენებზე, რომელშიც ჩართულნი არიან ბრალდებული ან ეჭვმიტანილი. ასეთ შემთხვევაში, ვიდეოკონფერენციაზე და მისი ჩატარების საშუალებაზე გადაწყვეტილების მიღება ექვემდებარება დაინტერესებულ მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევას მათი ეროვნული კანონმდებლობისა და შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტების შესაბამისად. სასამართლო მოსმენა, რომელშიც მონაწილეობს ბრალდებული ან ეჭვმიტანილი, იმართება მხოლოდ მათი თანხმობის საფუძველზე.
9. ნებისმიერ ხელშემკვრელ სახელმწიფოს, ნებისმიერ დროს, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სახელზე განცხადების გაგზავნის გზით, შეუძლია განაცხადოს, რომ ის არ ისარგებლებს იმ შესაძლებლობით, რომ ვიდეკონფერენციის საშუალებით ჩაატაროს სასამართლო მოსმენა, რომელშიც ჩართულნი არიან ეჭვმიტანილი ან ბრალდებული, რაც გათვალისწინებულია ამ მუხლის მე-8 პუნქტით.
მუხლი 10🔗 - სასამართლო მოსმენის ჩატარება სატელეფონო კონფერენციის მეშვეობით
1. თუ პირი იმყოფება ერთ-ერთი მხარის ტერიტორიაზე და უნდა იქნეს დაკითხული მეორე მხარის სასამართლო ორგანოების მიერ მოწმის ან ექსპერტის სახით, ამ უკანასკნელს შეუძლია, თუ ეს დასაშვებია შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, მოითხოვოს დახმარება მეორე მხარისგან, რომლის ტერიტორიაზეც იმყოფება ეს პირი, სასამართლო მოსმენის სატელეფონო კონფერენციის საშუალებით ჩატარებასთან დაკავშირებით, რაც გათვალისწინებულია მე-2 – მე-6 პუნქტებით.
2. სასამართლო მოსმენა შესაძლოა, ჩატარდეს სატელეფონო კონფერენციის საშუალებით მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო მოსმენის ამგვარად ჩატარებაზე თანახმაა მოწმე ან ექსპერტი.
3. მოთხოვნის მიმღები მხარე თანახმაა სატელეფონო კონფერენციის საშუალებით სასამართლო მოსმენის ჩატარებაზე, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მისი კანონმდებლობის ძირითად პრინციპებს.
4. მოთხოვნა სასამართლო მოსმენის სატელეფონო კონფერენციის მეშვეობით ჩატარების შესახებ, კონვენციის მე-14 მუხლში მოცემულ ინფორმაციაზე დამატებით უნდა შეიცავდეს სასამართლო ორგანოსა და პირთა დასახელებას, რომლებიც ჩაატარებენ სასამართლო მოსმენას, და ასევე, უნდა უთითებდეს, რომ მოწმეს ან ექსპერტს აქვთ სურვილი მონაწილეობა მიიღონ სატელეფონო კონფერენციის მეშვეობით გამართულ სასამართლო მოსმენაში.
5.სასამართლო მოსმენასთან დაკავშირებული პრაქტიკული საკითხები შეთანხმდება შესაბამის მხარეებს შორის. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, მოთხოვნის მიმღები მხარე ვალდებულია:
ა. შეატყობინოს შესაბამის მოწმეს ან ექსპერტს სასამართლო მოსმენის ჩატარების თარიღისა და ადგილის შესახებ;
ბ. უზრუნველყოს მოწმის ან ექსპერტის პიროვნების დადგენა;
გ. დაადასტუროს მოწმის ან ექსპერტის თანხმობა სასამართლო მოსმენის სატელეფონო კონფერენციის მეშვეობით ჩატარების თაობაზე.
6. მოთხოვნის მიმღებ მხარეს შეუძლია თავისი თანხმობა განაპირობოს მე-9 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების შესაბამისი დებულებებით, ნაწილობრივ ან სრულად.
მუხლი 11🔗 - ახლად აღმოჩენილი ინფორმაცია
1. საკუთარი გამოძიებისა და სამართალწარმოებისადმი ზიანის მიუყენებლად, მხარის კომპეტენტურ ორგანოებს შეუძლიათ, წინასწარი მოთხოვნის გარეშე, მეორე მხარის კომპეტენტურ ორგანოებს გაუგზავნოს თავიანთი გამოძიების ფარგლებში მიღებული ინფორმაცია, თუ ჩათვლიან, რომ ამგვარი ინფორმაციის გამჟღავნება შესაძლოა, დაეხმაროს მიმღებ მხარეს გამოძიების ან სამართალწარმოების დაწყებასა და გაგრძელებაში, ან გამოიწვიოს მხარის მიერ მოთხოვნის დაყენება კონვენციისა და მისი ოქმების შესაბამისად.
2. ინფორმაციის მიმწოდებელ მხარეს თავისი კანონმდებლობის შესაბამისად შეუძლია დააწესოს ამ ინფორმაციის მიმღები მხარის მიერ გამოყენების პირობები.
3. მიმღები მხარე ვალდებულია, დაემორჩილოს ხსენებულ პირობებს.
4. თუმცა, ნებისმიერ ხელშემკვრელ სახელმწიფოს, ნებისმიერ დროს ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სახელზე განცხადების გაგზავნის გზით, შეუძლია განაცხადოს, რომ ის ინარჩუნებს უფლებას არ შეიზღუდოს თავი იმ პირობებით, რომელიც მას ეკისრება ინფორმაციის მიმწოდებელი მხარის მიერ მე-2 პუნქტის თანახმად, თუ ის არ მიიღებს წინასწარ შეტყობინებას მიწოდებული ინფორმაციის ხასიათის შესახებ და არ იქნება თანახმა მის გადაცემაზე.
მუხლი 12🔗 - რესტიტუცია
1. მომთხოვნი მხარის თხოვნის საფუძველზე და კეთილსინდისიერი მესამე პირების უფლებების დაურღვევლად, მოთხოვნის მიმღებ მხარეს შეუძლია მომთხოვნ მხარეს განკრგულებაში გადასცეს დანაშაულებრივი გზით მიღებული ნივთები, რათა დაუბრუნოს ისინი მათ კანონიერ მფლობელებს.
2. იყენებს რა კონვენციის მე-3 და მე-6 მუხლებს, მოთხოვნის მიმღებ მხარეს შეუძლია უარი თქვას ნივთების მიღებამდე და მიღების შემდეგ მომთხოვნი მხარისათვის მათ დაბრუნებაზე, თუ უზურნველყოფილი იქნება მათი კანონიერი მფლობელისთვის ამ ნივთების რესტიტუცია. კეთილსინდისიერი მესამე პირების უფლებები უნდა არ უნდა შეილახოს.
3. მომთხოვნი მხარისათვის ნივთების გადაცემამდე უარის თქვის შემთხვევაში, მოთხოვნის მიმღები მხარე არ განახორციელებს უსაფრთხოების უფლებას ან კომპენსაციის სხვა უფლებას საგადასახადო ან საბაჟო კანონმდებლობების შესაბამისად ამ ნივთებთან მიმართებაში.
4. მე-2 პუნქტში მითითებული უარი, არ აზარალებს მოთხოვნის მიმღები მხარის გადასახადებისა და სხვა გადასახდელების კანონიერი მფლობელებისგან ამოღების უფლებას.
მუხლი 13🔗 - დაკავებული პირის მომთხოვნი მხარისთვის დროებითი გადაცემა
1. შესაბამისი მხარეების კომპეტენტურ ორგანოებს შორის შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, მხარეს, რომელიც ითხოვის საქმის განხილვას და ამისთვის საჭიროა ამ მხარის ტერიტორიაზე პატიმრობაში მყოფი პირის დასწრება, შეუძლია დროებით გადასცეს ეს პირი მხარეს, რომლის ტერიტორიაზეც იხილება აღნიშნული საქმე.
2. ზემოხსენებული შეთანხმება მოიცავს დებულებებს პირის დროებით გადაცემასა და მისი მომთხოვნი მხარის ტერიტორიაზე დაბრუნების თარიღის შესახებ.
3. თუ შესაბამისი პირის გადაცემისთვის საჭიროა მისი თანხმობა, განცხადება თანხმობის შესახებ ან მისი ასლი დაუყოვნებლივ გადაეცემა მოთხოვნის მიმღებ მხარეს.
4. გადაცემული პირი რჩება პატიმრობაში მოთხოვნის მიმღები მხარის ტერიტორიაზე და, შესაბამის შემთხვევაში, იმ მხარის ტერიტორიაზე, რომლის გავლითაც ტრანზიტია მოთხოვნილი, თუ მხარე, რომლის ტერიტორიიდანაც მოხდა პირის გადაყვანა, არ მოითხოვს მის გათავისუფლებას.
5. მოთხოვნის მიმღები მხარის ტერიტორიაზე პატიმრობის ვადა გამოაკლდება დაკავების იმ ვადას, რომელსაც შესაბამისი პირი ვალდებულია ან იქნება ვალდებული, დაექვემდებაროს მომთხოვნი მხარის ტერიტორიაზე.
6. კონვენციის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-12 მუხლის დებულებები გამოიყენება mutatis mutandis.
7. ნებისმიერ ხელშემკვრელ სახელმწიფოს, ნებისმიერ დროს ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სახელზე განცხადების გაგზავნის მეშვეობით, შეუძლია განაცხადოს, რომ ამ მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად შეთანხმების დადებამდე, აუცილებელია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობა, ან იქნება აუცილებელი განცხადებაში მითითებული გარკვეული პირობების შესაბამისად.
მუხლი 14🔗 - გადაცემულ მსჯავრდებულ პირთა პირადი გამოცხადება
კონვენციის მე-11 და მე-12 მუხლების დებულებები, mutatis mutandis, ვრცელდება ასევე იმ პირებზე, რომლებიც მომთხოვნი მხარის მიერ დადგენილი სასჯელის მოხდის მიზნის შესაბამისად იმყოფებიან პატიმრობაში მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე, თუ მომთხოვნი მხარე სასამართლო გადაწყვეტილების გადახედვის მიზნებისთვის ითხოვს პირების პირად გამოცხადებას.
მუხლი 15🔗 - საპროცესო დოკუმენტებისა და სასამართლო გადაწყვეტილებების ენა
1. ამ მუხლის დებულებები ვრცელდება ნებისმიერი მომსახურების მოთხოვნაზე, რომელიც მოცემულია კონვენციის მე-7 მუხლისა და მისი დამატებითი ოქმის მე-3 მუხლის შესამისად.
2. საპროცესო დოკუმენტები და სასამართლო გადაწყვეტილებები ყველა შემთხვევაში გადაიცემა იმ ენაზე ან იმ ენებზე, რა ენაზეც ისინი არის შედგენილნი.
3. კონვენციის მე-16 მუხლის დებულებების მიუხედავად, თუ დოკუმენტის გამომცემ ორგანოს აქვს ვარაუდის საფუძველი, რომ ადრესატი ფლობს სხვა ენას, დოკუმენტებს ან სულ ცოტა მათი მნიშვნელოვან ნაწილებს თან სდევს თარგმანი ამ ენაზე.
4. კონვენციის მე-16 მუხლის დებულებების მიუხედავად, საპროცესო დოკუმენტებსა და სასამართლო გადაწყვეტილებებს თან სდევს მოკლე რეზიუმე თავის შინაარსთან ერთად, რომელიც ნათარგმნია მხარის ერთ–ერთ ენაზე, მოთხოვნის მიმღები მხარის მოხერხებულობისთვის.
მუხლი 16🔗 - საფოსტო მომსახურება
1. ნებისმიერი მხარის კომპეტენტურ სასამართლო ორგანოს შეუძლიათ საპროცესო დოკუმენტები და სასამართლო გადაწყეტილებები პირდაპირ ფოსტით გაუგზავნონ იმ პირებს, რომლებიც იმყოფებიან ნებისმიერი სხვა მხარის ტერიტორიაზე.
2. საპროცესო დოკუმენტებსა და სასამართლო გადაწყვეტილებებს თან ერთვის ანგარიში, რომლის თანახმად, ადრესატს შეუძლია ანგარიშში მითითებული ორგანოსგან მიიღოს ინფორმაცია მისი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ, რომელიც ეხება დოკუმენტების მიწოდებას. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის დებულებები გავრცელდება ხსენებულ ანგარიშზე.
3. კონვენციის მე-8, მე-9 და მე-12 მუხლების დებულებები, mutatis mutandis, საფოსტო მომსახურებაზე.
4. ამ ოქმის მე-15 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტების დებულებები ასევე ვრცელდება საფოსტო მომსახურებაზე.
მუხლი 17🔗 - მეთვალყურეობა საზღვარებს გარეთ
1. ერთ-ერთი მხარის პოლიციის თანამდებობის პირები, რომლებიც, სისხლისსამართლებრივი საქმის გამოძიების ფარგლებში, თავისი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ეძებენ პირს, რომელიც სავარაუდოდ მონაწილეობას იღებდა სისხლის სამართლის დანაშაულში, რომელსაც შედეგად შეიძლება თან სდევდეს ექსტრადიცია, ან პირს, რომელთან დაკავშირებითაც არსებობს მყარი საფუძველი, რომ ის შეძლებს ზემოაღნიშნული პიროვნების და მისი ადგილმდებარეობის დადგენას, უფლებამოსილნი არიან, გააგრძელონ მათზე მეთვალყურეობა მეორე მხარის ტერიტორიაზე, თუ ამ მხარემ დაუშვა საზღვრებს გარეთ მეთვალყურეობის განხორციელება დახმარების გაწევის შესახებ მოთხოვნის საპასუხოდ, რომელიც წინასწარ იქნება წარდგენილი. ნებართვას შეიძლება თან დაერთოს პირობები.
მოთხოვნის შესაბამისად, მეთვალყურეობა ევალება იმ მხარის მოსამსახურეებს, რომლის ტერიტორიაზეც იგი მიმდინარეობს.
ამ მუხლის 1-ლი ქვე-პუნქტით გათვალისწინებული დახმარების გაწევის შესახებ მოთხოვნა უნდა გაეგზავნოს თითოეული მხარის მიერ უფლებამოსილ ორგანოს, რომელსაც გააჩნია მოთხოვნილი ნებართვის გაცემის ან გადაგზავნის იურისდიქცია.
2. თუ კონკრეტული გადაუდებელი მიზეზების გამო ვერ ხორციელდება მეორე მხარის წინასწარი ნებართვის მოთხოვნა, თანამდებობის პირები, რომლებიც წარმართავენ გამოძიებას სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, უფლებამოსილნი არიან გააგრძელონ გამოძიება საზღვრებს გარეთ იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც მტკიცებულებების მიხედვით ჩაიდინა ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული დანაშაული, და დაიცვან შემდეგი პირობები:
ა. მე-4 პუნქტის შესაბამისად დადგენილი მხარის ორგანოები, რომლის ტერიტორიაზეც უნდა გაგრძელდეს მეთვალყურეობა, დაუყოვნებლივ იქნებიან ინფორმირებულნი მეთვალყურეობის პროცესში საზღვრის გადაკვეთის შესახებ;
ბ. 1-ლი პუნქტის შესაბამისად დახმარების აღმოჩენის შესახებ გადაცემული მოთხოვნა და საზღვრის გადაკვეთის საფუძვლების აღწერა, წინასწარი ნებართვის გარეშე გადაეცემა დაუყოვნებლივ.
მეთვალყურეობა წყდება მაშინვე, როდესაც მხარე, რომლის ტერიტორიაზეც იგი მიმდინარეობს, ითხოვს ამას, „ა“ ქვეპუნქტში მითითებული შეტყობინების ან „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული მოთხოვნის გაგზავნის შემდეგ, ან თუ ნებართვა არ იქნება მიღებული საზღვრის გადაკვეთიდან ხუთი საათის განმავლობაში.
3. ამ მუხლის 1-ლ და მე-2 პუნქტებში ხსენებული მეთვალყურეობა ხორციელდება მხოლოდ შემდეგი ძირითადი პირობების შესაბამისად:
ა. თანამდებობის პირები, რომლებიც ახორციელებენ მეთვალყურეობას, ასრულებენ ამ მუხლის პირობებს, იცავენ მხარის კანონმდებლობას, რომლის ტერიტორიაზეც ისინი მოქმედებენ და ემორჩიელებიან ადგილობრივი პასუხისმგებელი ორგანოების ინსტრუქციებს;
ბ. მე-2 პუნქტში გათვალისწინებული გარემოებების გარდა, თანამდებობის პირებს, რომლებიც ახორციელებენ მეთვალყურეობას, თან აქვთ დოკუმენტები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ნებართვა მინიჭებულია;
გ. თანამდებობის პირებმა, რომლებიც ახორციელებენ მეთვალყურეობას, ნებისმიერ დროს უნდა შეძლონ იმ მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლის თანახმადაც ისინი მოქმედებენ, როგორც ოფიციალური პირები;
დ. თანამდებობის პირებს, რომლებიც ახორციელებენ მეთვალყურეობას, უფლება აქვთ იქონიონ სამსახურებრივი იარაღი, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული მომთხოვნი მხარის მიერ. იარაღის გამოყენება დაუშვებელია, გარდა აუცილებელი თავდაცვის შემთხვევებისა;
ე. შესვლა კერძო საცხოვრებელ ადგილებსა და იმ ადგილებში, რომელიც არაა საჯაროდ ხელმისაწვდომი, აკრძალულია;
ვ. თანამდებობის პირებს, რომლებიც ახორციელებენ მეთვალყურეობას, არ შეუძლიათ დააკავონ, დაკითხონ, ან დააპატიმრონ პირები, რომლებიც იმყოფებიან მეთვალყურეობის ქვეშ;
ზ. ანგარიში ყველა ოპერაციასთან დაკავშირებით წარედგინება მხარის იმ ორგანოს, რომლის ტერიტორიაზეც ეს ოპერაციები მიმდინარეობს; თანამდებობის პირებს, რომლებიც ახორციელებენ მეთვალყურეობას, შესაძლოა, წარედგინოთ მოთხოვნა, პირადად გამოცხადნენ ზემოაღნიშნულ ორგანოებში;
თ. მხარეთა ორგანოები, რომლიდანაც დამკვირვებელი თანამდებობის პირები ჩამოვიდნენ, მხარეთა ორგანოების მოთხოვნისამებრ, რომლის ტერიტორიაზეც მიმდინარეობს მეთვალყურეობა, ხელს შეუწყობენ გამოძიებას იმ ოპერაციების გატარების შემდეგ, რომელშიც ისინი იღებდნენ მონაწილეობას, საპროცესო მოქმედებების ჩათვლით.
4. მხარეები, ხელმოწერის ან სარატიფიკაციო, მიღების, დამტკიცების ან შეერთების სიგელის დეპონირებისას, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი განცხადების მეშვეობით, უთითებენ თანამდებობის პირებს და ორგანოებს, რომელსაც ისინი ადგენენ ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მიზნების შესაბამისად. მომავალში მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს იმავე საშუალებით შეცვალონ თავიანთი განცხადების პირობები.
5.მხარეებს შეუძლიათ, ორმხრივ დონეზე, გააფართოვონ ამ მუხლის ფარგლები და მიიღონ დამატებითი ზომები მისი შესრულებისათვის.
6. მე-2 პუნქტში მითითებული მეთვალყურეობა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილ სისხლის სამართლის ერთ-ერთ დანაშაულთან დაკავშირებით:
– მკვლელობა პოლიტიკური მოტივების საფუძველზე;
– მკვლელობა;
– გაუპატიურება;
– ცეცხლის წაკიდება;
– ფულის გაყალბება;
– შეიარაღებული ყაჩაღობა და მოპარული ნივთების შენახვა;
– გამოძალვა;
– ადამიანის გატაცება გამოსასყიდის მიღების მიზნით და მძევლების აყვანა;
– ადამიანებით ვაჭრობა;
– ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებებით უკანონო ვაჭრობა;
– ომის კანონებისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების შესახებ კანონების დარღვევა;
– ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოყენება;
– ტოქსიკური და საშიში ნარჩენების უკანონო გადაზიდვა;
– უცხოელთა უკანონო გადაყვანა, რომელთაც არ გააჩნიათ ქვეყანაში ცხოვრების უფლება;
– ბავშვებზე სექსუალური ძალადობა.
მუხლი 18🔗 - კონტროლირებული გადაცემა
1. ყოველი მხარე ვალდებულია მეორე მხარის მოთხოვნის საფუძველზე, ექსტრადიციას დაქვემდებარებული სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიების ფარგლებში, უზრუნველყოს მის ტერიტორიაზე ბრალდებულის კონტროლირებული გადაცემის შესაძლებლობა.
2. გადაწყვეტილება კონტროლირებული გადაცემის გატარების შესახებ მიიღება მომთხოვნი მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში ამ მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის გათვალისწინებით.
3. კონტროლირებული გადაცემა ხორციელდება მოთხოვნის მიმღები მხარის პროცედურების შესაბამისად. მოქმედების, ოპერაციების ხელმძღვანელობისა და მათი გატარების კომპეტენცია ეკუთვნის ამ მხარის კომპეტენტურ ორგანოებს.
4. მხარეები, ხელმოწერის ან სარატიფიკაციო, მიღების, დამტკიცების ან შეერთების სიგელის დეპონირებისას, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი განცხადების მეშვეობით, უთითებენ ამ მუხლის მიზნებისთვის დადგენილ კომპეტენტურ ორგანოებს. მომავალში მათ ნებისმიერ დროს იმავე საშუალებით შეუძლიათ შეცვალონ თავისი განცხადების პირობები.
მუხლი 19🔗 - საიდუმლო გამოძიება
1. მომთხოვნ და მოთხოვნის მიმღებ მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ, რომ ისინი დაეხმარებიან ერთმანეთს იმ თანამდებობის პირების მიერ დანაშაულის გამოძიების გატარებაში, რომლებიც მოქმედებენ საიდუმლოდ ან როგორც გამოგონილ პიროვნებად (საიდუმლო გამოძიება).
2. გადაწყვეტილება მოთხოვნის შესახებ მიიღება მომთხოვნი მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, მისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და პროცედურების გათვალისწინებით. საიდუმლო გამოძიების ხანგრძლივობა, დეტალური პირობები და შესაბამისი თანამდებობის პირების იურიდიული სტატუსი, საიდუმლო გამოძიების მიმდინარეობისას, შეთანხმდება მხარეებს შორის მათი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და პროცედურების შესაბამისად.
3. საიდუმლო გამოძიება ტარდება იმ მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და პროცედურების შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც მიმდინარეობს გამოძიება. მონაწილე მხარეები თანამშრომლობენ, რათა ხელი შეუწყონ საიდუმლო გამოძიების მომზადებასა და მისი გატარების კონტროლს, ასევე ატარებენ ღონისძიებებს იმ თანამდებობის პირების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომლებიც მოქმედებენ საიდუმლოდ ან როგორც გამოგონილი პირები.
4. მხარეები, ხელმოწერის ან სარატიფიკაციო, მიღების, დამტკიცების ან შეერთების სიგელის დეპონირებისას, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი განცხადების მეშვეობით, უთითებენ იმ ორგანოებს, რომლებიც ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის წარმოადგენენ კომპეტენტურ ორგანოებს. მომავალში მათ ნებისმიერ დროს იმავე საშუალებით შეუძლიათ შეცვალონ თავისი განცხადების პირობები.
მუხლი 20🔗 - ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფები
1. ორი ან მეტი მხარის კომპეტენტურ ორგანოებს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეუძლიათ შექმნან ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი განსაზღვრული მიზნისთვის და შეზღუდული ვადით, რომელიც ამ ჯგუფის შემქმნელ ერთ ან რამდენიმე მხარე-სახელმწიფოში, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება იქნეს გაგრძელებული გამოძიების გატარების მიზნით. ჯგუფის შემადგენლობა განისაზღვრება შეთანხმებით.
საერთო საგამოძიებო ჯგუფი შეიძლება შეიქმნეს, თუ:
ა. მხარის მიერ სისხლის სამართლის დანაშუალზე გატარებული გამოძიება საჭიროებს რთულ და საპირისპირო გამოძიებებს, რომელიც დაკავშირებულია სხვა მხარეებთან;
ბ. რამდენიმე მხარე წარმართავს გამოძიებას სისხლის სამართლის დანაშაულზე, სადაც საქმის გარემოებები აუცილებლად საჭიროებს მონაწილე მხარეების კოორდინირებულ მოქმედებას;
მოთხოვნა საერთო საგამოძიებო ჯგუფის შექმნის შესახებ შეიძლება იქნეს შესრულებული ნებისმიერი დაინტერესებული მხარის მიერ. ჯგუფი იქმნება ერთ წევრ-სახელმწიფოში, რომლის ტერიტორიაზეც ივარაუდება გამოძიების ჩატარება.
2. კონვენციის მე-14 მუხლის შესაბამისი დებულებების მონაცემებზე დამატებით, მოთხოვნა ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის შექმნის შესახებ შეიცავს წინადადებას ჯგუფის შემადგენლობის შესახებ.
3. ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი მოქმედებს იმ მხარის ტერიტორიაზე, რომელმაც შექმნა ეს ჯგუფი შემდეგი პირობების შესაბამისად:
ა. ჯგუფის ხელმძღვანელი არის კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენილი, რომელიც მონაწილეობას იღებს მხარის იმ სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიებაში, რომლის ტერიტორიაზეც მოქმედებს ჯგუფი. ჯგუფის ხელმძღვანელი მოქმედებს მისი კომპეტენციის ფარგლებში შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ. ჯგუფი ახორციელებს ოპერაციებს იმ მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც ის მოქმედებს. ჯგუფის წევრები და წარგზავნილი (სეკონდირებული) წევრები ასრულებენ თავიანთ დავალებებს „ა“ ქვეპუნქტში მითითებული პირის ხელმძღვანელობით, და ითვალისწინებენ იმ პირობებს, რომლებიც დადგენილია საკუთარი ორგანოების მიერ ჯგუფის შექმნის შესახებ შეთანხმებაში;
გ. მხარე, რომლის ტერიტორიაზეც მოქმედებს ჯგუფი, გაატარებს აუცილებელ საორგანიზაციო ზომებს ოპერაციების ჩასატარებლად.
4. ამ მუხლში, საერთო საგამოძიებო ჯგუფის წევრები იმ მხარე-სახელმწიფოდან, რომლის ტერიტორიაზეც მოქმედებს ჯგუფი, იწოდებიან როგორც „წევრები“, იმ დროს, როდესაც მონაწილეები სხვა მხარე-სახელმწიფოდან იწოდებიან, როგორც „წარგზავნილი (სეკონდირებული) წევრები“.
5. საერთო საგამოძიებო ჯგუფის წარგზავნილ (სეკონდირებული) წევრებს უფლება აქვთ დაესწრონ იმ საგამოძიებო ზომების განხორციელებას, რომელიც მიმდინარეობს ოპერაციების განმახორციელებელი მხარის მიერ. თუმცა, ჯგუფის ხელმძღვანელს შეუძლია, გარკვეული მიზეზების საფუძველზე, მიიღოს სხვაგვარი გადაწყვეტილება იმ მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც მოქმედებს ჯგუფი.
6. ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის წარგზავნილ (სეკონდირებული) წევრებს იმ მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც მიმდინარეობს ოპერაციები, შესაძლოა, ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ დაევალოთ გარკვეული საგამოძიებო ზომების გატარება, თუ ეს ზომები მოწონებული იქნება ოპერაციის გამტარებელი მხარის კომპეტენტური ორგანოებისა და წამგზავნი მხარის მიერ.
7. თუ ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფისთვის აუცილებელია ჯგუფის იმ ერთ-ერთი შემქნელი მხარის ტერიტორიაზე საგამოძიებო ზომების გატარება, ამ მხარის მიერ წარგზანილ ჯგუფის წევრებს შეუძლიათ მოსთხოვონ თავის კომპეტენტურ ორგანოებს ასეთი ზომების გატარება. ამგვარი ზომები ამ მხარისთვის ითვლება დამტკიცებულ პირობად, რომლებიც შეიძლება იქნეს გამოყენებული, თუ მათი მიღება იქნება აუცილებელი შიდა გამოძიებისათვის.
8. თუ ჯგუფს ესაჭიროება იმ მხარის დახმარება, რომელიც არ არის ამ ჯგუფის შემქნელი, ან მესამე სახელმწიფოს დახმარება, მოთხოვნა დახმარების შესახებ შეიძლება იქნეს გადაცემული ოპერაციის გამტარებელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ მეორე სახელმწიფოს შესაბამისი კომპეტენტურ ორგანოსადმი მოქმედი დოკუმენტებისა და შეთანხმებების შესაბამისად.
9. ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფის წარგზავნილ (სეკონდირებული) წევრს შეუძლია, მისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და კომპეტენციის ფარგლებში, მიაწოდოს ჯგუფს იმ მხარისთვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია, რომელმაც წარგზავნა აღნიშნული პირი ჯგუფის მიერ ჩატარებული სისხლის სამართლის გამოძიებისთვის.
10. ერთობლივი საგამოძებო ჯგუფის წევრისა ან წარგზავნილი (სეკონდირებული) წევრის მიერ კანონიერად მიღებული ინფორმაცია, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი შესაბამისი მხარის კომპეტენტური ორგანოებისთვის სხვა გზით, შეიძლება იქნეს გამოყენებული შემდეგი მიზნებისთვის:
ა. იმ მიზნებისთვის, რისთვისაც ჯგუფი იქნა შექმნილი;
ბ. ინფორმაციის მიმღები მხარის წინასწარი თანხმობის არსებობისას, როდესაც ინფომრაცია ხელმისაწვდომია სხვა სისხლის სამართლის დანაშაულის გახსნის, გამოძიებისა და სამართალწარმოებისთვის. თანხმობაზე შეიძლება უარი ითქვას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარმა გამოყენებამ შესაბამისი მხარის ტერიტორიაზე შეიძლება საფრთხე შეუქმნას სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიებას, ან რომლის მიმართაც მხარემ შეიძლება უარი თქვას ურთიერთდახმარების გაწევაზე;
გ. საზოგადოების უსაფრთხოებისათვის განსაკუთრებული და სერიოზული საფრთხის აცილებისთვის, ასევე „ბ“ ქვეპუნქტის დებულებების დაურღვევლად, სისხლის სამართლის გამოძიების შემდგომი გახსნის შემთხვევაში;
დ. სხვა მიზნებისთვის ჯგუფის შემქმნელ მხარეებს შორის შეთანხმებების ფარგლებში.
11. ეს მუხლი ზიანს არ აყენებს სხვა ნებისმიერ დებულებებს ან შეთანხმებებს ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფების შექმნისა და მოქმედების შესახებ.
12. შესაბამისი მხარეების კანონმდებლობის ან მათ შორის მოქმედი ნებისმიერი იურიდიული დოკუმენტების დებულებების მიხედვით, შეთანხმება შეიძლება იქნეს მიღწეული იმ პირებს შორის, გარდა მხარეების კომპეტენტური ორგანოების წარმომადგენლებისა, რომლებმაც შექმნეს ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი მათ საქმიანობაში მონაწილეობის მისაღებად. უფლებები, რომლებსაც ფლობენ ჯგუფის წევრები ან წარგზავნილი (სეკონდირებული) წევრები ამ მუხლის შესაბამისად, არ ენიჭებათ ამ პირებს, თუ შეთანხმებით ნათლად არ არის დადგენილი სხვაგვარად.
მუხლი 21🔗 - თანამდებობის პირთა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა
მე-17, მე-18, მე-19 ან მე-20 მუხლებში მითითებული ოპერაციის გატარების პერიოდში, თუ სხვა შეთანხმება არა არის მიღწეული შესაბამის მხარეებს შორის, მხარის თანამდებობის პირები, გარდა ოპერაციის გამტარებელი მხარისა, ითვლებიან ოპერაციის გამტარებელი მხარის თანამდებობის პირებად იმ დანაშაულებთან მიმართებაში, რომელიც ჩადენილია მათ მიერ ან მათ წინააღმდეგ.
მუხლი 22🔗 – თანამდებობის პირთა სამოქალაქო პასუხისმგებლობა
1. თუ ერთი მხარის თანამდებობის პირები მოქმედებენ მეორე მხარის ტერიტორიაზე მე-17, მე-18, მე-19 ან 20 მუხლების შესაბამისად, პირველი მხარე პასუხს აგებს ნებისმიერ ზიანზე, რომელიც მიყენებული იქნება მისი თანამდებობის პირთა მიერ ოპერაციების განხორციელების დროს, სამოქმედო ტერიტორიის კანონმდებლობის შესაბამისად.
2. მხარეს, რომლის ტერიტორიაზეც მოხდა 1 პუნქტში აღნიშნული ზიანის მიყენება, შეუძლია აანაზღაუროს ზიანი იმ პირობების შესაბამისად, რომლებიც გამოიყენება აღნიშნული ზიანის მიმართ და გამოწვეულია მხარის თანამდებობის პირთაგან.
3. მხარე, რომლის წარმომადგენლებმაც ზიანი მიაყენეს ნებისმიერ პირს მეორე მხარის ტერიტორიაზე, ვალდებულია სრული ოდენობით აუნაზღაუროს ამ უკანასკნელს თანხები, რომელიც გაცემულია დაზარალებულ პირთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
4. მესამე მხარეების მიერ თავიანთი უფლებები ხელყოფის გარეშე, გარდა წინამდებარე მუხლის მე–3 პუნქტისა, პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, ყოველი მხარე უარს ამბობს მეორე მხარის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე.
5. წინამდებარე მუხლი მოქმედებს, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.
მუხლი 23🔗 – მოწმეთა დაცვა
თუ კონვენციის ან მისი ერთ-ერთი ოქმის შესაბამისად მხარე ითხოვს დახმარებას მოწმეთა დაცვის ან მათი დაშინების თავიდან აცილების მიზნით, მოთხოვნის მიმღები და მომთხოვნი მხარეების კომპეტენტური ორგანოები იღებენ ზომებს შესაბამისი პირის დაცვის ღონისძიებების შესათანხმებლად, მათი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 24🔗 – დროებითი ღონისძიებები
1. მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის მიმღები მხარე უფლებამოსილია, მისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მიიღოს დროებითი ზომები იმ მტკიცებულებების დაცვისთვის, რომლების ადასტურებენ არსებულ მდგომარეობას ან იცავენ საფრთხის ქვეშ არსებულ სამართლებრივ ინტერესებს.
2. მოთხოვნის მიმღებ მხარეს შეუძლია დააკმაყოფილოს მოთხოვნა ნაწილობრივ ან წარდგენილი პირობების დაცვით, კერძოდ დროებითი შეზღუდვის პირობით.
მუხლი 25🔗 – კონფიდენციალურობა
მომთხოვნი მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს მოთხოვნის მიმღები მხარისგან, რომ ამ უკანასკნელმა დაიცვას მოთხოვნის წარდგენის ფაქტის და მისი შინაარსის კონფიდენციალურობა, გარდა მოთხოვნის შესრულებისთვის აუცილებელი შემთხვევებისა. თუ მოთხოვნის მიმღებ მხარეს არ შეუძლია კონფიდენციალურობის დაცვა, ის დაუყოვნებლივ აცნობებს ამის შესახებ მომთხოვნ მხარეს.
მუხლი 26🔗 – მონაცემების დაცვა
1. კონვენციის ან მისი ნებისმიერი ოქმის შესაბამისად შესრულებული მოთხოვნის შედეგად, ერთი მხარის მიერ მეორე მხარისთვის გადაცემული პერსონალური მონაცემები შეიძლება იქნეს გამოყენებული მათი მიმღები მხარის მიერ, გარდა:
ა. სამართალწარმოებითი მიზნებისა, რომლებზეც ვრცელდება კონვენცია ან მისი რომელიმე ოქმი;
ბ. სხვა სასამართლო ან ადმინისტრაციული პროცედურებისა, რომლებიც პირდაპირ კავშირშია „ა“ პუნქტში აღნიშნულ სამართალწარმოებასთან;
გ. საზოგადოებრივი უსაფრთხოების პირდაპირი და სერიოზული საფრთხის თავიდან აცილების შემთხვევისა.
2. მიუხედავად ამისა, აღნიშნული ხასიათის მონაცემები შეიძლება იქნეს გამოყენებული სხვა მიზნებისთვის, თუ წინასწარ მიღებულია მონაცემების ან მისი სუბიექტის გადამცემი მხარის თანხმობა.
3. ნებისმიერ მხარეს შეუძლია უარი თქვას მონაცემების გადაცემაზე, რომლებიც მიღებულია კონვენციის ან მისი ოქმების შესაბამისი მოთხოვნის შესრულების შედეგად,თუ:
– ამგვარი მონაცემები დაცულია მისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით;
– მხარისათვის, რომელსაც გადაეცემა მონაცემები, არ არის სავალდებულო 1981 წლის 28 იანვარს ქ.სტრასბურგში დადებული კონვენცია „პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ“, თუ უკანასკნელი მხარე თანახმა არ იქნება უზრუნველყოს მონაცემების ისეთი დაცვა, როგორც ეს მოთხოვნილია პირველი მხარის მიერ.
4. ნებისმიერ მხარეს, რომელიც გადასცემს პერსონალურ მონაცემებს, მიღებულს კონვენციის ან მისი ოქმების შესაბამისი მოთხოვნის შესრულების შედეგად, უფლება აქვს მოითხოვოს მონაცემების მიმღები მხარისგან ინფორმაცია აღნიშნული მონაცემების გამოყენების შესახებ.
5. ნებისმიერ მხარეს შეუძლია განცხადებით მიმართოს ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს და მოითხოვოს, რომ იმ პროცედურების ფარგლებში, რომლებშიც მას შეუძლია უარი თქვას ან შეზღუდოს პერსონალური მონაცემების გადაცემა ან გამოყენება კონვენციის ან მისი ოქმების დებულებების შესაბამისად, მეორე მხარისთვის გადაცემული პერსონალური მონაცემები არ იქნეს გამოყენებული ამ უკანასკნელის მიერ წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის, წინასწარი თანხმობის გარეშე.
მუხლი 27🔗 – ადმინისტრაციული ორგანოები
მხარეებს, ნებისმიერ დროს ევროსაბჭოს გენერალური მდივნისთვის განცხადების გაგზავნის გზით, შეუძლიათ განსაზღვრონ, თუ რომელ ორგანოს მიიჩნევენ ადმინისტრაციულ ორგანოდ, წინამდებარე კონვენციის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისთვის.
მუხლი 28🔗 – სხვა ხელშეკრულებებთან ურთიერთობა
წინამდებარე ოქმის დებულებები არ ეწინააღმდეგება მხარეებს შორის ორმხრივი ან მრავალმხრივი შეთანხმებებით გათვალისწინებულ ფართო დებულებებს, კონვენციის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის გამოყენებისას.
მუხლი 29🔗 – მეგობრული მორიგება
დანაშაულთან დაკავშირებული პრობლემების ევროპული კომიტეტი ინფორმირებული იქნება კონვენციისა და მისი ოქმის განმარტებისა და გამოყენების თაობაზე და მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა ხელი შეუწყოს ნებისმიერი სახის სირთულის მეგობრულად მორიგებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მათი გამოყენების დროს.
თავი III
მუხლი 30🔗 – ხელმოწერა და ძალაში შესვლა
1. წინამდებარე ოქმი ღიაა ხელმოსაწერად ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მიერ, რომლებიც წარმოდგენენ კონვენციის მხარეებს ან ხელმოწერილი აქვთ იგი. ეს ოქმი ექვემდებარება რატიფიცირებას, მიღებას ან დამტკიცებას. ხელმომწერი მხარე არ განახორციელებს წინამდებარე ოქმის რატიფიცირებას, მიღებას ან დამტკიცებას, თუ მას წინასწარ განუხორციელებია ან ერთდროულად არ განახორციელებს კონვენციის რატიფიცირებას, მიღებას ან დამტკიცებას. რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცების სიგელების დეპონირება განხორციელდება ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან.
2. წინამდებარე ოქმი ძალაში შედის რატიფიცირების, მიღების ან დამტკიცებისათვის საჭირო მესამე სიგელის დეპონირების შემდგომი სამთვიანი პერიოდის ამოწურვიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.
3. რაც შეეხება ნებისმიერ ხელმომწერ სახელმწიფოს, რომელიც შემდგომში მოახდენს რატიფიცირების, მიღებისა და დამტკიცების სიგელების დეპონირებას, მისთვის ოქმი ძალაში შევა დეპონირების შემდგომი სამთვიანი ვადის ამოწურვიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.
მუხლი 31🔗 - შეერთება
1. ნებისმიერ არაწევრ სახელმწიფოს, რომელიც შეუერთდა კონვენციას, შეუძლია შეუერთდეს წინამდებარე ოქმს მისი ძალის შესვლის შემდეგ.
2. ასეთი შეერთება ძალაში შედის შეერთების სიგელის ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან დეპონირების გზით.
3. იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც კონვენციას უერთდებიან, ოქმი ძალაში შედის სამთვიანი ვადის გასვლიდან, შეერთების სიგელის დეპონირების შემდგომი თვის პირველ დღეს.
მუხლი 32🔗 - ტერიტორიული გამოყენება
1. ნებისმიერ სახელმწიფოს, ხელმოწერის ან სარატიფიკაციო, მიღების, დამტკიცების ან შეერთების სიგელის დეპონირებისას, შეუძლია მიუთითოს ტერიტორია ან ტერიტორიები, რომელზეც ვრცელდება ამ ოქმის მოქმედება.
2. ნებისმიერ სახელმწიფოს, ნებისმიერ დროს ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი განცხადების მეშვეობით, შეუძლია გაავრცელოს ამ ოქმის მოქმედება განცხადებაში მითითებულ ნებისმიერ ტერიტორიაზე. ამ ტერიტორიისთვის ოქმი ძალაში შედის სამთვიანი ვადის გასვლიდან, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მიერ ასეთი განცხადების მიღების შემდგომი თვის პირველ დღეს.
3. ზემოხსენებული ორი პუნქტის შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი განცხადება ნებისმიერ ტერიტორიასთან მიმართებაში, რომელიც მითითებულია ამ განცხადებაში, შეიძლება იქნეს უკან გამოთხოვილი ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სახელზე გაგზავნილი შეტყობინების გზით. განცხადების გამოთხოვა ძალაში შედის სამთვიანი ვადის გასვლიდან, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მიერ ასეთი განცხადების მიღების შემდგომი თვის პირველ დღეს.
მუხლი 33🔗 - დათქმები
1. დათქმები, რომლებიც გაკეთებულია მხარის მიერ კონვენციის ან მისი ოქმის ნებისმიერ დებულებასთან მიმართებით, ასევე გავრცელდება წინამდებარე ოქმზე, თუ მხარე სხვაგვარად არ განაცხადებს ხელმოწერის ან სარატიფიკაციო, მიღების, დამტკიცების ან შეერთების სიგელის დეპონირებისას. იგივე პირობები გავრცელდება ნებისმიერ განცხადებაზე, რომელიც გაკეთებულია კონვენციასა და მის ოქმთან დაკავშრებით.
2. ნებისმიერ სახელმწიფოს, ხელმოწერის ან სარატიფიკაციო, მიღების, დამტკიცების ან შეერთების სიგელის დეპონირებისას, შეუძლია განაცხადოს, რომ ის სარგებლობს უფლებით არ მიიღოს მე–16, მე-17, მე-18, მე-19 და მე–20 მუხლებიდან ერთი ან რამდენიმე, სრულად ან ნაწილობრივ. დაუშვებელია ნებისმიერი სხვა დათქმის გაკეთება.
3. ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია, სრულად ან ნაწილობრივ გააუქმოს წინა პუნქტების შესაბამისად გაკეთებული დათქმა, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სახელზე განცხადების გაგზავნის მეშვეობით, რომელიც ძალაში შედის ევრისაბჭოს გენერალური მდივნის მიერ ამ განცხადების მიღების თარიღიდან.
4. ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელმაც გააკეთა დათქმა ამ ოქმის ნებისმიერ მუხლთან მიმართებაში, როგორც ეს მითითებულია მე-2 პუნქტში, არ შეუძლია მოითხოვს ამ მუხლის სხვა მხარის მიერ გამოყენება. მიუხედავა ამისა, თუ მხარის დათქმა ნაწილობრივია ან პირობითი, მას შეუძლია, მოითხოვოს ამგვარი დებულების გამოყენება იმდენად, რამდენადაც ეს მის მიერ არის მიღებული.
მუხლი 34🔗 - დენონსაცია
1. ნებისმიერ მხარეს იმდენად, რამდენადაც ეს მას ეხება, შეუძლია ნებისმიერ დროს განახორციელოს ოქმის დენონსაცია ევროსაბჭოს გენერალური მდივნის სახელზე შეტყობინების გაგზავნით გზით.
4. ამგვარი დენონსაცია ძალაში შედის სამთვიანი ვადის გასვლიდან, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მიერ ასეთი შეტყობინების მიღების შემდგომი თვის პირველ დღეს.
2. კონვენციის დენონსაცია ავტომატურად იწვევს ამ ოქმის დენონსაციას.
მუხლი 35🔗 – შეტყობინებები
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი, წევრ სახელმწიფოებსა და ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც შეუერთდა წინამდებარე ოქმს, შეატყობინებს:
ა. ნებისმიერი ხელმოწერის შესახებ;
ბ. რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების ნებისმიერი სიგელის დეპონირების შესახებ;
გ. წინამდებარე ოქმის ძალაში შესვლის ნებისმიერი თარიღი, თაობაზე, 30-ე და 31-ე მუხლების შესაბამისად;
დ. ოქმთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა აქტის, დეკლარაციის, შეტყობინების ან კომუნიკაციის შესახებ.
აღნიშნულის დასტურად, სათანადოდ უფლებამოსილი პირები ხელს აწერენ წინამდებარე ოქმს.
შესრულებულია ქ. სტრასბურგში, 2001 წლის 8 ნოემბერს, ინგლისურ და ფრანგულ ენებზე; ამასთან, ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია, რომლის ერთი ასლი უნდა იქნეს დეპონირებული ევროსაბჭოს არქივში. ევროსაბჭოს გენერალური მდივანი დამოწმებულ ასლებს გადასცემს ევროსაბჭოს თითოეულ წევრ სახელმწიფოს და არაწევრ სახელმწიფოებს, რომლებიც შეურთდენენ კონვენციას.