„სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოების სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 28.05.2014
ძალის დაკარგვა 19.11.2020
გამომცემი ორგანო სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი
ნომერი №81
სარეგისტრაციო კოდი 310150000.54.066.016070
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/06/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (27)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია | სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ტექნიკური რეგლამენტის „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოების სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების თაობაზე ელემენტების დაყენების თარიღი 01.03.2010
დოკუმენტის ტექსტი
„სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოების სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების თაობაზე
სსიპ –
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის
ბრძანება
№81
2014 წლის 28 მაისი
ქ. თბილისი
„სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოების სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს საჰაერო კოდექსის“ მე-9 მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს
თანდართული „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოების სერტიფიცირების წესი“ №1-27 დანართებთან ერთად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 1 აგვისტოს № 85 ბრძანება ,,ტექნიკური რეგლამენტის „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოების სერტიფიცირების წესის“ დამტკიცების თაობაზე.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია
სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოების სერტიფიცირების წესი
მუხლი 1🔗.
საერთო დებულებები
1. „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავ-გასამართი საწარმოების სერტიფიცირების წესის“ (შემდგომში – წესი) მიზანია სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საავიაციო საწვავით გამართვის უსაფრთხო მომსახურების უზრუნველყოფა.
2. წესით განსაზღვრულია სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავგასამართი საწარმოს (შემდგომში – საწარმო) სასერტიფიკაციო მოთხოვნები, სერტიფიცირების ჩატარების წესი და პირობები, სამოქალაქო საჰაერო ხომალდის საწვავგასამართი საწარმოს სერტიფიკატის (შემდგომში – სერტიფიკატი) გაცემის, გაცემაზე უარის თქმის, გაუქმების, მოქმედების ვადის შეჩერების, განახლების, გამოცვლის პირობები, საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის მოთხოვნები, საავიაციო საწვავის ხარისხის კონტროლის პირობები, აგრეთვე სერტიფიკატის მფლობელისა და გამცემის უფლებამოსილების საკითხები.
3. არავის არ აქვს უფლება განახორციელოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდის საავიაციო საწვავით გამართვა, თუ მას არ გააჩნია ამ წესის შესაბამისად გაცემული და მოქმედი სერტიფიკატი. ამ წესის შესაბამისად გაცემული და მოქმედი სერტიფიკატი უნდა გააჩნდეს აგრეთვე პირს, თუ იგი სამოქალაქო საჰაერო ხომალდის საავიაციო საწვავით გამართვის გარდა ახორციელებს საავიაციო საწვავის მიღებას, შენახვას და სამოქალაქო საჰაერო ხომალდის გასამართად გაცემას.
4. სერტიფიკატის მიღების უფლება აქვს საქართველოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებულ საწარმოს, თუ ის აკმაყოფილებს ამ წესის მოთხოვნებს.
5. სერტიფიკატის გაცემას, გაცემაზე უარის თქმას, სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებას, განახლებას, სერტიფიკატის გაუქმებას, გამოცვლას, საწარმოს საქმიანობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს, ამ წესის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).
6. სერტიფიკატი ადასტურებს მისი მფლობელის შესაძლებლობას განახორციელოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდის საავიაციო საწვავით გამართვის უსაფრთხო მომსახურება.
7. საწარმო, რომელიც:
ა) სამოქალაქო საჰაერო ხომალდის საავიაციო საწვავით გამართვის გარდა ახორციელებს საავიაციო საწვავის მიღებას, შენახვას და სამოქალაქო საჰაერო ხომალდის გასამართად გაცემას, უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესის მე-4–მე-6, მე-12 და მე-14 მუხლების, აგრეთვე ამ წესის დანართი №2-ით და დანართი №3-ით გათვალისწინებული სახელმძღვანელოებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
ბ) სამოქალაქო საჰაერო ხომალდის საავიაციო საწვავით გამართვას აპირებს საავიაციო საწვავის ბაზასთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, გამართვას ახორციელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
ბ.ა) საავიაციო საწვავის ბაზა:
ბ.ა.ა) აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-16 პუნქტის და ამ წესის დანართი №2-ით და დანართი №3-ით გათვალისწინებული სახელმძღვანელოებით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
ბ.ა.ბ) უზრუნველყოფს „მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 მაისის №283 ბრძანებულების მოთხოვნებისა და ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაცვას;
ბ.ა.გ) უზრუნველყოფს ამ წესის მე-12 და მე-13 მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვას;
ბ.ა.დ) ფლობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ საშიში საწარმოო ობიექტის ექსპლუატაციის ნებართვას;
ბ.ბ) საავიაციო საწვავის ბაზის ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისა და დადასტურების პროცედურა ხორციელდება მის მიერ ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის დეკლარაციის მიღებით ან ამ წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით მისი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აკრედიტებული სერტიფიკაციის ორგანოსათვის ნებაყოფლობითი წარდგენით.
8. საწარმო უნდა აკმაყოფილებდეს „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
9. საწარმოს თანამშრომელი, რომელიც თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით უშუალოდ დაკავშირებულია საავიაციო საწვავის მიღებასთან, შენახვასთან, გაცემასთან, სამოქალაქო საჰაერო ხომალდის საავიაციო საწვავით გამართვასთან (შემდგომში – სპეციალისტი), აგრეთვე, ამ პუნქტით გათვალისწინებულ სამუშაოებზე და სპეციალისტის საქმიანობაზე ზედამხედველობის განხორციელებასთან (შემდგომში – სუპერვაიზერი), საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების გარდა, უნდა ფლობდეს:
ა) ამ პუნქტით გათვალისწინებულ სამუშაოთა სფეროში უმაღლეს ან სახელობო განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს, ან ასეთი სამუშაო(ები)ს განხორციელების კვალიფიკაციის დამადასტურებელ საბუთს/სერტიფიკატს;
ბ) პირველადი სამედიცინო დახმარების და სახანძრო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ხერხებს.
10. საწარმოში, ელექტრულ დანადგარებზე მომუშავე სპეციალისტი/სუპერვაიზერი, კომპეტენციის შესაბამისად, უნდა აკმაყოფილებდეს „ენერგეტიკაში ენერგოობიექტების და სხვა ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის, მოწყობის და მათით სარგებლობის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2008 წლის 18 ნოემბრის №100 ბრძანების მოთხოვნებს.
11. ამ მუხლის მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტების შესაბამისად, საწარმოს ხელმძღვანელი ამტკიცებს სპეციალისტის/სუპერვაიზერის მიმართ წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
12. საწარმო, საავიაციო საწვავის მიღებასთან, შენახვასთან, გაცემასთან, აგრეთვე, სამოქალაქო საჰაერო ხომალდის საავიაციო საწვავით გამართვასთან დაკავშირებულ სამუშაოებს ახორციელებს შესაბამის პირთან (საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი, აეროდრომი, კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტებული საავიაციო საწვავის ხარისხის ლაბორატორია, საავიაციო საწვავის მომწოდებელი და/ან სხვა) დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
13. იმ პირობების შეცვლისას, რომელთა მიხედვით გაცემული იყო სერტიფიკატი, საწარმო მოვალეა, ახალი პირობებით საწარმოს ფუნქციონირებამდე, სააგენტოში წარადგინოს განცხადება სერტიფიკატში საჭირო ცვლილებების შეტანის და, შესაბამისად სერტიფიკატის გამოცვლის თაობაზე. განცხადების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება ამ წესის შესაბამისად.
14. სააგენტოს მიერ სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ, გადაწყვეტილება მიიღება განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 2 თვის ვადისა. ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის გაგრძელება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესითა და პირობებით.
15. სერტიფიცირებული საწარმოს მიერ, სპეციალური რეისების (ლიტერ „ა“ და/ან ლიტერ „ს“) საჰაერო ხომალდების საავიაციო საწვავით გამართვის საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
16. საწარმოში საავიაციო საწვავის ხარისხთან, ტექნიკური მოწყობილობების და საშუალებების (შემდგომში – აღჭურვილობა) ექსპლუატაციასთან, მომსახურებასთან, რემონტთან დაკავშირებული შემოწმების, აგრეთვე ტესტირებისა და/ან ანალიზის (შემდგომში – ტესტირება) შედეგები უნდა დაფიქსირდეს შესაბამის ჟურნალში ან ელექტრონული მონაცემების სახით (შემდგომში – ჟურნალი), რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს მასში ჩანაწერების გამკეთებელი სპეციალისტისათვის/სუპერვაიზერისათვის, აგრეთვე საწარმოს და კანონმდებლობით დადგენილი მაკონტროლებელი და ზედამხედველი ორგანო(ები)ს უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის. ამ პუნქტით განსაზღვრული ჟურნალ(ებ)ის შენახვის ვადები განსაზღვრულია ამ წესის დანართი №2-ით და დანართი №3-ით. შედეგების დაფიქსირების ელექტრონული ვერსიის გამოყენების შემთხვევაში უნდა არსებობდეს ამ შედეგების დაფიქსირების სარეზერვო/დუბლირებული სისტემა.
17. საწარმოს მიერ სამოქალაქო საჰაერო ხომალდის საავიაციო საწვავის გამართვასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სააგენტოს უფლებამოსილი წარმომადგენელი (ინსპექტორი), რომლის დროსაც დგინდება საწარმოს შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.
18. საწარმოო უსაფრთხოების სფეროში, საწარმოს საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი ხორციელდება „ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
19. საწარმოს სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის საკითხები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
20. სააგენტო, ამ წესით გაცემული სერტიფიკატით განსაზღვრული მოთხოვნების მდგომარეობის საინსპექციო და კომპლექსურ შემოწმებას, კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში, ახორციელებს ამ წესის მე-11 მუხლის შესაბამისად.
21. საწარმოს სერტიფიცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.
22. ამ წესით გათვალისწინებული სინჯები ინახება:
ა) საწარმოში, იმ რეზერვუარის/ცისტერნის დაცლამდე, საიდანაც სინჯი იყო აღებული, მაგრამ სინჯის აღებიდან არანაკლებ 6 თვის განმავლობაში;
ბ) კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტებულ საავიაციო საწვავის ხარისხის ლაბორატორიაში, სინჯის შემოწმებიდან არანაკლებ 6 თვის განმავლობაში.
23. რეაქტიული საწვავის ან საავიაციო ბენზინის ხელახალი/დამატებითი ტესტირებისას გამოყენებული მეთოდები, რომლებსაც ითვალისწინებს ამ წესის დანართი №15 და დანართი №16, უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ან
,,საქართველოს მიერ სხვა ქვეყნების ტექნიკური რეგლამენტების სამოქმედოდ დაშვების, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების, შესაბამისი ნიშანდების მქონე პროდუქტის საქართველოში დამატებითი შესაბამისობის შეფასების პროცედურების გარეშე დაშვებისა და ასევე სხვა ქვეყნებში წარმოებული, რეგულირებული სფეროსათვის მიკუთვნებული პროდუქტის საქართველოს ბაზარზე შეზღუდვების გარეშე განთავსების შესახებ"
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 მარტის №50 დადგენილების შესაბამისად ამერიკის შეერთებულ შტატებში ASTM–ის („მასალათა ტესტირების ამერიკის საზოგადოება“) და/ან დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში IP-ის („ნავთობის ინსტიტუტი“) მიერ განსაზღვრულ ტესტირების მეთოდებს.
მუხლი 2🔗.
ტერმინები, ცნებები და განმარტებები
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს და ცნებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ბუნიკი – საწვავის გასამართი მოწყობილობის ნაწილი, რომელიც განკუთვნილია სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ბორტზე საწვავის მისაწოდებლად. ბუნიკი შეიძლება იყოს 2 ტიპის – ქვემოდან წნევით მისაწოდებელი/შესაერთებელი და ზემოდან მისაწოდებელი, გრავიტაციული;
ბ) გრავიმეტრიული ტესტირება – საფილტრი მემბრანების წონით საწვავის ხარისხის ტესტირება;
გ) დისპენსერი – მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია ჰიდრანტის გამოყენებით საწვავის გასამართავად;
დ) დიფერენციალური წნევა – ფილტრის შემავალ და გამომავალ მილგაყვანილობას შორის არსებულ წნევათა სხვაობა, რომელიც ახდენს ფილტროელემენტების დაბინძურების ინდიკაციას;
ე) თავისუფალი წყალი – საწვავში არსებული წყალი თავისუფალ მდგომარეობაში, რომელიც შეიმჩნევა რეზერვუარის/ქილის/სათლის ძირსა და კედლებზე;
ვ) კოალესერი – საფილტრი მოწყობილობა, რომელიც ახდენს საწვავიდან შეწონილი წყლის გამოყოფას წვეთების ერთად მოგროვების გზით. კოალესერით ხორციელდება აგრეთვე საწვავიდან ჭუჭყის და მექანიკური მინარევების გამოყოფა;
ზ) კოლორიმეტრული ტესტირება – საწვავის ტესტირება ფერზე, რომელიც გამოიყენება საწვავის სისუფთავის ინდიკაცისათვის;
თ) მკვდარი ზონები – მილგაყვანილობებზე არსებული ჩიხისებრი ზონები, სადაც არ ხდება საწვავის მუდმივი/პერიოდული განახლება/გატარება;
ი) პერიოდული ტესტირება/ანალიზი – ტესტირება/ანალიზი, რომელიც ავიასაწვავს უტარდება გარკვეული პერიოდულობით;
კ) რეზერვუარი – საწარმოს ტერიტორიაზე ნავთობპროდუქტის შესანახად განკუთვნილი სტაციონალური ჭურჭელი;
ლ) საავიაციო საწვავი (ავიასაწვავი) – საწვავი, რომელიც გამოიყენება სამოქალაქო საჰაერო ხომალდების გასამართავად (საავიაციო ბენზინი და/ან რეაქტიული საწვავი: TS-1, JET A-1, Avgas ან სხვა ტიპი). სამოქალაქო საჰაერო ხომალდის გასამართად გამოსაყენებელი საავიაციო საწვავის ტიპი განისაზღვრება ამ საჰაერო ხომალდზე დაყენებული ძრავის მწარმოებლის მიერ და აღინიშნება ძრავის ტიპობრივ საექსპლუატაციო საბუთებში;
მ) საავიაციო საწვავის ბაზა – პირი, მიუხედავად სამართლებრივი ფორმისა, რომელიც ახორციელებს საავიაციო საწვავის მიღებას, შენახვას და სამოქალაქო საჰაერო ხომალდის გასამართად საწარმოზე გაცემას. საავიაციო საწვავის ბაზა არ ახორციელებს სამოქალაქო საჰაერო ხომალდის საავიაციო საწვავით გამართვას;
ნ) სარკინიგზო ჩიხის ბაზა – ბაზა, რომელიც განკუთვნილია სარკინიგზო ცისტერნებით საავიაციო საწვავის მისაღებად და შესანახად;
ო) სასაწყობო სათავსები – საავიაციო საწვავის შესანახად გამოსაყენებელი რეზერვუარები;
პ) სასუნთქი მოწყობილობა – უსაფრთხოების მოწყობილობა, რომელიც რეზერვუარიდან ჰაერის გამოშვების ან შეშვების საშუალებას იძლევა, მისი ქმედება ორმხრივია, რეზერვუარის შევსების დროს ხდება ჰაერის გარეთ გამოშვება, რათა არ შეიქმნას ჭარბი წნევა, ხოლო რეზერვუარის დაცლის დროს კი ახდენს ჰაერის შიგნით შეშვებას, რათა არ შეიქმნას ვაკუუმი;
ჟ) საწვავგამმართველი – სპეციალური ავტომობილი, რომელიც განკუთვნილია საავიაციო საწვავით საჰაერო ხომალდის საწვავით გასამართად;
რ) სპეცსითხე – სპეციალური დანიშნულების საავიაციო საწვავის დანამატი;
ს) სტრეინერი – ლითონის წვრილი ბადურა, რომელიც განკუთვნილია მინი/მცირე ნაწილაკების გამოსაყოფად საწვავიდან;
ტ) ტესტირებული ხელსაწყოები – გამზომი ტექნიკური საშუალებები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გააჩნიათ მოქმედი დამღა, დამოწმების მოწმობა ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც დაფიქსირებულია ატესტაციის, დამოწმების, დაკალიბრების შედეგები;
უ) ტეფლონი – მასალა, რომელიც გამოიყენება წყლის სეპარატორი ელემენტების დასამზადებლად;
ფ) ურდული – გამომავალი ან შემავალი ონკანი;
ქ) შეწონილი წყალი – საავიაციო საწვავში გახსნილი წყალი, რომელიც საწვავს გამჭვირვალობას უკარგავს და ერთგვარ რძის მსგავს მასას წარმოქმნის;
ღ) ცისტერნა – საავიაციო საწვავის გადასაზიდად სატრანსპორტო საშუალებაზე დამონტაჟებული ავზი;
ყ) წყლის დეტექტორი – საავიაციო საწვავში წყლის არსებობის აღმომჩენი ხელსაწყო;
შ) წყლის სეპარატორი – საავიაციო საწვავიდან წყლის გამომყოფი საფილტრი ელემენტი;
ჩ) ჰიდრანტი – მიწისქვეშა მილგაყვანილობა, რომელიც საწვავგამმართველი ბაზიდან შეერთებულია პერონზე და მისი მეშვეობით ხდება საჰაერო ხომალდების გამართვა საავიაციო საწვავით;
ც) „DEADMAN“ – უსაფრთხოების სისტემა, რომლის მეშვეობითაც ხდება საწვავგამმართველის ტუმბოს დისტანციური ჩართვა/გამორთვა. სისტემა აღჭურვილია აგრეთვე მოციმციმე სანათი სიგნალით, რომელიც ავტომატურად თიშავს ტუმბოს მოქმედებას, თუ საკონტროლო პერიოდის (როგორც წესი 30–90წმ) შემდეგ არ განხორციელდა საწვავგამმართველის ოპერატორის მიერ მასზე კონტროლის განხორციელების დადასტურება.
2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ საქართველოს საჰაერო კოდექსით და „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების (საინსპექციო შემოწმების) წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2013 წლის 14 აგვისტოს №137 ბრძანებით განსაზღვრული მნიშვნელობები.
მუხლი 3🔗.
სერტიფიცირების ეტაპები
საწარმოს სერტიფიცირება სააგენტოს მიერ ხორციელდება ოთხ ეტაპად:
ა) I ეტაპი – წინასასერტიფიკაციო პროცედურა, რომელიც მოიცავს:
ა.ა) განცხადების და თანდართული საბუთების წარდგენას სააგენტოში;
ა.ბ) განცხადებისა და თანდართული საბუთების სააგენტოში წინასწარ განხილვას და შეფასებას;
ბ) II ეტაპი – განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება და შეფასება;
გ) III ეტაპი – სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღება, სერტიფიკატის გაცემა;
დ) IV ეტაპი – მუდმივი ზედამხედველობა და კონტროლი.
მუხლი 4🔗.
განცხადება და თანდართული საბუთები
1. განმცხადებელი სერტიფიკატის მისაღებად სააგენტოში წარადგენს განცხადებას, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის დანართი №1-ის მოთხოვნებს. განცხადება წარმოადგენს ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველს.
2. განცხადებას უნდა დაერთოს შემდეგი საბუთები:
ა) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, აგრეთვე ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან საწარმოს ქონებაზე ყადაღის არარსებობის თაობაზე;
ბ) საწარმოს ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც უნდა ასახავდეს საწარმოს სტრუქტურული ერთეულებსა და სპეციალისტებს/სუპერვაიზერებს შორის ფუნქციათა და უფლებამოსილებათა ზუსტ და მკაფიო განაწილებას;
გ) საწარმოს სპეციალისტის/სუპერვაიზერის კვალიფიკაციის დამადასტურებელი საბუთები, აგრეთვე საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული, სპეციალისტის/სუპერვაიზერის მიმართ წაყენებული საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელშიც ასახული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის პირველი მუხლის მე-11 პუნქტის მოთხოვნებს;
დ) საჰაერო ხომალდის საავიაციო საწვავით გასამართი ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალი და მათი ფლობის დამადასტურებელი საბუთი. ამ წესის პირველი მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კი დამატებით საწარმოს ტერიტორიის, შენობა-ნაგებობების, რეზერვუარ(ებ)ის და სხვა ტექნიკური აღჭურვილობის ფლობის დამადასტურებელი საბუთი;
ე) სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის დამადასტურებელი პოლისები ან ეკვივალენტური საბუთები იმ შესაძლო ზიანის საკომპენსაციოდ, რომელიც შეიძლება მიადგეს საწარმოს სპეციალისტს/სუპერვაიზერს ან მომხმარებელს (საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი, აეროდრომი) ამ საწარმოს ქმედებით;
ვ) საავიაციო საწვავის დონის გაზომვის, გაწმენდის, ფილტრაციის და დოზირების საშუალებების ნუსხა, გაზომვის საშუალებების მეტროლოგიური შემოწმების მდგომარეობა, ამ წესის პირველი მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კი დამატებით საწარმოს სასაწყობო სათავსებისა და რეზერვუარების რაოდენობა (ტევადობათა ჩვენებით);
ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ საავიაციო საწვავის ხარისხის კონტროლთან დაკავშირებით საწარმოს მომსახურების ხელშეკრულების ნოტარიალურად დამოწმებული ან საწარმოს სტრუქტურული ერთეულის – საავიაციო საწვავის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აკრედიტაციის მოწმობის ასლი;
თ) ბოლო 12 თვის განმავლობაში, საწარმოს ძალებით, შიდა საინსპექციო შემოწმებ(ებ)ის ანგარიში, ნაკლოვანებების აღმოფხვრის ღონისძიებათა და ამ ღონისძიებების განხორციელების ჩვენებით. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ანგარიშ(ებ)ში დეტალურად უნდა იყოს ასახული:
თ.ა) საავიაციო საწვავით გამართვის უსაფრთხო მომსახურებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღმოფხვრის საკითხები;
თ.ბ) საავიაციო შემთხვევის/ინციდენტის მოკვლევისას საწარმოს მიერ განხორციელებული ქმედებანი და საწარმოს მიერ სამოქალაქო საჰაერო ხომალდის გასამართად გამოყენებული საავიაციო საწვავის ხარისხის კონტროლის საკითხები;
ი) საბუთი, რომელშიც ასახული უნდა იყოს ექსტრემალურ პირობებში (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, გაფიცვა და სხვა) საწარმოს სპეციალისტების/სუპერვაიზერების და ტექნიკური აღჭურვილობის უსაფრთხო და გამართული მუშაობა. ამ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოთხოვნა წაეყენება იმ საწარმოს, რომლის საქმიანობა გათვალისწინებულია ამ წესის პირველი მუხლის მე-7 პუნქტით;
კ) საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად საწარმოს სპეციალისტის/სუპერვაიზერის სამუშაო ადგილზე დაშვების ინსტრუქცია. ინსტრუქციაში ასახული უნდა იყოს სპეციალისტის/სუპერვაიზერის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სათანადო კვალიფიკაციის მიღების ან სამუშაო პრაქტიკის ხანგრძლივი ვადით (3 თვეზე მეტი) შეწყვეტის შემდეგ, თავისი საქმიანობის უშუალოდ განხორციელების მომენტამდე გასატარებელი ღონისძიებები;
ლ) საწარმოს სპეციალისტის საქმიანობაზე სუპერვაიზერების მიერ ზედამხედველობის განხორციელების ინსტრუქცია;
მ) სამოქალაქო საჰაერო ხომალდების გასამართი საავიაციო საწვავის ხარისხის კონტროლის სახელმძღვანელო, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის დანართი №3-ის მოთხოვნებს;
ნ) ამ წესის პირველი მუხლის მე-7 – მე-11 პუნქტებით განსაზღვრული მოთხოვნების დამადასტურებელი საბუთები;
ო) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საშიში საწარმოო ობიექტის ექსპლუატაციის ნებართვა.
პ) საწარმოს საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროგრამა, ჩიკაგოს კონვენციის მე-17 დანართისა და ,, მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის ‘’ მოთხოვნების შესაბამისად;
ჟ) საწარმოს გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმა, რომელიც შედგენილი უნდა იყოს აეროპორტის გაუთვალისწინებელ ვითარებაში მოქმედების გეგმის საფუძველზე იმ საწარმოებისათვის, რომელთა ობიექტები განლაგებულია აეროპორტის კონტროლირებად ტერიტორიაზე ან წარმოადგენენ აეროპორტის მოიჯარეებს; (გეგმა შეიძლება წარმოდგენილი იყოს როგორც ცალკე დოკუმენტად, ასევე როგორც ავიასაწარმოს საავიაციო უშიშროების პროგრამის შემადგენელი ნაწილი.)
რ) საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელი პირის, საავიაციო უშიშროების ხარისხის კონტროლის განმხორციელებლი პირისა და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფასთან უშუალოდ დაკავშირებული სპეციალისტების კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი.
შენიშვნა: საავიაციო უშიშროებაზე პასუხისმგებელმა პირმა შეიძლება განახორციელოს საავიაციო უშიშროების ხარისხის შიდა კონტროლი, თუ იგი სააგენტოში წარმოადგენს შესაბამისი სწავლების დამადასტურებელ დოკუმენტს.
ს) აეროპორტთან გაფორმებული ხელშეკრულება, საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის შესახებ, თუ აღნიშნულს არ ახორციელებენ საკუთარი ძალებით. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აეროდრომის ექსპლუატანტი უნდა ფლობდეს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემულ და მოქმედ აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატს;
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „თ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა წაეყენება ისეთ საწარმოს, რომელიც ამ წესის ამოქმედებამდე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საავიაციო საწვავით გამართვას;
ბ) „თ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა წაეყენება ისეთ საწარმოს, რომლის საავიაციო საწვავით იყო გამართული საავიაციო შემთხვევის/ინციდენტის მომხდენი სამოქალაქო საჰაერო ხომალდი.
4. ამ წესის დანართი №2-ით და დანართი №3-ით გათვალისწინებული „სამოქალაქო საჰაერო ხომალდის საწვავ-გასამართი საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის სახელმძღვანელო“ (შემდგომში – ექსპლუატაციის სახელმძღვანელო) და „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების გასამართი საავიაციო საწვავის ხარისხის კონტროლის სახელმძღვანელო“ (შემდგომში – ხარისხის სახელმძღვანელო):
ა) შეიმუშავება და მზადდება საწარმოს მიერ;
ბ) დგება იმ ფორმატით, რომ შესაძლებელი გახდეს მასში ცვლილებების შეტანა;
გ) უნდა ითვალისწინებდეს გვერდების რეგისტრაციის სისტემას, აგრეთვე ცვლილებების შესატან სარეგისტრაციო გვერდ(ებ)ს;
დ) დგება იმ სახით, რათა გამარტივდეს მისი განხილვის, შეთანხმებისა და დამტკიცების პროცესი;
ე) მტკიცდება საწარმოს ხელმძღვანელის მიერ.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სახელმძღვანელოები დამტკიცებამდე სავალდებულოდ თანხმდება სააგენტოსთან. სააგენტოსთან თანხმდება აგრეთვე მათში შესატანი ნებისმიერი ცვლილება და/ან დამატება.
6. საწარმო, ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს და ხარისხის სახელმძღვანელოს სრულ და დამტკიცებულ ეგზემპლარს ინახავს საწარმოს კანცელარიაში, ხოლო ასლს ან ასლის ნაწილს – საწარმოს შესაბამის სტრუქტურული ერთეულ(ებ)ში.
7. ექსპლუატაციის სახელმძღვანელოში აისახება ამ წესის დანართი №2-ით, ხოლო ხარისხის სახელმძღვანელოში ამ წესის დანართი №3-ით გათვალისწინებული ინფორმაცია. საწარმოს მიერ გაცემული საავიაციო ბენზინის და/ან რეაქტიული საწვავის ხელახალი/დამატებითი შემოწმების სერტიფიკატი უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის დანართი №15 და დანართი №16-ით განსაზღვრულ ფორმებს. ხარისხის სახელმძღვანელოს მოთხოვნების შესაბამისად, საწარმოში გამოყენებული შემოწმების (ტესტირების, სინჯების აღების, აღრიცხვის) ფორმები უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის დანართი №18-27-ით გათვალისწინებულ ფორმებს.
8. იმ შემთხვევაში, როცა სააგენტო ამ წესის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საწარმოს ათავისუფლებს ამ წესით დადგენილი რომელიმე მოთხოვნ(ებ)ისგან, სააგენტო აცნობებს საწარმოს თავის გადაწყვეტილებას წერილობითი ფორმით, გათავისუფლების ძალაში შესვლის თარიღის და მოქმედების ვადის, აგრეთვე იმ პირობების და/ან პროცედურების ჩვენებით, რომლებიც უნდა იყოს დაცული. ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია ასევე აისახება ექსპლუატაციის სახელმძღვანელოში და/ან ხარისხის სახელმძღვანელოში.
9. თუ ექსპლუატაციის სახელმძღვანელოში და/ან ხარისხის სახელმძღვანელოში განსაზღვრული რაიმე მონაცემი ან პროცედურა საწარმოს მიერ არ გამოიყენება, შესაბამის სახელმძღვანელოში სავალდებულოდ მიეთითება ამის თაობაზე, გამოუყენებლობის მიზეზის ჩვენებით.
10. ექსპლუატაციის სახელმძღვანელოში და ხარისხის სახელმძღვანელოში ასახული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობის, ამ წესის, საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მიერ აღიარებულ, საერთაშორისო ნავთობკომპანიების (BP, Shell, chevron, Kuwait Petrolium და სხვა) მიერ შემუშავებულ „საავიაციო საწვავის ხარისხის კონტროლისა და ექს-პლუატაციის საშუალებების სახელმძღვანელო თვითმფრინავის საერთო საწვავგასამართი მოწყობილობებისათვის“ მოთხოვნებს.
მუხლი 5🔗.
განცხადებისა და თანდართული საბუთების განხილვა და შეფასება
1. სააგენტო, 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, ამოწმებს შეესაბამება თუ არა განცხადება და თანდართული საბუთები ამ წესის მე-4 მუხლის მოთხოვნებს.
2. განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ წესის მე-4 მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობას ადგენენ სააგენტოს სათანადო სტრუქტურული ქვედანაყოფები, დასკვნის სახით, სააგენტოში დადგენილი საქმის წარმოების წესით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად.
3. განცხადებისა და თანდართული საბუთების ამ წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის (არასრულად ან არაზუსტად) შემთხვევაში, სააგენტო განმცხადებელს წერილობით მიუთითებს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს მათი გამოსწორების წერილობითი საბუთი და/ან სათანადო ინფორმაცია.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის საფუძველზე სააგენტოში იხილება სერტიფიცირების II ეტაპზე გადასვლის საკითხი. განხილვის შედეგები აისახება ოქმში, რომელსაც ხელს აწერს განხილვაში მონაწილე ყველა პირი და ეცნობება განმცხადებელს.
მუხლი 6🔗.
განმცხადებლის სამუშაო ადგილზე ფაქტობრივი მდგომარეობის შემოწმება (სერტიფიცირების II ეტაპი)
1. ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განცხადებისა და თანდართული საბუთების განხილვის დადებითად შეფასების ან ამ წესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში ნაკლოვანებების აღმოფხვრის თაობაზე სააგენტოს ინფორმირების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი სასერტიფიკაციო კომისია (შემდგომში – კომისია), სამუშაო ადგილზე ამოწმებს განმცხადებლის ფაქტობრივ მდგომარეობას. კომისია ახორციელებს საწარმოს ტექნიკური აღჭურვილობის, აგრეთვე, საექსპლუატაციო პროცედურების ადგილზე შემოწმებას და შეფასებას იმ მიზნით, რომ დარწმუნდეს საწარმოს მიერ სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საავიაციო საწვავით გამართვის უსაფრთხო მომსახურების შესაძლებლობაში. შემოწმების შედეგები აღირიცხება და ფორმდება დასკვნის სახით ამ წესის დანართი №13-ით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად.
2. შემოწმებისას კომისია უნდა დარწმუნდეს, რომ:
ა) საწარმოს ფაქტობრივი მდგომარეობა შეესაბამება ამ წესის მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულ განცხადებასა და თანდართულ საბუთებში ასახულ ინფორმაციას;
ბ) საავიაციო საწვავის მიღების, შენახვის, გაცემის, სამოქალაქო საჰაერო ხომალდის გამართვის, საავიაციო საწვავის ხარისხის კონტროლის საკითხები, აგრეთვე, სპეციალისტის/სუპერვაიზერ(ებ)ის კვალიფიკაცია შეესაბამება ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი საბუთებით გათვალისწინებულ მონაცემებს;
გ) საწარმოს სპეციალისტი/სუპერვაიზერ(ებ)ი, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, იცნობენ სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საავიაციო საწვავით გამართვის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების, აგრეთვე საწარმოს ხელმძღვანელის მიერ გამოცემული წესების, ინსტრუქციების მოთხოვნებს;
დ) საწარმოში არსებობს და მოქმედებს სპეციალისტის/სუპერვაიზერის მომზადებისა და გადამზადების სისტემა (მომზადებისა და გადამზადების გრაფიკი, ამ გრაფიკის დაცვაზე ზედამხედველი პირი);
ე) საწარმოს საქმისწარმოება და ჩანაწერები, რომელიც ეხება სპეციალისტის/სუპერვაიზერის საქმიანობას, ტექნიკური აღჭურვილობის ექსპლუატაციას, მომსახურებას და რემონტს, საავიაციო საწვავის მიღებას, შენახვას, გაცემას, ხარისხის კონტროლს, სამოქალაქო საჰაერო ხომალდის საავიაციო საწვავით გამართვას, აგრეთვე, ამ ჩანაწერების სიზუსტე, დროულობა, სისტემატურობა და სისრულე ხორციელდება ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;
ვ) საწარმოს მიერ, საავიაციო საწვავის მიღებასთან, შენახვასთან, გაცემასთან, ხარისხის კონტროლთან, აგრეთვე, სპეციალისტების/სუპერვაიზერის სამუშაოზე მიღებასთან, სტაჟირებასთან დაკავშირებული შიდა ბრძანებები, წესები, ინსტრუქციები შეესაბამება საქართველოს საჰაერო კოდექსის, ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს;
ზ) საწარმო აკმაყოფილებს:
ზ.ა) ექსპლუატაციის სახელმძღვანელოს მოთხოვნებს (ამ წესის პირველი მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში);
ზ.ბ) ხარისხის სახელმძღვანელოს მოთხოვნებს.
თ) საწარმოს, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის დაცვის ორგანიზება და უზრუნველყოფა ხორციელდება „მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის’’ 23-ე და „აეროდრომების სერტიფიცირების წესის“ 33-ე მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
3. კომისიის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკითხების შემოწმების მასალები აისახება ოქმში.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ოქმი შეიცავს კომისიის დასკვნას, რომელიც შეიძლება იყოს:
ა) დადებითი, თუ განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. დადებითი შეფასებისას დასაშვებია უმნიშვნელო ხარვეზების არსებობა, რომელთა გამოსასწორებლად განმცხადებელს ეძლევა ვადა იმის გათვალისწინებით, რომ ეს ხარვეზები არ მოქმედებს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საავიაციო საწვავით გამართვის უსაფრთხო მომსახურებასა და საავიაციო უშიშროებაზე;
ბ) უარყოფითი, თუ განმცხადებლის ფაქტობრივი მდგომარეობა არ აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ასეთ შემთხვევაში, კომისიის ოქმში დეტალურად აისახება ყველა ის ნაკლოვანება, რომელთა საფუძველზეც იქნა მიღებული უარყოფითი დასკვნა.
5. უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, სააგენტო წერილობით ატყობინებს განმცხადებელს კონკრეტულ ნაკლოვანებებზე და განსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაში განმცხადებელმა უნდა გამოასწოროს ნაკლოვანებები და წარმოადგინოს ნაკლოვანებების გამოსწორების წერილობითი სათანადო საბუთი ან ინფორმაცია. ამ პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ნაკლოვანებების გამოსწორების წერილობითი სათანადო საბუთის ან ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში კომისიას გამოაქვს უარყოფითი დასკვნა.
6. განმცხადებელს უფლება აქვს ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში გამოასწოროს ნაკლოვანებები და წერილობით აცნობოს აღნიშნულის შესახებ სააგენტოს. კომისია განმცხადებლის წერილობითი შეტყობინების მიღებისთანავე, ამოწმებს ნაკლოვანებების გამოსწორების ფაქტობრივ მდგომარეობას და შემოწმების მასალებს შესაბამის დასკვნასთან (თუ ნაკლოვანებები გამოსწორებულია – დადებითი, თუ არა – უარყოფითი) ერთად ასახავს ოქმში.
მუხლი 7🔗.
სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღება (სერტიფიცირების III ეტაპი). სერტიფიკატის გაცემა, გაცემაზე უარის თქმა. სერტიფიკატის მოქმედების ვადა
1. სააგენტო, ამ წესის მე-6 მუხლის მე-4, მე-5 და/ან მე-6 პუნქტებით განსაზღვრული დასკვნის საფუძველზე, ღებულობს სერტიფიკატის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას.
2. სააგენტო, ამ წესის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით ან ამ წესის მე-6 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული დადებითი დასკვნის გამოტანიდან 3 (სამი) დღის ვადაში განმცხადებელზე გასცემს სერტიფიკატს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად გაცემული სერტიფიკატი რეგისტრირდება „სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საწვავგასამართი საწარმოების უწყებრივ სასერტიფიკაციო რეესტრში“ (შემდგომში – უწყებრივი რეესტრი), რომელსაც აწარმოებს სააგენტო. უწყებრივი რეესტრის (დანართი №12) მონაცემები საჯაროა.
4. სერტიფიკატის მოქმედების ვადაა 3 (სამი) წელი. საწარმოს წერილობითი თხოვნის საფუძველზე, ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, სერტიფიკატი შეიძლება გაიცეს სამ წლამდე ვადით – მოკლევადიანი სერტიფიკატი.
5. სააგენტო, სერტიფიკატით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების მდგომარეობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს ამ წესის მე-11 მუხლის შესაბამისად.
6. სააგენტო, ამ წესის მე-6 მუხლის მე-5 და/ან მე-6 პუნქტებით განსაზღვრული უარყოფითი დასკვნის გამოტანიდან 3 (სამი) დღის ვადაში ღებულობს სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილებას. სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმა უნდა იყოს დასაბუთებული.
7. სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით (საძებნ-სამაშველო სამუშაოები, საქართველოს მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მოთხოვნების გადაჭრა სამოქალაქო საჰაერო ხომალდებით და სხვა), სააგენტო უფლებამოსილია გაათავისუფლოს საწარმო ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ერთი ან რამდენიმე სასერტიფიკაციო მოთხოვნიდან (გარდა ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „დ“, „ზ“, „პ“,"ჟ" ,რ", ,,ს" „მ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნებისა) და გასცეს მოკლევადიანი სერტიფიკატი, თუ სააგენტო დარწმუნდება, რომ ამ ვადის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნება სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საავიაციო საწვავით გამართვის უსაფრთხო მომსახურება და საავიაციო უშიშროება.
მუხლი 8🔗.
სერტიფიკატი
1. სერტიფიკატის ფორმა და შინაარსი განსაზღვრულია ამ წესის №11 დანართით.
2. სერტიფიკატს აქვს სარეგისტრაციო ნომერი, რომელიც შედგება 8 არაბული ციფრისაგან, რომელთაგან პირველი ორი აღნიშნავს რეგისტრაციის რიგით ნომერს, შემდეგი ორი სერტიფიკატის გაცემის დღეს, მომდევნო ორი გაცემის თვეს, დანარჩენი ორი გაცემის წლის ბოლო ორ ციფრს. თუ სერტიფიკატის გაცემის რიგითი ნომერი, დღის, თვის ან წლის ბოლო ორი ციფრი 10-ზე ნაკლებია, მაშინ ციფრის წინ იწერება 0 (ნული).
3. სერტიფიკატი ივსება ქართულ და ინგლისურ ენებზე.
მუხლი 9🔗.
სერტიფიკატის გაუქმება, მისი მოქმედების ვადის შეჩერება, განახლება, სერტიფიკატით განსაზღვრული უფლებების შეზღუდვა. დუბლიკატის გაცემა
1. სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების თაობაზე:
ა) იმ შემთხვევაში, როცა ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვაზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელებისას დადგინდება, რომ:
ა.ა) სერტიფიკატის მფლობელი არღვევს საქართველოს კანონმდებლობით და/ან ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, რამაც გამოიწვია ან შესაძლოა გამოიწვიოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების საავიაციო საწვავით გამართვის უსაფრთხო მომსახურების ან საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის დარღვევა ან საავიაციო შემთხვევა/ინცინდენტი;
ა.ბ) სერტიფიკატის მფლობელი არღვევს სერტიფიკატით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) ამ წესის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში;
გ) კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევაში.
2. სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილება ეგზავნება საწარმოს. გადაწყვეტილებაში დეტალურად აისახება სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების მიზეზ(ებ)ი.
3. სერტიფიკატის მოქმედების ვადა შეჩერდება იმ დრომდე, ვიდრე არ გამოსწორდება სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერების მიზეზ(ებ)ი, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს 3 (სამი) თვით.
4. სერტიფიკატის მოქმედების ვადა განახლდება, თუ აღმოფხვრილი იქნება ის ნაკლოვანებები, რომლებიც გახდა მისი მოქმედების შეჩერების საფუძველი. ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში სერტიფიკატის მფლობელი ვალდებულია წერილობით აცნობოს სააგენტოს ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრის თაობაზე და, ამასთან ერთად, სააგენტო უნდა დარწმუნდეს ამ ნაკლოვანებების გამოსწორებაში.
5. სერტიფიკატის გაუქმება ნიშნავს სერტიფიკატის გაცემის თაობაზე სააგენტოს გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებას.
6. სერტიფიკატის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს:
ა) სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლა, თუ ამ ვადის განმავლობაში არ აღმოიფხვრა მისი შეჩერების საფუძველი;
ბ) სერტიფიკატის მფლობელის ლიკვიდაცია;
გ) სერტიფიკატის მფლობელის მოთხოვნა;
დ) ამ წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი სერტიფიკატის გამოცვლის ერთ-ერთი პირობა;
ე) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
7. სერტიფიკატით განსაზღვრული უფლებების შეზღუდვა ხორციელდება საწარმოს განცხადების ან ამ წესის მე-11 მუხლით განსაზღვრული ზედამხედველობისა და კონტროლის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურებით გამოვლენილი ნაკლოვანებების არსებობისას. ამ პუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატით განსაზღვრული უფლებების შეზღუდვისას (რაც უნდა აისახოს სერტიფიკატში), სერტიფიკატი იცვლება.
8. სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში მისი დუბლიკატი გაიცემა სააგენტოს მიერ, სერტიფიკატის მფლობელის განცხადების სააგენტოში რეგისტრაციიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. დუბლიკატს, ზედა მარჯვენა კუთხეში, ქართულ და ინგლისურ ენებზე უკეთდება წარწერა – „დუბლიკატი“.
მუხლი 10🔗.
სერტიფიკატის გამოცვლა
1. სერტიფიკატის მფლობელი ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, მიმართავს სააგენტოს წერილობითი განცხადებით, რომელშიც აღინიშნება სერტიფიკატის გამოცვლის მიზეზ(ებ)ი. განცხადებას უნდა დაერთოს სერტიფიკატის გამოცვლის მიზეზ(ებ)ის დამამტკიცებელი საბუთ(ებ)ი.
2. სააგენტო ცვლის სერტიფიკატს:
ა) სერტიფიკატით გათვალისწინებული რომელიმე მონაცემის ცვლილების შემთხვევაში;
ბ) ამ წესის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვისას;
გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.
3. სააგენტო, სერტიფიკატის გამოცვლის შესახებ განცხადებას და თანდართულ საბუთებს ან ამ წესის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ შეზღუდვასთან დაკავშირებულ საბუთებს იხილავს სააგენტოში განცხადების რეგისტრაციიდან ან ამ წესის მე-11 მუხლით განსაზღვრული ზედამხედველობისა და კონტროლის მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურებით გამოვლენილ ნაკლოვანებების გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში და ღებულობს გადაწყვეტილებას სერტიფიკატის გამოცვლის ან გამოცვლაზე უარის თქმის შესახებ.
4. სააგენტო ახალ სერტიფიკატს გასცემს გადაწყვეტილების მიღებიდან 3 (სამი) დღის ვადაში და ამის თაობაზე აკეთებს შესაბამის ჩანაწერს უწყებრივ რეესტრში. ძველი სერტიფიკატი უბრუნდება სააგენტოს და უქმდება. გამოცვლილი სერტიფიკატი გაიცემა გამოსაცვლელი სერტიფიკატის ვადით.
მუხლი 11🔗.
ზედამხედველობა და კონტროლი
1. ამ წესით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვაზე ზედამხედველობა და კონტროლი სერტიფიცირების განუყოფელი ნაწილია და მას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში ახორციელებს სააგენტო.
2. საწარმოს გეგმური საინსპექციო შემოწმების პერიოდულობასა და ვადებს ადგენს სააგენტო.
3. საინსპექციო შემოწმების ფორმები და მეთოდები, შემმოწმებლის უფლებები და მოვალეობები განსაზღვრულია „სამოქალაქო საავიაციო საქმიანობის ინსპექტირების (საინსპექციო შემოწმების) წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2013 წლის 14 აგვისტოს №137 ბრძანებით. საწარმოს საინსპექციო შემოწმების საკონტროლო ფურცლის – „საწარმოს ტექნიკური საშუალებების და მოწყობილობების, საექსპლუატაციო პროცედურების, საწვავის ხარისხის კონტროლის საინსპექციო შემოწმების ფურცელი (CHECK LIST)“ ფორმა და შინაარსი განსაზღვრულია ამ წესის დანართი №14-ით. ამ პუნქტით განსაზღვრულ საინსპექციო შემოწმების მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, საკონტროლო ფურცელში დასაშვებია შესაბამისი ცვლილებების და/ან დამატებების განხორციელება, რაც ასახული უნდა იყოს საინსპექციო შემოწმების თაობაზე სააგენტოს დირექტორის ბრძანებაში, ამ ცვლილებების და დამატებების მიზეზების ჩვენებით.
4. სააგენტო, საწარმოს კომპლექსურ შემოწმებას ახორციელებს ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვის მიზნით. კომპლექსურ შემოწმებას ახორციელებს სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია, რომლის უფლებამოსილება და შემოწმების ვადები განისაზღვრება ამ აქტით. კომპლექსური შემოწმების ჩატარების თაობაზე, სამსახურს ეცნობა შემოწმების დაწყების თარიღამდე ერთი თვით ადრე მაინც. სააგენტო საწარმოს კომპლექსურ შემოწმებას ახორციელებს წელიწადში ერთხელ.
5. სააგენტოს მიერ განხორციელებული საწარმოს საინსპექციო (გეგმური, არაგეგმური,) და კომპლექსური შემოწმებების შედეგები აისახება ოქმში, რომელიც სერტიფიცირების საბუთებთან ერთად 7 (შვიდი) წლის განმავლობაში ინახება სააგენტოში.
მუხლი 12🔗.
შემმოწმებლის დაშვება საწარმოში
1. სააგენტოს მიერ უფლებამოსილი პირი (ინსპექტორი), კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფარგლებში, ახორციელებს სერტიფიკატის მფლობელის საინსპექციო შემოწმებას, რომლის დროსაც მოწმდება, საწარმოს მიერ, ამ წესით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მდგომარეობა.
2. სერტიფიკატის მფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს ინსპექტორის დაშვება საწარმოს ტერიტორიაზე და ხელი შეუწყოს შემოწმების სრულად ჩატარებას.
3. სერტიფიკატის მფლობელის მიერ, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია შეაჩეროს სერტიფიკატის მოქმედების ვადა.
მუხლი 13🔗.
შიდასაინსპექციო შემოწმება
1. სერტიფიცირებული საწარმო, სამოქალაქო საჰაერო ხომალდის საავიაციო საწვავით უსაფრთხოდ გამართვის მიზნით, საკუთარი, სააგენტოს ან სხვა მოწვეული სპეციალისტების ძალებით აწარმოებს საჰაერო ხომალდების საავიაციო საწვავით უსაფრთხოდ გამართვის შიდასაინსპექციო შემოწმებას:
ა) მაშინვე, საწარმოში და მის მიერ მომსახურებულ საჰაერო ხომალდზე მომხდარი ნებისმიერი საავიაციო მოვლენისას;
ბ) საწარმოს ტექნიკური აღჭურვილობის რემონტის, აგრეთვე საწარმოს რეკონსტრუქციის, გადაიარაღების ან მშენებლობის დროს;
გ) სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, როცა იქმნება ისეთი პირობები, რაც უარყოფითად მოქმედებს/იმოქმედებს სამოქალაქო საჰაერო ხომალდის საავიაციო საწვავით უსაფრთხოდ გამართვაზე, საავიაციო საწვავის ხარისხზე.
2. საკუთარი უშიშროების პროგრამის ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით საწარმომ უნდა შეიმუშაოს და განახორციელოს ხარისხის შიდა კონტროლის ღონისძიებები.
3. სამოქალაქო ავიაციის უშიშროების უზრუნველყოფის სფეროში მოთხოვნათა შესრულების ხარისხის შიდა კონტროლი ხორციელდება ისევე, როგორც მოთხოვნათა შესრულების ხარისხის კონტროლი ეროვნულ დონეზე ,,მართლსაწინააღმდეგო ქმედობისაგან სამოქალაქო ავიაციის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ XII თავის მიხედვით.
მუხლი 14🔗.
სერტიფიკატის მფლობელის უფლებამოსილება
სერტიფიკატის მფლობელი უფლებამოსილია:
ა) განახორციელოს საქმიანობა სერტიფიკატში მითითებული პირობებისა და შეზღუდვების შესაბამისად;
ბ) უზრუნველყოს ამ წესების დაცვა;
გ) მოითხოვოს კონსულტაციები სააგენტოსგან სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უსაფრთხოდ გამართვის და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის საკითხებზე;
დ) დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს საწარმოში მომხდარ ისეთ შემთხვევაზე, რომელიც უარყოფითად მოქმედებს/იმოქმედებს სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უსაფრთხოდ გამართვაზე და/ან საავიაციო უშიშროებაზე;
ე) უზრუნველყოს საწარმოს სპეციალისტების/სუპერვაიზერის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაცვა, საწარმოს ტექნიკური აღჭურვილობის საექსპლუატაციო ვარგისობა, მათი პარამეტრების სისტემატური შემოწმება და ამ წესით დადგენილ ფარგლებში შენარჩუნება;
ვ) საწარმოს შემოწმების ანგარიშები შეინახოს 7 (შვიდი) წლის განმავლობაში;
ზ) განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილება.
მუხლი 15🔗.
სააგენტოს უფლებამოსილება
სააგენტო, როგორც სერტიფიკატის გამცემი ორგანო, საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესით დადგენილ შემთხვევებში და წესით:
ა) გასცემს სერტიფიკატს, შეაჩერებს ან განაახლებს მისი მოქმედების ვადას, აუქმებს/ცვლის მას, ზღუდავს სერტიფიკატით გათვალისწინებულ უფლებებს, უარს აცხადებს სერტიფიკატის გაცემაზე;
ბ) აწარმოებს უწყებრივ რეესტრს;
გ) 7 (შვიდი) წლის განმავლობაში ინახავს საწარმოს სერტიფიცირებასთან დაკავშირებულ საბუთებს;
დ) კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ახორციელებს ზედამხედველობასა და კონტროლს სერტიფიკატის მფლობელის საქმიანობაზე;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას.