ოჯახში მოძალადეთა რეაბილიტაციის კონცეფციის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №55
2011 წლის 13 იანვარი
ქ. თბილისი
ოჯახში მოძალადეთა რეაბილიტაციის კონცეფციის დამტკიცების შესახებ
1. დამტკიცდეს თანდართული ოჯახში მოძალადეთა რეაბილიტაციის კონცეფცია.
2. განკარგულება ძალაშია 2011 წლის 1 ივნისიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ოჯახში მოძალადეთა რეაბილიტაციის კონცეფცია
ოჯახში მოძალადეთა რეაბილიტაციის კონცეფცია (შემდგომში – კონცეფცია) შემუშავებულია საქართველოს კონსტიტუციის, „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების საფუძველზე.
კონცეფცია არის დოკუმენტი, რომელიც გამოხატავს სახელმწიფოს დამოკიდებულებას მოძალადეთა ქცევებით გამოწვეული ზიანის შემცირების საჭიროებებზე რაც ხელს შეუწყობს ოჯახში ძალადობის აღმოფხვრას, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა და ოჯახის სხვა წევრთა დაცვას, დახმარებასა და მათ უსაფრთხოებას.
შესავალი
ადამიანის უფლებები და თავისუფლებები ის ღირებულებებია, რომელთა ეფექტური დაცვისა და რეალიზაციის საშუალებებით განისაზღვრება დემოკრატიის ხარისხი ქვეყანაში. შესაბამისად, ყველა ადამიანი თანაბრად უნდა იყოს დაცული და მნიშვნელობა არ ენიჭება იმ ფაქტს, თუ სად ირღვევა მისი უფლებები. ძალადობის სხვა ფორმებთან შედარებით, ოჯახში ძალადობის სიმწვავესა და საშიშ ხასიათს განაპირობებს ის ფაქტორი, რომ ამგვარი ძალადობა ხდება ოჯახში, სადაც ნდობისა და დაცულობის ხარისხი ადამიანებს შორის ყველაზე მაღალი უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ყველა შესაძლო საშუალება უნდა იქნეს გამოყენებული.
ოჯახში ძალადობის პრევენციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის უმთავრესი მიზანია ოჯახში ძალადობის გამოვლენა და აღკვეთა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა და ადეკვატური საკანონმდებლო გარანტიების შექმნა. დასახული მიზნის მისაღწევად კი საჭიროა არა მხოლოდ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაცია, მათი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სამართლებრივი უზრუნველყოფა, არამედ მოძალადეთა ძალადობრივი დამოკიდებულებებისა და ქცევის შეცვლაზე ზრუნვა. აქედან გამომდინარე, რეაბილიტაცია უნდა ეფუძნებოდეს ოჯახს და ითვალისწინებდეს კულტურალურ თავისებურებებს, რაც მიიღწევა მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელებით.
კონცეფცია აყალიბებს ერთიან მიდგომას ოჯახში მოძალადეთა რეაბილიტაციის ღონისძიებების მიმართ და ადგენს ამ კუთხით ძირითად მიმართულებებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს.
მოძალადეთა ქცევის შეცვლასთან დაკავშირებული რეაბილიტაციის საკითხები უნდა განიხილებოდეს იმგვარად, რომ ყველა შემთხვევაში დაცული და პრიორიტეტული იყოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა და ოჯახის წევრთა უსაფრთხოება. ამ მიზნით,
სახელმწიფო მხარს უჭერს ოჯახში მოძალადეთა მიმართ ადეკვატური ღონისძიებების შემუშავებას და მათ დანერგვას
თავი I
ოჯახში ძალადობის პრობლემის ზოგადი მიმოხილვა
ოჯახში ძალადობა ადამიანის უფლებების დარღვევაა და თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს. მას არ გააჩნია საზღვრები (კულტურული, საზოგადოებრივი, ეთნიკური, განათლების, ეკონომიკური ცენზისა და სხვა თვალსაზრისით), რის გამოც მის მასშტაბებს გლობალური ხასიათი აქვს. რიგი კომპლექსური და ურთიერთდაკავშირებული ინსტიტუციონალური სოციალური და კულტურული ფაქტორების გამო, ადამიანები ოჯახში განხორციელებული ძალადობისაგან განსაკუთრებით დაუცველნი არიან, რაც კიდევ უფრო ამწვავებს ოჯახში ძალადობის საშიშ ბუნებას.
ოჯახში ძალადობის ძირითადი მახასიათებელია ის, რომ ეს არ არის ერთჯერადი ძალადობრივი ქმედება, მას აქვს ციკლური ბუნება და ახასიათებს ზრდის ტენდენცია, რაც გამოიხატება ძალადობის გაცილებით უხეში ფორმებით, ძალადობის მაღალი ხარისხითა და ინტენსივობით. მის სირთულესა და სიმწვავეს განაპირობებს ოჯახში ძალადობის პრობლემის დაფარული, ტაბუირებული ხასიათი. ეს კი მოძალადეს საშუალებას აძლევს, განაგრძოს თავისი ძალადობრივი ქმედებები. რაც შეეხება ძალადობის ობიექტის/ობიექტების (მსხვერპლთა) ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ სიჯანსაღეს, იგი დღითიდღე უარესდება და აღარ შესწევს უნარი, დამოუკიდებლად გაუმკლავდეს ამ პრობლემას. მსხვერპლთა მდგომარეობა, ძალადობრივი ურთიერთობები და გარემო უარყოფითად მოქმედებს ოჯახის ყველა წევრზე, განსაკუთრებით – არასრულწლოვნებზე, ვინაიდან ზრდის ბავშვის/მოზარდის მსხვერპლად ან მოძალადედ ჩამოყალიბების რისკს, რაც, საერთო ჯამში, ასევე ნეგატიურად აისახება მთელ საზოგადოებაზე.
თავი II
სიტუაციური ანალიზი
ოჯახში ძალადობა ერთ-ერთი გავრცელებული, რთული და სპეციფიკური სოციალური პრობლემაა საქართველოშიც. იმ ფაქტს, რომ საქართველოში ოჯახში ძალადობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, მოწმობს საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული არაერთი კვლევა. 2009 წელს გაეროს მოსახლეობის ფონდისა და ნორვეგიის მთავრობის მიერ ერთობლივად დაფინანსებული პროექტის – „დავძლიოთ გენდერული ძალადობა ამიერკავკასიაში“– ფარგლებში განხორციელდა ეროვნული კვლევა საქართველოში ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის შესახებ. სამუშაოები ჩატარდა „ეისითი კვლევა“და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ სოციალურ მეცნიერებათა ცენტრთან თანამშრომლობით. კვლევამ, რომელიც ეფუძნებოდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიას, გააერთიანა რაოდენობრივი და თვისებრივი მიდგომები, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა ოჯახში ძალადობის მიზეზებისა და შედეგების, ასევე ოჯახში ძალადობის მიმართ ქალთა განწყობისა და შეხედულებების შესწავლა.
მიღებულმა სტატისტიკამ* kvlevis Sedegebi dafuZnebulia saqarTvelos masStabiT 2,385 gamokiTxul respondentze