საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.05.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ნომერი №05/84
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016112
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/05/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.05.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მინისტრი მირიანე ოდიშარია | მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის
ბრძანება
№05/84
2014 წლის 16 მაისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის წესდების დამტკიცების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის თანდართული წესდება.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრიმირიანე ოდიშარია
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის წესდება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია (შემდგომში – აკადემია) წარმოადგენს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას – უნივერსიტეტს.
2. აკადემია „უმაღლესი განათლების შესახებ“ და „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, ახორციელებს პროფესიული განათლების და აკადემიური უმაღლესი განათლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს.
3. აკადემია შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.
4. აკადემიის სრული სახელწოდებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია“, შემოკლებული სახელწოდება – „თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია“ (თსსა), ინგლისურად – „Tbilisi State Academy of Arts“.
მუხლი 2🔗.
იურიდიული სტატუსი და მისამართი
1. აკადემია საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და ამ წესდებით.
2. აკადემიას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი, შტამპი, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ბანკებში, ვებგვერდი www.art.edu.ge და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
3. აკადემიის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, გრიბოედოვის ქუჩა №22, ელექტრონული მისამართი info@art.edu.ge.
მუხლი 3🔗.
აკადემიის მიზნები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
1. აკადემიის საქმიანობა ორიენტირებულია სახელოვნებო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებებზე.
2. აკადემიის საქმიანობა შეესაბამება აკადემიის მიზნებსა და ამოცანებს.
3. აკადემიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს:
ა) პროფესიული და აკადემიური – ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გახორციელება და შესაბამისი კვალიფიკაციებისა და ხარისხის მინიჭება;
ბ) ქართული და მსოფლიო ხელოვნების ღირებულებების შეცნობა/დამკვიდრება;
გ) აკადემიის ტრადიციული სახელოვნებო და საგანმანათლებლო სკოლების შენარჩუნება და განვითარება;
დ) სწავლა/სწავლებასა და შემოქმედებით-სამეცნიერო პროცესებში თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და ტექნოლოგიების დანერგვა;
ე) ქვეყანაში ხელოვნების განვითარებისთვის აუცილებელი პროფესიული და უმაღლესი სახელოვნებო განათლების სისტემის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად თანამედროვე მოთხოვნების დონეზე, კვალიფიციკური პედაგოგიური და სამეცნიერო პერსონალის მომზადება და გადამზადება;
ვ) საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, შესწავლა, კვლევა და პოპულარიზაცია საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ;
ზ) სტუდენტების მსოფლიო სახელოვნებო და სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირება, საერთაშორისო კონტაქტების გაღრმავების, საერთაშორისო სიმპოზიუმების, ღია ლექციების და მასტერ-კლასების მოწყობის გზით;
თ) ქართული ხელოვნების, არქიტექტურის, მიღწევების, ასევე თანამედროვე სამეცნიერო კვლევებისა და სახელოვნებო განათლების სპეციფიური მეთოდოლოგიის პოპულარიზაცია გამოფენების, სიმპოზიუმების, კონფერენციების, სამეცნიერო კონგრესების ორგანიზების, აგრეთვე სამეცნიერო ნაშრომების როგორც პოლიგრაფიულ, ასევე ელექტრონულ ფორმატში გამოცემებით.
მუხლი 4🔗.
აკადემიის უფლება-მოვალეობები
აკადემიას უფლება აქვს:
ა) საკუთარი სახელით განახორციელოს თავისი უფლებები და იკისროს მოვალეობები, დადოს გარიგებები, გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ;
ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი და სახელოვნებო საქმიანობა როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ;
გ) მოაწყოს გამოფენები, სიმპოზიუმები, სამეცნიერო კონფერენციები სხვა შემოქმედებითი და სახელოვნებო ღონისძიებები როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ;
დ) განახორციელოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა რესტავრაცია/კონსერვაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაც მოიცავს როგორც საპროექტო, ასევე სრულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, საკუთარი შემოსავლებით, მოპოვებული გრანტებით, მესამე პირთა დაკვეთით ან/და აკადემიის საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში;
ე) აწარმოოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული საქმიანობა, რომელიც თვისებრივად პასუხობს აკადემიის მიზნებს და ამოცანებს. ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი უნდა მოხმარდეს აკადემიის განვითარებას, მატერიალური ბაზის გაუმჯობესებას და/ან თანამშრომელთა შრომის სტიმულირებას.
მუხლი 5🔗.
აკადემიის სტრუქტურა და მართვის ორგანოები
1. აკადემია შედგება ხუთი ფაკულტეტისაგან, რომელიც წარმოადგენს ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებს.
2. აკადემიის მართვის ორგანოებია რექტორი, აკადემიური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, კანცლერი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.
3. აკადემიის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის – ფაკულტეტის მართვის ორგანოებია – ფაკულტეტის საბჭო, დეკანი, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური;
4. აკადემიის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულები ახორციელებენ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და უფლებამოსილი არიან მონაწილეობა მიიღონ საგანმანათლებლო პროცესში.
5. აკადემიის ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ წესდებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით.
მუხლი 6🔗.
აკადემიური საბჭო
1. აკადემიის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა აკადემიური საბჭო, რომელიც შედგება ათი წევრისაგან, ორი წარმომადგენელი თითოეული ფაკულტეტიდან. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში არიან აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე – რექტორი და აკადემიური საბჭოს წევრები.
2. აკადემიური საბჭოს წევრები ფაკულტეტებიდან აირჩევიან ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.
3. საბჭოს წევრად არჩეულად ითვლება კენჭისყრის მიხედვით ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი.
4. აკადემიური საბჭოს წევრად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ აკადემიის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
5. აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 4 წლით, ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის – ბაკალავრიატის ხანგრძლივობის ვადით.
6. სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ან ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების შემთხვევაში აკადემიური საბჭოს წევრს უწყდება აკადემიური საბჭოს წევრობა.
7. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ვაკანტურ ადგილზე შესაძლებელია ჩატარდეს არჩევნები. საბჭოს წევრად პირი აირჩევა აკადემიური საბჭოს უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის დარჩენილი უფლებამოსილების ვადით.
8. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა განახლებას ექვემდებარება ერთი მესამედით, ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის დადგენილი ხანგრძლივობის ნახევრის გასვლის შემდეგ.
მუხლი 7🔗.
აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება
1. აკადემიური საბჭო:
ა) შეიმუშავებს და ამტკიცებს აკადემიის განვითარების სტრატეგიულ გეგმას;
ბ) ფაკულტეტის ან/და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
გ) აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო პროგრამების (სილაბუსების) შემუშავების და შეფასების ფორმებს;
დ) ამტკიცებს სასწავლო პროცესის წარმართვის მარეგულირებელ დოკუმენტს;
ე) ამტკიცებს საგანმანათლებლო საფეხურების დებულებებს;
ვ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის, მობილობისა და ინტეგრირებული სწავლების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას;
ზ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს – რექტორს;
თ) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონკურსის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატურას;
ი) წარმომადგენლობით საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით წარუდგენს კანცლერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის მოტივირებულ წინადადებას;
კ) წარმომადგენლობით საბჭოს წარუდგენს კანცლერის ახალ კანდიდატურას კანცლერის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ერთი თვის ვადაში;
ლ) მონაწილეობს აკადემიის წესდების, სტრუქტურული ერთეულების დებულებების, ბიუჯეტისა და კანცლერის წლიური ანგარიშის წარმომადგენლობით საბჭოში განხილვაში;
მ) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთვე საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტის საბჭოების წარდგინებით;
ნ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამტკიცებს სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტის საბჭოების წარდგინებით;
ო) ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით აწესებს მინიმალურ კომპეტენციის ზღვარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში;
პ) ადგენს სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების აღიარების წესს;
ჟ) ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას;
რ) წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის კანდიდატურას;
ს) ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ტ) წლიურ ანგარიშს წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
უ) ირჩევს აკადემიის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს;
ფ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს;
ქ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით მასზე მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
2. აკადემიური საბჭოს სხდომა მოიწვევა რექტორის ინიციატივით ან აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ.
3. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება, რომელსაც ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე.
4. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, რექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, რექტორისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და რექტორისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. რექტორი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.
5. რექტორს უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში უწყდება აკადემიური საბჭოს წევრობა.
6. აკადემიის განსაკუთრებული დამსახურებების მქონე პროფესორს, რომელსაც პროფესორის თანამდებობაზე შეუსრულდა 65 წელი, შეიძლება აკადემიური საბჭოს მიერ, ფაკულტეტის წარდგინებით მიენიჭოს ემერიტუსის წოდება. ემერიტუსის წოდების მინჭებასთან დაკავშირებული ანაზღაურების საკითხს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავს ფაკულტეტის საბჭო.
7. აკადემიური საბჭოს მუშაობის წესი და სხდომათა წარმართვის პროცედურა განისაზღვრება აკადემიური საბჭოს დადგენილებით.
მუხლი 8🔗.
რექტორი
1. რექტორი არის აკადემიის უმაღლესი აკადემიური თანამდებობის პირი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და წარმოადგენს აკადემიას ქვეყნის შიგნითა და გარეთ აკადემიურსა და სამეცნიერო სფეროებში, რისთვისაც უფლებამოსილია აკადემიის სახელით დადოს გარიგებები და შეთანხმებები, გამოსცეს ინდივიდუალური-სამართლებრივი აქტები. იმ შემთხვევაში, თუ გარიგების, შეთანხმების დადება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მათ ხელს აწერს აგრეთვე კანცლერი.
2. რექტორს შეიძლება ჰყავდეს მოადგილეები (პრორექტორები) სამეცნიერო, საგანმანათლებლო ან შემოქმედებით სფეროებში. რექტორის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი. რექტორის მოადგილე რექტორის მოვალეობის შერულების შემთხვევაში არ არის უფლებამოსილი ხელი მოაწეროს უმაღლესი განათლების დამადასტურებულ დოკუმენტს - დიპლომს და არ ხელმძღვანელობს აკადემიურ საბჭოს.
მუხლი 9🔗.
არჩევნები აკადემიის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად
1. რექტორს ირჩევს აკადემიურ საბჭო, ფარული კენჭისყრით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 4 წლის ვადით.
2. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე.
3. კანდიდადტმა არჩევნებში მონაწილეობისათვის უნდა წარმოადგინოს 4-წლიანი სტრატეგიული განვითარების კონცეფცია და სამოქმედო გეგმა;
4. რექტორის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს მხოლოდ აკადემიის პროფესორი.
5. რექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. პირი, რომელსაც ეკავა კანცლერის თანამდებობა, აკადემიის რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ მისი, როგორც კანცლერის, უფლებამოსილების შეწყვეტიდან კანცლერის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ.
6. აკადემიური საბჭოს პირველ საკონკურსო სხდომაზე იხსნება პრეტენდენტთა მიერ წარმოდგენილი დალუქული განაცხადები. იმ პრეტენდენტთა სტრატეგიული განვითარების კონცეფცია და სამოქმედო გეგმა, რომლებიც აკმაყოფილებენ კონკურსისათვის დადგენილ მოთხოვნებს, მსჯელობისა და შეფასების მიზნით კენჭისყრის პროცედურამდე ხდება საჯარო და გამოქვეყნდება თსსა-ს ვებგვერდზე.
7. აკადემიურ საბჭოს შეუძლია გასაუბრებაზე მოიწვიოს რექტორობის კანდიდატები. კანდიდატის მიერ გასაუბრებაზე გამოუცხადებლობა წარმოადგენს დისკვალიფიკაციის საფუძველს.
8. ფარული კენჭისყრა გაიმართება განაცხადების გახსნიდან მე-10 დღეს. რექტორად აირჩევა კანდიდატი, რომელიც მოაგროვებს აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის ხმათა უმრავლესობას.
9. იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთი კანდიდატი ვერ მოაგროვებს ხმათა უმრავლესობას, ინიშნება დამატებითი კენჭისყრა ორ კანდიდატს შორის, რომლებმაც მიიღეს ყველაზე მეტი ხმა. დამატებითი კენჭისყრა უნდა გაიმართოს პირველი კენჭისყრის დასრულებიდან არაუგვიანეს 7 დღეში.
10. იმ შემთხვევაში, თუ დამატებითი კენჭისყრის შედეგად, ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა ხმათა უმრავლესობა, არჩევნები ითვლება ჩაშლილად და არაუგვიანეს 10 დღეში რექტორის თანამდებობის დასაკავებელი არჩევნები უნდა გამოცხადდეს ხელახლა.
მუხლი 10🔗.
წარმომადგენლობითი საბჭო
1. აკადემიის წარმომადგენლობითი ორგანოა აკადემიის წარმომადგენლობითი საბჭო, რომელიც აირჩევა აკადემიის ძირითადი ერთეულებიდან – ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ ცალ-ცალკე.
2. წარმომადგენლობითი საბჭო შედგება 26 წევრისაგან.
3. წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილება განისაზღვრება 4 წლის ვადით.
4. თითოეული ფაკულტეტიდან აკადემიური პერსონალის მიერ წარმომადგენლობითი საბჭოს წევრად შეიძლება არჩეული იყოს სამი წევრი, ფაკულტეტის პროფესორი, ასოციირებულ პროფესორი და ასისტენტ პროფესორი. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრები აირჩევიან საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით, ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის მიერ.
5. ასისტენტი არჩევნებში მონაწილეობს, როგორც სტუდენტი.
6. თითოეული ფაკულტეტიდან სტუდენტების მიერ წარმომადგენლობითი საბჭოს წევრად შეიძლება არჩეული იყოს ორი წევრი, ფაკულტეტის სამაგისტრო ან საბაკალავრო საფეხურის სტუდენტი. სტუდენტების მიერ წარმომადგენელთა არჩევა ხდება ფაკულტეტზე საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.
7. არჩევნები ტარდება ერთ დღეს, პარალელურად ყველა ფაკულტეტზე.
8. არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს ფაკულტეტის საბჭო და სტუდენტური თვითმმართველობა.
9. არჩევნებში მონაწილეობის მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს ან სტუდენტურ თვითმმართველობას არჩევნების ჩატარებამდე არა უგვიანეს ორი კვირით ადრე.
10. პროფესორისა და სტუდენტისათვის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია აკადემიასთან მისი აკადემიური, სასწავლო ან/და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.
11. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად ამავე ვადით.
12. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იყვნენ ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები, აგრეთვე აკადემიური საბჭოს წევრები.
13. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში ავტომატურად შედის აკადემიის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი.
14. ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს საბჭოს წევრის სტატუსი უწყდება ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებისთანავე. ამ შემთხვევაში ის უნდა ჩანაცვლდეს ახალი ბიბლიოთეკის ხელმძღვანელით, საბჭოს უფლებამოსილების ვადით.
15. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომების ჩატარებას ორგანიზებას უწევს და თავმჯდომარეობს სპიკერი, რომელსაც ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭო თავისი რიგებიდან, არა უმეტეს წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ვადით. სპიკერის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 4 წლით.
მუხლი 11🔗.
წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილება
1. წარმომადგენლობითი საბჭო:
ა) შეიმუშავებს აკადემიის წესდებას აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს;
ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს აკადემიის შინაგანაწესს, ეთიკის კოდექსსა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებს;
გ) ამტკიცებს აკადემიის ბიუჯეტის შედგენის წესსა და სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
დ) ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს;
ე) ამტკიცებს კანცლერის კანდიდატურას აკადემიური საბჭოს წარდგინებით;
ვ) ამტკიცებს უმაღლესი აკადემიის ბიუჯეტს კანცლერის წარდგინებით;
ზ) ამტკიცებს აკადემიის ადმინისტრაციის სტრუქტურას კანცლერის წარდგინების საფუძველზე;
თ) ამტკიცებს კანცლერის წლიურ ანგარიშს;
ი) აკადემიური საბჭოს მოტივირებული წინადადებით ან საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება კანცლერს;
კ) ამტკიცებს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს კანცლერის წარდგინებით;
ლ) ამტკიცებს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით;
მ) ამტკიცებს აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს აკადემიური საბჭოს წარდგინებით;
ნ) საკუთარი ინიციატივით უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება სპიკერს;
ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. წარმომადგენლობითი საბჭო ბიუჯეტის დამტკიცების, კანცლერის არჩევისა და კანცლერის ყოველწლიური ანგარიშის დასამტკიცებლად გადაწყვეტილებას იღებს წარმომადგენლობითი საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
3. წარმომადგენლობითი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება, რომელსაც ხელს აწერს სპიკერი.
მუხლი 12🔗.
წარმომადგენლობითი საბჭოს მუშაობის წესი
1.წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა მოიწვევა სპიკერის ინიციატივით ან წარმომადგენლობითი საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მიერ.
2. წარმომადგენლობითი საბჭოს თითოეული წევრი სარგებლობს ერთი ხმით.
3. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
4. .წარმომადგენლობითი საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით, თუ განსხვავებული მოთხოვნები დადგენილი არ არის კანონით ან წესდებით.
5. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომები შეიძლება იყოს დახურული;
6. სხდომაზე განსახილველი საკითხები დგინდება არანაკლებ ორი დღით ადრე და ფიქსირდება სხდომის დღის წესრიგში, რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგის გარდა.
7. წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომები ფორმდება ოქმით. ოქმს თან ერთვის ყველა ის მასალა, რაც ამ სხდომის დღის წესრიგის მიხედვით განხილვის საგანს უკავშირდება. ოქმის ნამდვილობას ხელმოწერით ადასტურებენ წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი და მდივანი.
მუხლი 13🔗.
კანცლერი (ადმინისტრაციის ხელმძღვანელი)
1. კანცლერი არის აკადემიის უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი ფინანსური, მატერიალურ და ადამიანური რესურსების სფეროში, რომელიც წარმოადგენს აკადემიას საფინანსო-ეკონომიკურ ურთიერთობებში.
2. კანცლერს წარმომადგენლობითი საბჭო ამტკიცებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით, ფარული კენჭისყრით. ერთი და იმავე პირის კანდიდატურა აკადემიურმა საბჭომ წარმომადგენლობით საბჭოს შეიძლება წარუდგინოს მხოლოდ ორჯერ. წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში აკადემიური საბჭო წარადგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას.
3. კანცლერის უფლებამოსილების ვადაა 4 წელი.
4. ერთი და იგივე პირი კანცლერად შეიძლება დამტკიცდეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ, რაც ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 8 წელიწადს.
5. პირი, რომელსაც ეკავა რექტორის თანამდებობა, კანცლერად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ მისი, როგორც რექტორის უფლებამოსილების შეწყვეტიდან რექტორის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ.
6. კანცლერი:
ა) ხელმძღვანელობს აკადემიის ადმინისტრაციას;
ბ) უფლებამოსილია აკადემიის სახელით, დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად დადოს ფინანსური და ეკონომიკური გარიგებები;
გ) ადგენს აკადემიის ადმინისტრაციის სტრუქტურის პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
დ) ადგენს დამხმარე პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის პროექტს, მისი შრომის ანაზღაურების ოდენობისა და პირობების პროექტს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ე) ხელმძღვანელობს აკადემიის ფაკულტეტების მიერ საკუთარი ბიუჯეტის პროექტის შედგენასა და წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენას, წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ აკადემიის ერთიანი ბიუჯეტის პროექტის ფორმირებასა და დამტკიცებას.
ვ) ამზადებს შესრულებული სამუშაოს ყოველწლიურ ანგარიშს, რომელიც დასამტკიცებლად წარედგინება წარმომადგენლობით საბჭოს;
ზ) პასუხისმგებელია აკადემიის ფინანსური და ეკონომიკური საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტიანობაზე;
თ) ასრულებს კანონმდებლობით და ამ წესდებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
7. კანცლერი ანგარიშვალდებულია აკადემიური საბჭოს წინაშე.
8. კანცლერი თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს სამართლებრივ აქტებს – კანცლერის ბრძანებას.
9. გარდა ადმინისტრაციული თანამდებობის პირის ვადამდე გათავისუფლების ზოგადი საფუძვლებისა, კანცლერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარი წლიური ანგარიშისა და ბიუჯეტის დამტკიცებაზე;
ბ) აკადემიური საბჭოს მოტივირებული გადაწყვეტილება.
გ) საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები.
10. კანცლერზე ვრცელდება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.
11. კანცლერს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე (ვიცე-კანცლერი). ვიცე-კანცლერს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს კანცლერი.
მუხლი 14🔗.
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
1. აკადემიის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა, აგრეთვე მისი პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხი ექვემდებარება სისტემატურ შეფასებას, რომელშიც მონაწილეობენ აგრეთვე აკადემიის სტუდენტები და რომლის შედეგები საჯარო და ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის;
2. აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მჭიდრო კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.
3. აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ჰყავს ხელმძღვანელი, რომელსაც ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით.
4. აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელი შეიძლება იყოს აკადემიის პროფესორი.
5. აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და ა.შ.) დანერგვის გზითა და ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადებას;
6. თითოეულ ფაკულტეტს ჰყავს თავისი ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომლის უფროსს ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭო. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური მოქმედებს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად და პასუხისმგებელია ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე აკადემიური პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატურ შეფასებაზე, ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოყალიბებაზე.
7. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს ნებისმიერი წევრი, რომელსაც უკავია ფაკულტეტის პროფესორის ან ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა.
მუხლი 15🔗.
ფაკულტეტი
1. აკადემიის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს წარმოადგენს ფაკულტეტი.
2. თითოეული ფაკულტეტი უზრუნველყოფს სტუდენტთა მომზადებას ერთ ან რამდენიმე სპეციალობაში და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებას.
3. აკადემიის ფაკულტეტებია:
ა) არქიტექტურის ფაკულტეტი;
ბ) სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი;
გ) დიზაინის ფაკულტეტი;
დ) მედიახელოვნების ფაკულტეტი;
ე) რესტავრაციის, ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტი.
4. ფაკულტეტები თავის საქმიანობას ახორციელებენ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ წესდების და ფაკულტეტის დებულების შესაბამისად.
5. ფაკულტეტის სტრუქტურა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით. ფაკულტეტის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი (კათედრა, ლაბორატორია და სხვა) და დამხმარე სტრუქტურული ერთეულები.
6. ფაკულტეტის დებულებას ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო, ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით.
მუხლი 16🔗.
ფაკულტეტის საბჭო
1. ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები.
2. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით, მაგრამ არანაკლებ საბჭოს შემადგენლობის 1/4-ისა.
მუხლი 17🔗.
ფაკულტეტის საბჭოს უფლებამოსილება
ფაკულტეტის საბჭო:
ა) განსაზღვრავს და კანცლერს წარუდგენს ფაკულტეტის ბიუჯეტის პროექტს;
ბ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის დეკანს;
გ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
დ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ე) შეიმუშავებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;
ვ) ირჩევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს;
ზ) უფლებამოსილია, დეკანის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, დეკანისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და დეკანისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, ფაკულტეტის საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. დეკანი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
მუხლი 18🔗.
ფაკულტეტის დეკანი
1. ფაკულტეტის საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ფაკულტეტის დეკანს 4 წლის ვადით. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
2. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, საქართველოს კანონმდებლობითა და საკუთარი წესდებით დადგენილი წესით.
3. ფაკულტეტის დეკანის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს ფაკულტეტის პროფესორმა ან ასოცირებულმა პროფესორმა.
4. ფაკულტეტის დეკანს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე (დეკანის მოადგილე). დეკანის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დეკანი.
5. ფაკულტეტის დეკანი:
ა) უზრუნველყოფს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას;
ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
გ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებისთვის;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;
ვ) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს;
ზ) კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივ და ეფექტურ გამოყენებაზე;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ამ წესდებითა და ფაკულტეტის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
მუხლი 19🔗.
ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
1. ფაკულტეტზე სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე, აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად.
2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური უფლებამოსილია ითანამშრომლოს საზღვარგარეთის ქვეყნებთან და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.
3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ირჩევს ფაკულტეტის საბჭო 4 წლის ვადით.
4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრი შეიძლება იყოს ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.
5. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური წარმოადგენს აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სისტემის ნაწილს.
მუხლი 20🔗.
სადისერტაციო საბჭო
1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო. აკადემიაში შეიძლება არსებობდეს საუნივერსიტეტო და ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოები.
2. საუნივერსიტეტო და ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოების შედგენისა და მათიი თავმჯდომარის არჩევის წესი განისაზღვრება აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით.
3. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო შედგება ფაკულტეტის დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ყველა პროფესორისა და ასოცირებული პროფესორისაგან. აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით სადისერტაციო საბჭოში შეიძლება მოწვეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ან მასთან გათანაბრებული პირი.
4. სადისერტაციო საბჭოები მოქმედებს და დოქტორის აკადემიურ ხარისხს მეცნიერების დარგში ანიჭებს აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დოქტორანტურის დებულების შესაბამისად.
მუხლი 21🔗.
დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული
1. აკადემიაში არსებობს და შეიძლება შეიქმნას დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულები. გადაწყვეტილებას სამეცნიერო კვლევითი ერთეულის შექმნის შესახებ იღებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წინადადების საფუძველზე, რაც აისახება აკადემიის წესდებაში.
2. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულები ახორციელებენ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და უფლებამოსილი არიან მონაწილეობა მიიღონ სასწავლო პროცესში;
3. სამეცნიერო-კვლევითი ერთეული შეიძლება ექვემდებარებოდეს აკადემიურ საბჭოს ან ფაკულტეტის საბჭოს და შედიოდეს ფაკულტეტის სტრუქტურაში. სამეცნიერო კვლევითი ერთეულის დაქვემდებარება, მისი საქმიანობის წესი, ძირითადი მიმართულებები, სტრუქტურა, ხელმძღვანელის დანიშვნისა თუ არჩევის წესი, უნდა განისაზღვროს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს აკადემიური საბჭო. თუ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული შედის ფაკულტეტის სტრუქტურაში, მისი დებულება აკადემიური საბჭოს მიერ მტკიცდება ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
4. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების ხელმძღვანელის, მეცნიერ-თანამშრომელთა და დამხმარე პერსონალის ანაზღაურება შეიძლება ასახული იყოს თსსა საშტატო ნუსხაში, ფაკულტეტის ბიუჯეტში ან განისაზღვრებოდეს ცენტრის მიერ მოპოვებული გრანტების შესაბამისად.
5. აკადემიის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებია:
ა) რესტავრაცია/კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი;
ბ) თანამედროვე ვიზუალური კულტურის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი;
გ) ციფრული მედიის და გეომეტრიული მოდელირების სამეცნიერო კვლევითი ცენტრი;
დ) ტექსტილის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი;
ე) მხატვრული კერამიკის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი;
ვ) ვიზუალური ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი;
ზ) შენობა-ნაგებობების საინჟინრო ექსპერტიზის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი.
მუხლი 22🔗.
აკადემიური პერსონალი
1. აკადემიის აკადემიური პერსონალი შედგება პროფესორებისა და ასისტენტებისაგან.
2. პროფესორების შემადგენლობას მიეკუთვნებიან პროფესორი, ასოცირებული პროფესორი და ასისტენტ- პროფესორი.
3. პროფესორები მონაწილეობენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებში ან/და წარმართავენ მათ.
4. ასისტენტი პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში.
მუხლი 23🔗.
აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის წესი
1. აკადემიის აკადემიური თანამდებობების დაკავება ხდება ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს.
2. კონკურსი წარიმართება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე, ერთიანი საკონკურსო კომისიის მიერ აირჩევიან აკადემიის პროფესორები, მეორე ეტაპზე დარგობრივი (საფაკულტეტო) კომისიის მიერ აირჩევიან ფაკულტეტების ასოცირებული პროფესორები, ასისტენტ-პროფესორები და ასისტენტები.
3. ერთიანი საკონკურსო კომისია შედგება ათი წევრისაგან. თითოეული ფაკულტეტის საბჭო შეარჩევს სათანადო ცოდნის, დამსახურებისა და გამოცდილების მქონე 4 კანდიდატურას შესაბამისი დარგიდან/სფეროდან, და წარუდგენს რექტორს. რექტორი თითოეული ფაკულტეტის მიერ წარდგენილი კანდიდატურებიდან შეარჩევს 2 წარმომადგენელს, რომლებიც შეადგენენ ერთიან საკონკურსო კომისიას.
4. საკონკურსო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს აკადემიის ადმინისტრაციული თანამდებობის პირი, აგრეთვე, კონკურსში მონაწილე კანდიდატი.
5. აკადემიის პროფესორების არჩევის შემდგომ, ერთიანი საკონკურსო კომისია იყოფა დარგობრივ (საფაკულტეტო) კომისიებად, რომელთა შემადგენლობაშიც შედიან 2 ერთიანი საკონკურსო კომისის წევრი, რომელიც რექტორის მიერ აირჩა ფაკულტეტის წარდგენილი კანდიდატურებიდან და ამავე ფაკულტეტის არჩეული პროფესორები.
6. კონკურსის ჩატარების დამატებით წესსა და პირობებს ადგენს აკადემიური საბჭო.
7. აკადემიური თანამდებობების პირთა უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 4 წლის ვადით;
8. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საბუთების მიღებამდე 1 თვით ადრე.
მუხლი 24🔗.
აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები
1. პროფესორად, 4 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს:
ა) არასახელოვნებო სპეციალობებისათვის – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
ბ) სახელოვნებო სპეციალობებისათვის – პირი, რომელსაც აქვს უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი სპეციალობით პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.
2. ასოცირებულ პროფესორად, 4 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს:
ა) არასახელოვნებო სპეციალობებისათვის – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
ბ) სახელოვნებო სპეციალობებისათვის – პირი, რომელსაც აქვს უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი სპეციალობით პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
3. ასისტენტ პროფესორად, 4 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს:
ა) არასახელოვნებო სპეციალობებისათვის – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
ბ) სახელოვნებო სპეციალობებისათვის – შესაბამისი სპეციალობის მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული პირი.
4. ასისტენტად, 4 წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს:
ა) არასახელოვნებო სპეციალობებისათვის – დოქტორანტი;
ბ) სახელოვნებო სპეციალობებისათვის – შესაბამისი სპეციალობის მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული პირი.
5. დამატებითი ან განსხვავებული პირობები თითოეული ფაკულტეტისათვის, რომელიც ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით განისაზღვრება აკადემიური საბჭოს მიერ, უნდა აისახოს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
6. დასაშვებია პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ აკადემიის აკადემიური თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია. აღნიშნული პირობებით აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი განისაზღვრება აკადემიური საბჭოს დადგენილებით.
7. აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს გადაცილებული პირის არჩევა შესაძლებელია აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე. ეს გადაწყვეტილება შესაძლოა გავრცელდეს ცალკეულ ფაკულტეტზე, ან ფაკულტეტის ცალკეულ აკადემიურ თანამდებობებზე. აკადემიური საბჭო ამ დადგენილებას იღებს ფაკულტეტის საბჭოს დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც მიიღება შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის გამოცხადებამდე და ის უნდა აისახოს გამოქვეყნებულ საკონკურსო განაცხადში.
მუხლი 25🔗.
ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი
1. აკადემიის ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნებიან: რექტორი, პრორექტორი, კანცლერი, ვიცე-კანცლერი, ფაკულტეტის დეკანი, ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ხელმძღვანელი, აკადემიისა და ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები.
2. აკადემიის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თანამდებობაზე არჩევის ან დანიშვნის წინაპირობას წარმოადგენს აკადემიაში დაკავებული აკადემიური თანამდებობა. ამ შემთხვევაში, აკადემიის შესაბამის აკადემიური თანამდებობის პირებს თანაბრად ექნებათ აღნიშნული ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა, განურჩევლად მათი ასაკისა.
3. მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება მასწავლებელი და უფროსი მასწავლებელი.
4. მასწავლებელი უფლებამოსილია გაუძღვეს პრაქტიკულ და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე.
5. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული აკადემიის საქმიანობისთვის აუცილებელი სხვა პირები.
6. აკადემიური საბჭო, ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით უფლებამოსილია აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით.
მუხლი 26🔗.
თანამდებობრივი შეუთავსებლობა
1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება აკადემიაში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა, ან იყოს აკადემიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
2. თუ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების ან მართვის ორგანოს წევრობის წინაპირობაა აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა, აკადემიურ თანამდებობაზე, ყოფნის ვადის გასვლა იწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ან მართვის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტას აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცებისთანავე, თუ პირი არ აირჩა შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე.
3. აკადემიური საბჭოს წევრს არ შეიძლება აკადემიაში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა, გარდა რექტორისა, ან იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი.
4. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს არ შეიძლება აკადემიაში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა.
მუხლი 27🔗.
აკადემიის ბიუჯეტის ფორმირების წესი
1. აკადემიის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას კოორდინაციას უწევს აკადემიის კანცლერი.
2. აკადემიის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი შემუშავდება აკადემიის ფაკულტეტებთან და სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კონსულტაციით.
3. კანცლერი მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით, დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.
4. წარმომადგენლობითი საბჭო განიხილავს წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს და ამტკიცებს მას ან შესაბამისი შენიშვნებით უბრუნებს კანცლერს.
5. თუ კანცლერი დაეთანხმება წარმოდგენილ შენიშვნებს, ბიუჯეტის პროექტს შენიშვნების გათვალისწინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.
6. თუ კანცლერი არ ეთანხმება რეგენტთა საბჭოს ან წარმომადგენლობითი საბჭოს შენიშვნებს, მას უფლება აქვს, ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვარიანტი სათანადო დასაბუთებით დასამტკიცებლად დაუბრუნოს წარმომადგენლობით საბჭოს. წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენილ დასაბუთებას უნდა ერთოდეს აკადემიური საბჭოს წინადადებები.
7. წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ბიუჯეტის პროექტის განმეორებით დაუმტკიცებლობა იწვევს კანცლერის უფლებამოსილების შეწყვეტას. ბიუჯეტის პროექტი დამტკიცდება ახალდანიშნული კანცლერის წარდგინებით.
მუხლი 28🔗.
აკადემიაში სტუდენტთა მიღების წესი
სტუდენტთა მიღება წარმოებს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით და აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი საგანმანათლებლო საფეხურის დებულებით დადგენილი წესით.
მუხლი 29🔗.
უმაღლესი განათლების სახეები და საფეხურები
1. აკადემია უზრუნველყოფს პროფესიული და აკადემიური უმაღლესი განათლების მიღებას.
2. აკადემიის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მიზანია აღზარდოს ხელოვნების სხვადასხვა დარგის სპეციალისტი, ჩამოაყალიბოს და დახვეწოს შესაბამისი სახელოვნებო უნარები შრომის ბაზრის თანამედროვე მოთხოვნათა გათვალისწინებით. სასწავლო კურსის კრედიტების რაოდენობა პროფესიულ საფეხურზე განისაზღვრება შესაბამისი სპეციალობის დამტკიცებული სტანდარტების შესაბამისად.
3. აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხურებია:
ა) ბაკალავრიატი – აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხური – ისეთი საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლიობა, რომელიც ითვალისწინებს სახელოვნებო და სამეცნიერო სპეციალობების შემოქმედებითი და თეორიული საფუძვლების სწავლებას. საბაკალავრო პროგრამის დასრულება საშუალებას აძლევს კურსდამთავრებულს სწავლა გააგრძელოს მაგისტრატურის საფეხურზე. საბაკალავრო პროგრამა ითვალისწინებს ოთხწლიან სასწავლო კურსს და მოიცავს მინიმუმ 240 კრედიტს. კურსდამთავრებულს შესაბამისი კრედიტების მოპოვების შემთხვევაში ენიჭება ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
ბ) მაგისტრატურა – აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხური – ისეთი საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლიობა, რომელიც სახელოვნებო-შემოქმედებითი და სამეცნიერო-კვლევითი ელემენტებისაგან შედგება და მიზნად ისახავს საბაკალავრო პროგრამაში სწავლის დროს შეძენილი უნარ-ჩვევების გაღრმავებასა და გაფართოებას და შემდგომი საფეხურის შესაბამისი დონის სპეციალისტის მომზადებას. სამაგისტრო პროგრამით გათვალისწინებული შემოქმედებითი და კვლევითი მუშაობის ჩატარების შედეგად სტუდენტი შეძლებს ხელოვნების ნაწარმოების ან/და პროექტის და საკვალიფიკაციო ნაშრომის წარმოდგენას. სამაგისტრო პროგრამა ითვალისწინებს ორწლიან სასწავლო კურსს და მოიცავს 120 კრედიტს. კურსდამთავრებულს შესაბამისი კრედიტების მოპოვების შემთხვევაში ენიჭება მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
გ) დოქტორანტურა – აკადემიური უმაღლესი განათლების მესამე საფეხური – ისეთი საგანმანათლებლო პროგრამების და სამეცნიერო კვლევების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს სამეცნიერო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პედაგოგიური კადრების მომზადებას; სადოქტორო პროგრამა მოიცავს 180 კრედიტს. შესაბამისი კრედიტების მოპოვებისა და დისერტაციის დაცვის შემთხვევაში დოქტორანტს აკადემიის ან შესაბამისი ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს მიერ ენიჭება დოქტორის აკადემიური ხარისხი.
4. აკადემიის მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხის ან/და მიღებული კვალიფიკაციის დამადასტურებლად გაიცემა შესაბამისი დიპლომი სტანდარტული დანართით, რომელიც დიპლომთან ერთად ადასტურებს სტუდენტის მიერ მიღებული განათლების შინაარსს.
5. პირს, რომელმაც არ ან ვერ დაასრულა შესაბამისი საგანმანათლებლო საფეხური, დაგროვებული კრედიტების დადასტურების საფუძველზე ეძლევა სათანადო ცნობა.
მუხლი 30🔗.
სტუდენტი
1. პირს აკადემიის სტუდენტის სტატუსი ენიჭება ჩარიცხვის შესახებ რექტორის ბრძანების საფუძველზე და მოქმედებს აკადემიასთან სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტამდე.
2. სტუდენტის სტატუსი შეჩერების საფუძველია:
ა) უცხო ქვეყანაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა;
ბ) ავადმყოფობა;
გ) ფინანსური დავალიანება;
დ) პირადი განცხადება აკადემიურ შვებულების აღებასთან დაკავშირებით;
ე) სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ვადის დასრულების შემდგომ დარჩენილი აკადემიური დავალიანება, რაც შეუძლებელს ხდის მისთვის პროფესიული კვალიფიკაციის, ან აკადემიური ხარისხის მინიჭებას.
ვ) კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა მიზეზი.
3. სტუდენტის სტატუსის აღდგენის საფუძველია: სტუდენტის პირადი განცხადება და სტუდენტის სტატუსის შეჩერების მიზეზის აღმოფხვრა.
4. აკადემიური დავალიანების გამო სტატუსშეჩერბულ სტუდენტს განცხადების საფუძველზე შეუმუშავდება ინდივიდუალური სასწავლო პროგრამა, რის შემდგომაც მას აღუდგება სტუდენტის სტატუსი ინდივიდუალური სასწავლო პროგრამით განსაზღვრული ვადით და პირობებით.
5. სტუდენტს ინდივიდუალური სასწავლო პროგრამა შეიძლება შეუდგეს მხოლოდ 3-ჯერ.
6. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია:
ა) აკადემიის სტუდენტთა ქცევის (ეთიკის) კოდექსით გათვალისწინებული სტუდენტის სტატუსთან შეუთავსებელი ქმედების განხორციელება;
ბ) საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შეუძლებლობა - თუ სტუდენტმა ვერ შეძლო აკადემიური დავალიანების აღმოფხვრა ამ მუხლის მეხუთე პუნქტით განსაზღვრული რაოდენობის ინდივიდუალური სასწავლო პროგრამების გამოყენების შედეგად.
გ) თუ სტუდენტისთვის სტატუსის შეჩერების ბრძანების გამოცემიდან გასულა 5 წელი.
7. სტუდენტის სტატუსთან შეუთავსებელი ქმედების განხორციელების გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს რექტორი, აკადემიის სადისციპლინო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე.
8. გადაწყვეტილება სტუდენტის სტატუსის ცვლილებასთან დაკავშირებით ფორმდება რექტორის ბრძანებით.
მუხლი 31🔗.
სტუდენტის უფლებები
1. სტუდენტს უფლება აქვს:
ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება;
ბ) მონაწილეობა მიიღოს მეცნიერულ კვლევაში;
გ) თანაბარ პირობებში ისარგებლოს აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით;
დ) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტურ თვითმმართველობაში, ასევე აკადემიისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოებში წესდების შესაბამისად;
ე) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად;
ვ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას;
ზ) სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
თ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით გადავიდეს სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე; საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გადაიტანოს მაგისტრატურის სხვა აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლისას, თუ სწავლას გააგრძელებს იმავე საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე ან პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით გაერთიანებულია ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში;
ი) სახელმწიფოსგან, აკადემიისგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები;
კ) აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამა;
ლ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში;
მ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება;
ნ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.
2. სტუდენტის მიერ აკადემიური პერსონალის თანდასწრებით გამოთქმული პირადი ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია საკუთარი შეხედულებების, რწმენისა და პოლიტიკური მრწამსის შესახებ, რომელიც ამ უკანასკნელისთვის ცნობილი გახდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, აგრეთვე ინფორმაცია სტუდენტის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გატარების შესახებ კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს სტუდენტის ნებართვა, ან ადმინისტრაციის კანონიერი ინტერესი დაიცვას სხვისი უსაფრთხოება და კანონით დაცული უფლებები. ინფორმაცია სტუდენტის აკადემიური მოსწრებისა და მის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარების შესახებ უნდა ინახებოდეს განცალკევებულად. სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შენახვისას ადმინისტრაცია ვალდებულია იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
3. აკადემია ვალდებულია უზრუნველყოს სტუდენტის ცოდნის სამართლიანი შეფასება, რისთვისაც შეიმუშავებს სათანადო პროცედურებს.
მუხლი 32🔗.
საგანმანათლებლო საქმიანობა
1. აკადემიაში სწავლების ენა არის ქართული. აკადემიაში შესაძლებელია შეიქმნას ინდივიდუალური სასწავლო კურსები ან მოდულები უცხოელი სტუდენტებისათვის, რომელთა სწავლების ენა იქნება შესაბამისი უცხო ენა. სხვა ენაზე სწავლება, გარდა ინდივიდუალური სასწავლო კურსებისა, დაშვებულია, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან;
2. აკადემიის სასწავლო წლის დაწყებისა და დასრულების თარიღებს განსაზღვრავს აკადემიური საბჭო ყოველი სასწავლო წლის დაწყებამდე სულ ცოტა ერთი თვით ადრე.
3. სასწავლო წელი შედგება ორი სემესტრისაგან. თითოეული სემესტრი შედგება 20 კვირისაგან (15 სასწავლო კვირა, 3 სასესიო კვირა და 2 პრაქტიკა). სემესტრი დასრულდება საგამოცდო სესიით. საგამოცდო სესიის, ასევე სასწავლო და საწარმოო პრქტიკის ვადებს განსაზღვრავს აკადემიური საბჭო ყოველწლიურად.
4. საგანმანათლებლო პროგრამები ფაკულტეტების წარდგინებით მტკიცდება აკადემიური საბჭოს მიერ.
5. სასწავლო პროცესის ორგანიზების წესი მიმართულებების, სპეციალობებისა და სწავლების პროგრამების შესაბამისად განისაზღვრება ფაკულტეტის მიერ შემუშავებული სასწავლო გეგმებით, რომელთაც ამტკიცებს აკადემიური საბჭო.
6. ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, ასევე მისი ანაზღაურების წესს საჭიროების შემთხვევაში შეიმუშავებს ფაკულტეტის დეკანი და ფაკულტეტის საბჭო.
7. აკადემია უფლებამოსილია განახორციელოს დამატებითი საგანმანათლებლო საქმიანობა, სწავლება (მათ შორის, სტუდენტებთან). ასეთი სწავლების ორგანიზების წესი, სწავლების ღირებულება და მისი გადახდის წესი განისაზღვრება შესაბამისი დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს აკადემიური საბჭო ფაკულტეტის საბჭოს მიერ მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით და ამტკიცებს აკადემიური საბჭო.
8. სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგი სახის მეცადინეობებს: ლექცია, პრაქტიკული მეცადინეობა, სემინარი, კონსულტაცია, საკონტროლო სამუშაო, კოლოქვიუმი, სტუდენტებთან ინდივიდუალური მუშაობა, სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობა, სასწავლო და სამრეწველო პრაქტიკა, საკურსო პროექტირება, საკვალიფიკაციო სამუშაოს შესრულება და სხვა.
მუხლი 33🔗.
აკადემიის დაფინანსება
1. აკადემიის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) სწავლის საფასური;
ბ) სახელმწიფო სასწავლო გრანტი;
გ) სახელმწიფოს მიერ გაცემული სამეცნიერო-კვლევითი გრანტები
დ) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ე) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება აკადემიის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. აკადემიის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.
მუხლი 34🔗.
აკადემიის ქონება და ქონებით სარგებლობა
1. აკადემიის ქონება შედგება მისთვის სახელმწიფოს, იურიდიული და კერძო პირების მიერ გადაცემული, ასევე მის მიერ საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.
2. აკადემიის მიერ ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან სარგებლობაში გადაცემა, ასევე ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება ქონებასთან დაკავშირებით, შეიძლება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 35🔗.
აკადემიის ეკონომიკური საქმიანობა
1. აკადემია შეიძლება ეწეოდეს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ ეკონომიკურ საქმიანობას.
2. აკადემია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია დააფუძნოს კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირები.
მუხლი 36🔗.
აკადემიის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ზედამხედველობა და ნორმატიული აქტების შესრულების კონტროლი
აკადემიის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს, ამ წესდებითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
მუხლი 37🔗.
საბუღალტრო ანგარიშგება
1. აკადემია ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს.
2. აკადემია წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 38🔗.
აკადემიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
1. აკადემიის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.
2. აკადემიის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს მთავრობა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარდგინებით.
მუხლი 39🔗.
გარდამავალი დებულებები
1. აკადემია ვალდებულია ჩაატაროს აკადემიური თანამდებობების დასაკავებელი კონკურსი წესდებით დადგენილი წესით 2013-14 სასწავლო წლის დასრულების შემდგომ არაუგვიანეს 2014-15 სასწავლო წლის დაწყებამდე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კონკურსის შედეგების დამტკიცების შემდგომ და არაუგვიანეს 2014-15 სასწავლო წლის დაწყებამდე, უნდა მოხდეს აკადემიის კოლეგიური ორგანოების - წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოს და ფაკულტეტების საბჭოების წესდებით დადგენილი წესით ფორმირება.