განჩინება შპს „ხაშურის პოლიკლინიკურ-ამბულატორიული გაერთიანება“-ს სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/7799-14
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/05/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/7799-14 ( 330210314499540)

 

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ

 

2014 წლის 16 მაისი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ბესიკ სისვაძე

 

განმცხადებელი: შპს „ხაშურის პოლიკლინიკურ-ამბულატორიული გაერთიანება” (ს/კ 243858688)

წარმომადგენელი: ბიძინა ჩიკვილაძე

მოთხოვნა: გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2014 წლის 14 მაისს განცხადებით მიმართა შპს „ხაშურის პოლიკლინიკურ-ამბულატორიული გაერთიანების” (ს/კ 243858688) დირექტორმა ბიძინა ჩიკვილაძემ და მოითხოვა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება.

შპს „ხაშურის პოლიკლინიკურ-ამბულატორიული გაერთიანება” (ს/კ 243858688) წარმოადგენს სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს. დღეის მდგომარეობით ორგანიზაცია არ ფუქნციონირებს. მას არც ბალანსზე და არც საკუთრებაში რაიმე სახის უძრავ-მოძრავი ქონება არ ერიცხება. განმცხადებლის მითითებით, შპს „ხაშურის პოლიკლინიკურ-ამბულატორიული გაერთიანების” (ს/კ 243858688) არაუზრუნველყოფილი კრედიტორი არის შპს „იმპექსფარმი” (ს/კ 204927909), რომლის მიმართ დავალიანებაც შეადგენს 5 646,95 (ხუთი ათას ექვსას ორმოცდაექვსი მთელი ოთხმოცდათხუთმეტი მეასედი) ლარს. საწარმოს ასევე აქვს დებიტორული დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ, რომლის ოდენობაც სალდირებული ზედმეტობის სახით არის 1235,02 (ათას ორას ოცდათხუთმეტი მთელი ორი მეასედი) ლარი.

განმცხადებლის მითითებით, საწარმოს დღეის მდგომარეობით შეწყვეტილი აქვს საქმიანობა და არ გააჩნია ვადამოსული მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობა. განმცხადებლის მითითებით, საწარმოს ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი აქვს სს „ლიბერთი ბანკში”, სადაც ანგარიშზე ერიცხება 24,42 (ოცდაოთხი მთელი ორმოცდაორი) ლარი და სს „საქართველოს ბანკში”, სადაც ანგარიშზე ერიცხება თანხა 0,48 (ნული მთელი ორმოცდაორი მეასედი) ლარის ოდენობით. განმცხადებლის მითითებით საწარმოს სახელზე არ ირიცხება მექანიკური სატრანსპორტო საშუალება და არც უძრავი ქონება.

განმცხადებლის მტკიცებით, მოვალეს არ შესწევს უნარი დააკმაყოფილოს ვადამოსული მოთხოვნები და ამასთან, უზრუნველყოს გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისათვის საჭირო საპროცესო ხარჯის დაფარვა.

სასამართლო გაეცნო განცხადებას, მასზე თანდართულ დოკუმენტებს და მიიჩნევს, რომ შპს „ხაშურის პოლიკლინიკურ-ამბულატორიულ გაერთიანებას” (ს/კ 243858688) უარი უნდა ეთქვას განცხადების სასამართლო წარმოებაში მიღებაზე შემდეგი სახის საფუძველთა არსებობის გამო:

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ხსენებული განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წამოებაში მოღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის განცხადება. იგივე კანონის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლო მოვალის კრედიტორის ინფორმირებისათვის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” აქვეყნებს განჩინებას, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მოვალის კრედიტორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს იმავე მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის დანაწესის თანახმად კი, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

შპს „ხაშურის პოლიკლინიკურ-ამბულატორიულ გაერთიანებას” (ს/კ 243858688) მისი ქონების სიმცირისა და აქტივის დაბალი ღირებულების სამტკიცებლად სასამართლოსათვის წარდგენილი აქვს მთელი რიგი მტკიცებულებები. კერძოდ, წარმოდგენილია ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, სადაც აღნიშნულია, რომ საწარმოს ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი აქვს სს „ლიბერთი ბანკში” და სს „საქართველოს ბანკში”. სს „ლიბერთი ბანკიდან” წარმოდგენილი საბანკო ამონაწერით კი დასტურდება, რომ შპს „ხაშურის პოლიკლინიკურ-ამბულატორიული გაერთიანებას” (ს/კ 243858688) 2014 წლის 13 მაისის მგდომარეობით საბანკო ანგარიშზე ერიცხება 24,42 (ოცდაოთი მთელი ორმოცდაორი მეასედი) ლარი. სს ”საქართველოს ბანკიდან” წარმოდგენილი საბანკო ამონაწერის მიხედვით (01.04.2014-06.05.2014 პერიოდი) კი საწარმოს საბანკო ანგარიშზე ერიცხება 0,48 (ნული მთელი ორმოცდარვა მეასედი) ლარი. განმცხადებლის მიერ ასევე წარმოდგენილია სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 2014 წლის 19 მარტს გაცემული ცნობა, რომ შპს „ხაშურის პოლიკლინიკურ-ამბულატორიული გაერთიანების” (ს/კ 243858688) სახელზე რაიმე მექანიკური სატრანსპორტო საშუალება არ არის რეგისტრირებული. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 12 მარტის ცნობის თანახმად კი, შპს „ხაშურის პოლიკლინიკურ-ამბულატორიული გაერთიანებას” (ს/კ 243858688) საჯარო რეესტრში არსებული განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონული წიგნის მონაცემებით რაიმე საკუთრება არ აქვს რეგისტრირებული.

„გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინებით ინიშნება მეურვე. აღნიშნული კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით მეურვის უფლებამოსილების განხორციელება დაკისრებული აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველოს სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს. იგივე კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებით დამტკიცდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესი. ამ ნორმატიული აქტის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას მეურვის ფუნქციის განხორციელებისას მომსახურების გაწევის საფასური შეადგენს სამეურვეო ქონების საბაზრო ღირებულების 7%-ს, მაგრამ არანაკლებ 5000 ლარისა.

განსახილველ შემთხვევაში მოვალე შპს „ხაშურის პოლიკლინიკურ-ამბულატორიულ გაერთიანებას” (ს/კ 243858688) აქტივები არ გააჩნია. გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში წინასწარ განჭვრეტადი ხარჯის ოდენობა არის მინიმუმ 5000 ლარი. ასეთ პირობებში ცხადი ხდება, რომ გადახდისუუნარობის (გაკოტრების) საქმის წარმოების დაწყება არათუ ასეთი წარმოების მიზნის – მოვალის ფინანსური სიძნელეების გადაჭრასა და კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას ან ამის შეუძლებლობის შემთხვევაში მოვალის ქონების რელიზაციით მიღებული თანხების განაწილებით კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების მიღწევის შესაძლებლობას უზრუნველყოფს, არამედ გაკოტრების წარმოებისათვის აუცილებელი ხარჯის დაფარვაც კი შეუძლებელია. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ის საფუძველი, რომელიც გამორიცხავს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების შესაძლებლობას.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-20 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ხაშურის პოლიკლინიკურ-ამბულატორიულ გაერთიანებას” (ს/კ 243858688) უარი ეთქვას მის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.

2. განემარტოთ კრედიტორებს, რომ თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორთაგან რომელიმე შპს „ხაშურის პოლიკლინიკურ-ამბულატორიული გაერთიანების” (ს/კ 243858688) მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, შპს „ხაშურის პოლიკლინიკურ-ამბულატორიული გაერთიანება” (ს/კ 243858688) გამოცხადდება გაკოტრებულად, რაც თავის მხრივ განაპირობებს მოვალე საწარმოს რეგისტრაციის გაუქმებას.

3. კრედიტორთა ინფორმირების მიზნით განჩინება არაუგვიანეს 2014 წლის 22 მაისისა გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. განჩინების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა უნდა უზრუნველყოს შპს „ხაშურის პოლიკლინიკურ-ამბულატორიულ გაერთიანებამ” (ს/კ 243858688).

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში.

 

მოსამართლე                                                        ბესიკ სისვაძე