გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება ძალადაკარგული სახელმწიფო მმართველობა
მიღების თარიღი 16.05.2014
ძალის დაკარგვა 20.03.2017
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
ნომერი №106-უ.ს.გ.ს.
სარეგისტრაციო კოდი 010240080.31.056.016043
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/05/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილება 16.03.2017
დოკუმენტის ტექსტი
გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
დადგენილება
გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
„გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის 121 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს:
1.
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გენდერულ საკითხებზე სისტემური და საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველსაყოფად შეიქმნას გენდერული თანასწორობის საბჭო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 8 წევრის შემადგენლობით.
2.
დამტკიცდეს თანდართული გენდერული თანასწორობის საბჭოს დებულება.
3.
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეავთანდილ ბერიძე
ჩაქვი,
16 მაისი 2014 წ.
N106-უ.ს.გ.ს.
გენდერული თანასწორობის საბჭოს
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
1. გენდერული თანასწორობის საბჭო (შემდგომ – საბჭო) იქმნება „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. საბჭოს ფუნქციები და უფლებამოსილებანი განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს (შემდგომ – უმაღლესი საბჭო) რეგლამენტითა და ამ დებულებით.
თავი II
საბჭოს ძირითადი ამოცანები
მუხლი 2🔗
1. საბჭოს ძირითადი ამოცანებია:
ა) შეიმუშაოს და უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგინოს გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში განსახორციელებელი სამოქმედო გეგმა და უზრუნველყოს ამ გეგმის შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი;
ბ) განახორციელოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობის ანალიზი და შეიმუშაოს წინადადებები კანონმდებლობაში არსებული გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის უზრუნველსაყოფად;
გ) უზრუნველყოს საკანონმდებლო ინიციატივით წარდგენილი საკანონმდებლო აქტების პროექტების ექსპერტიზა გენდერული თანასწორობის შეფასების თვალსაზრისით;
დ) საქართველოს პარლამენტის მიერ შექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოსთან ერთად დაგეგმოს და განახორციელოს სხვადასხვა სახის ღონისძიებები;
ე) შეიმუშაოს და დაგეგმოს ცალკეული ღონისძიებები გენდერული თანასწორობის მიღწევისათვის, ქალთა და მამაკაცთა თანასწორი უფლებების რეალიზაციისათვის;
ვ) გამოითხოვოს და მიიღოს გენდერული თანასწორობის საკითხის შესწავლასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, გარდა ისეთი დოკუმენტებისა, რომელთა კონფიდენციალურობაც დაცულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ზ) განიხილოს გენდერული თანასწორობის დარღვევის თაობაზე წარმოდგენილი განცხადებები, დოკუმენტაცია და სხვა ინფორმაცია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს მათზე რეაგირება და შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები;
თ) გენდერულ თანასწორობის საკითხების შესწავლისა და განხილვის დროს მოიწვიოს შესაბამის დარგში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ან/და ექსპერტები; შესაძლებელია თემატური ჯგუფების შექმნაც;
ი) განახორციელოს მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
2. საბჭო:
ა) წელიწადში ერთხელ უმაღლეს საჭოს წარუდგენს ანგარიშს გაწეული საქმიანობისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ;
ბ) უფლებამოსილია, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით წარმოადგინოს უმაღლესი საბჭო სხვადასხვა სახის ურთიერთობებში.
თავი III
საბჭოს სტრუქტურა
მუხლი 3🔗
1. საბჭოს თავმჯდომარეობს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ან მისი დავალებით – უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ან ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარე.
2. საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას ბრძანებით ამტკიცებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
3. საბჭოს თავმჯდომარის მოწვევით, საბჭოს მუშაობაში შეიძლება მონაწილეობა მიიღონ საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებმა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა.
მუხლი 4🔗
1. საბჭოს სხდომას იწვევს საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
2. საბჭოს სხდომის დღის წესრიგს ამტკიცებს საბჭოს თავმჯდომარე.
3. საბჭოს სხდომაზე საკითხის გატანის უფლება აქვთ:
ა) საბჭოს თავმჯდომარეს;
ბ) საბჭოს წევრებს.
4. საბჭო ამზადებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისათვის წარსადგენად.
5. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა უმრავლესობა.
6. საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
მუხლი 5🔗
საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს შესაბამისად უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტი ან უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის სამდივნო ან შესაბამისი კომისიის აპარატი.
თავი IV
დებულებაში ცვლილების შეტანის წესი
მუხლი 6🔗
ამ დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით, უმაღლესი საბჭოს დადგენილებით.