საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 23.05.2014
ძალის დაკარგვა 02.06.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №57/ნ
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016792
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/05/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 01.06.2017
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება
№57/ნ
2014 წლის 23 მაისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდება“ ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 აგვისტოს №411 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის“ წესდების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე
დანართი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წესდება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სტატუსი
1. ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა (შემდგომში - სკოლა) წარმოადგენს „ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დაარსებისა და საჯარო მოხელეთა პროფესიული გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 24 ივნისის №534 ბრძანებულებით შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც სასწავლო და პრაქტიკული პროგრამების განხორციელების გზით ახდენს გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას.
2. სკოლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში - სამინისტრო). სკოლის სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს მისი საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
3. სკოლა თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს მიერ რატიფიცირებული და ხელმოწერილი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს სხვა საკანონმდებლობლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების და ამ წესდების შესაბამისად.
4. სკოლის სრული სახელწოდებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა“.
5. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განხორციელების მიზნით სკოლას აქვს სპეციალური უფლება-უნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
6. სკოლას აქვს ბეჭედი, დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
7. სკოლის იურიდიული მისამართია: ქ. ქუთაისი, ნიკეას ქუჩა №13.
მუხლი 2🔗.
საქმიანობის საგანი
სკოლის საქმიანობის საგანია:
ა) იმ პირთა გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული განვითარების მიზნით შესაბამისი გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო და პრაქტიკული პროგრამების შერჩევა და განხორციელება, რომლებიც დასაქმებულნი არიან საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული და მაღალმთიანი რეგიონების:
ა.ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში;
ა.ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მართულ სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში;
ა.გ) აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ტერიტორიულ ორგანოებში;
ა.დ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში;
ბ) ხელშეკრულების საფუძველზე გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო და პრაქტიკული პროგრამების განხორციელება;
გ) გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო და პრაქტიკული პროგრამების განმახორციელებელ სხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
მუხლი 3🔗.
სკოლის მიზნები და ამოცანები
1. სკოლის მიზანია:
ა) საჯარო სამსახურში საჯარო მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების გზით კვალიფიციური კადრების დეფიციტის დაძლევა საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ და მაღალმთიან რეგიონებში;
ბ) ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების საჯარო მოსამსახურეთა, სახელმწიფო დაწესებულებათა სხვა თანამშრომლების ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაცია;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო და პრაქტიკული პროგრამების განხორციელება;
დ) გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სასწავლო და პრაქტიკული პროგრამების განმახორციელებელ სხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, სკოლა ახორციელებს:
ა) საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული და მაღალმთიანი რეგიონების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მართულ საწარმოებსა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა ტერიტორიულ ორგანოებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში დასაქმებულთა გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას;
ბ) საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების საჯარო მოსამსახურეებისათვის ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის, სწავლებას;
გ) ადგილობრივი თვითმმართველობისა და საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული უნარების განვითარებისათვის საჭირო სასწავლო პროგრამების განსაზღვრას, შემუშავებას და დამტკიცებას სახელმწიფოს მოთხოვნათა გათვალისწინებით;
დ) საექსპერტო ჯგუფების მოწვევას კონკრეტული ტრენინგ-პროგრამების შესაქმნელად და განსახორციელებლად;
ე) სწავლების მიმართულებების, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების შერჩევა-შემუშავებას და დამტკიცებას;
ვ) ქართული ენის სწავლების ცენტრების ორგანიზებას საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში;
ზ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროსთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობას სკოლისათვის მსმენელთა ჯგუფების შერჩევის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით;
თ) კავშირის დამყარებას საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ;
ი) სემინარების, კონფერენციებისა და მსგავსი შეხვედრების ორგანიზებას;
კ) ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის ქართული ენის სწავლების, საჯარო მოსამსახურეთა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობების საწარმოთა, ადგილობრივ თვითმმართველობებს დაქვემდებარებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა თანამშრომლების გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე მიმართული, მესამე პირთა მიერ ორგანიზებული ტრენინგების, კონფერენციების, სემინარებისა და მსგავსი ღონისძიებების ინფრასრტუქტურულ უზრუნველყოფას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი II
სკოლის მართვა
მუხლი 4🔗.
სკოლის მართვის ორგანოები და სტრუქტურა
1. სკოლის მართვის ორგანოებია დირექტორი და აკადემიური საბჭო.
2. სკოლის სათათბირო ორგანოა მრჩეველთა საბჭო.
3. სკოლას აქვს სტრუქტურული ქვედანაყოფები, რომლებიც განისაზღვრება ამ წესდების მე-8 მუხლით.
მუხლი 5🔗.
სკოლის დირექტორი
1. სკოლის დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
2. დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე.
3. მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს დირექტორი, დროებითი საკონკურსო კომისიის მიერ ჩატარებული ღია კონკურსის შედეგის საფუძველზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით. სკოლის დირექტორი ერთი კვირის ვადაში აცნობებს სამინისტროს დირექტორის მოადგილის დანიშვნის ან თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.
მუხლი 6🔗.
სკოლის დირექტორის ფუნქციები
სკოლის დირექტორი:
ა) ახორციელებს სკოლის მართვას და წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობაში;
ბ) კანონმდებლობისა და ამ წესდების ფარგლებში დამოუკიდებლად ხელმძღვანელობს და ერთპიროვნულად წარმართავს სკოლის საქმიანობას;
გ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესრულებისათვის სკოლის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ სფეროში;
დ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს (ბრძანებებს);
ე) ამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს და სკოლის შინაგანაწესს;
ვ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს;
ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს:
ზ.ა) დირექტორის მოადგილეებს. დირექტორის მოადგილეების დანიშვნის ან განთავისუფლების შესახებ ერთი კვირის ვადაში აცნობებს სამინისტროს;
ზ.ბ) სკოლის თანამშრომლებს;
თ) ანაწილებს მოვალეობებს სკოლის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ი) იღებს გადაწყვეტილებას მოსამსახურეთა მიმართ წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;
კ) სკოლის სახელით დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სკოლის წარმომადგენლად პირის დანიშვნაზე გასცეს წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ლ) სკოლის სახელით აცხადებს კონკურსებს და ტენდერებს;
მ) სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს სკოლის წესდებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
ნ) სკოლის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროს მარეგულირებელ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით წარადგენს შესაბამის ორგანოებში წინადადებებს;
ო) იღებს გადაწყვეტილებას სკოლის სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების განკარგვის შესახებ, შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების გამოყოფის შესახებ, რომლებიც საჭიროა სკოლის ფუნქციების განსახორცილებელად. პასუხისმგებელია სკოლის ქონების და ფულადი სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე;
პ) ამტკიცებს სკოლის ემბლემას, ბეჭდების, შტამპებისა და ბლანკების ნიმუშებს;
ჟ) სასწავლო პროცესის ოპერატიული დაგეგმვისა და მართვის მიზნით ქმნის სათათბირო ორგანოს – მრჩეველთა საბჭოს და ნიშნავს მის წევრებს;
რ) ამტკიცებს მრჩეველთა საბჭოს დებულებას;
ს) სკოლის სასწავლო პროცესის მართვისა და ზედამხედველობის მიზნით ქმნის აკადემიურ საბჭოს;
ტ) ამტკიცებს აკადემიური საბჭოს დებულებას;
უ) უფლებამოსილია ცალკეული საკითხების შესასწავლად, სხვადასხვა გადაწყვეტილებისა და დასკვნების მოსამზადებლად, ასევე ცალკეული პროცესების განსახორციელებლად შექმნას დროებითი კომისია და დანიშნოს მისი წევრები;
ფ) მოიზიდავს დაფინანსებას საერთაშორისო და ადგილობრივი დონორებიდან;
ქ) განსაზღვრავს სკოლის მსმენელთა ჯგუფების შერჩევის პრიორიტეტებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან, საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროსთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობით;
ღ) ქმნის და აუქმებს სკოლის რეგიონულ სასწავლო ცენტრებს - სამინისტროსთან შეთანხმებით;
ყ) ამტკიცებს რეგიონული სასწავლო ცენტრების დებულებებს;
შ) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს;
ჩ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ხელშეკრულებას უფორმებს შტატგარეშე თანამშრომლებს, რომელთა ფუნქცია-მოვალეობები და სამუშაო აღწერილობა განისაზღვრება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 7🔗.
დირექტორის მოადგილეები
1. სკოლის დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე:
ა) ადმინისტრაციული და სამართლებრივი უზრუნველყოფის დარგში;
ბ) ფინანსების, მატერიალურ-ტენიკური რესურსების მართვის, შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დარგში.
2. სკოლის დირექტორის მოადგილე ადმინისტრაციისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დარგში, თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელს უწყობს სკოლის დირექტორს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და შესრულებაში;
ბ) მონაწილეობს სკოლაში შემოსული დოკუმენტაციის განაწილებაში;
გ) ახორციელებს სკოლის მმართველობის სფეროში მოქმედი საკანონმდებლო ბაზის შესწავლასა და ანალიზს, მისი სრულყოფის თაობაზე წინადადებებისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებასა და შემოწმებას;
დ) ახორციელებს სკოლის სტრუქტურული ერთეულებისათვის სამსახურებრივი საკითხების შესახებ იურიდიული კონსულტაციის გაწევას;
ე) სკოლის მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებისას უზრუნველყოფს სკოლის საქმიანობის სამართლებრივ ჩარჩოში მოქცევას;
ვ) სკოლის საქმიანობასთან დაკავშირებით ასრულებს დირექტორის დავალებებს;
ზ) ახორციელებს სკოლის ადმინისტრაციისა და რეგიონული ცენტრების კონტროლსა და მათი საქმიანობის სამართლებრივ ფორმაში მოყვანას;
თ) დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას;
ი) კომპეტენციის ფარგლებში რაციონალურად ანაწილებს თანამშრომელთა შორის დავალებებს და ფუნქციებს;
კ) უფლებამოსილია სკოლის დირექტორს წარუდგინოს მოხსენებითი ბარათი სკოლის მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე;
ლ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ორგანიზაციული მენეჯმენტისა და საქმიანობის კონტროლს;
მ) ახორციელებს სკოლის ადმინისტრირების საკითხების კანონმდებლობასთან შესაბამისობაში არსებობის კონტროლს;
ნ) დირექტორის დავალებებით ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს.
3. სკოლის დირექტორის მოადგილე ფინანსების, მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მართვის, შესყიდვებისა და ლოჯისტიკის დარგში:
ა) ახორციელებს კონტროლს და შესაბამისი ანგარიშების მომზადებას საფინანსო, სახელმწიფო შესყიდვების, სამეურნეო საქმიანობის კუთხით;
ბ) სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით, ახორციელებს სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვას, კონტროლსა და შესაბამისი ანგარიშების მომზადებას;
გ) ახორციელებს სკოლის მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მართვის, შესყიდვების და ლოჯისტიკური უზრუნველყოფის კონტროლს;
დ) ახორციელებს სკოლის საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის წარმართვისა და ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფათა კონტროლს;
ე) სკოლის დირექტორისა და ადმინისტრაციულ და სამართლებრივი უზრუნველყოფის დარგში სკოლის დირექტორის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს სკოლის დირექტორის მოვალეობას;
ვ) დირექტორის დავალებებით ახორციელებს სხვა უფლებამოვალეობებს.
4. მოადგილეების უფლებამოსილება განისაზღვრება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 8🔗.
სკოლის სტრუქტურა
1. სკოლის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ადმინისტრაცია;
ბ) რეგიონული სასწავლო ცენტრები;
გ) სწავლების უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;
დ) მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მართვისა და შესყიდვების სამსახური.
2. ადმინისტრაციის ფუნქციებია:
ა) სკოლის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
ბ) სკოლის საკადრო საკითხების რეგულირება, თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, საკადრო საკითხებთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და რეგისტრაცია;
გ) სკოლის მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების მიზნით მასალების მომზადება;
დ) სკოლის საქმისწარმოების უზრუნველყოფა; სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და სკოლაში შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, აგრეთვე საკონტროლო დავალებების შესრულების ანალიზი და კონტროლი, კონტროლზე აყვანილი დოკუმენტების დადგენილ ვადაში ჩამოწერა;
ე) სკოლის კომპიუტერული ქსელისა და ტექნიკის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
ვ) საარქივო მასალების შენახვა, არქივის წარმოება;
ზ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
თ) სკოლის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ი) სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
კ) სკოლის საქმიანობის სფეროს მარეგულირებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა და მათი ვიზირება;
ლ) საქართველოს საერთო სასამართლოებში, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სხვა პირებთან ურთიერთობებში სკოლის წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
მ) სკოლაში გამოვლენილი დისციპლინური გადაცდომის ფაქტების სამართლებრივი შეფასება; სკოლის თანამშომელთა სამართლებრივი ინფორმირება სკოლის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით;
ნ) პროფესიული განვითარების მიზნით დარგში დასაქმებული მუშაკებისათვის და სხვა დაინტერესებული უწყებების თანამშრომლებისათვის ტრენინგების, სემინარების, სამუშაო შეხვედრებისა და სხვა ღონისძიებების ჩატარების ორგანიზება;
ო) შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა დარგში დასაქმებული მუშაკების პროფესიული განვითარების თანამედროვე დონის უზრუნველყოფის მიზნით;
პ) ამ დებულებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.
3. რეგიონული სასწავლო ცენტრის ფუნქციებია:
ა) განახორციელოს სკოლის წარმომადგენლობა რეგიონში;
ბ) სკოლის მიერ ინიციირებული კვლევების, სწავლების და სხვა აქტივობების ფარგლებში უზრუნველყოს აქტივობის ეფექტურად განხორციელება შესაბამის რეგიონში;
გ) გაავრცელოს ინფორმაცია სკოლის საქმიანობისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ სამიზნე ჯგუფებში სკოლის დირექციის ინსტრუქციების შესაბამისად;
დ) უზრუნველყოს სკოლის მიერ დაგეგმილი სწავლების ჩატარება შესაბამის რეგიონში, რაც მოიცავს შემდეგს:
დ.ა) მსმენელთა მიღებასთან დაკავშირებული სამუშაოთა ორგანიზება;
დ.ბ) განახორციელოს ზედამხედველობა სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე, მათ შორის მსმენელთა მეცადინეობაზე დასწრებისა და მიმდინარე შეფასების აღრიცხვის კოორდინირებაზე;
დ.გ) განახორციელოს მსმენელთა პერსონალური მონაცემების, მათი ტრენინგებზე დასწრების საბოლოო და შუალედური შეფასების მონაცემთა ბაზების წარმოება;
დ.დ) ტრენინგებისა და გამოცდების ჩატარებისათვის საჭირო სამუშაოთა ორგანიზებას;
დ.ე) წერილობითი ფორმით მოითხოვოს სასწავლო პროცესის უზრუნველსაყოფად საჭირო მატერიალური რესურსები, მათ შორის სახელმძღვანელოები და სხვა საჭირო მასალები;
ე) წინადადებების მომზადება სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებათა თაობაზე;
ვ) სწავლების ხარისხის გაუმჯობებასთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების უზრუნველყოფა;
ზ) სკოლის დირექტორისა/ მოადგილის მიერ მიცემული დავალებების დროული შესრულება;
თ) სკოლის დირექტორის/მოადგილის მოთხოვნით შესრულებული სამუშაოების ანგარიშის დროული წარდგენა და სკოლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებთან დაკავშირებით მათი დროული ინფორმირება წერილობითი სახით.
4. სწავლების უზრუნველყოფისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფუნქციებია:
ა) სკოლის სასწავლო პროგრამების შემუშავება და სწავლებისთვის საჭირო რესურსების მომზადება, მოძიება და განვითარება;
ბ) სკოლის სასწავლო გეგმის შემუშავება, აკადემიური საბჭოსთვის წარდგენა დასამტკიცებლად და დამტკიცების შემდეგ გეგმის განხორციელება და მონიტორინგი;
გ) სასწავლო პროცესების მუდმივი მონიტორინგი, შეფასება და ანგარიშების მომზადება;
დ) სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად საჭირო კვლევების ჩატარება;
ე) სკოლის სასწავლო პროგრამების ხარისხის შეფასების მიზნით კვლევების დაგეგმვა და ჩატარება;
ვ) სკოლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
ზ) საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობა;
თ) სკოლაში მიმდინარე პროცესებისა და და სკოლის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება;
ი) სკოლის მიერ შემუშავებული და შეთავაზებული სასწავლო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მომზადება და მიწოდება შესაბამისი ორგანოებისათვის;
კ) ადგილობრივი და საერთაშორისო შეხვედრების ორგანიზება და კოორდინაცია კომპეტენციის ფარგლებში;
ლ) სკოლის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებში, შეხვედრებში და მათ ორგანიზებაში მონაწილეობა;
მ) უცხო ქვეყნის დელეგაციების შეხვედრა-გაცილება, მათ გადაადგილებაში თანხლება, შესაბამისი დოკუმენტების შედგენა და მათი შენახვა, მიღებებისა და კულტურული ღონისძიებების ორგანიზება და მათში მონაწილეობა.
5. მატერიალურ-ტექნიკური რესურსების მართვისა და შესყიდვების სამსახურის ფუნქციებია:
ა) სკოლის ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა-პატრონობა;
ბ) სკოლის ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და საფინანსო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების ორგანიზება;
გ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შესყიდვების პროცედურების განხორციელება და განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშების მომზადება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარსადგენად;
დ) სკოლის მიერ ორგანიზებული სასწავლო პროცესების ლოჯისტიკური უზრუნველყოფა;
ე) საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის წარმართვა. ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 9🔗.
აკადემიური საბჭო
1. სკოლის სასწავლო პროცესის მართვისა და ზედამხედველობის მიზნით სკოლის დირექტორი ქმნის აკადემიურ საბჭოს, რომლის წევრებსაც დირექტორი ათანხმებს სამინისტროსთან;
2. აკადემიური საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;
3. აკადემიური საბჭო იქმნება ოთხი წლის ვადით.
4. აკადემიური საბჭოს წევრებად ინიშნებიან ქართული ენის სწავლებისა და სახელმწიფო მართვის სფეროს სხვადასხვა მიმართულებების ექსპერტები და საჯარო მოსამსახურეები, რომლებსაც კანონმდებლობით არ ეკრძალება ასეთი საქმიანობა;
5. აკადემიური საბჭო საქმიანობას ახორციელებს დირექტორის მიერ დამტკიცებული დებულებით.
მუხლი 10🔗.
აკადემიური საბჭოს ფუნქციები
1. აკადემიური საბჭო:
ა) განიხილავს და ამტკიცებს სასწავლო გეგმებსა და პროგრამებს;
ბ) წარუდგენს დამტკიცებულ სასწავლო გეგმებსა და პროგრამებს დირექტორს გასაცნობად;
გ) განიხილავს და ამტკიცებს სასწავლო-მეთოდურ მასალას;
დ) წარუდგენს დამტკიცებულ სასწავლო-მეთოდურ მასალას დირექტორს გასაცნობად;
ე) საჭიროების შემთხვევაში სასწავლო გეგმებსა და პროგრამებს, ასევე სასწავლო მეთოდურ მასალას, დამტკიცებამდე გადასცემს სკოლის სათათბირო ორგანოს - მრჩეველთა საბჭოს განსახილველად, რათა ამ უკანასკნელმა მოახდინოს შესაბამისი რეკომენდაციებისა და შენიშვნების წარმოდგენა;
ვ)ახორციელებს სკოლის სასწავლო საქმიანობის, ცალკეული კურსების, მოდულების სწავლების, მასწავლებლების საქმიანობის ეფექტურობის შეფასებას და წარუდგენს შესაბამის დასკვნებს დირექტორს;
ზ) სრული შემადგენლობით მონაწილეობას იღებს მასწავლებელთა და მსმენელთა შესარჩევი კომისიის შემადგენლობაში.
2. აკადემიური საბჭოს საქმიანობას ორგანიზაციულად და მატერიალურად უზრუნველყოფს სკოლა. სკოლა ანაზღაურებს აკადემიური საბჭოს წევრთა მგზავრობისა და სამივლინებო ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია მათ მიერ აკადემიური საბჭოს წევრების ვალდებულებათა შესრულებასთან.
მუხლი 11🔗.
მრჩეველთა საბჭო
1. მრჩეველთა საბჭო წარმოადგენს სკოლის სათათბირო ორგანოს, რომელიც იქმნება სკოლის დირექტორის მიერ;
2. აკადემიური საბჭოს მოთხოვნის შემთხვევაში მრჩეველთა საბჭო დეტალურად ეცნობა შემუშავებულ სასწავლო გეგმებსა და პროგრამებს, რის შედეგადაც ამუშავებს საკუთარ რეკომენდაციებსა და შენიშვნებს, რომელთაც წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;
3. აკადემიური საბჭოს მოთხოვნის შემთხვევაში მრჩეველთა საბჭო შეისწავლის სასწავლო-მეთოდურ მასალას და შესაბამის დასკვნებსა და რეკომენდაციებს წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;
4. მრჩეველთა საბჭო აანალიზებს სასწავლო პროცესის ორგანიზებას, ცალკეული მოდულების სწავლების სხვადასხვა ასპექტებს, მასწავლებელთა საქმიანობას და შესაბამის დასკვნებსა და რეკომენდაციებს წარუდგენს აკადემიურ საბჭოს;
5. მრჩეველთა საბჭოს წევრებად ინიშნებიან სკოლის მასწავლებლები და სხვა პირები, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება;
6. მრჩეველთა საბჭო საქმიანობს დირექტორის მიერ დამტკიცებული დებულებით;
7. მრჩეველთა საბჭოს წევრთა შრომა არ ანაზღაურდება. სკოლა ანაზღაურებს მხოლოდ წევრთა მგზავრობისა და სამივლინებო ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია მათ მიერ მრჩეველთა საბჭოს წევრების ვალდებულებათა შესრულებასთან.
მუხლი 12🔗.
დროებითი კომისია
1. დროებით კომისიას საჭიროების შემთხვევაში ცალკეული საკითხების შესასწავლად, სხვადასხვა პროცედურების განსახორცილებლად, დასკვნებისა და ანალიზების მოსამზადებლად ქმნის და აკომპლექტებს დირექტორი;
2. გადაწყვეტილებას დროებითი კომისიის შექმნის შესახებ დირექტორი იღებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კომისიის შექმნის მიზანი, მისი შემადგენლობა და წევრთა რაოდენობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტითვე განსაზღვრავს თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების წესს;
3. კომისიის წევრები შეიძლება იყვნენ, როგორც სკოლის თანამშრომლები, ასევე სახელმწიფო მართვის სფეროს სხვადასხვა მიმართულებების ექსპერტები და საჯარო მოსამსახურეები, რომლებსაც კანონმდებლობით არ ეკრძალება ასეთი საქმიანობა.
4. კომისია იქმნება დირექტორის მიერ წინასწარ განსაზღვრული ვადით, ვადის გასვლის დროისათვის თუ კომისიამ ვერ მიაღწია დასახულ მიზანს, დირექტორი უფლებამოსილია:
ა) გააგრძელოს კომისიისთვის განსაზღვრული ვადა უცვლელი შემადგენლობით,
ბ) გააგრძელოს კომიისიისთვის განსაზღვრული ვადა და შეცვალოს მისი შემადგენლობა;
გ) აღარ გააგრძელოს კომისიისათვის განსაზღვრული ვადა.
თავი III
სკოლის ქონება და დაფინანსება
მუხლი 13🔗.
სკოლის ქონება
1. სკოლის ქონება შედგება მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო, კერძო და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და ფიზიკური პირების მიერ გადაცემული, ასევე საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.
2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, სკოლა იძენს, ფლობს და სარგებლობს ქონებით, წყვეტს ქონებასთან დაკავშირებულ, მის კომპეტენციაში შემავალ სხვა საკითხებს.
მუხლი 14🔗.
სკოლის დაფინანსება
1. სკოლის დაფინანსების წყაროებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
ბ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან და გაწეული მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი;
გ) შემოწირულობები და გრანტები;
დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ფინანსური სახსრების განკარგვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება სკოლის მიზნებისა და ამოცანების შესრულებას.
მუხლი 15🔗.
საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
1. სამინისტროს თანხმობით სკოლამ შეიძლება, განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:
ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სკოლის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) რეგიონული სასწავლო ცენტრების დაარსება და გაუქმება;
ზ) სხვა ქმედება სკოლის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ის სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
მუხლი 16🔗.
საბუღალტრო ანგარიშგება
1. სკოლა ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და წარუდგინოს სამინისტროს.
2. სკოლის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
თავი IV
სკოლის წესდების შეცვლა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
მუხლი 17🔗.
წესდებაში ცვლილებების შეტანა, რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია
1. სკოლის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით.
2. სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. სკოლის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.